IX ტურის მიმოხილვა: ეძღვნება რუსთავქალაქობას!

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი შესვენება ჩვენი ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს მართლაც ნაყოფიერად გამოუყენებიათ: უმაღლესი ლიგის გათამაშება ერთი-მეორეზე უკომპრომისო და უხვგოლიანი მატჩებით განახლდა!

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ IX ტურში ვნახეთ ამ სეზონის, უდავოდ, გამორჩეული და ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრაც; ხვდებით, ალბათ, "დინამო"-"მეტალურგის" დაპირისპირებას ვგულისხმობთ, - სტუმართა ლოგიკური და დამსახურებული გამარჯვებით რომ დამთავრდა.

ამ სანახაობრივ შეხვედრას კვლავაც დაუბრუნდებით, მანამდე კი ყურადღების გამახვილება ერთობ სასიამოვნო ტენდენციაზე გვსურს : ზედიზედ მეორე შემთხვევაა, ტურის არც ერთი მატჩი ფრედ რომ არ მთავრდება, აღარაფერს
ვამბობთ გაზრდილ შედეგიანობაზეც. თავად განსაჯეთ: ექვს მატჩში გატანილი 20 ბურთი ურიგო კი არა, მართლაც მშვენიერი შედეგია და აქვე ისიც ვთქვათ, რომ სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია. ეგ კი არა, წინა სეზონში ამდენი გოლი არც ერთ ტურში არ გასულა, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ XXII ჩემპიონატში 10 გუნდი მონაწილეობდა. ახლა კი - 12.

ამის მიუხედავად, ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ ერთ მატჩში საშუალოდ სამ გოლზე მეტი რომ გადის, ჩემპიონატის სანახაობრივი მხარეც დადებითად მოქმედებს. მაგრამ, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ტრიბუნებზე გულშემატკივართა რაოდენობა ტურიდან-ტურამდე კლებულობს: "ვიტ ჯორჯია"-"კოლხეთის" მატჩს, ყველაზე ბევრი  50 კაცი ესწრებოდა, ტურის ცენტრალურმა დაპირისპირებამ და მართლაც სანახაობრივმა შეხვედრამ, ფაქტიურად, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაიარა. "დინამოსა" და "მეტალურგის" (იგივე, "ოლიმპის") ხუთწლიანი ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში ასე ცოტა მაყურებელი არასდროს ყოფილა.

ჩემპიონის დაბრუნება
ახალგაზრდა მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ცხრილის სათავეშიც მოექცა! საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "თავისი" მატჩი შაბათს ჩაატარა და ერთი დღით გახდა ლიდერი - "დინამო" ხომ კვირას თამაშობდა და ცხრილის პირველი საფეხურის შესანარჩუნებლად ალექს გარსიას გუნდს ფრეც ჰყოფნიდა. თუმცა, ტურის ცენტრალურ მატჩში მოვლენები ისე განვითარდა, "ზესტაფონის" ქომაგებისთივს იდეალურზე მეტიც რომ ეთქმოდა - "დინამო" უქულოდ დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში სატურნირო ცხრილის სათავეში მოქმედი ჩემპიონი იქნება!

ისიც აღსანიშნავია, რომ უკვე  კრიზისში მყოფი "გაგრას" კარში ოთხივე ბურთი "ზესტაფონის" ლიდერებმა გაიტანეს; ანუ, იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც ლომის წილი შეიტანეს "ზესტაფონის" საჩემპიონო ტრიუმფში: 26 წლის ჯაბა დვალმა, 25 წლის შოთა გრიგალაშვილმა და 26 წლის ნიკოლოზ გელაშვილმა. ამ უკანასკნელმა  "დუბლი" შეასრულა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისათვის  ამ სეზონშიც იბრძოლებს.

საერთოდ კი, საქართველოს ჩემპიონატებში გელაშვილს უკვე 84 გოლი აქვს გატანილი და დიდი შანსია, რომ ამ სეზონშივე შეძლოს მეასე ბურთის გატანა. აქვე, იმასაც დავძენთ, რომ XXIII ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთაგან გელაშვილს მეორე შედეგი აქვს და მხოლოდ გიორგი მეგრელაძეს ("ტორპედო") ჩამორჩება. ცნობისათვის: ქუთაისელთა 33 წლის ცენტრფორვარდს მეტოქეთა კარში 125 გოლი აქვს გატანილი!

სამწვრთნელო თემა
ამ სეზონში პირველად  "ტორპედომ" ზედიზედ 2 მატჩი მოიგო: ისე როგორც წინა ტურში, ქუთათურებმა ამ წარმატებას ახალი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მიაღწიეს. ზედიზედ ორი გამარჯვებით "ტორპედომ" სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გაიუმჯობესა და გუნდი ამ სეზონშივე შეეცდება მაღალი ადგილებისათვის ბრძოლას. "ტორპედოს" რეალურად შესწევს იმის ძალა, რომ "საჩემპიონო რბოლაშიც" ჩაებას - ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გია გეგუჩაძე თავის ახალ გუნდს კიდევ უფრო, რომ გააძლიერებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ახალ მწვრთნელს, სამწუხაროდ, ზვიად ჯელაძის დებიუტი მარცხიანი გამოდგა - "გაგრას" წარუმატებელი სერია კვლავაც გრძელდება და მართლაც საწყენია, ეს ახალგაზრდული გუნდი  ცხრილის ფსკერისკენ კატასტროფული ტემპით რომ ეშვება. არადა, შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის სტარტზე სწორედ "გაგრა" იყო ერთადერთი გუნდი, სამიდან სამი მატჩი რომ ჰქონდა მოგებული, იმის შემდეგ კი მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.

"სამწვრთნელო თემაზე" საუბარი  მართლაც დამაფიქრებელი სტატისტიკით გვინდა დავამთავროთ: ჩემპიონატის დაწყებიდან ცხრა ტურია გასული და ჯერჯერობით ექვსი გუნდია, სადაც მწვრთნელი არ შეცვლილა.მწვრთნელების მოხსნა-დანიშვნაში ისეთი "ტემპია" აღებული, რომ უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი რამდენიმე საკადრო გადაადგილებაც არავის გაუკვირდება.

მეტალურგი: საჩუქარი და ამბიცია
შაბათ-კვირას "რუსთავქალაქობა" იყო და "მეტალურგმაც" მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა თავის ერთგულ ქომაგს: ლამაზ სტილში დაამარცხა თბილისის "დინამო" და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს ამ სეზონში რეალურად ხელეწიფება ჩემპიონობისათვის ბრძოლა.

საერთოდ, დამკვიდრებულ-მიღებულია, რომ გუნდის ნებისმიერი წარმატება მუდამ ფეხბურთელების დამსახურებად მიიჩნევა, მწვრთნელის როლი კი, რატომღაც "მეორეხარისხოვანი" რჩება. რა თქმა უნდა, "მეტალურგის" ყველა ფეხბურთელი ქების ღირსია, მაგრამ რუსთაველთა მწვრთნელსაც არ უნდა დავუკარგოთ გარჯა, მით უფრო, რომ კობა ჟორჟიკაშვილმა თავის ესპანელ კოლეგას ალექს გარსიას "სამწვრთნელო დუელი" პირწმინდად მოუგო!

მიმოხილვის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ "დინამო"-"მეტალურგი" ამ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო და მართლაც საწყენია, ასეთი მცირე აუდიტორიის წინ რომ ჩატარდა; აღარაფერს ვამბობთ რუსთაველთა გუნდის 23 წლის ნახევარმცველის ირაკლი მაისურაძის ერთი-მეორეზე ეფექტური გოლებზე - ტურის კი არა, სეზონის მშვენება რომ იყო! შეგახსენებთ, რომ მაისურაძე რუსთაველთა გუნდში წინა სეზონში, ამა წლის დასაწყისში გამოჩნდა, როცა ბელარუსის ჩემპიონატში ნათამაშებ ყველასათვის უცნობ ფეხბურთელს "ოლიმპის" იმდროინდელმა თავკაცმა თორნიკე მაისურაძემ უდიდესი ნდობა გამოუცხადა და ადგილი ძირითადში მიუჩინა.

საინტერესო დეტალი: საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლი მაისურაძემ 2011 წლის 23 თებერვალს გაიტანა და სწორედ მისი ერთადერთი ბურთის წყალობით შეძლო "ოლიმპმა" "დინამოს" დამარცხება! "დინამოსა" და "მეტალურგის" ("ოლიმპის") ურთიერთდაპირისპირებებში ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის უპირატესობა უცბად გაჰქრა და ამჟამად აბსოლუტური თანაფარდობაა (მეტოქეებმა ექვს-ექვსი მატჩი მოიგეს, ოთხი შეხვედრა კი ფრედ დამთავრდა).

ამ ტურის ცენტრალური მატჩის შედეგი "განსაკუთრებული" სხვა მხრივაც იყო : საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ მესამედ მოხდა, თბილისის "დინამომ" საშინაო მატჩი რომ წააგო რუსთავურ გუნდთან! პირველად ასეთი შემთხვევა 1990 წელს მოხდა, როცა გივი ნოდიას დამოძღვრილმა "გორდამ" ეროვნულ სტადიონზე 1:0 მოიგო, მეორე ასეთ წარმატებას რუსთაველებმა 2008 წლის გაზაფხულზე მიაღწიეს, როცა ანატოლი პისკოვეცის თავკაცობით მოასპარეზე "ოლიმპმა" დავით დევდარიანის ჩინებული თამაშის წყალობით "დინამოს" სტუმრად 2:1 მოუგო და აი, მესამე გამარჯვებაც...

ორგოლიანები და უიღბლონი
ამ ჩემპიონატის დაწყებიდან ცხრა ტურია გასული და ჯერჯერობით არც ერთი "ჰეთ თრიქი" არ გვინახავს; სამაგიეროდ, უკვე 12 შემთხვევაა, როცა კონკრეტულმა ფეხბურთელმა ერთ მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო. აი, ის ფეხბურთელბიც, XXIII ჩემპიონატში "დუბლი" რომ შეასრულეს: ნოდარ ნოზაძე ("დილა")-I ტური, შალვა კვანტალიანი ("გაგრა")-II ტური, ჩისკო ("დინამო")-IV ტური, დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი"), ლუკა გუგუჩია ("ბაია")-V ტური, დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი"), გიორგი მანწკავა ("მერანი")-VI ტური, დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი"), ჩისკო ("დინამო"), ზვიად მეტრეველი ("სპარტაკი")-VIII ტური, ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი"), ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი")-IX ტური.

ბოლოს ავტოგოლებზეც მოგახსენებთ: ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული სამ ფეხბურთელს ჰქონდა საკუთარ კარში ბურთი გატანილი და ამ ტურში ეს სია ერთით გაიზარდა. უიღბლოთა სიაც: გიორგი ტყეშელაშვილი ("გაგრა"), გიორგი რეხვიაშვილი ("დინამო"), ლევან შავგულიძე ("კოლხეთი"), გიორგი ლემონჯავა ("კოლხეთი")...

ტურის სიმბოლური ნაკრები
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი (2, მეტალურგი)
მეკარე: სომხიშვილი (3, ბაია)
მცველები: სეთურიძე (მეტალურგი), ადამაძე (ვიტ ჯორჯია), გამეზარდაშვილი (2, ტორპედო) თარხნიშვილი (ტორპედო)
ნახევარმცველები: დოლიძე (ტორპედო), მანწკავა (3, მერანი), ჯანელიძე (2, ვიტ ჯორჯია), ი. მაისურაძე (მეტალურგი)
თავდამსხმელები: გელაშვილი (ზესტაფონი), ტატანაშვილი (4, მეტალურგი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული