მოგებასაც იმსახურებდნენ - მეტალურგი-გაგრა 1:1

AutoSharing Option
20. 11. რუსთავი. ფოლადი. 700 მაყურებელი
მეტალურგი-გაგრა 1:1
0:1 ჯერემია (5, შარიქაძის პასით), 1:1 მოდებაძე (90, მაისურაძის პასით)

მეტალურგი (4-2-3-1) გაგრა (4-4-1-1)
ბედიაშვილი კ. სეფიაშვილი
მახვილაძე ჩხეტიანი
კვარაცხელია კალანდაძე
კვახაძე ტყეშელაშვილი
ჯაფარიძე ჯგერენაია
ი. მაისურაძე ხუციძე
რაზმაძე ნაკონეჩნი
ჭედია ყურულაშვილი
მიქაბერიძე ნ. ჯიშკარიანი
მოდებაძე შარიქაძე
ტატანაშვილი ჯერემია
მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი მწვრთნელი: ზ. ჯელაძე

მეტალურგი
27. ჭედია - ქავთარაძე
76. მიქაბერიძე - პავლიაშვილი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჩადუნელი, წენგუაშვილი, დობროვოლსკი, გავაშელიშვილი

გაგრა
85. ყურულაშვილი - სიჭინავა
90. შარიქაძე - გაბედავა
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ხოჯაშვილი, ჭკუასელი, კვანტალიანი

გაფრთხილება: კალანდაძე (66), კვარაცხელია (69), ნაკონეჩნი (90)
არბიტრი: გ. ვა
დაჭკორია

რამდენიმე წამიც და XIV ტურის მთავარი სენსაციაც მოხდებოდა, მაგრამ ახალგაზრდული "გაგრას" რამდენიმე ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში პოზიციური შეცდომა დაუშვა და ირაკლი მოდებაძემაც ახლო მანძილიდან მასპინძლები წაგებისაგან იხსნა.
ძნელი სათქმელია, თუ რომელმა გუნდმა მოიპოვა 1 ქულა და რომელმა კი 2 დაკარგა; ყოველ შემთხვევაში, გუშინდელ შეხვედრაში თუ რომელიმე გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას, ეს სტუმრებზე უფრო ითქმის - ახალგაზრდა სპეციალისტის ზვიად ჯელაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გაგრას" ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია და ერთი-ორ ეპიზოდში "მეტალურგის" მეკარეს გრიგოლ ბედიაშვილს რომ არ ევაჟკაცა, რუსთაველთა გუნდი პირველ საშინაო მარცხსაც იწვნევდა.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო იწურებოდა, როცა ირაკლი მაისურაძის "სტანდარტულს" ირაკლი მოდებაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმში მასპინძლებს, მეტოქის კართან რეალური მომენტი რასაც ჰქვია, ფაქტობრივად, არც ერთხელ შეუქმნია! სამაგიეროდ, "გაგრას" ფეხბურთელები რამდენჯერმე იყვნენ ძალიან ახლოს, პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა განემტკიცებინათ, თუმცა, სჯობს, თანმიმდევრულად მივყვეთ.

მატჩის პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს: ირაკლი ხუციძის კუთხურის მერე, რუსთაველთა მეკარემ ბურთი კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა. "გაგრას" მომდევნო შეტევა კი შედეგიანიც იყო და არც კომბინაციას დაეწუნებოდა არაფერი: ლევან შარიქაძემ მართლაც ჩინებული პასით ჯონ ჯერემია მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ დატოვა და სტუმართა ნიგერიელმა ლეგიონერმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

პირველ ტაიმში "გაგრას" კიდევ ერთი ჩინებული შანსი ჰქონდა, როცა ნაკონეჩნი-ჯერემიას კომბინაციას კვლავაც ნაკონეჩნი აგვირგვინებდა, მაგრამ უკრაინელი ნახევარმცველის ძლიერი დარტყმა გრიგოლ ბედიაშვილმა მოიგერია.

სტუმრებს სწორი ტაქტიკა ჰქონდათ არჩეული: სწრაფად გადმოდიოდნენ მეტოქის ნახევარზე და ასევე სწრაფ კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. უჩვეულოდ "დამძიმებულ" მასპინძელთა უკანახაზელებს კი განსაკუთრებულ პრობლემებს სტუმართა ახალგაზრდა შემტევები უქმნიდნენ: ლევან შარიქაძე ასაკთან შეუფერებელ დიდოსტატურ პასებს "აქეთ-იქით არიგებდა", სწრაფი ჯონ ჯერემია კი ხშირად მანევრირებდა და "ცოტა" საშემსრულებლო ოსტატობა რომ ჰქონოდა, მატჩის გმირიც გახდებოდა.

მასპინძლები კი, ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში ქაოტურად უტევდნენ და "გაგრას" მეკარეს კოკა სეფიაშვილსაც თავისი რეაქციის გამოვლენის საშულება არც მისცემია. მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს იყო, "მეტალურგმა" სახიფათო მომენტების მსგავსი რომ შექმნა: პირველ ეპიზოდში გიორგი ქავთარაძემ და ირაკლი მაისურაძემ ვერ "გაიყვეს", თუ რომელს უნდა შეესრულებინა საბოლოო დარტყმა, მეორე ჯერზე კი გიორგი მიქაბერიძე არ ელოდა მეტოქის მეკარესთან ასე ახლოს თუ აღმოჩნდებოდა და არაზუსტად დაარტყა.

შესვენების შემდეგ თუ რაიმე ხიფათი იქმნებოდა, მხოლოდ და მხოლოდ, მასპინძელთა კართან: სტუმართა კაპიტანმა გიორგი ტყეშელაშვილმა შორეული საჯარიმო დარტყმიდან ხარიხა შეაზანზარა, მერე ბედიაშვილმაც იყოჩაღა და ჯერემიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია; ამას გარდა, ის კომბინაციაც უნდა აღვნიშნოთ, ლევან შარიქაძემ და ნიკა ჯიშკარიანმა რომ წამოიწყეს: ირაკლი ხუციძე მარჯვენა ფლანგიდან ძლიერად ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა. ბოლოს კი ის ჯარიმაც იყო, მასპინძლებს ქულა რომ მოუტანა.

P.S. მატჩის ოფიციალურ ოქმშიც და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზეც რუსთაველთა შემადგენლობიდან გოლის ავტორად დასახელებულია დიმიტრი ტატანაშვილი. ამ დროს, ჩვენი (და არამხოლოდ ჩვენი) აზრით, "გაგრას" კარში გოლი გაიტანა ირაკლი მოდებაძემ. სამწუხაროდ, გუშინ გვიან ღამემდე უშედეგოდ ვცდილობდით სიმართლის დადგენას. თემას ხვალ გავაგრძელებთ.

* * *
02.11. ბოლნისი. თ.სტეფანია. 500 მაყურებელი
სიონი - სპარტაკი 1:2
1:0 ქუცურუა (1:0), 1:1 შონია (58. შარაშენიძის პასით) 1:2 მეტრეველი (62. შარაშენიძის პასით)

სიონი სპარტაკი
(4-4-2) (4-3-2-1)
ლობჟანიძე ძაგანია
კობაური გ. სეფიაშვილი
გ. ოქროპირიძე ტეტუნაშვილი
თარგამაძე ლობჯანიძე
კობერიძე მერეჩკო
ფეიქრიშვილი შალამბერიძე
გაბრიჭიძე თიბილაშვილი
ვ. ბოლქვაძე თ. შონია
ქუცურუა რ. ჯიქია
რეხვიაშვილი შარაშენიძე
კემუხტაშვილი მეტრეველი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ვ. ჩაგელიშვილი ვ. ხაჩიძე

სიონი
58. ფეიქრიშვილი - ისიანი
67. გაბრიჭიძე - კაციტაძე
67. კემუხტაშვილი - უგულავა
სათადარიგოები: ზუხბაია, ადამაშვილი, ხურციძე, გიორბელიძე.

სპარტაკი
58. სეფიაშვილი - მამუჩიშვილი
76. თიბილაშვილი - ნ. მაისურაძე
90. მეტრეველი - ვ. კილასონია
სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, ბურძენაძე, დეკანოიძე, ბუზალაძე.

გაფრთხილება: გაბრიჭიძე (24), გ. რეხვიაშვილი (68), კაციტაძე (74), შარაშნიძე (83), კობაური (90), რ. ჯიქია (90+4)

არბიტრი: თ. გვანცელაძე (სამტრედია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული