ასეთი გრაფიკით ასპარეზობა საქართველოში კი არა, მართლაც "საფეხბურთო ქვეყნებში" უძნელდებათ გუნდებს და ჩვენი მოედნების მდგომარეობიდან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენი იქნება, თუ როგორი რთული "გადასაგორებელი" იქნებოდა ეს თექვსმეტდღიანი პერიოდი ეროვნული ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთათვის (გნებავთ - მწვრთნელებისთვისაც);
ჰო, მხოლოდ ფეხბურთელები ხომ არ იღლებიან? განა, მწვრთნელებს ნაკლები დატვირთვა აქვთ და ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ხშირ შემთხვევაში, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება გუნდების თავკაცთა მდგომარეობასაც;
რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელთა გადასაწყვეტია, თავისი გუნდის გაძღოლა ვის მიანდონ, მაგრამ არც ის მიგვაჩნია გამართლებულად, 12 ტურის განმავლობაში ფეხბურთელებს სამი თუ ოთხი მწვრთნელის "გაცნობა-დამშვიდობება" რომ უწევს. ახლაც, ამ ტურის წინ ვინ იცის, რამდენი მწვრთნელია ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ; უფრო ზუსტად, ერთი-ორი სპეციალისტისათვის ხვალინდელი ტური განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს; არადა, კაცი ცრურწმენასაც არ უნდა აჰყვეს, მაგრამ ჩემპიონატში გამოცხადებულ ორკვირიან შესვენებამდე ჩასატარებელი ტური ხომ რიგით... მეცამეტეა?!.
პრინციპიც, მოტივაციაც
ამ ტურში ჩემპიონატის ოთხი გამოკვეთილი ფავორიტი ერთმანეთს არ ხვდება, მაგრამ კვირის შეხვედრებიდან ერთი მაინც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს! მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტული მომენტისათვის "ვიტ ჯორჯია" და "დინამო" ცხრილში რომელ ადგილზე იმყოფებიან: ამ გუნდების დაპირისპირება მუდამ გამორჩეულ პაექრობად მიიჩნევა; თანაც, ასე გრძელდება, ფაქტობრივად, იმ დღიდან, "ვეტერინარები" უმაღლეს ლიგაში რომ გამოჩნდნენ (1998 წლის დასაწყისიდან).
რა თქმა უნდა, ამ (ისე როგორც, წინა) სეზონში "ვიტ ჯორჯიას" არც საჩემპიონო ამბიცია გააჩნია და არც "შესაბამისი" შემადგენლობა, მაგრამ ზურაბ ბერიძის ახალგაზრდულ გუნდს "დინამოსთან" დაპირისპირებაში "დამატებითი" მოტივაცია არ სჭირდება. მეტოქის ფაქტორი რომც გამოვრიცხოთ, "ვიტ ჯორჯიას" საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა ჯერჯერობით გარანტირებული არ აქვს და "მცხეთა-პარკზე" ხვალ საინტერესო მატჩის მომსწრენიც უნდა გავხდეთ.
"დინამოზე" კი ახალი რა უნდა ვთქვათ: გუნდის ესპანელმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ და თითოეულმა ფეხბურთელმა რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყონ გორის ფიასკო (თასის მერვედფინალიდან გამოვარდნას ვგულისხმობთ) და თავის ერთგულ ქომაგებთან რეაბილიტაციისათვის ყველაფერი უნდა გააკეთონ გამარჯვების მისაღწევად.
..."ვიტ ჯორჯიასა" და "დინამოს" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში დიდი ხნის განმავლობაში თითქმის აბსოლუტური თანაფარდობა იყო; თუმცა, ამ ბოლო დროს დინამოელთა უპირატესობა გამოიკვეთა: "ვეტერინარები" უკვე შვიდი მატჩია თავისი პრინციპული მეტოქის დამარცხებას ვერ ახერხებენ. ამ გუნდებს შორის პირველი წრის შეხვედრაც "დინამოს" გამარჯვებით დამთავრდა: მეორე ტაიმში ანგარიში ლევან კაკუბავამ გახსნა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი მიკელე ალვარომ მართლაც ეფექტური დარტყმით პირველი, "ქართული გოლი" გაიტანა და "დინამოს" ორბურთიანი უპირატესობაც დააფიქსირა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ვიტ ჯორჯიასა" და "დინამოს" ადრინდელი დაპირისპირებები მუდამ უკომპრომისობით გამოირჩეოდა და ძალიან ხშირად იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა სწორედ ამ მეტოქეთა პაექრობებში წყდებოდა...
საქართველოს ჩემპიონის ვინაობა! აი, მაგალითად, წინა სეზონში ჩატარებული ოთხი მატჩიდან "დინამომ" სამში გაიმარჯვა და ერთიც ფრედ დაამთავრა, მაგრამ ამა წლის 27 აპრილს, მესამე წრის შეხვედრაში დაფიქსირებულმა სწორედ იმ საყაიმო ანგარიშმა (1:1) დაასამარა დინამოელთა საჩემპიონო შანსები;
ცალკე საუბრის თემაა ხვალინდელი მეტოქეების ის მატჩები, მცხეთაში, იმდროინდელ "არმაზზე" რომ ტარდებოდა, - ხუთი წლის (2003-2008) განმავლობაში ფაქტობრივად, სავსე ტრიბუნების წინ გამართული ყველა შეხვედრა უაღრესად უკომპრომისოდ და საინტერესოდ მიმდინარეობდა, ხანდახან სკანდალური ელფერიც ჰქონია, მსაჯების შეცდომებიც ყოფილა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ცალკეული ფეხბურთელების ჩინებული თამაშიც; თუმცა, სხვანაირად ვერც იქნებოდა: იმ პერიოდში "ვიტ ჯორჯია" ხომ ერთ-ერთი წარმატებული ქართული კლუბი იყო და ამის დასტურად ორი საჩემპიონო ტიტული და ორჯერ ვერცხლის პრიზიორობაც გამოდგება. მერე კი, "ვიტ ჯორჯიას" საშინაო მატჩების ჩატარება სხვადასხვა ქალაქსა თუ სხვადასხვა სტადიონზე უწევდა და მხოლოდ ამ სეზონში დაუბრუნდა მცხეთას.
"ვიტ ჯორჯიამ" "დინამოს" მცხეთაში ბოლოს 2008 წლის 18 აპრილს უმასპინძლა და მაშინაც, ფაქტობრივად, ჩემპიონობის ბედი წყდებოდა! სეზონის ფინიშამდე 5 ტური რჩებოდა და დუშან უჰრინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" 4 ქულით უსწრებდა რამაზ მუმლაძის "ვიტ ჯორჯიას"; თანაც, "ვეტერინარებს" დარჩენილ მატჩებში ბევრად იოლი მეტოქები ჰყავდათ, მაშინ როცა "დინამოს" სტუმრად "ზესტაფონთან" მატჩიც ელოდა.
მოკლედ, მასპინძლები თუ გაიმარჯვებდნენ, ჩემპიონობის კარგი შანსიც უჩნდებოდათ, თუმცა უაღრესად დაძაბული, დრამატული და ნერვული შეხვედრა ფრედ (0:0) დამთავრდა. ეს შედეგი კი "დინამოსთვის", ფაქტობრივად, იდეალური იყო და გუნდმაც თავისი ბოლო საჩემპიონო ტიტული სწორედ იმ სეზონში მოიპოვა. სამი წლისწინანდელ იმ მატჩში გამოუყენებელი პენალტიც იყო, გაძევებაც და რვა ყვითელი ბარათიც; ოღონდ, დღევანდელ "ვიტ ჯორჯიაში" იმ შემადგენლობიდან თუ აღარავინ შემორჩა, აი, "დინამოში" ორი ფეხბურთელია, რომლებიც ჩვენ მიერ ნახსენებ დაპირისპირებაში იღებდნენ მონაწილეობს - შოთა კაშია და დავით ოდიკაძე (კიდევ ერთი მოთამაშე, ლევან ხმალაძე, სამწუხაროდ, დღესდღეობით კვლავაც ტრავმირებულია)
P.S. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: "ვიტ ჯორჯიას" საშინაო მატჩებს ძალიან ცოტა გულშემატკივარი ესწრება; იმედი დავიტოვოთ, რომ "მცხეთა-პარკზე" ხვალ ქომაგთა სიმრავლე იქნება და პრინციპული მეტოქეებიც უკომპრომისო სანახაობას შემოგვთავაზებენ.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
ვიტ ჯორჯია-დინამო
კოლხეთი-ზესტაფონი
გაგრა-სიონი
სპარტაკი-მერანი
ბაია-მეტალურგი
ტორპედო-დილა
სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
ზესტაფონი 12 8 2 2 25-14 26
ტორპედო 12 8 1 3 15-7 25
დინამო 12 8 1 3 25-12 25
მეტალურგი 12 6 3 3 17-13 21
მერანი 12 6 2 4 14-12 20
ბაია 12 6 1 5 15-10 19
ვიტ ჯორჯია 12 4 3 5 11-15 15
გაგრა 12 4 1 7 12-17 13
კოლხეთი 12 3 3 6 11-18 12
დილა 12 3 2 7 16-19 11
სპარტაკი 12 2 4 6 8-18 10
სიონი 12 1 3 8 8-22 6
ბომბარდირები
ჩისკო (დინამო) - 8, დვალი (ზესტაფონი) - 8, ტატანაშვილი (მეტალურგი) - 8.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"