მოკლედ, "გამძლეობის ტესტები" იწყება: უმაღლესი ლიგის თითოეულ გუნდს 16 დღის განმავლობაში ხუთი-ხუთი ოფიციალური მატჩის ჩატარება მოუწევს! ანუ, 22 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით უმაღლესი ლიგის ოთხი ტურის შეხვედრებიც უნდა გაიმართოს და იმასაც შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს საქართველოს თასის მერვედფინალის
საერთოდ კი, ნებისმიერ "ბოქსინგ-დეის" წარმატებით ის გუნდები ატარებენ, გრძელი სათადარიგოთა სკამი რომ გააჩნიათ: ამა თუ იმ გუნდის მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ეფექტიანი როტაცია თუ არ მოახდინა, ყოველ მესამე დღეს ჩატარებულ მატჩებში სასურველი შედეგის მიღწევა ნამდვილად გაუჭირდება.
ბაია-დინამო
ამ ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად ზუგდიდური მატჩი მივიჩნიეთ: სეზონის სასიამოვნო მოულოდნელობად აღიარებულმა "ბაიამ" ქართული ფეხბურთის მარადიულ ფავორიტს "დინამოს" უნდა უმასპინძლოს!
ზუგდიდური გუნდის ასპარეზობა მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს და "ბაიას" თითოეული ფეხბურთელის გარდა მთავარი მწვრთნელის წარმატებული მუშაობაც უნდა აღინიშნოს. სხვათა შორის, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბაიას" მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი ერთადერთია უმაღლესი ლიგის გუნდების თავკაცებს შორის. თავის პოსტს წინა სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული რომ ინარჩუნებს. ამას გარდა, "ბაიას" თითქმის ყველა რგოლი მეტ-ნაკლებად თანაბრად არის დაკომპლექტებული, ამასთან, გუნდის წარმატებული ასპარეზობა მნიშვნელოვნად არის განპირობებული გამოცდილი მეკარის, 30 წლის გიორგი სომხიშვილის სტაბილური თამაშითაც.
"დინამოს" კი ევროტურნირების შემდეგ არასტაბილურობა "დასჩემდა": ერთი-ორ მოგებულ მატჩს ქულების დაკარგვა უნდა მოაყოლოს ხოლმე; არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ალექს გარსიას გუნდმა ამ სეზონში ვერც ერთი პრინციპული მატჩი ვერ მოიგო და ვეჭვობთ, რომ ყოველივე ამის გამო კლუბის მეპატრონეს რომან ფიფიას კმაყოფილების საბაბი ჰქონდეს. მით უფრო, რომ "დინამოს" სამწვრთნელო შტაბი თუ ფეხბურთელები იმას ნამდვილად ვერ იტყვიან, სეზონის დაწყებამდე შესაბამისი პირობები არ გვქონდაო...
ვიტ ჯორჯია-ტორპედო
არანაკლებ საინტერესო მატჩი გველოდება მცხეთაშიც: ახალგაზრდული "ვიტ ჯორჯია" ჩვეული ენერგიული თამაშით ეცდება წარმატების მიღწევას; თუმცა, წინა ორი საშინაო მატჩისგან განსხვავებით ზურაბ ბერიძის გუნდს ამჯერად ბევრად უფრო სერიოზული მიზნების მქონე მეტოქე ჰყავს "ტორპედოს" სახით. შეგახსენებთ, რომ არცთუ დამაჯერებელი სტარტის შემდეგ ქუთათურებმა ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგეს და ერთიც ფრედ დაამთავრეს; თანაც, უკანასკნელი ორი გამარჯვება გუნდმა ახალი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელბით მოიპოვა და ამჟამად "ტორპედო" ლიდერთა სამეულს ცოტათიღა ჩამორჩება.
ეს კი იმის "მანიშნებელი" უნდა იყოს, რომ ამბიციური მწვრთნელი უკვე ამ სეზონშივე შეეცდება "ტორპედოსთვის" ძველი დიდების დაბრუნებას; თუმცა ქუთათურებს მართლაც "მძიმე" კვირა ელოდებათ: "ვიტ ჯორჯიას" მერე "კოლხეთს" უნდა უმასპინძლონ, შემდეგ კი ოქტომბრის მთავარი საინტრიგო მატჩიც გველოდება, როცა "ტორპედო" სტუმრად ზესტაფონში ჩავა.
ადრე, როცა "ტორპედო" საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული კლუბად მიიჩნეოდა, ქუთაისელთა ყველაზე "უხერხული მეტოქე" სწორედ "ვიტ ჯორჯია" იყო. იგივე სიტუაცია იყო წინა სეზონშიც, როცა ოთხი დაპირისპირებიდან სამში "ვიტ ჯორჯიამ" გაიმარჯვა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი მეორე წრის მატჩი იყო, როცა ჯაბა ლიპარტიას ჩინებული გოლის წყალობით "ვეტერინარებმა" სტუმრად შეძლეს "ტორპედოს" დამარცხება.
მეტალურგი-მერანი
ამ ბოლო დროს თუ რომელიმე გუნდზე ითქმის ჩინებულ ფორმაში იმყოფებაო, რუსთავის "მეტალურგია" - კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა უკანასკნელ ორ შეხვედრაში მეტოქეთა კარში 6 გოლი გაიტანა და ზედიზედ ორი გამარჯვებით საჩემპიონო ამბიციებიც გაიმყარა. ისიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებიდან საკუთარ მოედანზე საუკეთესო შედეგი სწორედ "მეტალურგს" აქვს და ამ და კიდევ სხვა ნიუანსების გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტებად სწორედ მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ.
"მეტალურგი" საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია არანაკლებ გამოცდილი მწვრთნელით და არა გვგონია, რომ წინა ტურში "დინამოსთან" სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით გამოწვეულმა ეიფორიამ დიდხანს გასტანოს; მით უფრო, რომ უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა "მერანმა" უკვე რამდენჯერმე გამოაჩინა "კლანჭები" და ახალგაზრდა მწვრთნელების, მალხაზ ჟვანიასა და არჩილ ჩხაბერიძის დამოძღვრილი გუნდი რუსთავშიც შეეეცდება თავისთვის სასურველი შედეგის მიღწევას.
სხვათა შორის, მასპინძლები დღევანდელ მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდებიან: დისკვალიფიკაციის გამო "მეტალურგს" ძირითადი შემადგენლობით ორი შეუცვლელი ფეხბურთელი, ალექსანდრე კვახაძე და ლუკა რაზმაძე (ორივე 27 წლის გახლავთ) არ ეყოლება.
გაგრა-დილა
ფეხბურთში მოულოდნელობები მართლაც ხშირია: ჯერ იყო და, "გაგრას" ჩინებულ სტატს ვერავინ იფიქრებდა (ზედიზედ სამი გამარჯვება სეზონის დასაწყისში), შემდეგ კი საკადრო თუ "სხვა" პრობლემების გამო გუნდს კრიზისი დაეწყო და მომდევნო ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. აქედან გამომდინარე, ბევრისთვის მთლად "უცნაური" არ უნდა ყოფილიყო "გაგრაში" მომხდარი საკადრო ცვლილება: კლუბის ისტორიაში მართლაც საუკეთესო და ყველაზე წარმატებული მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი გუნდიდან საკუთარი სურვილით წავიდა (ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ვერსია) და მის ნაცვლად ეს საპასუხისმგებლო პოსტი სოხუმი "ცხუმის", თბილისის "დინამოსა" და სარატოვის "სოკოლის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ზვიად ჯელაძემ დაიკავა.
ჯელაძემ წინა ტურშიც უთავკაცა "გაგრას", მაგრამ "ზესტაფონთან" შეხვედრაში მოვალელბის შემსრულებელი გახლდათ, აი დღეს კი უკვე ოფიციალურად მთავარი მწვრთნელის სტატუსით გამოიყვანს თავის გუნდს.
ისე, ამ მატჩში ფავორიტის გამოცნობა ძნელი საქმეა, რადგან ერთმანეთს უშუალო კონკურენტები ხვდებიან და "გაგრამ" თუ ქულების უმრავლესობა საშინაო მატჩებში მოიპოვა, "დილა" პირიქით, სტუმრად უფრო წარმატებულად ასპარეზობს. ოღონდ, ახალგაზრდა მწვრთნელის, გია ცეცაძის გუნდის შედეგიანი თამაში თუ მართლაც დასაფასებელ-აღსანიშნავია, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით საკუთარი კარის უსაფრთხოდ დაცვაზე - ცხრა ტურის შემდეგ უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტი გოლი "დილას" აქვს გაშვებული.
კოლხეთი-სიონი
ჩემპონატში ერთადერთი გამარჯვება "კოლხეთმა" 10 სექტემბერს მოიპოვა, "სიონი" კვლავაც მოუგებლად ასპარეზობს, - სატურნირო ცხრილის ორი აუტსაიდერის დაპირისპირება, ფაქტობრივად, ექვსქულიან თამაშად უნდა "მოვნათლოთ".
საერთოდ, ბოლნისური კლუბის ქრონიკულ წარუმატებლობებს ბოლო არ უჩანს და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სასიკეთო ძვრებს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უახლოეს მომავალშიც არ უნდა ველოდოთ. "სიონს" ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გატანილი და ყველაზე მეტი გაშვებული და ასეთი მონაცემებიდან გამომდინარე, ქვემოქართლელთა ბოლო ადგილზე ყოფნა არავის უნდა გაუკვირდეს.
სამაგიეროდ, ცოტა არ იყოს, უცნაური და გასაკვირვია "კოლხეთის" აშკარად არასახარბიელო მდგომარეობა, - არადა, გამოცდილი მწვრთნელის სოსო ფილიას გუნდს დღევანდელი მეტოქისაგან განსხვავებით არც ფინანსური პრობლემები აქვს და არც კვალიფიციური ფეხბურთელების სიმცირეს უჩივის. თუმცა, "კოლხეთის" წარუმატებელი ასპარეზობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ალბათ, საშინაო მატჩების სხვაგან ჩატარება უნდა მივიჩნიოთ: სატურნირო ცხრილში "მეზობელს" ფოთელებმა დღესაც ლანჩხუთში უნდა უმასპინძლონ.
ისე, დღევანდელ მეტოქეებს "საინტერესო" სტატისტიკაც აქვთ: "კოლხეთს" "საშინაო" მატჩებში გოლი არ გაუტანია, "სიონს" კი სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში.
სპარტაკი-ზესტაფონი
ერთდღიანი ტურის ყველა მატჩი 15 საათზე დაიწყება, გარდა "სპარტაკი"-"ზესტაფონისა", რომლის პირდაპირი ტრანსლაციაც პირველ არხზეც 18 საათზე დაიწყება. სატურნირო ცხრილს თუ შევხედავთ, წყვილის აშკრა ფავორიტად მოქმედი ჩემპიონი და სადღეისოდ ერთპიროვნული ლიდერი "ზესტაფონი" უნდა მივიჩნიოთ; მით უფრო, რომ ახალგაზრდა მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მართლაც მშვენიერ ფორმაში იმყოფება და ზედიზედ სამი გამარჯვებაც ამას ადასტურებს.
ჩემპიონატში აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს "სპარტაკს", თუმცა იმის ალბათობაც დიდია, რომ პირველი ეტაპის შემდეგ ცხინვალელები საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდნენ. გუნდში ახალი მწვრთნელის, გამოცდილი სპეციალისტის ვლადიმერ ხაჩიძის დაბრუნების შემდეგ "სპარტაკმა" ქულების დაგროვებაც დაიწყო და კონკურენტებთან ჩამორჩენაც მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა, ყველა დაგვეთანხმება, რომ ფორმააკრეფილი მოქმედი ჩემპიონისათვის ქულ(ებ)ის წართმევა დღესდღეობით "სპარტაკზე" ბევრად უფრო ძლიერ გუნდს გაუჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"