სიონი-მეტალურგი 2:2
1:0 კემუხტაშვილი (5, რეხვიაშვილის პასით), 2:0 ქუცურუა (45), 2:1 მოდებაძე (78), 2:2 რაზმაძე (88, პენალტით)
54-ე წუთზე ტატანაშვილმა (მეტალურგი") ვერ გაიტანა პენალტი.
სიონი (4-1-3-2) მეტალურგი (4-2-3-1)
ლობჟანიძე ბედიაშვილი
ლ. ჩხეტიანი სეთურიძე
სვანიძე კვახაძე
თარგამაძე მახვილაძე
ალავიძე ჯაფარიძე
გაბრიჭიძე რაზმაძე
ისიანი ქავთარაძე
ვ. ბოლქვაძე ი. მაისურაძე
ქუცურუა მიქაბერიძე
კემუხტაშვილი მოდებაძე
რეხვიაშვილი ტატანაშვილი
მწვრთნელი: ლ ბაჯელიძე მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი
სიონი
77. ისიანი-ფეიქრიშვილი
79. კემუხტაშვილი-უგულავა
სათადარიგოები: ზუხბაია, მ. ოქროპირიძე, კობერიძე, ა. ნოზაძე, ხურციძე
მეტალურგი
58. მაისურაძე-პავლიაშვილი
65. ქავთარაძე-დობროვოლსკი
77. ტატანაშვილი-გავაშელიშვილი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჩადუნელი, წენგუაშვილი
გაფრთხილება: კვახაძე (44), ისიანი
გაძევება: ჩხეტიანი
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
...ორიოდე წუთიც და "სიონი" ჩემპიონატში პირველ (თანაც, დამსახურებულ) გამარჯვებას მოიპოვებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს მატჩის არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა მასპინძელთა კარში პენალტი (ამ შეხვედრაში - მეორე) დანიშნა! ბოლნისელ ფეხბურთელთა თუ ქომაგთა პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია და ლუკა რაზმაძემ ზუსტი დარტყმით ამ მართლაც უმძიმეს (ყველა გაგებით) მატჩში "მეტალურგს" ქულა მოუტანა.
ამ გოლს კი უკვე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შორის ჯერ შელაპარაკება, მერე კი გაწევ-გამოწევა თუ "საქმეების გარჩევაც" მოჰყვა: თამაში, სულ მცირე, 4-5 წუთით იყო შეჩერებული და კიდევ კარგი, ბოლნისელმა წესრიგის დამცველებმა იყოჩაღეს და მართლაც ლამის ჭკუიდან გადასულ ადგილობრივ ქომაგებს მოედანზე შევარდნის საშუალება არ მისცეს.
არბიტრთა ბრიგადას (პოლიციელთა "საპატიო ესკორტით"), ვიდრე გასახდელამდე მიაღწევდა, ბოლნისელი გულშემატკივრებისაგან კიდევ არაერთი "ტკბილი სიტყვის" მოსმენა მოუხდა; "ნეტავ, სხვა ქალაქში თუ დანიშნავენ მასპინძელი გუნდის კარში ორ პენალტს და ამასთან ერთად, ფეხბურთელსაც გაუძევებენ", "ფოთში უსამართლოდ მოგვექცნენ, დღესაც არ მოგვაგებინეს, ასე როდემდე უნდა გაგრძელდესო", - მსაჯობით აღშფოთებული ბოლნისელი ქომაგი მატჩის დამთავრებიდან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში წუხდა.
ისე, მასპინძელთა კარში დანიშნულმა ორივე პენალტმა მართლაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ზოგი მიიჩნევდა, რომ პირველი უფრო "ნაღდი" იყო, ზოგს პირიქით მიაჩნდა, უმრავლესობის აზრით კი არცერთი იყო დასანიშნი! აი, რაც შეეხება გაძევებას, ჩვენი აზრით, არბიტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო: საპენალტო სიტუაციებისგან განსხვავებით, აი ის ეპიზოდი კი ტრიბუნიდან კარგად ჩანდა, თუ როგორ ჩაარტყა სახეში ხელი "სიონის" ფეხბურთელმა მეტოქის მოთამაშეს.
აი, ასეთი სკანდალური დასასრული ჰქონდა ამ ქვემოქართლურ "დერბის", მეტისმეტად არასაფეხბურთო კლიმატურ პირობებში რომ ჩატარდა და სადაც, მასპინძლებმა, უდავოდ, სეზონის საუკეთესო თამაში უჩვენეს. არადა, წყვილში აშკარა ფავორიტად "მეტალურგი" მიიჩნეოდა, მაგრამ არნახულად მოტივირებულმა მასპინძლებმა პირველი წუთებიდანვე აგრესიული და აქტიური თამაში შესთავაზეს მეტოქეს და ეს მონდომებაც მალე დაუფასდათ! მარცხენა ფლანგიდან შეტევა არჩილ ალავიძემ წამოიწყო, მერე გიორგი რეხვიაშვილმა (ამ შეხვედრის, უდავოდ, ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა) ჩინებულად გააგრძელა და ზუსტი პასით მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ლაშა კემუხტაშვილი მოძებნა - "სიონის" ახალწვეულმა კი "ერთი შეხებით" ბურთი სტუმართა კარში ზუსტად გაგზავნა - 1:0!
გოლიდან სამიოდ წუთში რეხვიაშვილმა ამჯერად უკვე მარჯვნიდან "გაილაღა", მაგრამ მის სახიფათო გადაცემას პარტნიორთა შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. "სიონი" კვლავაც აგრძელებდა აგრესიული სტილით თამაშს და ამჯერად უკვე რეხვიაშვილი-ბოლქვაძის კომბინაცია ვიხილეთ, ვილი ისიანის თავური დარტყმით რომ დამთავრდა - "მეტალურგის" გამოცდილ მეკარეს გრიგოლ ბედიაშვილს სწორი პოზიცია ჰქონდა შერჩეული და ამ ბურთის აღება არ გასჭირვებია. თუმცა, ბედიაშვილიც უძლური იყო იმ ეპიზოდში, მასპინძლებმა მეორე გოლი როცა გაიტანეს: გიორგი ქუცურუამ, ისე როგორც წინა ტურში, ამჯერადაც ეფექტურად, და, რაც მთავარია, ზუსტად შეასრულა "სტანდარტული" და თავის გუნდს სერიოზულზე-სერიოზული ჰანდიკაპი მოუპოვა.
აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "მეტალურგის" ასპარეზობა პირველ ტაიმში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა: ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გუნდმა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყა მეტოქის კარისკენ, როცა გიორგი ქავთარაძის შორეულ "გასროლას" ვახტანგ ლობჟანიძის ჩინებული რეაქცია მოჰყვა. სხვათა შორის, ბოლნისელთა ახალგაზრდა მეკარემ თავის ხანმოკლე კარიერაში, უდავოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თანაც 21-წლის ვახტანგ ლობჟანიძე "განსაკუთრებული" მოტივაციით ასპარეზობდა მშობლიური ქალაქის გუნდის წინააღმდეგ.
როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტაიმი სტუმართა გააქტიურებით დაიწყო და მალე მოხდა კიდეც ის პირველი ეპიზოდი, მასპინძელთა ფეხბურთელთა თუ ქომაგთა აღშფოთება რომ გამოიწვია: "სიონის" საჯარიმოში ვილი ისიანისა და ალექსანდრე კვახაძის ორთაბრძოლას პენალტის დანიშვნა მოჰყვა! 11-მეტრიანის ნიშნულთან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი დიმიტრი ტატანაშვილი მივიდა, მაგრამ ლობჟანიძემ ეს დარტყმაც მოიგერია, და მერე, არანაკლებ ჩინებულ ნახტომში ირაკლი მოდებაძესაც არანაკლებ რთული ბურთი აუღო!
ამის შემდეგ კი თამაში "გაიხსნა" და ბევრს რომ ეგონა, მასპინძლები დაცვაში "ჩაჯდებოდნენ", პირიქით მოხდა: "სიონმა" ორი უმწვავესი შეტევა განახორციელა და ერთ ეპიზოდში თუ გიორგი რეხვიაშვილის თავური დარტყმა მიზანს სულ ოდნავ ასცდა, მეორეჯერ სტუმრები ლაშა ჯაფარიძემ გადაარჩინა, როდესაც დავით სვანიძის თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა!
"სიონის" ერთ ფეხბურთელზეც გვინდა ორიოდ სიტყვის თქმა: 23 წლის ვალერი ბოლქვაძე ბურთს რომ მიიღებდა, მუდამ არასტანდარტულ გაგრძელებებს ირჩევდა, მაგრამ ხშირად იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა პარტნიორები ვერ ხვდებოდნენ მის მართლაც გონივრულ ჩანაფიქრს.
ამასობაში კი დრო იწურებოდა და ამ სეზონის ერთ-ერთი ხმაურიანი სენსაციის მომსწრენიც უნდა გავმხდარიყავით, თუმცა ცალკე სტუმართა გუნდის ერთი-ორი ფეხბურთელის კლასმა (უპირველეს ყოვლისა, ირაკლი მოდებაძეს ვგულისხმობთ), ცალკე კი "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის კობა ჟორჟიკაშვილის სწორმა შეცვლებმა მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. ჯერ იყო და მოდებაძის ფლანგური გარღვევის მერე ტატანაშვილს შეეძლო ანგარიშში სხვაობის შემცირება, მერე კი თვითონ მოდებაძე გაერკვა კარგად სიტუაციაში და ზუსტი დარტყმით გოლი გაიტანა. მერე კი ის ეპიზოდიც მოხდა, მასპინძელთა კარში მეორე პენალტი რომ დაინიშნა - ლუკა რაზმაძე კი, როგორც წესი, 11-მეტრიანებს უნაკლოდ ასრულებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"