ინგლისის მოკრძალებული კაპიტანი

AutoSharing Option

სტივენ ჯერარდმა თქვა, რომ გასულ კვირაში ინგლისის ნაკრების კაპიტნობა გაორებულმა ჩაიბარა. ახლა ყველაფერი გაცილებით რთული ჩანდა ვიდრე ადრე. კაცმა რომ თქვას ჯერარდის გაორება გასაგებია. იგი შედგება წუხილისგან, რომელიც რიო ფერდინანდის დაშავებამ გამოიწვია და სიხარულისგან საკუთარმა დაწინაურებამ რომ მოჰგვარა. გარდა ამის არსებობს უზარმაზარი პასუხისმგებლობის შეგრძნება, რომელიც ლივერპულელს ხანდახან აფიქრებინებს, ნეტავ ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყოო. პრესკონფერენციაზე, რომელიც კაპიტანმა სამხრეთ აფრიკაში, ინგლისის ნაკრების ბაზაზე გამართა, ჟურნალისტებმა პირდაპირ ჰკითხეს, როგორ აპირებს მძიმე ტვირთის შემსუბუქებას.

"ამისთვის ასეთი ხერხი არსებობს: კაპიტნობისგან სიამოვნება უნდა მივიღო. ვფიქრობ, ჩემს გარშემო
შეკრებილი ადამიანები არ მომცემენ გატყდომის საშუალებას".
გეროს გარშემო კი მისი ძველი და კარგი ნაცნობები არიან. მათ კარგად იციან, თუ რა სერიოზულობით ეკიდება ნახევარმცველი დაკისრებულ საქმეს და როგორ უნდა წარმატებას რომ მიაღწიოს.
"ჩემთვის ამლა საკითხი ასე დგას: შევძლებ, გუნდის წინამძღოლობას ფინალამდე და, მთელი ამ ხნის განმავლობაში, თან საუკეთესო ფეხბურთის თამაშს? აი, ეს არის რაც მინდა კარგად გამომივიდეს" - ამბობს ჯერარდი.

აი, სწორედ აქ შეიძლება შეცდეს ზოგიერთი. იმ თვისებებმა, რომლებიც ბევრს შესაძლოა ჯერარდის სისუტედ მიაჩნდა, დიდი შანსია მის დადებით მხარედ იჩინოს თავი. ლაპარაკია პატიოსნებასთან ნაზავ ამბიციურობაზე. თუ გახსოვთ, ფაბიო კაპელო ჯერარდს თავიდანვე ენდო და ინგლისის ნაკრების თავკაცის რანგში თავის პირველსავე შეხვედრაში იგი კაპიტნად დანიშნა, მაგრამ იმავე დღეს შეეცვალა გუნება და გამოაცხადა, ეს ბიჭი სამკლავურისთვის მეტისმეტად მოკრძალებული ადამიანიაო. ის იყო, იტალიელმა კაპიტნობა ჯონ ტერის რომ ჩააბარა, პირველი ვიცე-კაპიტნობა კი რიო ფერდინანდს, მაგრამ, მოგეხსენებათ მერე ყველაფერი ყირაზე დადგა. დღეს ინგლისელთა გუნდში სულ სხვა ვითარებაა. ბოლო ხანს დატრიალებული მოვლენების გამო კაპელო იძულებული შეიქნა მოკრძალებული კაცისთვის ოდესღაც ჩამორთმეული სამკლავური ხელახლა გაეკეთებინა, ხოლო ჯერარდი იძულებელია მწვრთნელს დაუმტკიცოს, რომ ის ღირსეულად შეძლებს ინგლისის ნაკრების კაპიტნობას.

სტივენ ჯერარდის კარიერას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მას იღბალი მაინც და მაინც არ სწყალობს. 2002 წელს მან იაპონიასა და კორეაში გამგზავრება ტრავმის გამო ვერ მოახერხა, ხოლო 2006 წელს ერთი, რომ თავისი საუკეთესო ფეხბურთი ვერ აჩვენა და მეორე, რომ მეოთხედფინალში პორტუგალიასთან პენალტი ვერ შეაგდო. და აი, ახლა, იმ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ ჯერარდი მოწადინებულია ყველას აჩვენოს თუ რა დონის ფეხბურთელია სინამდვილეში. ბოლოს და ბოლოს მას ხომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევენ. თან, დროც აღარ ითმენს. თუკი დიდ სანაკრებო დონეზე გაბრწყინება სურს ეს ახლავე უნდა გააკეთოს, რადგან ამ თვის ბოლოს ის 30 წლისა ხდება. დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ინგლისის ნაკრების მეათე კაპიტანი ამბობს, რომ კაპიტნობის მისთვის ჩვეულ სტილს არ შეცვლის და ზუსტად ისე გაუძღვება თანაგუნდელებს, როგორც ამას "ლივერპულშია" ნაჩვევი. და რა არის "ლივერპულის" კაპიტნის მთავარი თვისება? თანაგუნდელებისთვის მაგალითის ჩვენება. სხვა ბიჭები კაპიტანმა სწორედ მაგალითით უნდა აიყოლიოს.
ასეა თუ ისე, ერთის თქმა ნამდვილად შეიძლება: პრეს-კონფერენციაზე, ჟურნალისტების წინაშე, ის ენთუზიაზმით აღსავსე და იმედისმომცემი იყო. შეკრებილ საზოგადოებას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ინგლისის ეროვნულ გუნდს ძლიერი და შტაგონებული ადამიანი მხოლოდ სათადარიგოთა სკამიდან კი არ ხელმძღვანელობს, არამედ ფეხბურთელებს მოედანზეც ასეთი თვისებების მქონე კაცი უდგათ სათავეში.

საინტერესოა, რომ ჯერარდის ინიციატივით მას და მის თანაგუნდელებს ავღანეთში მისიის შესასრულებლად წასული ინგლისელი ჯარისკაცების საქმიანობისა და ბრძოლის ამსახველი კადრები აჩვენეს (გულწრფელად ვეჭვობ, რომ ეს ბრიტანეთის ხელისუფლების პიარ აქცია იყო, ხოლო ჯერარდი ფეხბურთელის კარიერის დამთავრების შემდეგ კონსერვატული პარტიის სიით ლივერპულის საკრებულოში იყრის კენჭს), შთამბეჭდავი გახლდათ ზოგიერთ კითხვაზე, ენამოსწრებულ ინგლისელთათვის დამახასიათებელი მისი სხარტი პასუხებიც. მაგალითად, როდესაც ჯერარდს ჰკითხეს, როგორ უნდა აიცილოს ინგლისის ნაკრებმა აშშ-ის ნაკრებთან შეხვედრაში ბრაზილიელი მსაჯის კარლოს ეუჟენიო სიმონის რისხვა, რომელმაც ამ მატჩისთვის საგანგებოდ დაისწავლა ინგლისური გინებები, მან უპასუხა: არ უნდა ვიგინოთ.

საინტერესო იყო კითხვა, რომელიც უეინ რუნის ეხებოდა. კითხვის ავტორს აინტერესებდა რას უნდა ელოდეს გულშემატკივარი მანჩესტერელისგან ამ მუნდიალზე და იქნება თუ არა ის ინგლისელთა დიეგო მარადონა სამხრეთ აფრიკაში. გერარდმა უპასუხა, თანაგუნდელის სრული პატივისცემა გამოამჟღავნა და ამ კითხვაზე "დიახ" უპასუხა.

როდესაც ტელეჟურნალისტებთან და კამერებთან საუბარი მოაგროვა, ჯერარდმა პრესასთან სალაპარაკოდ უფრო შინაურულ გარემოში, ბაზაზე საგანგებოდ აგებულ კარავში გადაინაცვლა, სადაც გაცილებით უშუალოდ და მეგობრულად იქცეოდა. ასეთი ეპიზოდიც კი იყო: მეტისმეტად ჭრელ, საზაფხულო ტანსაცმელში გამოწყობილ ჟურნალისტს მოულოდნელად ჰკითხა: აბა, როგორ მიდის დასვენების საქმეო.
"როდესაც გარშემო ვიყურები და თუმნაც ავღანეთში გაგზავნილ ჯარისკაცებს ვიხსენებ, ვხვდები, რომ ძალიან იღბლიანი და ბედნიერი კაცი ვარ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატში ვმონაწილეობ და თან ინგლისის ნაკრების კაპიტნის რანგში...

...მე კაპიტანი ვარ, მაგრამ ჩემს გარშემო სხვა კაპიტნებიც არიან. არიან დიდი ლიდერები, რომელთაც შემიძლია დავეყრდნო. მწვრთნელზე აღარაფერს ვამბობ. შემიძლია სტიუარტ პირსის დიდი გამოცდილება გავიზიარო. აქვე არიან დევიდ ბექჰემი, რიო ფერდინანდი და ჯონ ტერი. სამკლავური მე მეკეთება, მაგრამ ეს ბიჭები თავიანთი უდიდესი გამოცდილებით გვერდში მედგებიან. ამ გუნდის კაპიტნობა დიდი პატივია. ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუძღვე... რაღა უნდა ინატრო ფეხბურთელმა ამაზე მეტი?!"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული