სანაკრებო ექო

AutoSharing Option
ორკვირიანი პაუზის შემდეგ დღევანდელი და ხვალინდელი მატჩებით XXIII ჩემპიონატი განახლდება; თუმცა, ამჯერად, სხვა თემაზე მოგვიწევს საუბარი: სამწუხაროდ, 2011 წლის ბოლოსწინა სანაკრებო პაუზამ იმედგაცრუების მეტი სხვა არაფერი მოგვიტანა: საქართველოს ნაკრებმა მორიგი შესარჩევი ციკლი ჩააგდო და ქვეჯგუფში მხოლოდ და მხოლოდ მალტას გავუსწარით.

არადა, გულდასაწყვეტი ის უფრო არის, რომ შესარჩევი ციკლი მართლაც დამაიმედებლად დავიწყეთ და ხუთი ტურის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალურ შანსსაც ვინარჩუნებდით; თუმცა, დასკვნითი ხუთი ტური კოშმარული გამოდგა და აშკარად არცთუ ძლიერ ჯგუფში დაკავებული მეხუთე ადგილიც რეალურად ასახავს ქართულ ფეხბურთში არსებულ
დღევანდელ ვითარებას.

ოღონდ, ასე მხოლოდ და მხოლოდ ქართული სპორტული მედია და ქართველ გულშემატკივართა თითქმის 99 პროცენტი ფიქრობს; სამაგიეროდ, აბსოლუტურად განსხვავებული აზრი აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას: თურმე აწ დასრულებული შესარჩევი ციკლიც წარმატებული ყოფილა და საერთოდაც, ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზას ადგას.

რას ვიზამთ: ვიდრე ფეხბურთი იარსებებს, აზრთა სხვადასხვაობაც მუდამ იქნება. აგერ, ბატონო, ტელეეკრანიდან გვიმტკიცებენ, რომ თურმე ამ ბოლო დროს 9 (ცხრა!) ახალი სტადიონი გაკეთებულა, არადა, ნეტავ მართლაც ასე ყოფილიყო, - ბოლოს და ბოლოს ჩემპიონატისა თუ სათასო მატჩები... ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრის ("ბასა") სავარჯიშო მოედანზე ხომ აღარ ჩატარდებოდა? თუმცა მთლად დაუნახაობაც არ ივარგებს: "მიხეილ მესხის" სტადიონის მოედნის საფარი მართლაც ჩინებულია (რასაც ვერ ვიტყვით აღმოსავლეთ ტრიბუნის კენწეროში "გადასროლილი" ჟურნალისტებისათვის შექმნილ "პირობებზე"), "დინამოს" სტადიონიც მალე ჩადგება მწყობრში, ფოთსა და გორშიც სასიკეთო ცვლილებებია და ასე შემდეგ.

თუმცა, რაც დრო გადის, ეროვნული ჩემპიონატის დონეც კლებულობს, ისე როგორც ტრიბუნებზე გულშემატკივართა რიცხვიც (ერთი-ორი სტადიონის გამოკლებით). საქმეს არც ჩემპიონატის რეგლამენტის ხშირ-ხშირი ცვლაც შველის: გვიმტკიცებენ, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდით დონე ამაღლდებაო! არადა, ერთი-ორგან ისეთი სიტუაციაა შექმნილი, უხელფასო და უყველაფრო ფეხბურთელებს ლამის მუხლებზე დაუდგნენ: თქვენი ჭირიმე, ოღონდ ეს შეხვედრა ითამაშეთ და მერე "რაღაც" გამოჩნდებაო.

ისე, ზემოთ სტადიონების თემა რომ ვახსენეთ, კლიმატურ პირობებზე არაფერი გვითქვამს - ჯერჯერობით "მშვენიერი" ოქტომბერია, მაგრამ ნოემბერ-დეკემბერში ორი-სამი დღე წვიმა და თოვლი რომ წამოვიდეს, აი, მაშინ როგორ ჩატარდება რამდენიმე სტადიონზე ჩემპიონატისა თუ თასის შეხვედრები, მართლაც ძნელი სათქმელია.

წესითა და რიგით, "ლელოს" მკითხველისათვის დღეს IX ტურის წინათქმა უნდა შეგვეთავაზებინა; ბოლოს და ბოლოს, ამ ტურში ხომ მართლაც გამორჩეული მატჩი გველოდება ("დინამო"-"მეტალურგი"), მაგრამ მერამდენედ ჩაგდებული შესარჩევი ციკლის (უფრო ზუსტად, ჩვენი ნაკრების ბოლო თამაშების) "ექო" კვლავაც ყურში ჩაგვესმის.

თუმცა, დრო ყველაფრის მკურნალიაო და ახლახან დასრულებული "წარმატებული" შესარჩევი ციკლიც, როცა იქნება, ყველას დაავიწყდება - ჩვენც ისღა დაგვრჩენია, რომ მომდევნოს თუ არა, იმის შემდეგ შესარჩევ ციკლს მაინც შევცქიროთ იმედიანად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული