საინტერესო გადაადგილებები - საქართველოს ჩემპიონატის XIV ტურის მიმოხილვა

AutoSharing Option
ორკვირიანი პაუზის მერე განახლებულ ჩემპიონატში მართლაც საინტერესო ტური ჩატარდა და ცხრილშიც ასევე არანაკლებ საინტერესო გადაადგილებებიც მოხდა.

მართალია, ლიდერი უცვლელი დარჩა, მაგრამ "დინამოს" შთამბეჭდავი თამაში "ზესტაფონის" მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც უთუოდ შეაფიქრიანებდა: მომდევნო ტურში ხომ სწორედ ამ გუნდების დაპირისპირება გველოდება და, შესაძლოა, ლიდერის შეცვლაც მაშინ მოხდეს.

სხვა გადაადგილებებიდან კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს "მერანის" მორიგი წარმატება: უმაღლესი ლიგის დებიუტანტი გუნდი მეოთხე ადგილაზე აღზევდა და ჩემპიონატის სტარტზე ამას თუ მოულოდნელობად (გნებავთ, სენსაციად) აღვიქვამდით, ყოველივე ეს ამჯერად უკვე კანონზომიერებად უნდა შეფასდეს!

საჭიროზე
-საჭირო 3 ქულა მოიპოვა ცხინვალის "სპარტაკმაც" - გამოცდილი სპეციალისტის, ვლადიმერ ხაჩიძის გაწვრთნილ გუნდს "გადამრჩენელ" მერვე ადგილამდე ცოტაღა აშორებს.

კიდევ ერთი გადაადგილება კი "დინამოს" უკავშირდება: ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანმა გუნდა მესამედან მეორეზე გადაინაცვლა; თანაც ერთ-ერთი უშუალო კონკურენტიც ("ტორპედო") დაამარცხა, მეორე ("მეტალურგი") 4 ქულით ჩამოიტოვა და, რაც მთავარია, უმთავრეს კონკურენტს ("ზესტაფონს") საფიქრალიც მოუმატა. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მეორე ეტაპიდან გუნდებს მხოლოდ ერთმანეთში მოგროვილი ქულები გადაჰყვებათ (I-VIII ადგილებზე გასულებს ვგულისხმობთ) და მანამდე ჩასატარებელ რვა ტურში კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

სასიამოვნო მოულოდნელობა
7 მატჩი, 6 გამარჯვება და ერთი ფრე, ბურთების სხვაობა 13-2, - აი, ასეთია საშინაო მატჩებში მაჩვენებელი და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი შედეგი უმაღლეს ლიგაში არც ერთ გუნდს არა აქვს! ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, უმაღლესი ლიგის დებიუტანტის ასპარეზობა ამ სეზონის მთავარი და სასიამოვნო მოულოდნელობა რომ არის.

ახალგაზრდა მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას გუნდს, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა, თასის მეოთხედფინალშიც არის გასული და მარტვილიდან თუნდაც ქულის წამოღება ხომ უკვე ყველა მეტოქისათვის სერიოზულ პრობლემად იქცა.

სეზონის დაწყების წინ ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, 14 ტურის შემდეგ დებიუტანტი გუნდი IV ადგილზე თუ იქნებოდა, თუმცა მარტვილელთა ასპარეზობიდან გამომდინარე აღარაფერი უნდა გვიკვირდეს. "მერანის" წარმატებული თამაშის საწინდარი კარგად ორგანიზებული გუნდური თამაშიც არის და ცალკეული ფეხბურთელთა ჩინებული ბურთაობა.

კვლავაც ჩინებული მატჩი ჩაატარა გუნდის ლიდერმა და საერთოდაც, ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გიორგი მანწკავამ - 30 წლის ნახევარმცველმა სეზონში მეორე "დუბლი" შეასრულა (6 ბურთით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია) და ლომის წილი შეიტანა "ვიტ ჯორჯიას" დიდი ანგარიშით ძლევაში.

მანწკავას გარდა "მერანის" სხვა გამოცდილი ფეხბურთელებიც უნდა აღვნიშნოთ: 35 წლის გივი დიდავა და 29 წლის გიგა ჟვანია; თუმცა, ნუ დაგვავიწყდება მარტვილური გუნდის ის სხვა მოთამაშეებიც, "მერანის" ლიდერებადაც რომ ჩამოყალიბდნენ: 21 წლის ჯონი შეროზია, 24 წლის ლაშა ჩალაძე, 23 წლის ანზორ სუხიაშვილი და 21 წლის ელგუჯა გრიგალაშვილი. ისე, წლის ბოლომდე მარტვილში ჩემპიონატის ორივე ფავორიტი ("ზესტაფონი", "დინამო") უნდა ჩავიდეს.

შეხვედრა წარსულთან
არა ახალ ამბავს ვიტყვით: ეს სეზონი მართლაც "გამორჩეულია" საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში; ოღონდ, არავინ თქვას, რომ ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა "მივიყვანეთ" იდეალურ მდგომარეობამდე, ან კიდევ ჩემპიონატის დონე ამაღლდაო; უბრალოდ, მართლაც უცნაურზე-უცნაური კი არა, ყველა რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა ჩვენ გუნდებში მწვრთნელების გაუთავებელმა მოხსნა-დანიშვნამ (ზოგან, ორ-ორჯერ და სამ-სამჯერაც შეიცვალა);

მოკლედ, არც ერთი ახალი საკადრო ცვლილება არ უნდა გაგკვირვებოდა, მაგრამ როგორ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმ ფაქტს, ეროვნულ ჩემპიონატს თემურ მახარაძე რომ დაუბრუნდა! თბილისის "დინამო-2", თელავის "კახეთი", თბილისის "მერანი-91", თბილისის "ლოკომოტივი", თბილისის "ვიტ ჯორჯია", ბოლნისის "სიონი", "ზესტაფონი", რუსთავის "ოლიმპი" - აი, იმ გუნდების არასრული ჩამონათვალი, სადაც თემურ მახარაძეს უმუშავია და წარმატებულადაც.

2010 წლის 2 ოქტომბრის მერე მახარაძე უმუშევარი იყო და აი, ახალი გამოწვევაც: გამოცდილმა სპეციალისტმა გორის "დილა" ჩაიბარა; თანაც, პირველივე მატჩი ყოფილ კლუბთან და დღესდღეობით სატურნირო ცხრილის ლიდერთან მოუწია! პირველ წრეში მომხდარი სენსაცია აღარ განმეორდა: "ზესტაფონმა" ორი უპასუხო გოლი გაუტანა "დილას" და ახლა, ურთულესი მატჩებისათვისაც მოემზადება.

ყველაზე "საშინელი" გრაფიკი სწორედ "ზესტაფონს" აქვს და ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ორი კვირის განმავლობაში თბილისის "დინამოს" უნდა დაუპირისპირდეს, ქუთაისის "ტორპედოსთან" ორი მეოთხედფინალური მატჩი ჩაატაროს და მერე, მარტვილში "მერანს" უნდა ესტუმროს!

დინამოს დაბრუნება
ნავსი გატყდა: ალექს გარსიას ხელმძღვანელობით თბილისის "დინამომ" ამ სეზონში პირველად შეძლო ერთ-ერთი კონკურენტის დამარცხება!
შეგახსენებთ, რომ ამ ტურამდე "დინამოს" "ტორპედოსთანც" ჰქონდა წაგებული და "მეტალურგთან", ხოლო "ზესტაფონთან" ფრედ ითამაშა.

და აი, მართლაც გამორჩეულ მეტოქესთან მოპოვებული ასევე მართლაც გამორჩეული გამარჯვება! ეგ კი არა, "დინამო" - "ტორპედოს" მატჩის თვითმხილველნი დაგვეთანხმებიან, რომ მასპინძლებს ბევრად უფრო შთამბეჭდავი ანგარიშითაც შეეძლოთ მოეგოთ და ასე რომ არ მოხდა, ქუთაისელთა გუნდის 27 წლის მეკარის, ომარ მიგინეიშვილის დამსახურებაა.

მშვენიერი საფეხბურთო გარემო, მართლაც ჩინებული მოედნის საფარი, ძველი და პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება, - მატჩისადმი ინტერესს სხვა ბევრი ფაქტორიც განაპირობებდა; არ დავმალავთ და ასეთ შეხვედრას ბევრად უფრო მეტი გულშემატკივარიც მოუხდებოდა, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდაო.

ამ ზაფხულს, "დინამო" რომ ევროტურნირებზე მონაწილეობდა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის მონაწილეობით რამდენიმე კარგი თამაში ვნახეთ; თუმცა, დინამოელებმა კვირას, უდავოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარეს ალექს გარსიას ხელმძღვანელობით (განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი მეორე ტაიმი იყო) და ზეაგრესიულ-ზეაქტიური თამაშით მეტოქის ფეხბურთელებს უამრავი შეცდომაც დააშვებინეს. მასპინძელთა უპირატესობა მხოლოდ აურაცხელ სახიფათო მომენტებში არ გამოიხატებოდა: "დინამო" ფლანგებიდანაც ავიწროებდა მეტოქეს, მოედნის ცენტშიც დაჯაბნა და თითქმის ყველა სტანდარტული ხომ ხიფათის მომსწავებელი იყო ხოლმე.

თითქმის ყველა დინამოელმა ჩინებულად ითამაშა, თუმცა ორი ნახევარმცველის ენერგიული და უაღრესად სასარგებლო ბურთაობა ცალკე აღნიშვნის ღირსია: 28 წლის მიკელ ალვაროსა და 19 წლის ჯაბა ჯიღაურს ვგულისხმობთ. ისე, ალვაროს ერთი გოლი "ალალად" ეკუთვნოდა, მაგრამ მის დარტყმებს ხან მიგინეიშვილი ეღობებოდა, ხან კიდევ სტუმართა კარის ძელი თუ ხარიხა.

სხვათა შორის, ამ მარცხით შეწყდა კიდეც "ტორპედოს" ხანგრძლივი (რვამატჩიანი) წაუგებელი სერია, 21 სექტემბერს რომ დაიწყო. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქუთაისელებმა ეს სერია სწორედ "დინამოსთან" გამარჯვებით დაიწყეს.

ახალი სახე(ლ)ები
გასულ ტურში ერთადერთი მეტ-ნაკლებად მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, თუმცა გუშინაც აღვნიშნეთ, რომ "მეტალურგი" - "გაგრას" შეხვედრაში მასპინძლები უფრო ახლოს იყვნენ დამარცხებასთან, ვიდრე სტუმრები. საერთოდაც, "გაგრამ" ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა: დებიუტანტმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ წინამორბედის მიერ არჩეული ტაქტიკური სქემაც შეცვალა და ძირითად შემადგენლობაში ყველასათვის უცნობი რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელიც დააწინაურა.

ასე მაგალითად, უკვე შეუცვლელ მოთამაშედ იქცა 21 წლის საყრდენი გიორგი ყურულაშვილი, იმავეს თქმა შეიძლება 18 წლის ნიგერიელ ფორვარდზე ჯონ ჯერემიაზეც ("მეტალურგის" გამოცდილ უკანახაზელებს უამრავი პრობლემა რომ შეუქმნა), ხოლო 17 წლის მარცხენა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ ამ ტურში უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა!

"გაგრას" შემადგენლობაში ერთი-ორი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს და სწორედ ისინი იყვნენ "მეტალურგის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში გამორჩეულნიც - გუნდის კაპიტან - 26 წლის გიორგი ტყეშელაშვილსა და უკრაინელ ლეგიონერ - 30 წლის მიკოლა ნაკონეჩნის ვგულისხმობთ. აღარაფერს ვამბობთ ლევან შარიქაძეზეც - 22 წლის ნახევარმცველმა ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩში საჯარიმო დარტყმით ეფექტურზე-ეფექტური გოლი გაიტანა რუსთაველთა კარში, ახლა კი ჯონი ჯერემიას შესანიშნავი საგოლე პასით ასისტენტობა გაუწია.

რუსთაველები ამ ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, არასტაბილურად ასპარეზობენ: უკანასკნელი ოთხი შეხვედრიდან ერთი მოიგეს, ორი ფრედ დაამთავრეს და ერთი წააგეს.

XIV ტურის სიმბოლური ნაკრები "ლელოს" ვერსიით
მწვრთნელი: ალექს გარსია (დინამო)
მეკარე: მიგინეიშვილი (ტორპედო)
მცველები: ოდიკაძე (3, დინამო), ტყეშელაშვილი (2, გაგრა), თომაშვილი (დინამო), ჩალაძე (2, მერანი)
ნახევარმცველები: ჩისკო (5, დინამო), ალვარო (4, დინამო), ჯიღაური (დინამო), შარიქაძე (2, გაგრა), მანწკავა (6, მერანი)
თავდამსხმელი: ჯერემია (გაგრა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
"ლელოელებო", გთხოვთ, მისწეროთ

ტრანსფერმარკტ.კომ-ს, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულთა სიაში ჩაამატონ დინამო. 80-81 წ.წ.სეზონი არ უწერიათ, თითქოს, არც ყოფილა!
dudu
09:47 23-11-2011
0
სად ზესტაფონშიიიიიიიიიიი?
zura071283
15:18 22-11-2011
0

სიახლეები პოპულარული