ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:1 - ერთტაიმიანი სანახაობა

AutoSharing Option
15. 10. მცხეთა. "მცხეთა-პარკი". 50 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:1
0:1 ქებაძე (32), 1:1 ლემონჯავა (34, საკუთარ კარში), 2:1 ჯანელიძე (40)

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1) კოლხეთი (4-1-4-1)
ძაძამია ბობღიაშვილი
ხურცილავა გ. კილასონია
ადამაძე ლომაშვილი
კასრაძე ინწკირველი
ღანიაშვილი ლემონჯავა
ვასაძე გოგონაია
გურ. გურეშიძე მდივნიშვილი
კორიფაძე გვალია
ჯანელიძე ქებაძე
ზაქრაძე პ. პათუნაიშვილი
ჩიმაკაძე წიქარიშვილი
მწვრთნელი: ზ. ბერიძე მწვრთნელი: ს. ფილია

ვიტ ჯორჯია
56. ვასაძე-გიორგი გურეშიძე
61. კორიფაძე-გ. ვაშაკიძე
84. ზაქრაძე-ოთარიშვილი
სათადარიგოები: სვანაძე, მაისაშვილი, ხუმარაშვილი, კუხალეიშვილი

კოლხეთი
46. გოგონაია-ჯანაშია
58. წიქარიშვილი-ციცხვაია
73. დათუნაიშვილი-შავგულიძე
სათადარიგოები: ნადირაშვილი, ცხვიტარია, ცხადაია, თედიაშვილი
გაფრთხილება: მდივნიშვილი (23), ღანიაშვილი (74), გურ. გურეშიძე (81)
არბიტრი: ხ. გაგნიძე
(გორი)

პირველი ეტაპის დასრულებამდე საკმარისზე მეტი დროა დარჩენილი, მაგრამ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ვიტ ჯორჯია" უპრობლემოდ უნდა მოხვდეს პირველ რვა გუნდში. ანუ, ზურაბ ბერიძის ახალგაზრდულ გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენა-არდარჩენაზე ფიქრი ნამდვილად არ მოუწევს და ხანდახან ჩემპიონატის ფავორიტებიც რომ "გაამწაროს", არც ეს ამბავი იქნება გასაკვირვი.

ახლაც, IX ტურის შეხვედრაში "ვიტ ჯორჯიამ" ლოგიკური და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა; თუმცა მართლაც სასურველი იქნებოდა, რომ "ვეტერინართა" საშინაო მატჩებს 50-ზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდეს, - არადა, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე შაბათს ურიგო შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა (განსაკუთრებით - პირველი ტაიმი).

მატჩის საწყისმა წუთებმა "მშვიდად" ჩაიარა, მერე კი ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ტემპსაც მოუმატეს და ხისტ თამაშსაც, - თუმცა უხეში შეხვედრა იყოო, ამას ვერავინ იტყვის. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მაშინ შეიქმნა, როცა გიორგი ჯანელიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ გურამ ადამაძე თავით ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა.

ამის შემდეგ იყო ის ეპიზოდი, როცა მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ - მათი აზრით, სტუმართა საჯარიმოში "კოლხეთის" ერთ-ერთ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა, ამას გარდა ადამაძის წაქცევასაც აპროტესტებდნენ. თუმცა ამით არაფერი შეცვლილა და მალე ის რვა-ცხრაწუთიანი მონაკვეთიც ვნახეთ, შეხვედრის ბედი რომ გადაწყვიტა. სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს და უნდა ითქვას, რომ კომბინაცია მართლაც ეფექტური იყო: ლაშა გვალიამ ზუსტი პასით მარჯვენა ფლანგზე გიორგი კილასონია მოძებნა, ამ უკანასკნელის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე კი ყველას ლაშა ქებაძემ დაასწრო და თავური დარტყმით მეტოქის კარის "ცხრიანს" უმიზნებდა, მაგრამ მასპინძლები გიორგი ძაძამიას რეაქციამ გადაარჩინა.

"ვიტ ჯორჯიას" მეკარემ ბურთი კუთხურზე კი მოიგერია, მაგრამ სწორედ ამ სტანდარტულს მოჰყვა მატჩის პირველი გოლი: მასპინძელთა საჯარიმოში ქაოსური სიტუაცია შეიქმნა, სადაც ყველაზე სწრაფად პაატა დათუნაიშვილი გაერკვა და ყოფილი გუნდის კარში ზუსტადაც დაარტყა. მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს: მატჩის, უდავოდ, გამორჩეულმა მოთამაშემ გიორგი ჯანელიძემ ჩინებული პასით გარღვევაზე გიორგი კორიფაძე გაიყვანა, რომლის ფლანგური ჩაწოდების შემდეგაც სტუმართა მარცხენა მცველს გიორგი ლემონჯავას ბურთი  საკუთარ კარში აეჭრა!

გატანილმა გოლმა მასპინძლებზე აშკარად დადებითად იმოქმედა და მალე მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ: ბესიკ ჩიმაკაძის აქტიურობის შემდეგ ჯანელიძემ საშუალო მანძილიდან ბურთი ზუსტად გაგზავნა მეტოქის კარისკენ, მაგრამ "კოლხეთი" მინდია ბობღიაშვილმა გადაარჩინა. თუმცა, ფოთელთა მეკარე მომდევნო ეპიზოდში უკვე უძლური იყო: "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანმა, 22 წლის გიორგი ჯანელიძემ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური და ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ გიორგი ძაძამიამ კარი დროულად დატოვა და ლაშა გვალიას გოლის გატანა არ დაანება.

მეორე ტაიმი, პირველთან შედარებით მოვლენებით "დახუნძლული" არ ყოფილა: მეტოქეებმაც თითო-თითო სახიფათო მომენტი "გაცვალეს", მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. არადა, ერთი შეხედვით, "კოლხეთი" კი ცდილობდა მეტოქის ნახევარზე რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ მასპინძლები თამაშის რიტმს უნარიანად აკონტროლებდნენ და როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული