გიორგი ყიფიანი: სიონი ძლიერ გუნდად უნდა ვაქციოთ

AutoSharing Option
ახალი სეზონი ბოლნისის "სიონმა" ახალი მწვრთნელითა და წარმატებით დაიწყო. ბოლნისელებმა გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით შინ "კოლხეთთან" უგოლოდ ითამაშეს, "სამტრედია" სტუმრად დაამარცხეს და თასის 1/8 ფინალში "ზოოვეტის" ძლევით (2:0) გავიდნენ. "სიონს" 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და გათამაშების ცხრილს "ოლიმპთან" და "კოლხეთთან" ერთად ლიდერობს. უფრო მეტიც, ჩატარებულ სამ მატჩში ბოლნისელებს ჯერ გოლი არ მიუღიათ. ასეთია ყიფიანის გაწვრთნილი გუნდის შედეგი, რომელსაც სეზონის წინ მოსამზადებელი შეკრება არ გაუვლია და მხოლოდ ერთი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა... "სიონზე" სწორედ გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ყიფიანს ვესაუბრებით.

- თვეზე მეტია,
ბოლნისის "სიონს" ხელმძღვანელობთ. მწვრთნელობაში ეს თქვენი პირველი ნაბიჯია და საინტერესოა, როგორ აღმოჩნდით "სიონის" მთავარ მწვრთნელად...
- დიდი სურვილი მქონდა ჩვენი ჩემპიონატის რომელიმე გუნდში მემუშავა, მაგრამ კონკრეტულად რომელიმე კლუბზე არ მიფიქრია. "სიონის" ახალი ხელმძღვანელები, გიორგი არევაძე, გიგი ჭაჭია... დამიკავშირდნენ და გუნდი ჩაიბარეო - შემომთავაზეს. ეს წინადადება ჩემთვის მოულოდნელი იყო და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დროც ცოტა მქონდა. 2-3 დღე კონსულტაციებს დავუთმე და საბოლოოდ დავთანხმდი. ჩემი თანხობა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა. ჯერ ერთი, ბოლნისელებისთვის ახალი კაცი არ ვყოფილვარ.

ფეხბურთელობისას, უმაღლეს ლიგაში პირველად ბოლნისში ვითამაშე. მეორეც - "სიონში" სამწვრთნელო შტაბის გამოცდილი წევრები, გიორგი ყიფშიძე, ჯონი ჯაგიდისი და სხვები დამხვდნენ, რომლებიც გუნდს კარგად იცნობდნენ. მესამე - ფეხბურთელების ფაქტორია. რამდენიმეს მხარდამხარ მითამაშია კიდეც. ფეხბურთელებთან გასაუბრების შემდეგ დავრწმუნდი, რომ მათთან მუშაობა შემეძლო. ერთი სიტყვით. სიონში" ჩემი მუშაობის პირველივე დღე საქმიანი და წარმატებული იყო. სასიამოვნო გარემო დამხვდა და ამით კმაყოფილი ვარ.

- სამი მატჩი ჩაატარეთ წაუგებლად და ბურთის გაუშვებლად...
- პირველ თამაშს ყოველთვის აქვს ფსიქოლოგიური დატვირთვა, სასტარტო მატჩის მოგება ყველა გაგებით ძალზე მნიშვნელოვანია. "კოლხეთთან" საშინაო შეხვედრაში ფეხბურთელები მობილიზებულები გავიდნენ მოედანზე და ბოლომდე იბრძოლეს. მეორე ნახევარში ჩემი ფეხბურთელები დაიღალნენ. რაც იმისი ბრალი იყო, რომ სეზონის წინ მოსამზადებელი შეკრება არ გაგვივლია და ფიზიკურ კონდიციებში მოთამაშეები მოიკოჭლებენ. მატჩის შემდეგ ვთქვი კიდეც, რომ ფრე ლოგიკური შედეგი იყო. თუმცა "სიონში" პირველივე მატჩში დავინახე პოტენციალი და წარმატებისკენ სწრაფვა. იმედი მაქვს, მომდევნო მატჩებს უკეთ ჩავატარებთ.

- სამტრედიაში მოგება ბევრს უჭირს, მაგრამ "სიონმა" ეს შეძლო და 3 ქულა მოიპოვა...
- ნათელი იყო, რომ რთული მატჩი გველოდა და ვარჯიშებზე სწორედ ის ტაქტიკა დავამუშავებინე გუნდს, როგორითაც უნდა გვეთამაშა. ძალიან მომეწონა ის, რომ სამტრედიაში, სავსე სტადიონი და საფეხბურთო ატმოსფერო დაგვხვდა. მატჩის სტარტზევე მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიეთ თავს და ბოლომდე შევეცადეთ, შეხვედრა ჩვენი კარნახით წარმართულიყო. საბოლოოდ მატჩი 1:0 მოვიგეთ, გივი დიდავას დარტყმული რიკოშეტით მეტოქის კარში აღმოჩნდა. "სამტრედიამ" ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, საგოლე მომენტებიც შეგვიქმნეს. თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენი მოგება ლოგიკური იყო, რადგან უპირატესობას ვფლობდით და საბოლოო ჯამში მეტოქეს ვაჯობეთ.

- რუსთავის "ოლიმპთან" და ფოთის "კოლხეთთან" ერთად ცხრილს ლიდერობთ. ამ სეზონში რა მიზნისთვის იბრძოლებს "სიონი"?
- ჩვენს გეგმას მივყვებით და თანდათან გამოიკვეთება ის მიზანი, რისთვისაც ვიბრძოლებთ. მთავარია, რომ ჩვენ ყველა მატჩზე მოსაგებად გავალთ მოედანზე და ყოველი ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- აშკარად თვალში საცემია, რომ თქვენი ხელმძღვანელობით გუნდი სწრაფად და სწორად თამაშობს. "სიონში" თანამედროვე ფეხბურთის ელემენტები გამოჩნდა, რითიც, სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი განებივრებული ნამდვილად არ არის...
- ფეხბურთელებს პირველივე შეხვედრისას ვუთხარი, რომ ჩვენ შედეგთან ერთად თანამედროვე ფეხბურთზე ვიქნებოდით ორიენტირებული. სწორედ ესაა ჩემი საფეხბურთო ხედვა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთს სხვა კუთხიდან შევხედე. ფეხბურთი ვითარდება და მას არ უნდა ჩამოვრჩეთ. ვარჯიშებს მხოლოდ ვარჯიშისთვის არ ვატარებთ. წვრთნისას მომდევნო მატჩის ტაქტიკაზე ვმუშაობთ და ფეხბურთელებიც იოლად ითვისებენ ჩემს დავალებებს. მომავალშიც ამ კურსს გავაგრძელებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი გულშემატკივრების გასახარებლად.

- მწვრთნელობაში პირველ ნაბიჯებს დგამთ. ერთი ხანობა ისრაელშიც მუშაობდით, სამწვრთნელო განათლების მიღებას ახლაც აგრძელებთ, ამჟამად რა ეტაპზე ხართ?
- სამწვრთნელო განათლების მიღება საქართველოში დავიწყე, ჩ და B ლიცენზია აქ ავიღე. მინდა აღვნიშნო, რომ სამწვრთნელო განათლების პროგრამა საქართველოში საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. საკმაოდ საჭირო და აუცილებელი ცოდნა მივიღე. ჯერ კიდევ სამწვრთნელო სემინარებისას ვამბობდი, ფეხბურთელობისას რომ მქონოდა საშუალება, ეს კურსი მომესმინა, მოთამაშის კარიერას სხვაგვარად წარვმართავდი-მეთქი. დიდად მადლიერი ვარ ამ პროგრამის ხელმძღვანელ გაიოზ დარსაძის.

ფეხბურთელობისას ჩემი მწვრთნელი იყო. სამწვრთნელო განათლების მიღებისას, ჩემგან მონდომება დაინახა და ჩემ მიმართ ორმაგად მომთხოვნი იყო. ერთი სიტყვით, აქ საკმაო განათლება მივიღე. სემინარებს ისრაელშიც ვესწრებოდი. იქ არ ვმუშაობდი, უბრალოდ ჩემს ყოფილ მწვრთნელ, ბეერ-შევას "ჰაპოელის" თავკაც გილი ლანდაუს გუნდში სტაჟირება გავიარე. მის ვარჯიშებს ვესწრებოდი და მისგან ბევრი რამ ვისწავლე, რაც დღესაც დიდად მეხმარება. სამწვრთნელო განათლების მიღებას კვლავ ვაგრძელებ და ზამთარში A ლიცენზიის მიღებისთვის მივაშურებ სემინარებს.

- სათასო მატჩზეც ვთქვათ. "ზოოვეტის" ძლევით 1/8 ფინალში ხართ...
- სწრაფი გოლით დავწინაურდით, მერე მეორე გოლით გავამყარეთ ჩვენი უპირატესობა და საბოლოოდ 2:0 მოვიგეთ. ეს მატჩი ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იყო კვირის მატჩისთვის. მომდევნო ტურში ცხინვალის "სპარტაკს" გორში ვეთამაშებით. მიღწეული წარმატებები კარგია, მაგრამ ახლა ამ მატჩზე უნდა გავაკეთეთ აქცენტი და ყველაფერი გავიღოთ შედეგიანი თამაშისთვის.

- სატრანსფერო პეროდი 31 აგვისტოს დასრულდება. "სიონს" რა პოზიციაზე ესაჭიროება გაძლიერება და რამდენ მოთამაშეს დაიმატებთ?
- ორიოდე დღის წინ სამტრედიელი ნახევარმცველი ლაშა ვაშაკიძე შეგვემატა. თავდასხმაში გვინდა გაძლიერება და რევაზ გოცირიძის დამატებაზე ვმუშაობთ. მხოლოდ ამ ერთი ფეხბურთელის დამატებაზე ვფიქრობთ და მერე უკვე გუნდის შეთამაშებაზე უნდა ვიზრუნოთ და ეს შემადგენლობა ძლიერ გუნდად უნდა ვაქციოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული