საინტრიგო და უკომპრომისო - საქართველოს XXIII ჩემპიონატი. X ტურის მიმოხილვა

AutoSharing Option
ტურის წინათქმას სათაურად "გამძლეობის ტესტი" შევურჩიეთ და ამის მიზეზი მართლაც ჩემპიონატის კალენდარის შემჭიდროვებული გრაფიკი იყო: უმაღლესი ლიგის გუნდებს 16 დღის განმავლობაში ხუთ-ხუთი ოფიციალური მატჩის ჩატარება უწევდათ!

და აი, საშემოდგომო "ბოქსინგ-დეის" პირველი ტურიც, რომელიც ისეთი საინტრიგო გამოდგა, თქვენი მოწონებული; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კვლავაც უხვგოლიანი ტური გამოდგა - ექვს შეხვედრაში გატანილი 19 გოლი ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი; აქვე,იმასაც ვიტყვით, რომ ანალოგიური მაჩვენებელი იყო პირველ ტურშიც, ხოლო წინა ტურში ერთით მეტი გოლი გავიდა.

არც ის არის უმნიშვნელო ფაქტი, რომ უკვე ზედიზედ
მესამე ტურია, უმაღლესი ლიგის მატჩები საყაიმო ანგარიშით არ მთავრდება: იმედი დავიტოვოთ, მსგავსი უკომპრომისობა პირველი ეტაპის დასრულებამდე გაგრძელებულიყოს.

X ტურში არაერთი დასამახსოვრებელი ფაქტი მოხდა: ექვსიდან სამ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლები ბოლო წუთებზე გავიდა, ჩემპიონატში პირველი ჰეთ-თრიქიც ვიხილეთ, ერთი სენსაციაც (უფრო ზუსტად, მოულოდნელი შედეგი) დაფიქსირდა და ასე შემდეგ. თუმცა, ჯობს, ყოველივე ამაზე ცალკ-ცალკე ვისაუბროთ.

პოპულარული 2:1 და შთამბეჭდავი ჩემპიონი
ამ ტურამდე უმაღლეს ლიგაში ყველაზე "პოპულარული" ანგარიში 2:0 და 2:1 იყო; თუმცა შაბათის ექვსი მატჩიდან ოთხი სწორედ რომ 2:1 დამთავრდა და ამ შემთხვევაში "აბსოლუტურ ლიდერთან" გვაქვს საქმე. გასული ტური იმითაც იყო აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაწყებიდან მეორედ დაფიქსირდა ოთხბურთიანი სხვაობა: ქვეყნის ჩემპიონმა "ზესტაფონმა" სტუმრად "სპარტაკი" არ დაინდო და 5:1 დაამარცხა. თანაც, საქმე მხოლოდ დიდი ანგარიშით მოგებაში არ არის: ახალგაზრდა მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ტურიდან-ტურამდე აუმჯობესებს თამაშის ხარისხს და ჩემპიონატში ზედიზედ ოთხი გამარჯვებაც ამის დასტურია.

ისე, ცოტა არ იყოს უცნაურია, მაგრამ ფაქტია: აქამდე ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ იყო დაფიქსირებული ოთხბურთიანი სხვაობა, როცა "ზესტაფონი" გადადებულ შეხვედრაში შინ 0:4 დამარცხდა გორის "დილასთან". აი, სწორედ ამის მერე დაიწყო მოქმედმა ჩემპიონმა თავისი შთამბეჭდავი სერია და გუნდი თუ თავის ლიდერებს შეინარჩუნებს, ზედიზედ მეორე ტიტულიც ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ.

ლიდერებიც შემთხვევით არ გვიხსენებია: ბოლო ორ ტურში მეტოქეთა კარში გატანილი ცხრავე გოლი ჯაბა დვალის, ნიკოლოზ გელაშვილისა და შოთა გრიგალაშვილის ანგარიშზეა. 26 წლის დვალი, მისი თანატოლი გელაშვილი და 25 წლის გრიგალაშვილი,  ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელებად მიიჩნევიან და საკუთარი ოსტატობა "სპარტაკთან" მატჩშიც დაამტკიცეს.

დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, ცხინვალელთა გუნდის გასაკრიტიკებლად ენა არავის უნდა მოუბრუნდეს: მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ ძლიერ მეტოქესთან დაცვითი ტაქტიკის ნაცვლად "გახსნილი ფეხბურთი" აირჩია და ამიტომაც იყო, ტურის ეს მატჩი ყველაზე სანახაობრივი რომ გამოდგა.

