"მეტალურგის" საფირმო ნიშანი - ორბურთიანი სხვაობა

AutoSharing Option
02. 10. რუსთავი. ფოლადი. 900 მაყურებელი
მეტალურგი-დილა 3:1
1:0 ქავთარაძე (15, მიქაბერიძის პასით), 2:0 ტატანაშვილი (22, ქავთარაძის პასით), 3:0 ტატანაშვილი (71, ჯაფარიძის პასით), 3:1 ბაქრაძე (73, ნემსაძის პასით)

მეტალურგი (4-2-3-1) დილა (4-3-3)
ბედიაშვილი მერლანი
სეთურიძე ლომიძე
ა. კვახაძე ქარქუზაშვილი
გ. კვარაცხელია მაჭავარიანი
ჯაფარიძე ო. გველესიანი
რაზმაძე პ. ხორგუაშვილი
ქავთარაძე ჯოჯუა
ჭედია ნემსაძე
გ. მიქაბერიძე რაჟამაშვილი
ი. მაისურაძე ახალკაცი
ტატანაშვილი დ. ჩაგელიშვილი
მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი მწვრთნელი გ. ცეცაძე

მეტალურგი
58. ჭედია-მოდებაძე
73. ი. მაისურაძე-დობროვოლსკი
73. გ. მიქაბერიძე-მახვილაძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, გავაშელიშვილი, პავლიაშვილი,
ჩადუნელი

დილა
46. ქარქუზაშვილი-ბაქრაძე
69. დ. ჩაგელიშვილი-გ. თოდუა
70. პ. ხორგუაშვილი-ნ. ნოზაძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, ი. ბერაია, ლ. ჩაგელიშვილი, ვ. ხორგუაშვილი
გაფრთხილება: კვარაცხელია (28), პ. ხორგუაშვილი (43)
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

ამ ტურამდე რუსთავის "მეტალურგს" სამი მოგება ჰქონდა და სამივე ერთნაირი ანგარიშით (2:0); კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა გუშინაც ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა, თუმცა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაუშვა საკუთარ მოედანზე: მატჩის დამთავრებამდე 17 წუთით ადრე სტუმართა გამოცდილმა მცველმა, 32 წლის დავით ბაქრაძემ ზუსტი თავური დარტყმით (საგოლე პასი 20 წლის ვაჟა ნემსაძეს ეკუთვნოდა) მასპინძლებს "მშრალი ანგარიშით" მოგება არ დაანება.

თუმცა, ამ პრესტიჟის გოლს რუსთაველ ქომაგებზე დიდად არ უმოქმედია: "მეტალურგს" სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული, და არცთუ სუსტ მეტოქესთან, სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ამით დასრულდა "დილას" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია (სამი-ჩემპიონატში, ორი-თასზე), თუმცა გია ცეცაძის გუნდის გასაკრიტიკებლად ენა ვის უნდა მოუბრუნდეს - სტუმრებს მონდომებას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, მაგრამ გუშინ მასპინძლებმა ბევრად უფრო ორგანიზებულად ითამაშეს და საქმე ლოგიკურ დასასრულამდეც მიიყვანეს.

პირველ გოლამდე მოედანზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, შემდეგ კი გიორგი ჭედიას აქტიურობას მასპინძელთა კუთხური მოჰყვა და გიორგი მიქაბერიძის ჩაწოდებულს გიორგი ქავთარაძის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა. "მეტალურგის" ფეხბურთელებმა ეს გოლი ორიგინალურად აღნიშნეს და თანაგუნდელს, ლაშა ჯაფარიძეს ქალიშვილის შეძენა ასე მიულოცეს! თუმცა, სტუმრები აბსოლუტურად სხვა "ხასიათზე" დადგნენ და გაშვებული გოლიდან ერთ წუთში დავით ჩაგელიშვილის აქტიურობით "მეტალურგის" კართან ხიფათიც შექმნეს, მაგრამ დავით რაჟამაშვილს მასპინძელთა მცველებმა დაასწრეს.

მეორე გოლიც მალე გავიდა: შეტევა მიქაბერიძემ წამოიწყო, საპირისპირო ფრთაზე ჭედიამ გააგრძელა, მერე ბურთი ჯაფარიძეს მიუვიდა და მის მაღალ გადაცემასაც დიმიტრი ტატანაშვილის დარტყმა მოჰყვა. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ბურთი სტუმართა მცველთან ორთაბრძოლისას გაიტანა, "დილას" მეკარესაც "დაკარგული" ჰქონდა კარი და, ცოტა არ იყოს, კურიოზული გოლიც ვიხილეთ. ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა კიდევ ორი სახიფათო შეტევა განახორციელეს და დასარტყამ პოზიციაზე ორივეჯერ ირაკლი მაისურაძე იყო . აი, რაც შეეხება "დილას", აღსანიშნავი მხოლოდ ის ეპიზოდია, როცა რაჟამაშვილის მოხდენილი პასით ჩაგელიშვილი მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ გამოცდილმა გრიგოლ ბედიაშვილმა კარი დროულად დატოვა და სიტუაციაც განმუხტა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთებიც მშვიდად წარიმართა და ერთადერთი მაშინ გამოცოცხლდა ტრიბუნები, როცა გიორგი სეთურიძის შორეული რეიდის შემდეგ მაისურაძე ფაქტობრივად, ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ ნოდარ მაჭავარიანმა ბურთი ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა. ამას უკვე მიქაბერიძე-ტატანაშვილის კარგი კომბინაცია მოჰყვა: სტუმრები მირზა მერლანის რეაქციამ გადაარჩინა. თუმცა, უაღრესად მოტივირებული მასპინძლების მომდევნო შეტევა შედეგიანი იყო: ჯაფარიძის პასი სტუმართა მცველთათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ტატანაშვილი კი ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში და "ერთი შეხებით" გადაგზავნა ბურთი "დილას" კარში.

"მეტალურგი" სამბურთიან უპირატესობას რომ არ გაფლანგავდა, ყველასათვის ცხადი იყო და ასეც მოხდა. სტუმართა პრესტიჟის გოლზე ზემოთ ვისაუბრეთ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის ბოლომდე სახიფათო მომენტი ორივე კართან რამდენჯერმე შეიქმნა. მასპინძელთაგან გოლის გატანის შანსი დენის დობროვოლსკის ჰქონდა, სტუმართაგან კი ნოდარ მაჭავარიანს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ამ მოგებით "მეტალურგი" ლიდერთა სამეულში დაბრუნდა. და ბოლოს, ერთ ფაქტზეც მოგახსენებთ: ტრავმისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ მასპინძელთა შორის ირაკლი მოდებაძე გამოჩნდა და "მეტალურგის" შემტევი პოტენციალიც კიდევ რომ გაიზრდება, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული