მოკლედ, სანაკრებო პაუზა (ორკვირიანი) მართლაც მისწრება იქნება ჩვენი ფეხბურთელებისათვის. თუმცა, წლის ბოლომდე კიდევ ორჯერ იქნება ისეთი სიტუაცია, როცა ოფიციალური მატჩები (ჩემპიონატისა და თასის) ყოველ მესამე-მეოთხე დღეს უნდა ჩატარდეს: 15 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე ექვს-ექვსი შეხვედრის გამართვაც არ იქნება ადვილი და იმავეს თქმა შეიძლება 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე "გაწერილ" პერიოდზე, როცა რამდენიმე გუნდს შვიდ-შვიდჯერ მოუწევს მოედანზე გამოსვლა.
მერე, ჩვენი მწვრთნელ-ფეხბურთელები მართლაც დამსახურებულ შვებულებაში (ოღონდ, მცირეხნიანში)
მეტალურგი-დილა
"ტურის წინათქმის" შესავალშიც აღვნიშნეთ, რომ ამ ტურში "ბომბა-მატჩი" არ გველოდება-თქო, თუმცა ამ შემთხვევაში საპირისპიროს მტკიცება მოგვიწევს: "მეტალურგისა" და "დილას" დაპირისპირება ხვალინდელი დღის ყველაზე დამაინტრიგებელ პაექრობად მიგვაჩნია.
არადა, ჩემპიონატის დაწყების წინ ყოველივეს ვერავინ წარმოიდგენდა და ამაში უჩვეულო არც არაფერი იქნებოდა: "მეტალურგი" ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, უმაღლეს ლიგაში სამწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ "დილას" კი მოკრძალებულ მიზნებს ვუსახავდით. ამ მოკრძალებულ მიზნებში კი, რაღა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის ბრძოლა იგულისხმებოდა. თუმცა, ჩემპიონატის მსვლელობამ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვიჩვენა: "დილასთან" მატჩში ფავორიტობას ვეღარავინ "დაიბრალებს" და ყოველივე ეს გორელთა გუნდმა "ზესტაფონთან" და "დინამოსთან" ჩატარებულ შეხვედრებშიც დაამტკიცა.
ხვალინდელი მატჩი სხვა ფაქტორებითაც არის საინტერესო: მასპინძლები უაღრესად საიმედო დაცვით გამოირჩევიან, სტუმრებს კი უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემტევი პოტენციალი გააჩნიათ! თავად განსაჯეთ: კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს საშინაო მატჩებში არც ერთი გოლი არ გაუშვიათ, აი, "დილას" კი სტუმრად ჩატარებული ოთხ შეხვედრაში 10 ბურთი (საუკეთესო შედეგი უმაღლეს ლიგაში) აქვს გატანილი!
სხვათა შორის, სტუმართა ახალგაზრდა თავკაცი გია ცეცაძე წინა სეზონში რუსთავში მუშაობდა, როცა "ოლიმპის" დუბლშემადგენლობას თავკაცობდა. მოკლედ, "ფოლადზე" ხვალ მართლაც საინტერესო მატჩის მომსწრენი უნდა გავხდეთ. საერთოდ კი, ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში რუსთაველების უპირატესობა აშკარაა: ოთხ მატჩში სამი გამარჯვება და ერთი ფრე...
გაგრა-ტორპედო
ხვალინდელი მეტოქეები უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან და აი, პირველი დაპირისპირებაც. ორივე გუნდი ცხრილში გვერდი-გვერდ არიან და "გაგრას" მცირეოდენი უპირატესობა მხოლოდ და მხოლოდ ბურთების უკეთეს სხვაობაში აქვს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქეებმა სეზონი განსხვავებულად დაიწყეს: "გაგრამ" შთამბეჭდავი სტარტი აიღო და ერთადერთი გუნდი იყო, სამივე მატჩი რომ ჰქონდა მოგებული. თუმცა, ამის შემდეგ ანატოლი პისკოვეცის გუნდს ტრავმათა ეპიდემია მოეძალა და ყოველივე ამან შედეგზეც ასახვა ჰპოვა: "გაგრამ" ბოლო ოთხ შეხვედრაში ერთადერთი ქულა მოიპოვა.
აი, "ტორპედომ" კი ბოლო დროს შედარებით გამოასწორა მდგომარეობა და ხვალინდელი დღიდან მოყოლებული, ქუთათურთა საყვარელი გუნდი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა! ფეხბურთის მოყვარულებმა უკვე იციან, რომ სწორედ ხვალ უნდა უხელმძღვანელოს პირველად თავის ახალ გუნდს გია გეგუჩაძემ - ბოლო წლების ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ სპეციალისტს კი ამბიცია არასდროს აკლდა და ამიერიდან "ტორპედოსგან" მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ ასპარეზობას უნდა ველოდოთ.
გეგუჩაძეს უმაღლეს ლიგაში მთავარ მწვრთნელად სხვადასხვა დროს "მეტალურგში", "დინამოსა" და "ზესტაფონში" უმუშავია, თუმცა არც "გაგრაა" მისთვის უცხო კლუბი - სამი წლის წინ ამ გუნდის სპორტული დირექტორი გახლდათ.
სიონი-დინამო
ცხრილის საპირისპირო "პოლუსებზე" მყოფი გუნდების შეხვედრაში წყვილის ფავორიტის გამოცნობა ძნელი საქმე არ უნდა იყოს: "დინამო" ყველანაირად შეეცდება ორკვირიან პაუზას კვლავაც ლიდერის რანგში შეხვდეს. გასაგებია, რომ ბოლო სამ შეხვედრაში ("ტორპედოსთან" და "მერანთან" - ჩემპიონატში, "დილასთან" - თასზე) "დინამოს" თამაშს არც შთამბეჭდავი ეთქმოდა და არც - საჩემპიონო, მაგრამ გუნდის ესპანელ თავკაცს ალექს გარსიას იმის საკმარისი რესურსი ნამდვილად გააჩნია, რომ ერთგული გულშემატკივრები ბევრად უფრო ლაღი ბურთაობით გაახაროს.
არადა, ერთი შეხედვით, ჩვენი "მარადიული ფავორიტის" სატურნირო მდგომარეობა თუ "დაგეგმილი" ლიდერობა მართლაც ჩვეულებრივ მოვლენად უნდა შეფასებულიყო; თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სხვა გუნდებისგან განსხვავებით, "დინამოსგან" ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ითხოვენ თუ მოელიან. თანაც, არა მხოლოდ მთლიანად გუნდისგან, არამედ კონკრეტული ფეხბურთელებისგან, განსაკუთრებით კი ლეგიონერებისგან!
"სიონი" კი კვლავაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია და ბოლნისელთა ახალბედა მწვრთნელს ლევან ბაჯელიძეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გვარიანი ძალისხმევა დასჭირდება თავისი გუნდის სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად. მერე კი, ვინ იცის, იქნებ რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელითაც გაძლიერდეს "სიონი", თორემ ამ შემადგენლობითა თუ ამ დაფინანსებით ბოლნისელებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ.
ბაია-ზესტაფონი
"დილას" მსგავსად, "ბაიას" წარმატებული ასპარეზობაც ამ სეზონის ერთ-ერთი სასიამოვნო მოულოდნელობაა: ზუგდიდური გუნდი ვერც განსაკუთრებული დაფინანსებით დაიტრაბახებს და ვერც გამოცდილი ფეხბურთელების სიმრავლით; თუმცა, ხანდახან მონდომება ბევრ "აუცილებელ პირობებზეც" სჯაბნის და სწორედ ასეა "ბაიას" შემთხვევაში: ადგილობრივი სპეციალისტის, ელგუჯა ქომეთიანის მართლაც ერთგული შეგირდები წუწუნის ნაცვლად თავის სათქმელს მოედანზე "ამბობენ" და სრულიად დამსახურებულადაც იმყოფებიან ლიდერთა სამეულში.
განსაკუთრებით დასაფასებელი კი "ბაიას" ფეხბურთელთა მართლაც კაცური თანადგომა იყო მთავარი მწვრთნელის მიმართ: ვერ გეტყვით, ვის (ან, რატომ) მოუვიდა აზრად ზუგდიდური გუნდის მთავარი მწვრთნელის ელგუჯა ქომეთიანის "ჩანაცვლება" სხვა სპეციალისტით, მაგრამ, საბედიეროდ, ეს ყოვლად უცნაური საკადრო ცვლილება არ განხორციელდა.
კოლხეთი-მერანი
უმაღლეს ლიგაში ერთადერთი გუნდიღა დარჩა, ქულებს მხოლოდ გასვლით მატჩებში რომ აგროვებს; თუმცა "კოლხეთის" დადანაშაულება იმაში, რომ საშინაო შეხვედრებში 0 ქულა და 0 გატანილი გოლი აქვს, მართლაც უადგილოა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სოსო ფილიას გუნდს მშობლიურ ფოთში ჯერ ხომ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია!
ასეა ახლაც: "კოლხეთი" ცხრილის "მეზობელ" მარტვილელებს ლანჩხუთში უმასპინძლებს და, ალბათ, სწორედ ხვალ შეეცდება "საშინაო" მატჩებში პირველი ქულების აღებას. ისე, კარგია, რომ ლანჩხუთელებს ნელ-ნელა "აჩვევენ" უმაღლესი ლიგის შეხვედრების ცქერას: "გურია" ხომ საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს პირველ ლიგაში და უძლიერესთა რიგებში დაბრუნების ერთ-ერთ ფავორიტადაც მიგვაჩნია.
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია
მოგეხსენებათ, რომ ოქტომბრიდან მატჩების დაწყების დრო 15 საათისათვის გადმოიწევს, თუმცა ამ ტურში ერთი "გვიანი" მატჩი მაინც გველოდება: "სპარტაკისა" და "ვიტ ჯორჯიას" შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და ფეხბურთის გულშემატკივრები ამ დაპირისპირებას საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით იხილავენ.
ისიც იციან ფეხბურთის მოყვარულებმა, რომ ამ ცოტა ხნის წინ "სპარტაკში" ახალი მთავარი მწვრთნელ დაინიშნა: გამოცდილი ვლადიმერ ხაჩიძის ხელმძღვანელობით ცხინვალელთა გუნდმა ზედიზედ ორი წაუგებელი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ორივეში ფრეს მიაღწია. მოკლედ, მასპინძლები სეზონში პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან, თუმცა ზურაბ ბერიძის ახალგაზრდული "ვიტ ჯორჯია" ამ ბოლო დროს ჩინებულად ათამაშდა და ზედიზედ სამი გამარჯვებაც (ორი - ჩემპიონატში, ერთ - თასზე) მოიპოვა.
დაბოლოს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: ცხინვალელთა გუნდისა და "ვიტ ჯორჯიას" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში "ვეტერინარები" აშკარა უპირატესობას ფლობენ: თხუთმეტ მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ!..
სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
დინამო 7 5 1 1 14-7 16
ზესტაფონი 7 4 2 1 12-10 14
ბაია 7 4 1 2 10-4 13
მეტალურგი 7 3 2 2 6-4 11
ვიტ ჯორჯია 7 3 2 2 7-8 11
ტორპედო 7 3 1 3 6-6 10
გაგრა 7 3 1 3 9-7 10
დილა 7 3 1 3 12-9 10
მერანი 7 2 2 3 7-10 8
კოლხეთი 7 1 3 3 4-9 6
სპარტაკი 7 0 4 3 3 7-4 4
სიონი 7 0 2 5 3-12 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"