გოლები წყვილ-წყვილად და საცალოდ
"გაგრა"-"დილა", "კოლხეთი"-"სიონი", "ბაია"-"დინამო", - სამივე ეს მატჩი ერთნაირი ანგარიშით (2:1) დამთავრდა და სამივე შემთხვევაში გადამწყვეტი გოლი მასპინძლებმა ბოლო წუთებზე გაიტანეს! ამასაც თავი რომ დავანებოთ, სამივე შეხვედრის შედეგს მასპინძელთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა: "გაგრამ" ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, "კოლხეთმა" პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ელგუჯა ქომეთიანის დამოძღვრილმა "ბაიამ" პირველად შეძლო "დინამოს" დამარცხება!

ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი კონკრეტული ფეხბურთელები ვახსენოთ, ამ ტურში თავი რომ გამოიჩინეს. უპირველესად, რაღა თქმა უნდა, ჯაბა დვალზე უნდა ვთქვათ - ჩემპიონატის პირველი "ჰეთ-თრიქი" რომ შესრულა! ბოლო ორ მატჩში გატანილი 4 გოლით დვალი საუკეთესო ბომბარდირთა დავაშიც ჩაება და თანაგუნდელ ნიკოლოზ გელაშვილთან ერთად სერიოზულ კონკურენციასაც გაუწევს დღესდღეობით ნომერ პირველ გოლიადორს დიმიტრი ტატანაშვილს.

ეს უკანასკნელი ხომ, მართლაც ცალკე აღნიშვნის ღირსია: 28 წლის ფორვარდმა სეზონში მეოთხე "დუბლი" შეასრულა! შეგახსენებთ, რომ ვიდრე უცხოეთში (ჩეხეთში) გაემგზავრებოდა, ტატანაშვილს გოლების უმეტესობა მაშინ გაჰქონდა, როცა "ამერის" (იმედია, ეს გუნდი გეხსომებათ) შემადგენლობაში შეცვლებზე შემოდიოდა ხოლმე; ახლა კი, რუსთავის "მეტალურში" ჩარიცხვის შემდეგ გოლები მხოლოდ წყვილ-წყვილად გააქვს!

ბომბარდირთა დავა ვახსენეთ და "დინამოს" სახელიან ლეგიონერ ჩისკოზეც დადებით კონტექსტში უნდა ვისაუბროთ: 31 წლის უნივერსალმა ჩემპიონატის ცხრა მატჩში 6 გოლის გატანა კი მოახერხა, მაგრამ მხოლოდ მისი შედეგიანი თამაში საკმარისი ნამდვილად არ არის.

ბოლოს, იმ ფეხბურთელებზეც, სეზონში პირველი გოლი რომ გაიტანეს, ოღონდ, ყველა მათგანის ზუსტი დარტყმა როდი აღმოჩნდა თავისი გუნდისთვის წარმატების მომტანი; მაგალითად, "სპარტაკის" 21 წლის ნახევარმცველმა თეიმურაზ შონიამ ჩემპიონის კარში მართლაც ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ პრესტიჟის ბურთიღა აღმოჩნდა.

იგივეს თქმა შეიძლება "მერანის" 29 წლის კაპიტანზე გიგა ჟვანიაზე, "დილას" 27 წლის ახალწვეულ ირაკლი ბერაიასა და "სიონის" 25 წლის ნახევარმცველზე გიორგი ქუცურუაზე. სამაგიეროდ, დანარჩენი მეგოლეების ზუსტმა დარტყმებმა მნიშვნელოვნად განაპირობეს თავიანთი გუნდის წარმატებები. თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმრავლესობამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა: 30 წლის ალექსანდრე ინწკირველმა, 22 წლის დავით ციცხვაიამ (ორივე-"კოლხეთი"), 30 წლის რევაზ გოცირიძემ ("ტორპედო"), 22 წლის ლევან შარიქაძემ, 21 წლის ირაკლი ხუციძემ (ორივე-"გაგრა"), 25 წლის ნიკა მგელაძემ ("ბაია").

დაბოლოს, "ბაიას" 22 წლის ფეხბურთელზე, გიორგი პაჭკორიაზეც - ზუგდიდური გუნდის შემადგენლობაში, როგორც წესი, შეცვლებზე რომ შემოდის ხოლმე და ამჯერადაც ასე მოხდა, თუმცა სწორედ მისმა ზუსტმა დარტყმამ დააფიქსირა კიდეც ამ ტურის ყველაზე მოულოდნელი ანგარიში.თუმცა იყო კი "დინამოს" ზედიზედ მეორე მარცხი სენსაცია თუ მოულოდნელობა?..

დინამო: კრიზისი თუ დროებითი ჩავარდნა?
მოგეხსენებათ, რომ XXIII ჩემპიონატი ახლებური სისტემით ტარდება: ორი წრის შემდეგ საუკეთესო რვა გუნდი "ცალკე" ტურნირში გააგრძელებს ასპარეზობას, ბოლო ოთხი გუნდი და პირველი ლიგის 4 საუკეთესო გუნდი კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძოლებს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პირველ რვა გუნდს მეორე ეტაპზე მხოლოდ ერთმანეთთან დაგროვილი ქულები გადაჰყვებათ; სადღეისოდ სატურნირო ცხრილში "დინამო" ოთხი ქულით კი ჩამორჩება "ზესტაფონს", მაგრამ რეალურად ჩამორჩენა ბევრად უფრო სოლიდურია.

განვმარტავთ: "დინამომ" ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული უკვე სამი მატჩი წააგო და სამივეჯერ ისეთ გუნდებთან დამარცხდა ("ტორპედო", "ბაია", "მეტალურგი"), ძალიან დიდი ალბათობით საუკეთესო რვა გუნდში რომ მოხვდებიან. სამაგიეროდ, "ზეტსაფონმა" ისეთ გუნდებთან დაკარგა ქულები, დღესდღეობით ქვედა ოთხეულში რომ იმყოფებიან ("კოლხეთი", "დილა"); მოკლედ, დღეს რომ არიან პირველ-მერვე ადგილებზე, მეორე ეტაპზეც ეს გუნდები რომ გადავიდნენ, "დინამოსა" და "ზესტაფონს" შორის სხვაობა 9 ქულა იქნებოდა!

საუბარი იმაზე, რომ "დინამოში" კრიზისია, საფუძველმოკლებული არ უნდა იყოს; თუმცა არც სიტუაციის დრამატიზებაა საჭირო - ყოველ შემთხვევაში, იგივე პირველი ეტაპის ბოლომდე "დინამოს" სამწვრთნელო შტაბსა თუ ფეხბურთელებს არაერთხელ ექნებათ სატურნირო მდგომარეობის გამოსწორების შანსი. ოღონდ, ისიც ვთქვათ, თუ რამდენხანს გასტანს კლუბის მეპატრონის რომან ფიფიას მოთმინება - ვისაც, ვეჭვობთ, რომ თავისი კლუბის ბოლოდროინდელი ასპარეზობა აკმაყოფილებდეს.

ამიერიდან, "დინამოსთვის" ყველა მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და გუნდის ესპანელმა თავკაცმა ალექს გარსიამ ყოველივე ეს, ალბათ, ჩვენზე უკეთ იცის. აი, ამ ინფორმაციის შესახებ კი, ვეჭვობთ, რომ საქმის კურსში იყოს: თბილისის "დინამომ" ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი უკანასკნელად ხუთი წლის წინათ, 2006-07 წლების სეზონის დასაწყისში წააგო!

X ტურის სიმბოლური ნაკრები
მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი (2, ბაია)
მეკარე: სომხიშვილი (4, ბაია)
მცველები: ბენაშვილი (2, ზესტაფონი), ინწკირველი (3, კოლხეთი), მგელაძე (ბაია), ნაკონეჩნი (3, გაგრა)
ნახევარმცველები: პაჭკორია (ბაია), მანწკავა (4, მერანი), სიხარულია (ბაია), შ.გრიგალაშვილი (3, ზესტაფონი)
თავდამსხმელები: ტატანაშვილი (5, მეტალურგი), დვალი (2, ზესტაფონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა სისულელეა წავიდეს არა ჭადი ეგეთი მწცრთნელი ყოველ წელს კი არ ჩამოვა ეგე თუ ვყარეთ და დრო არ მივეცით... ისე ლაპარაკობთ თითქოს მადრიდის რეალი ვიყოთ რაა
sokrate
21:56 25-10-2011
0
გარსია უნდა გაუშვან უეჭველად . ამ შემადგენლობით როგორ შეიძლება ამდენი მარცხი გქონდეს უკვე. გასაშვები რომ არის ეს ფაქტიც მოწმობს. თბილისის "დინამომ" ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი უკანასკნელად ხუთი წლის წინ წააგო!
aleqsgarsiawadii!!!!
15:50 25-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული