- მე და ჩემი თანაკლუბელები უზომოდ გახარებული ვართ, - ამბობს რეხვიაშვილი, -
- თამაშს როგორ აფასებთ?
- "დინამო" კარგი გუნდია, შინ "ზესტაფონს" მოუგო და ეს უკვე ბევრს ნიშნავს. დინამოელების წინააღმდეგ ყველა გუნდს უჭირს თამაში და ამ მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებოდით. ისეთი თამაში იყო, რომ არანაირი შედეგი არ იყო გამოირიცხებოდა. საბოლოოდ 3 ქულა ჩვენ დაგვრჩა, რისთვისაც დიდი გარჯა დაგვჭირდა.
- ზოგი მიიჩნევს, რომ "ოლიმპს"გაუმართლა. ამაზე რას იტყვით?
- ფეხბურთში გამართლება მნიშვნელოვანი ფაქტორია, უმეტესად ძლიერს უმართლებს. საგოლე მომენტები ორივე კართან არაერთხელ შეიქმნა, მაგრამ ჩვენ ერთი ბურთი გავიტანეთ, მეტოქემ კი ვერც ერთი. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ გამართლების ხარჯზე მოვიგეთ. უდიდესი ენერგია ჩავდეთ ამ მოგების მოსაპოვებლად და მიხარია, რომ შრომა დაგვიფასდა. ალბათ ჩვენ უფრო მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით და ამიტომაც მოვიგეთ.
- "დინამო" მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა...
- ვერ ვიტყოდი, რომ მიკერძოებული მსაჯობა იყო. "დინამოს" თუ აქვს მსაჯობაზე პრეტენზიები, მაშინ ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ... ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა მეტოქის კარში...
- რომელ ეპიზოდს გულისხმობთ?
- ბერიაშვილის ჩაწოდებისას გურამ კაშიამ ხელით ითამაშა. ბურთი საჯარიმოში ჩავარდა და მან ხელით გააჩერა. ასეთ შემთხვევაში ასი პროცენტით პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ...
- საგოლე ეპიზოდიც გავიხსენოთ...
- დათო ბოლქვაძემ კარის წინ, მეკარის ბაქანზე სახიფათოდ ჩააწოდა, მარცხენა ფეხით დავარტყი, ბურთს მიმართულება შევუცვალე და მცირე რიკოშეტით ბურთი მეტოქის კარის ბადეში აღმოჩნდა.
- ორი მატჩი და ერთი გოლი, ისიც 3-ქულიანი - ასეთია თქვენი მონაგარი მიმდინარე სეზონში. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლიური ქალაქის გუნდს პირველი მოგება თქვენ მოაპოვებინეთ...
- გუნდში ორი რუსთაველი ვართ - მე და მეკარე გრიგოლ ბედიაშვილი, ორივე ყველაფერს ვაკეთებთ თანაქალაქელების გასახარებლად. მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე მენდობა. მწვრთნელის ნდობა ფეხბურთელისთვის კი ძალზე ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, მეც ვამართლებ იმედებს. ამ სეზონში პირველი ბურთი გავიტანე, კიდევ არაერთს გავიტან და ბევრჯერ გავახარებ ჩვენს გულშემატკივარს.
- ცენტრალური მცველებიდან მარცხნივ იყავით გამწესებული, მაგრამ შეტევით ოპერაციებში აქტიურად მონაწილეობდით. ეს მწვრთნელის დავალება იყო თუ თქვენი ინიციატივა?
- შეტევებში ჩართვა ჩემი ინიციატივა არ არის, მწვრთნელი მავალებს. მეც ვამწვავებ შეტევებს და ვფიქრობ, შედეგიანადაც. როგორც ხედავთ, ჩვენი მწვრთნელის ამ ჩანაფიქრმა და ჩემმა აქტიურობამ "დინამოსთან" მატჩში შედეგი გამოიღო.
- იღბლიანი ფეხი გაქვთ და თავითაც კარგად თამაშობთ...
- კი ეგრეა, ფეხითაც მაქვს გატანილი გოლები და თავითაც. ტანმაღალი არ მეთქმის, მაგრამ კარგი ნახტომი მაქვს და თავითაც არაერთი ბურთი მაქვს გატანილი.
- სხვათა შორის, ევროტურნირებზე "ოლიმპიდან" ერთადერთი გოლიც თქვენს ანგარიშზეა...
- ვცდილობ და ღმერთის მადლით მიმართლებს კიდეც. ყაზახეთში "აქტობესთან" სათანადოდ ვერ ვითამაშე. სტუმრად 0:2 წავაგეთ. ძალიან გვინდოდა შინ მინიმუმ ამ ანგარიშით მაინც მოგვეგო, მაგრამ... რაც შეეხება ჩემს გოლს, ის ბურთიც დათო ბოლქვაძის ჩაწოდებისას გადავგზავნე კარში.
- მოქმედი ჩემპიონი ამ სეზონში რისთვის იბრძოლებს?
- ოქროს მედლების მოპოვება ძნელია, მაგრამ მისი შენარჩუნება უფრო რთული. ახლაც კარგი შემადგენლობა გვყავს და მაქსიმალური შედეგისთვის, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ჯერ 4 ქულა გვაქვს, წინ ბევრი რთული მატჩი გველის და ვნახოთ, რამდენს შევძლებთ.
- მომდევნო შეხვედრაც რთული გაქვთ...
- დიახ, კალენდრის ნახვისას თვალში მეცა, პირველი სამი რთული მატჩი. ქუთაისში უკვე ვითამაშეთ, "დინამოს" მოვუგეთ, ახლა ზესტაფონში გვაქვს გასვლითი შეხვედრა. "ზესტაფონი" ძლიერი გუნდია, ჩინებული შემადგენლობით, მწვრთნელითა და გულშემატკივრებით. დიდი ბრძოლა მოგვიწევს და საამისოდ მზად ვართ.
- ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყავით გამოძახებული...
- დიახ, სომხეთთან მატჩში მესამედ გამომიძახეს ახალგაზრდულში. შეცვლაზე უნდა შევსულიყავი, მაგრამ მატჩი დასრულდა. მანამდე ორჯერ ვიყავი 21-წლამდელთა ნაკრებში. ზამთარში, თურქულ შეკრებაზე ავსტრიული "რაპიდისა" და შვეიცარიული "არაუს" წინააღმდეგ მატჩებში ვითამაშე. ახლა თურქეთში გვაქვს პრინციპული თამაში. სანაკრებო სია ჯერ ცნობილი არაა. ძალიან მინდა სიაში ვიყო და თუ თამაში მომიწევს, ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი გუნდის წარმატებისთვის.