გიორგი ლორიას ორი კვირა გაუცდება

AutoSharing Option
მარტვილის "მერანთან" მატჩი გიორგი ლორიასთვის უიღბლო გამოდგა. თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე პირველივე ტაიმში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

ამის გამო იგი ნაკრებს საბერძნეთთან შეხვედრისთვის დააკლდება, თუმცა საბედნიეროდ, ლორიას დაზიანება საგანგაშო არაა და მოედანს, სავარაუდოდ, ორ კვირაში დაუბრუნდება. ლორიამ უკვე გამოტოვა გორის "დილასთან" სათასო მატჩი და კვირას ვერც ბოლნისში, "სიონთან" ითამაშებს. სავსებით შესაძლებელია ეს მის მიერ გაცდენილი ბოლო მატჩი იყოს.

შეგახსენებთ, "მერანთან" ლორია გამოცდილმა სოსო გრიშიკაშვილმა შეცვალა, "დილასთან" კი "დინამოს" კარში "სპარტაკიდან" დაბრუნებული თორნიკე ზარქუა იდგა.

ზედმეტია იმის შეხსენება,
რომ ლორია "დინამოს" გამოკვეთილი პირველი ნომერია და სანამ ტრავმას მიიღებდა, მიმდინარე სეზონის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

სამაგიეროდ, გაცილებით სერიოზულია ლევან ხმალაძის პრობლემები. შეგახსენებთ, მას მიმდინარე სეზონში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია. მისი მოედანზე დაბრუნება ძალიან გაჭიანურდა და ეს არც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ხმალაძე და "დინამოს" ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი ორიოდე დღის წინ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაემგზავრნენ, სადაც კონსულტაციებს ცნობილ ქირურგ-ორთოპედ თომას ფრიულიხთან გაივლის. სწორედ ამის შემდეგ დაზუსტდება ხმალაძის მკურნალობის კურსი  როგორი და რა ხანგრძლივობის იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული