ქრონიკული სიტუაცია "სიონში": გაიცანით, ეს თქვენი მწვრთნელია!

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენებაა და ამ დროის განმავლობაში უმაღლესი ლიგის გუნდებში კვლავაც რამდენიმე სამწვრთნელო ცვლილება რომ მოხდეს, არავის გაუკვირდეს.

თუმც, რა არის გასაკვირვი, - ახალი სეზონის დაწყებიდან ორი თვეა გასული და სამწვრთნელო გადაადგილებ(ებ)ის უკვე ცხრა შემთხვევა იყო! თანაც, რამდენიმე გუნდში ფეხბურთელებს, თითქმის ყოველ მეორე-მესამე ტურში ახალ-ახალი მწვრთნელების "გაცნობა" უწევდათ!

დაახლოებით ერთი თვის წინ იყო, საქართველოს ჩემპიონატში მწვრთნელების მოხსნა-დანიშვნის მართლაც "უცნაურ" ტენდენციას "ლელომ" ვრცელი წერილი რომ მიუძღვნა; იმ დროისათვის (ოთხი ტურის შემდეგ) უკვე სამ გუნდში იყო მომხდარი სამწვრთნელო ცვლილება და ისიც
ვივარაუდეთ, რომ "მსგავსი ტემპებით", საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ანტირეკორდის დამყარებასაც წინ არაფერი დაუდგებოდა.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველაფერი იქეთკენ მიდის,რომ აგვისტოში დაწყებულმა მწვრთნელების "შერისხვამ" სექტემბერში უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო! უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან შვიდში არ მომხდარა სამწვრთნელო ცვლილება, თუმცა უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში დიდი შანსი იყო, რომ განთავისუფლებულ მწვრთნელთა რიცხვი გაზრდილიყო;

საბედნიეროდ, ზოგან საღმა აზრმა "გაიმარჯვა" და ყველასათვის მოულოდნელი სამწვრთნელო ცვლილებაც აღარ მოხდა, - ამ შემთხვევაში კონკრეტული მაგალითის მოყვანაც შეიძლება და ზუგდიდის "ბაიას" ფეხბურთელთა მართლაც დასაფასებელი საქციელიც უნდა ავღნიშნოთ, შესაცვლელად "გამზადებულ" გუნდის მთავარ მწვრთნელს ელგუჯა ქომეთიანს სრული მხარდაჭერა რომ გამოუცხადეს. სხვაგან განსხვავებული სიტუაცია იყო: ერთ-ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელი საკუთარი სურვილით აპირებდა თანამდებობიდან წასვლას, მაგრამ სულ ბოლო მომენტში გადაიფიქრა; მეორეგან სხვა მწვრთნელის ძიებაში არიან - იმ კლუბის ხელმძღვანელებს გუნდის არასახარბიელო შედეგები არ აკმაყოფილებთ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სულ მცირე, ზამთრის პაუზამდე არაფერი შეიცვალოს.

თქვენის ნებართვით, ჩვენ მიერ ნახსენებ სხვა ორ გუნდს "ბაიასგან" განსხვავებით არ დავასახელებთ, - როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმის ალბათობა მართლაც დიდია, რომ არც ერთგან არაფერი შეიცვალოს და მწვრთნელებმაც "მშვიდად" გააგრძელონ მუშაობა.

აი, რაც შეეხება ამ ჩემპიონატის გამოკვეთილ აუტსაიდერ გუნდში, ბოლნისის "სიონში" მომხდარ სამწვრთნელო ცვლილებებს, ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მართლაც "საინტერესო" სიტუაციაა.

სეზონის იმედგაცრუება

XXIII ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება, რაღა თქმა უნდა, ბოლნისის "სიონის" წარუმატებელი ასპარეზობაა; ქვემოქართლური კლუბი უმაღლეს ლიგაში 1995 წელს გამოჩნდა და იმის შემდეგ მუდამ უძლიერესთა შორის ასპარეზობს. ამ 16 წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად უფერული სეზონებიც ყოფილა, ჩვეულებრივიც და, რაღა თქმა უნდა, წარმატებულიც.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2006 წელს გუნდი საქართველოს ჩემპიონიც გახდა და იმავე წლის ზაფხულში ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ეტაპის გავლაც შეძლო ( ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რაიონული ცენტრის გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა). სამწუხაროდ, ბოლო წლებში გუნდს საჩემპიონო ამბიცია აღარ ჰქონია, თუმცა იმასაც ვერავინ იტყოდა, რომ მუდამ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძოდაო (გამონაკლისი წინა სეზონი იყო, როცა ჩემპიონატის ფინიშზე რეგლამენტის შეცვლამ ბოლნისელებს სულზე მიუსწროთ, რადგან პლეი ოფში მონაწილეობის საფრთხეც არსებობდა).

ასეთი "მძიმე" ფინიშის შემდეგ ყველას გვეგონა, რომ ამ სეზონის დაწყების წინ გუნდს შეძლებისდაგვარად მიხედავდნენ და შარშანდელი წარუმატებლობაც "დროებით ჩავარდნად" შეფასდებოდა, მაგრამ საქმე უარესობისკენ წავიდა. შეგახსენებთ, რომ სიტუაცია იმდენად არასახარბიელო იყო, რომ საერთოდ, გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხიც დადგა! ეგ კი არა, ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა რჩებოდა "სიონს" კი ვარჯიშიც არ ჰქონდა დაწყებული!

საბედნიეროდ, გუნდი არ დაშლილა და შეკრებაგაუვლელი და სახელდახელოდ დაკომპლექტებული "სიონიც" ჩემპიონატში ჩაერთო; რა თქმა უნდა, არავინ ელოდა, რომ ბოლნისელებს დიდი ამბიციები ექნებოდათ, მაგრამ ასეთი წარუმატებელი სტარტი მაინც მოულოდნელი იყო: რვა ტურის შემდეგ გუნდი გამოკვეთილი აუტსადერია!

სამწუხარო რეალობაა და ვერავინ "გაექცევა" იმას, რომ უმაღლეს ლიგაში ყოფნის განმავლობაში "სიონს" ასეთი ცუდი სტარტი არასდროს ჰქონია; თავად განსაჯეთ: რვა ტურის შემდეგ უმაღლეს ლიგაში ერთადერთი გუნდი "სიონია", მოგება რომ არა აქვს; გუნდმა ყველაზე ნაკლები ქულა (2) დააგროვა, ყველაზე ნაკლები გოლი (3) აქვს გატანილი და ყველაზე მეტი (15) გაშვებული! ისიც ფაქტია, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდმა რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელი თუ არ დაიმატა, პირველ ლიგაში დაქვეითებისაგან ვეღარაფერი იხსნის (რეგლამენტის შეცვლის გარდა).

შეგახსენებთ: ამ სეზონში ჩემპიონატი ახლებურად ტარდება და დღევანდელი გადმოსახედიდან, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ "სიონმა" პირველი ეტაპი პირველ რვა გუნდში დაასრულოს . მართალია, მომდევნო ეტაპზე უმაღლეს ლიგაში IX-XII ადგილებზე გასული გუნდები და პირველი ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი ახალ, ორწრიან ტურნირს ნული ქულით დაიწყებენ, მაგრამ, ვფიქრობთ, ბოლნისელთათვის ეს დიდი ვერაფერი შეღავათი იქნება.

მძიმე ტვირთი
1995 წლიდან მოყოლებული, ბოლნისურ კლუბში არაერთ მწვრთნელს უმუშავია, თუმცა ერთეული შემთხვევები იყო, როცა ამა თუ იმ სპეციალისტს სეზონი სრულად ჩაუმთავრებია. კონკრეტული გვარების დასახელებაც შეგვიძლია: ნოდარ ხიზანიშვილი (1995-96 წლების სეზონი), ანზორ გრძელიძე (1997-98), სპარტაკ არჩვაძე (1999-2000), თემურ მახარაძე (2002-03), ოთარ კორღალიძე (2008-09). აი, დანარჩენ თერთმეტ ჩემპიონატში კი, როგორც წესი, სულ მცირე, ორი-სამი სამწვრთნელო გადაადგილება მაინც უნდა მომხდარიყო;

ორჯერ (1998-99 და 2004-05 წლების სეზონში) ისეც მოხდა, რომ ერთი ჩემპიონატის განმავლობაში "სიონს" მწვრთნელი ოთხჯერ შეეცვალა! თუმცა, რაღა შორს მივდივართ: როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჯერ რვა ტურია გასული და "სიონის" ფეხბურთელები, ლამის არის, ყოველ მეორე-მესამე დღეს ახალ-ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ!

შეგახსენებთ, რომ შეკრებაგაუვლელი და ფაქტიურად სეზონის დაწყების წინ ჩამოყალიბებულ-დაკომპლექტებული გუნდის გაძღოლა თავდაპირველად ადგილობრივ სპეციალისტებს, ჯონი ჯაგიდის და ვახტანგ ჩაგელიშვილს მიანდეს. "დე ფაქტო" მთავარი მწვრთნელი ჯაგიდისი გახლდათ, თუმცა შესაბამისი სამწვრთნელო ლიცენზიის არქონის გამო მატჩის ოფიციალურ განაცხადში "სიონის" თავკაცად ჩაგელიშვილს მოიხსენიებდნენ. საწყისი ოთხი ტურის შემდეგ (გუნდმა ორი მატჩი წააგო, ორიც ფრედ ითამაშა) ბოლნისელთა კლუბში პირველი სამწვრთნელო ცვლილება მოხდა: გუნდის საშველად ხვიჩა ქასრაშვილს უხმეს, ვისი ხელმძღვანელობითაც ჩაამთავრა კიდეც "სიონმა" წინა სეზონი. ქასრაშვილმა კარგად იცოდა, "სად" მიდიოდა, მით უმეტეს, რომ თავის სამწვრთნელო კარიერაში მეოთხედ (!) უწევდა "სიონის" ჩაბარება.

ქვემოქართლელთა ძველ-ახალმა მწვრთნელმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელის დამატებაც განიზრახა, გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა და ერთი სპარინგ-შეხვედრაც (ცხინვალის "სპარტაკთან"), მაგრამ როცა უახლოეს ოფიციალურ მატჩამდე ("ტორპედოსთან") ორი დღე იყო დარჩენილი, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა! ამ მოულოდნელი ნაბიჯის მიზეზებზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს, თუმცა ფაქტია, რომ მართლაც ამ "უცნაურ" გადაწყვეტილებას ნებისმიერი მწვრთნელი უმიზეზოდ არ მიიღებდა.

მეხუთე ტურში "სიონის" მთავარი მწვრთნელი ზემოთ ნახსენები ვახტანგ ჩაგელიშვილი გახლდათ - ქუთაისში გუნდი სწორედ მან გამოიყვანა. თუმცა, ამის მერე გუნდში კვლავაც მოხდა სამწვრთნელო გადაადგილება და "სიონის" გაძღოლა კლუბის ყოფილ ფეხბურთელსა და კაპიტანს - ლევან ბაჯელიძეს მიანდეს, ვინც ბოლო წლებში ბოლნისური კლუბის სპორტული დირექტორი გახლდათ.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა მწვრთნელს დებიუტმა მაინცდამაინც ქვეყნის ჩემპიონთან, "ზესტაფონთან" მოუწია (1:2), მერე იყო დასანანი მარცხი სტუმრად გორში (ბოლნისელებმა ერთადერთი გოლი ბოლო წუთზე პენალტით გაუშვეს), რასაც "დინამოსთან" დიდი ანგარიშით საშინაო მარცხი (0:3) მოჰყვა. სწორედ ამ შეხვედრის მერე იყო, ბაჯელიძეს "ცხელ გულზე" გუნდიდან წასვლაზე რომ უთქვამს; ჰოდა, ჩვენთან როგორც ხდება ხოლმე, ამ "გამოთავისუფლებულ ადგილზე" თურმე მავანნიც დაფაცურებულან: მერე რა, რომ გუნდი აუტსაიდერია, სეზონში მატჩი არ მოუგია (არც ჩემპიონატში, არც თასზე ძირითად დროში), მაინც უმაღლესი ლიგაა. თანაც წინ დიდი დროა და ასე შემდეგ.

ისე, ბაჯელიძის გასაკრიტიკებლად ენა ვის უნდა მობრუნებოდა - ორ კვირაში "სასწაულს" ნამდვილად ვერ მოახდენდა.

საბედნიეროდ, ახალგაზრდა მწვრთნელს სამეგობროში თუ გარკვეულ წრეებთან მოთათბირების შემდეგ გუნდიდან წასვლა გადაუფიქრებია და როგორც შევიტყვეთ, კვლავაც "სიონის" მთავარ მწვრთნელად გააგრძელებს მუშაობას. იმედია, საქმეში ხელის შეშლის მაგივრად ყველასგან დახმარება ექნება: კლუბის ხელმძღვანელობისგანაც, ერთგული და მომთხოვნი ბოლნისელი ქომაგებისგანაც და, რაც მთავარია, ფეხბურთელებისგანაც.

ისე გულახდილად ვიტყვით, რომ "სიონი" პირველ ლიგაში გასავარდნად ნამდვილად არ გვემეტება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული