აი, ასეთი "სუსხიანი" ზამთარი დაგვეწყო და წლის ბოლომდე კალენდრით გათვალისწინებული მატჩები როგორ და რანაირად ჩატარდება, ამის წინასწარ განსაზღვრა, ცოტა არ იყოს, ძნელი საქმეც იქნება. თუმცა, ვიდრე ქართველი სინოპტიკოსებისაგან დამაიმედებელი ინფორმაციის იმედად ვიქნებით, მანამდე გასული ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე გვინდა ვისაუბროთ.
უპირველეს ყოვლისა, სატურნირო ცხრილს უნდა "გადავხედოთ", მით
გასული ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში კიდევ ორი მეტ-ნაკლებად საინტერესო გადაადგილება მოხდა: სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ ახალგაზრდულმა "გაგრამ" მერვედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ასევე არანაკლებ ფასეული საგარეო მოგების მერე ცხინვალის "სპარტაკს" სანუკვარ მერვე ადგილამდე ორად-ორი ქულა აშორებს.
საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ ამ ორივე გუნდის ბოლოდროინდელ თამაშში აშკარა პროგრესი შეიმჩნევა და ეს, რაღა თქმა უნდა, ახალი მწვრთნელების, ზვიად ჯელაძის ("გაგრა") და ვლადიმერ ხაჩიძის ("სპარტაკი") დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ.
ახლა კი, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან "ვირტუალურ ცხრილზეც" ვისაუბროთ; მით უფრო, რომ აქაც მოხდა ერთი საინტერესო გადაადგილება: საუკეთესო რვაგუნდიან ცხრილში რუსთავის "მეტალურგი" დაწინაურდა! თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს უშუალო კონკურენტებთან შედარებით უფრო სოლიდური ჰანდიკაპის შექმნაც შეეძლო, მაგრამ მონდომებულ და მოტივირებულ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში "მეტალურგი" მხოლოდ და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
ფეხბურთის ქომაგებს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ "ვირტუალურ" ცხრილში ყოველი ტურის შემდეგ, შესაძლოა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს; ანუ, სადღეისო მონაცემებით მხოლოდ იმ გუნდების ურთიერთშეხვედრებია გათვალისწინებული, 6 დეკემბრისთვის "ჩვეულებრივ ცხრილში" პირველ-მერვე ადგილებზე რომ იმყოფებიან. ისე, ორივე ცხრილს თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ყველაზე კომფორტულ სიტუაციაში "ზესტაფონია": ახალგაზრდა სპეციალისტის გია ჭიაბრიშვილის გუნდს კონკურენტებთან შედარებით "ჩვეულებრივ ცხრილში" ერთით, ხოლო "ვირტუალურში" ორით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
უჩვეულო დისბალანსი და მასპინძლობა
იმის მიუხედავად, რომ თამაშები არცთუ სახარბიელო კლიმატურ პირობებში ჩატარდა და ტურიც არასრული იყო, ჩვენს ფეხბურთელებს შედეგიანობა ნამდვილად არ დაეწუნებოდათ. ხუთ მატჩში გატანილი 15 გოლი ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის, მით უფრო, ჩემპიონატის დაწყებიდან შვიდი შემთხვევა იყო, როცა "სრული ტური" ჩატარებულა და 15-ზე ნაკლები გოლი გასულა.
არანაკლებ უჩვეულო იყო ის ფაქტიც, რომ ამ 15-დან მხოლოდ ოთხი ისეთი შემთხვევა იყო, როცა გოლები ფორვარდებმა გაიტანეს: 19 წლის ჯაბა უგულავამ ("სიონი"), 20 წლის ნიკა საბანაძემ ("ტორპედო"), 28 წლის დავით ციცხვაიამ ("კოლხეთი") და 23 წლის კარლეს კოტომ ("დინამო"). რაც შეეხება დანარჩენ 11 გოლს, აქედან 10 ნახევარმცველთა ანგარიშზეა, ერთიც "ავტოგოლი" დაფიქსირდა: ზვიად ჯელაძის მთავარ მწვრთნელად მოსვლის შემდეგ "გაგრას" შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბებულ 21 წლის გიორგი ყურულაშვილს ბურთი საკუთარ კარში აეჭრა. სხვათა შორის, ჩემპიონატის დაწყებიდან ეს მეხუთე შემთხვევაა: მანამდე "ავტოგოლი" ჩაეთვალათ გიორგი ტყეშელაშვილს ("გაგრა"), გიორგი ლემონჯავას, ლევან შავგულიძეს (ორივე - "კოლხეთი") და გიორგი რეხვიაშვილს ("დინამო").
გასული ტურის "უცნაურობა" ამით არ დასრულებულა: სტუმრებმა ხუთიდან სამი მატჩი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და მხოლოდ ერთში დამარცხდნენ! თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, ამ სეზონში მსგავსი რამ (სტუმრებს ტურში 3 მატჩი რომ მოეგოთ) VI და XIII ტურშიც მოხდა, ხოლო V და VIII ტურში სულაც ოთხი მატჩი დამთავრდა სტუმართა გამარჯვებით. ისე, XXIII ჩემპიონატის კიდევ ერთი "დამახასიათებელი" ნიშანი უკომპრომისობაცაა - გასულ ტურშიც საყაიმო ანგარიშით ერთადერთი შეხვედრა ("მეტალურგი" - "ვიტ ჯორჯია") დამთავრდა. საერთოდ კი, სეზონის დაწყებიდან, არც ერთ ტურში ორზე მეტი ფრე არ დაფიქსირებულა.
სადებიუტო გოლები, მატჩები.
ბომბარდირთა დავაში არაფერი შეცვლილა: არც ლიდერთა სამეულს (ჩისკო, დიმიტრი ტატანაშვილი, ჯაბა დვალი) მიუმატებია თავისი აქტივისათვის გოლ(ებ)ი და ვერც სხვა ფეხბურთელი მიახლოებია ამ "ტრიოს" მაჩვენებელთან. სამაგიეროდ, სეზონის დასაწყისიდანვე დამკვიდრებული "ტრადიცია" არ დარღვეულა და ერთდროულად ორი "დუბლიც" ვიხილეთ; თანაც, საინტერესოა აღინიშნოს, რომ თავი გამოიჩინეს ამპლუით ნახევარმცველებმა - ლევან შარიქაძემ ("გაგრა") და თეიმურაზ შონიამ ("სპარტაკი").
22 წლის ლევან შარიქაძე მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს და "გაგრას" უდავო ლიდერადაც ჩამოყალიბდა; ახალგაზრდა პლეიმეიკერი უნარიანად უძღვება თავისი გუნდის შეტევებს და, ამას გარდა, ბოლო დროს გოლებსაც მოუხშირა - 5 გოლით "გაგრას" საუკეთესო ბომბარდირია.
იგივეს თქმა შეიძლება "სპარტაკის" ახალგაზრდა კაპიტანზე, 21 წლის თეიმურაზ შონიაზეც - 4 გოლით თანაგუნდელ ზვიად მეტრეველთან ერთად "სპარტაკის" საუკეთესო ბომბარდირი რომ გახლავთ. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად შარიქაძესაც და შონიასაც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ და, მათი შედეგიანი თამაშიც, შესაბამისად, პირველი არ იყო; სამაგიეროდ, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები გაიტანეს "სპარტაკის" ახალწვეულმა, 19 წლის თეიმურაზ შარაშენიძემ (მანამდე უნგრეთში ასპარეზობდა) და "გაგრას" გამოცდილმა ლეგიონერმა, 30 წლის მიკოლა ნაკონეჩნიმ (უკრაინა). აქვე, "ტორპედოს" ახალწვეული, 22 წლის დავით ჯანელიძის გარჯაც უნდა აღვნიშნოთ: ლატვიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა მეორე მატჩი ჩაატარა ქუთაისური კლუბის შემადგენლობაში და გოლითაც გამოირჩა.
სხვათა შორის, გასულ ტურში (ბოლნისის "სიონთან") ქუთაისელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ თავისი გუნდის შემადგენლობაში სერიოზულზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი როტაცია მოახდინა და არაერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. თანაც, 20 წლის ნიკა საბანაძეს, 21 წლის გივი იოსელიანსა და 19 წლის გიორგი კუხიანიძეს "ტორპედოს" ძირითადში მეტ-ნაკლებად ხშირად მაინც თუ უწევთ ასპარეზობა, 19 წლის ბაქარ მირცხულავამ და მისმა თანატოლმა ლაშა შერგელაშვილმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარეს.
აქვე, კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელიც გვინდა აღვნიშნოთ: 19 წლის ჯაბა უგულავამ ("სიონი") მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
მოსაწყენად არავის ეცლება
ოთხშაბათს თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩებია, კვირას - კალენდრით გათვალისწინებული XVII ტურის შეხვედრები, სამი დღის შემდე - გამოტოვებული, XV ტურის ხუთი მატჩი (დილა-კოლხეთი, ზესტაფონი-დინამო, ტორპედო-მერანი, ვიტ ჯორჯია-სიონი, სპარტაკი-ოლიმპი), კიდევ ოთხ დღეში - XVIII ტური, მერე, ალბათ, "მერანი" - "ზესტაფონის" დაპირისპირების თარიღიც უნდა "გამოჩნდეს", პლუს სუპერთასიც ("ზესტაფონსა" და "გაგრას" მონაწილეობით) არ დაგვავიწყდეს და ვერაფერს ვიტყვით, მართლაც "საფეხბურთო დეკემბერი" გველოდება.
ბომბარდირები
ჩისკო (დინამო) - 9
ტატანაშვილი (მეტალურგი) - 9
დვალი (ზესტაფონი) - 8
სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო 15 10 2 3 31-14 32
2. ზესტაფონი 14 10 2 2 29-14 32
3. ტორპედო 15 10 1 4 20-11 31
4. მერანი 14 8 2 4 19-13 26
5. მეტალურგი 15 7 5 3 20-15 26
6. ბაია 16 7 2 7 18-15 23
7. გაგრა 16 5 3 8 16-21 18
8. ვიტ ჯორჯია 15 4 5 6 13-20 17
9. სპარტაკი 15 4 4 7 14-22 16
10. კოლხეთი 15 3 4 8 13-23 13
11. დილა 15 3 2 10 17-25 11
12. სიონი 15 1 4 10 10-27 7
ვირტუალური ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მეტალურგი 10 6 2 2 14-9 20
2. ზესტაფონი 8 6 1 1 17-7 19
3. დინამო 9 4 2 3 17-12 14
4. მერანი 9 4 1 4 9-10 13
5. ტორპედო 9 4 1 4 6-8 13
6. ბაია 9 3 1 5 8-9 10
7. ვიტ ჯორჯია 10 2 3 5 4-12 9
8. გაგრა 10 2 1 7 7-15 7
XVI ტურის სიმბოლური ნაკრები
ფეხბურთელები: ძაძამია (ვიტ ჯორჯია), იოსელიანი (2, ტორპედო), ნაკონეჩნი (4, გაგრა), რეხვიაშვილი (დინამო), ნ.მაისურაძე (სპარტაკი), თ.შონია (სპარტაკი), გურ.გურეშიძე (ვიტ ჯორჯია), ჯიღაური (2, დინამო), შარიქაძე (3, გაგრა), ლ.ჯანელიძე (ტორპედო), კოტო (2,დინამო).
მწვრთნელები: ზვიად ჯელაძე (გაგრა), ვლადიმერ ხაჩიძე (სპარტაკი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"