"დინამო" მცირე დროის მონაკვეთში უკვე მეორედ დაუპირისპირდება "დილას" და სათასო შეხვედრების სპეციფიკიდან გამომდინარე, 28 სექტემბერს გასამართი მატჩი უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება.
მას შემდეგ, რაც "დინამომ" მეტოქე მისსავე არენაზე მიკელ ალვაროს თავური გოლით უკანასკნელ წამებზე დაამარცხა, "დილას" ფარ ხმალი არ დაუყრია და ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსის სახით მოგვევლინა თასისა თუ ჩემპიონატის შეხვედრებში.
"დინამოსთან" მარცხის შემდეგ "დილამ" ჯერ თასსზე სოხუმის "აიეტთან" 3:0 იმარჯვა და ორი მატჩის ჯამში
მარტვილთან ფრედ დასრულებულ შეხვედრას კი უმაღლესი ლიგის 2011/2012 წლების გათამაშების ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოჰყვა. მესამე ტურის გადადებულ შეხვედრაში, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართა, გორელებმა მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი", მათსავე მშობლიურ არენაზე დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში მდგომარეობაც გაიუმჯობესეს.
"დიანმოსთან" შეხვედრამდე "დილამ" მეშვიდე ტურის შეხვედრაშიც მოასწო მორიგი გამარჯვების მოპოვება. გათამაშების აუტსაიდერთან, ბოლნისის "სიონთან", გორის "დილამ" მიმდინარე ჩემპიონატში პირველი საშინაო გამარჯვებაც აღნიშნა და მოპოვებული სამი ქულით ექვსი საუკეთესო გუნდის ჩამონათვალშიც აღმოჩნდა.
სათამაშო ფორმის პიკზე მყოფი "დილა", თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას ამაღლებული განწყობით ხვდება, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს მატებს "დინამო"-"დილას" ორრაუნდიან დაპირისპირებას.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართული "დინამოსა" და "დილას" ურთიერთშეხვედრები წლების მანძილზე დინამოელთა კარნახით მიმდინარეობს. 42 ჩატარებული შეხვედრიდან თბილისელებმა გორელები 39-ჯერ დაამარცხეს, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
რაც შეეხება სათასო დაპირისპირებას "დინამო" "დილას" უკვე მეოთხედ დაუპირისპირდება. თბილისელი და გორელი ფეხბურთელების გზები ჯერ კიდევ შორეულ 1995/96 წლების სეზონში გადაიკვეთა, როდესაც "დინამომ" მეტოქე გათამაშებიდან უპრობლემოდ გამოთიშა - 4:0 და 3:0.
სათასო დაპირისპირება 1997/98 წლების სეზონშიც გაგრძელდა და მაშინ გორელებმა ფინალში გასვლისთვის საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგეს პირველივე შეხვედრაში, მათ "დინამო" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხეს, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა და დინამოელებმა ზედიზედ მეექვსე ფინალში გააღწიეს, სადაც გუნდი მეექვსეჯერ გახდა ტრიუმფატორი.
გორის "დილას" სავარაუდო შემადგენლობა: მერლანი, გველესიანი, ქარქუზაშვილი, მაჭავარიანი, ლომიძე, ახალკაცი, პ.ხორგუაშვილი, ნოზაძე, რაჟამაშვილი, ჯოჯუა, ჩაგელიშვილი
გასულ სეზონში "დილა" პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა თასის გათამაშებას. მაშინ, ჯერ კიდევ პირველ ლიგაში მოთამაშე "დილა", ასევე პირველ ლიგელ "ლოკომოტივთან" დამარცხდა. ერთ მატჩიან დაპირისპირებაში "დილამ" პენალტების სერიაში თბილისურ გუნდთან 3:4 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.
თბილისის "დინამომ" საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშება გასულ სეზონშიც პირდაპირ მეორე ეტაპიდან დაიწყო. გუნდმა სტუმრად საჩხერის "ჩიხურა" 4:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან - "გაგრასთან" ორ რაუნდიან დაპირისპრებაში (2:1, 1:2) პენალტებით წააგო 2:4 და გათამაშებას დაემშვიდობა.
გორის "დილას" რიგებში მოთამაშე ოლეგ გველესიანი, ბექა შეყრილაძე და ვაჟა ნემსაძე სხვადასხვა დროს "დინამოს" ღირსებას იცავდნენ.
მეტიც 2007/2008 წლების სეზონში ოლეგ გველესიანი, რომელსაც "დინამოს" მაისურით 2007 წლიდან 2009 წლამდე 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში სამი გოლიც აქვს გატანილი, ”დინამოსთან” ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეპატრონა.
"დინამო" არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დინამოელები კვლავ ბასაზე ითამაშებენ. "დინამო"-"დილას" დაპირისპირება 28 სექტემბერს, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გაიმართება და თბილისის დროით შეხვედრა 16:00-ზე დაიწყება.
fcdinamo.ge