ლილუაშვილი თითქმის დინამოელია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატება - 25 წლის თავდამსხმელი ირაკლი ლილუაშვილი. როგორც გავიგეთ, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს დღეებში კონტრაქტიც გაფორმდება. ხელშეკრულების ხანგრძლივობა წლინახევრით განისაზღვრება. მომდევნო კვირაში სლოვაკეთიდან ლილუაშვილის სატრანსფერო ფურცელი ჩამოვა და ახალწვეულს განაცხადში სწორედ ამის შემდეგ შეიყვანენ.

ორიოდ სიტყვა ამ ფეხბურთელზე. 2003 წელს ლილუაშვილი თბილისის "მერანიდან" ლუგანსკის "ზარიაში" გადავიდა, სადაც მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. მერე სამშობლოში დაბრუნდა და 2004-06 წლებში "თბილისში" თამაშობდა. ამ გუნდის მაისურით ლილუაშვილმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა.
შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა და იქაურ პერშალიგაში (რანგით მეორე ლიგა) მოასპარეზე "დნეპროძერჟინსკის "სტალში" ჩაირიცხა. იქ მან 14 შეხვედრაში ითამაშა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.

2006-07 წლებში ლილუაშვილი სლოვაკეთის პირველი ლიგის ბინადარ მიჰალოვცეს "ზემპლინში" გამოდიოდა - 11 მატჩი, 4 გოლი. 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე ასევე სლოვაკურ "ნიტრაში" ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც 8 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ის ბრიანსკის "დინამოში" გაანათხოვრეს, თუმცა სამშობლოში დაბრუნება ამჯობინა და სადაცაა ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მაისურას მოირგებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული