საშუალედო პრიორიტეტები

AutoSharing Option
გასული ტურით ჩემპიონატის პირველი წრე დამთავრდა და გარკვეული დასკვნის გაკეთებაც შეიძლება. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ვთქვათ, რომ ფეხბურთის გულშემატკივართა უმრავლესობის ვარაუდი გამართლდა: ცხრილის ზედა ნაწილში სწორედ ის ოთხი გუნდი ("ზესტაფონი", "ტორპედო", "დინამო", "მეტალურგი") იმყოფება, ჩემპიონატის დაწყებამდე ფავორიტებად რომ მიიჩნეოდნენ.

ამასთან, წარმოუდგენლადაც გვეჩვენება მოვლენების ისეთი განვითარება, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ეს ოთხეული საუკეთესო რვა გუნდში რომ ვერ მოხვდეს. კიდევ ერთხელ გვინდა გულშემატკივარს შევახსენოთ, რომ ეს სეზონი განსხვავებული ფორმატით ტარდება: მეორე ეტაპიდან საუკეთესო რვა გუნდი ასპარეზობას ერთმანეთში მოპოვებული ქულებით გააგრძელებს, დანარჩენი ოთხი
გუნდი კი პირველი ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდთან ახალ ტურნირში ჩაებმება და უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის იბრძოლებს (ოღონდ, ამ შემთხვევაში ეს რვავე გუნდი გათამაშებას ნული ქულით დაიწყებს).

მოკლედ, მეორე წრე მართლაც დიდ ინტრიგას გვპირდება, მით უფრო, რომ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა ზემოთნახსენები ოთხი ფავორიტის გარდა ჯერჯერობით გარანტირებული არავის აქვს; თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ბაიასა" და "მერანს" ბევრად უკეთესი შანსები აქვთ, ვიდრე დანარჩენებს; ამას გარდა, "ვიტ ჯორჯიასა" და "გაგრას" პოზიციებიც ამ ეტაპისათვის მყარი არ არის და მეორე წრეში, შესაძლოა, გარკვეული გადაადგილებებიც მოხდეს.

ამ ეტაპისათვის კი საუკეთესო რვა გუნდის ცხრილში ყველაზე კომფორტული პოზიცია მოქმედ ჩემპიონს უკავია: "ზესტაფონი" დღესდღეობით 9 (!) ქულით უსწრებს "დინამოს" და "ტორპედოს", ოთხით კი - "მეტალურგს". თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ მეორე წრეში კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მანამდე კი "საუკეთესო რვაგუნდიანი ტურნირის" სადღეისო ცხრილი გვინდა შემოგთავაზოთ.

აქვე, ბარემ ისიც განვმარტოთ, რომ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრილ გუნდებს ქვედა ოთხეულთან მოპოვებული ქულები მეორე ეტაპზე არ გადაჰყვებათ; მაგალითად, იგივე "ზესტაფონმა" რომ წააგო "დილასთან" და ფრედ ითამაშა "კოლხეთთან", ეს დაკარგული 5 ქულა მოქმედი ჩემპიონის სატურნირო მდგომარეობაზე უარყოფითად ნამდვილად არ აისახება.

მოკლედ, ისეთი სიტუაციაც შეიძლება შეიქმნეს (და, ალბათ, ასეც იქნება), რომ ესა თუ ის ფავორიტი გარკვეული "არჩევანის" წინაშეც დადგება: რომელი გუნდი "შეიყვანოს" რვა საუკეთესოში და რომელი - არა!

I წრის მიხედვით საუკეთესო რვა გუნდის ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ზესტაფონი 7 6 1 0 17-6 19
2. მეტალურგი 7 5 0 2 11-7 15
3. ტორპედო 7 3 1 3 5-7 10
4. დინამო 7 3 1 3 13-10 10
5. ბაია 7 2 1 4 6-7 7
6. მერანი 7 2 1 4 5-10 7
7. ვიტ ჯორჯია 7 2 1 4 2-7 7
8. გაგრა 7 2 0 5 6-12 6

სერიალი გრძელდება: უხვგოლიანობა და უკომპრომისობა
ზედიზედ მესამე ტურია, ჩვენ ფეხბურთელებს შედეგიანობა არ დაეწუნებათ და ამჟამადაც ჩინებული მაჩვენებელი დააფიქსირეს: ერთ მატჩში, საშუალოდ, სამი ბურთი! არადა, მეტისმეტად შემჭიდროვებული კალენდრის "გადამკიდე", ცოტა არ იყოს, ძნელად წარმოსადგენიც იყო "აღებული ტემპის" შენარჩუნება.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენი ჩემპიონატის ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის ორ-ორი სრულფასოვანი შემადგენლობით (გნებავთ, "გრძელი სათადარიგოთა სკამით"); თუმცა, ოფიციალური მატჩების ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ჩატარების მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდები შედეგიან ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და ეს ფაქტიც, არ შეიძლება რომ პოზიტიურ მომენტად არ მივიჩნიოთ.

ისე როგორც ფრეების ნაკლებობა: გასულ ტურში ერთადერთი მატჩი დასრულდა საყაიმო ანგარიშით; თანაც, ქვემოქართლურ "დერბიში" მართლაც "არამშვიდობიანი" ფრე დაფიქსირდაო რომ ვთქვათ, აშკარად რბილად ნათქვამი იქნება, რამეთუ წვიმიან და სუსხიან ამინდში ჩატარებულ ბოლნისურ მატჩში რა აღარ ვნახეთ: თამაშის მოულოდნელი სცენარი, მასპინძელთა კარში დანიშნული ორი პენალტი, უამრავი ყვითელი ბარათი, ერთი გაძევება მოედნიდან და ერთიც სათადარიგოთა სკამიდან, მინდორზე უცხო პირის შემოვარდნა, ადგილობრივ ქომაგთა აღშფოთება, ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა თუ საქმეების გარჩევა და ა.შ.

სხვათა შორის, პირველი წრის ბოლო ტურში სწორედ ეს შეხვედრა დამთავრდა მეტ-ნაკლებად არაპროგნოზირებადი შედეგით.

სამხელისუფლებიანობა და სხვადასხვა სერიები
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საუკეთესო ბომბარდირობისათვის დავა ერთობ საინტერესოდ უნდა წარიმართოს: პირველი წრის შემდეგ გოლიადორთა "დაუსწრებელ" პაექრობაში ერთდროულად სამი ფეხბურთელი ლიდერობს! 31 წლის ჩისკომ ("დინამო") , 28 წლის დიმიტრი ტატანაშვილმა და 26 წლის ჯაბა დვალმა ("ზესტაფონი") პირველი წრე 8-8 გოლით დაასრულეს და სხვა კონკურენტებიც მეტ-ნაკლებად საკმარისი "დისტანციით" ჩამოიტოვეს.

გასულ ტურში ჩისკომ "დუბლი" შეასრულა, დვალმაც ერთი ბურთი მიუმატა თავის აქტივს, აი, ტატანაშვილმა კი რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, ბომბარდირთა დავაში აბსოლუტური ლიდერი რომ გამხდარიყო: "სიონთან" მატჩში ერთი (უფრო ზუსტად, ერთადერთი) ხელსაყრელი მომენტიც ვერ გამოიყენა და რაც მთავარია, პენალტიც ვერ გაიტანა (ბოლნისელთა 21 წლის მეკარეს ვახტანგ ლობჟანიძეს ვერ აჯობა)!

ისე, ჩისკომ ამ სეზონში უკვე მესამე "დუბლი" შეასრულა, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ამ მხრივ პირველობას არავის უთმობს დიმიტრი ტატანაშვილი, რომელმაც ოთხ შეხვედრაში შეძლო ორი-ორი გოლის გატანა.

გასულ ტურში "დუბლით"  კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოირჩა: ქუთაისის "ტორპედოს" 30 წლის ცენტრფორვარდმა რევაზ გოცირიძემ გოლის "გემო" გაიხსენა და ბოლო ორ შეხვედრაში სამი ბურთი გაიტანა. სხვათა შორის, გოცირიძის მსგავსად ამ ტურში სხვა ფეხბურთელებმაც გააგრძელეს საგოლე სერიები და ზედიზედ მეორე მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებენ: 25 წლის ზვიად მეტრეველს ("სპარტაკი") და 25 წლის გიორგი ქუცურუას ("სიონი") ვგულისხმობთ; თანაც, ზედიზედ ორი მატჩია ქუცურუას ერთი-მეორეზე ეფექტური გოლები გააქვს "სტანდარტულებიდან".

ახლა კი, კონკრეტული გუნდების სერიებზეც ვთქვათ და ჯერ, რა თქმა უნდა, წარმატებულზე უნდა ვისაუბროთ. ოთხი მატჩი და ოთხი გამარჯვება (პლუს, არც ერთი გაშვებული ბურთი), - აი, ასე შთამბეჭდავად დაიწყო თავის ახალ გუნდში მოღვაწეობა გია გეგუჩაძემ! ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი ამჟამად "ტორპედოს" თავკაცობს და ახალ გუნდს თავის "ხელი" უმალ დაატყო. ცნობისათვის: უკანასკნელად "ტორპედოს" წარმატებული სერია 2004-05 წლების სეზონში ჰქონდა, როცა ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე ქუთათურებმა ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს.

არანაკლებ შთამბეჭდავი თუ წარმატებულია მეორე იმერული კლუბის სერიაც: ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და სრულიად დამსახურებულადაც იმყოფება ცხრილის სათავეში. თუმცა, "ზესტაფონისგან" ასეთი სერიები გასაკვირვი არავისთვის უნდა იყოს: 2007-08 წლების სეზონის სტარტზე თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო!

სატურნირო მდგომარეობა
გ თ მ ფ წ ბ ქ
ზესტაფონი 11 8 2 1 25-13 26
ტორპედო 11 7 1 3 14-7 22
დინამო 11 7 1 3 23-12 22
მეტალურგი 11 6 3 2 16-10 21
ბაია 11 6 1 4 15-8 19
მერანი 11 5 2 4 13-12 17
ვიტ ჯორჯია 11 4 2 5 10-14 14
გაგრა 11 4 1 6 12-16 13
დილა 11 3 1 7 15-18 10
სპარტაკი 11 2 4 5 8-16 10
კოლხეთი 11 2 3 6 8-17 9
სიონი 11 0 3 8 6-22 3

XI ტურის სიმბოლური ნაკრები
მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე (სიონი)
მეკარე: ლობჟანიძე (სიონი).
მცველები: ოდიკაძე (2, დინამო), ონიანი (ზესტაფონი), ჩალაძე (მერანი)
ნახევარმცველები: ჩისკო (3, დინამო), მანწკავა (5, მერანი), შ.გრიგალაშვილი (4, ზესტაფონი), ქუცურია (სიონი)
თავდამსხმელები: გოცირიძე (ტორპედო), რეხვიაშვილი (სიონი), მოდებაძე (2, მეტალურგი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული