XVII ტურის მიმოხილვა - სტრატეგიული გათვლები

AutoSharing Option
ამ ბოლო დროს, ტურის მომიხილვასა თუ წინათქმას ერთდროულად ორ ცხრილს დავურთავთ ხოლმე; ერთი, ჩვეულებრივი (გნებავთ, ტრადიციული) ცხრილია, აი, მეორე და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი (გნებავთ, არცთუ იოლად შესადგენი) კი "ვირტუალურად" მოვნათლეთ. ჩვეულებრივ - ტრადიციულ ცხრილს, ვფიქრობთ, არანაირი განმარტება არ სჭირდება.

რაც შეეხება ვირტუალურს, შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული თარიღისათვის მხოლოდ პირველ-მერვე ადგილებზე მყოფი გუნდების მონაცემებია გათვალისწინებული (ოღონდ, მხოლოდ ურთიერთშეხვედრები). ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, "ჩვეულებრივსა" და "ვირტუალურ" ცხრილებს შორის სოლიდურ სხვაობასაც თუ აღმოაჩენთ.

თანაც, უკანასკნელ ტურში "სპარტაკი"-"გაგრას" შედეგმა ვირტუალურ ცხრილში სერიოზული კორექტივები შეიტანა;
აღარაფერს ვამბობთ ტურის ცენტრალური მატჩის შედეგზეც, რის შემდეგაც "ტორპედომ" ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა. ისე, ამ ვირტუალურ ცხრილს კი არა, საერთოდ, გათამაშების ფორმატის ამ ახლებურ ვარიანტს, ცოტა არ იყოს, კურიოზული "ელემენტებიც" თან სდევს; თავად განსაჯეთ: გასულ ტურში "მერანი" დიდი ანგარიშით დამარცხდა გორის "დილასთან" და "ჩვეულებრივ ცხრილშიც" სადაც იყო (IV ადგილზე), იქვე დარჩა, სამაგიეროდ, ვირტუალურში სამი ქულა მიემატა!

საქმე კი ისაა, რომ მარტვილელებს "გაგრასთან" ურთიერთდაპირისპირებაში 3 ქულა ჰქონდათ მოპოვებული, აი, "სპარტაკს" ორივე მატჩი მოუგეს: თუმცა, ჯერ სადა ვართ: "არაფრისმომცემი" მატჩები წინ კიდევ არაერთი გველოდება და ისიც სათქმელია, რომ ამა თუ იმ გუნდის ხელმძღვანელები არც არავინ უნდა გაამტყუნოს თავისთვის "არასაჭირო შეხვედრაში" ექსპერიმენტული შემადგენლობით თუ იასპარეზებს.

აი, როგორც გასულ ტურში იყო: ჩემპიონატის ორმა ფავორიტმა "ზესტაფონმა" და "დინამომ" აშკარად ძალები დაზოგეს და ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ (დიდი ალბათობით საუკეთესო რვა გუნდში რომ ვერ მოხვდებიან - შესაბამისად, "სიონთან" და "კოლხეთთან") მართლაც ექსპერიმენტულ-შერეული შემადგენლობებით იასპარეზეს.

კიდევ ვიმეორებთ, რომ აბსოლუტურად სწორი (გნებავთ, სტრატეგიული) გათვლაა: ოთხშაბათს ხომ "ზესტაფონი" - "დინამოს" უპრინციპულესი დაპირისპირება გველოდება.

დაბოლოს, კიდევ ერთ "უცნაურობაზეც": "მეტალურგმა" უკანასკნელ სამ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და "ჩვეულებრივ ცხრილშიც" მეხუთე ადგილს ვერაფრით აცდა; თუმცა, რუსთავული კლუბის ხელმძღვანელებს ეს ფაქტი საეროთდ არ უნდა აღელვებდეთ: რაც მთავარია, რუსთაველები "ვირტუალურ ცხრილში" პირველ ადგილზე არიან!

საქმენი საკვირველნი
წინა ტურში ის "გვიკვირდა", მასპინძლებმა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მატჩის ("დინამო" - "დილა", 2:0) მოგება რომ შეძლეს, ახლა კი საპირისპირო სიტუაცია იყო; პირველად ამ სეზონში, სტუმართათვის მეტად წარუმატებელი ტური ჩატარდა: ფოთის "კოლხეთს" ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე "დინამოსთან" ფრედ რომ არ ეთამაშა, მასპინძლები აბსოლუტურ შედეგს მიაღწევდნენ (ექვსიდან ექვსი მოგება)!

გასული ტური სხვა მხრივაც იყო გამორჩეული: ამ სეზონში პირველად მოხდა, როცა ერთდროულად 3 მატჩი დამთავრდა დიდი ანგარიშით; თანაც, არ დაგვავიწყდეს: რომ იმ გუნდებმა "გაილაღეს", მანამდე სუპერ-შედეგიანობით იშვიათად თუ გამოირჩეოდნენ. ასე მაგალითად, გორის "დილას" ჩემპიონატის ბოლო ხუთ შეხვედრაში სამი გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი ერთ მატჩში შეძლეს ანალოგიური შედეგის ჩვენება; ვერც "ვიტ ჯორჯიაზე" იტყვის ვინმე, დიდი ანგარიშით მოგებებს არის დაჩვეულიო, მაგრამ ზურაბ ბერიძის ახალგაზრდულმა გუნდმა ამჯერად ოთხი უპასუხო ბურთი გაიტანა ამ ბოლო დროს ყველანაირ პრობლემამოძალებულ "ბაიას" კარში.

ისე, "ვეტერინარებს" ლამის ორი თვე არ ჰქონდათ მოგებული და აი, ნავსიც გატყდა. თანაც, ოთხბურთიანი სხვაობით "ვიტ ჯორჯიამ" უკანასკნელად შარშან ოქტომბერში გაიმარჯვა, როცა ფოთის "კოლხეთს" 5:1 მოუგო.

რაც შეეხება დიდი ანგარიშით დამთავრებულ მესამე შეხვედრას, უნდა ვაღიაროთ, რომ მოვლენების მსგავს განვითარებას ბევრი, ალბათ, არც მოელოდა. მართალია, წამყვანი უცხოური საბუქმეიქერო კანტორები "ტორპედო" - "მეტალურგის" წყვილში აშკარა ფავორიტად მასპინძელთა გუნდს მიიჩნევდნენ, ასეთი დამაჯერებელი სხვაობით გამარჯვება მეტ-ნაკლებად მაინც მოულოდნელი იყო. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩემპიონატში ბოლოდროინდელი წარუმატებლობები "მეტალურგის" სატურნირო მდგომარეობაზე დიდად არ ასახულა: "ვირტუალურ ცხრილში" პირველობას კვლავაც კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ინარჩუნებს!

რაც შეეხება ამ ტურის კიდევ ერთ გამორჩეულ და მართლაც უპრინციპულეს დაპირისპირებას "სპარტაკსა" და "გაგრას" შორის, როგორც ვივარაუდეთ ტურის წინათქმაში, ეს მატჩი სამი და ექვსი ქულა კი არა, ალბათ, უფრო მეტადაც "ფასობდა", ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უშუალო კონკურენტის დამარცხებით "სპარტაკმა" საუკეთესო რვაგუნდიან ცხრილში "გადაინაცვლა" და ბარემ ისიც დავძინოთ, ყოველივე ეს კანონზომიერი რომ არის. ანუ, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდის თამაშში არსებულ პროგრესს ვგულისხმობთ - ზედიზედ სამი გამარჯვებით "სპარტაკი" იქ აღმოჩნდა, სადაც ბოლოდროინდელი თამაშით ყოფნას ალალად იმსახურებს.

თვალშისაცემი ფაქტები

მეტ-ნაკლებად უხვგოლიან ტურში, დიდი ანგარიშით დასრულებული 3 მატჩის გარდა თვალშისაცემი სხვა ფაქტ(ებ)იც იყო; უპირველესად კი, რაღა თქმა უნდა, "ვიტ ჯორჯიას" 22 წლის ნახევარმცველის გიორგი კორიფაძის შესაშური შედეგიანობა უნდა აღვნიშნოთ: ვეტერინართა მარჯვენაფლანგელმა "ბაიასთან" მატჩში "ჰეთ-თრიქი" შეასრულა! არადა, კორიფაძეს უმაღლეს ლიგაში მანამდე მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი და აი, ამ ტურში ნაჩვენები შესაშური შედეგიანობაც.

სხვათა შორის, ამ სეზონში (წინასგან განსხვავებით), "ჰეთ-თრიქებისგან" განებივრებული ნამდვილად არა ვართ: კორიფაძემდე ერთ მატჩში 3 გოლის გატანა მხოლოდ და მხოლოდ 26 წლის ჯაბა დვალმა ("ზესტაფონი") მოახერხა. სამაგიეროდ, "დუბლის" ავტორები, იცოცხლეთ, მრავლად არიან, თუმცა გასული ტურის არც ერთ მატჩში კონკრეტულ ფეხბურთელს ორი გოლი არ გაუტანია თუმცა, ნურც იმ მოთამაშეებს დავუკარგავთ გარჯას, რომელთა ზუსტმა დარტყმამაც ამა თუ იმ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. უპირველესად 19 წლის მიხეილ სარდალიშვილის სადებიუტო გოლი გვინდა აღვნიშნოთ: "ზესტაფონის" ახალგაზრდა შემტევის გოლით შეძლო ქვეყნის ჩემპიონმა აუტსაიდერი "სიონის" დამარცხება.

აქვე, ბარემ ისიც დავძინოთ, რომ სარდალიშვილს საგოლე გადაცემა 18 წლის თორნიკე გრიგალაშვილმა გაუკეთა, რომელიც უმაღლეს ლიგაში პირველ შეხვედრას ატარებდა. სარდალიშვილის მსგავსად, სეზონში პირველი გოლები გაიტანეს: 25 წლის გივი ქარქუზაშვილმა, 29 წლის გია თოდუამ (ორივე - "დილა") და 22 წლის ნიკოლოზ მაისურაძემ ("სპარტაკი"). ამ უკანასკნელის გოლი ეფექტურიც იყო და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანიც: "სპარტაკმა" უშუალო კონკურენტ "გაგრას" ძლევით საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

თუმცა, ჩვენ მიერ უკვე არაერთგზის ნახსენებ რვაგუნდიან (ანუ, ვირტუალურ) ცხრილზე ხვალაც მოგვიწევს განმარტებების გაკეთება და პარასკევსაც: ოთხშაბათს გამოტოვებული (XV) ტურია, კვირას კი XVIII ტურის მატჩები.

XVII ტურის სიმბოლური ნაკრები გაზეთ "ლელოს" ვერსიით
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე (2, ტორპედო).
მეკარე: მამალაძე (ზესტაფონი)
მცველები: ქარქუზაშვილი (დილა), გამეზარდაშვილი (5, ტორპედო), ნ.მაისურაძე (2, სპარტაკი).
ნახევარმცველები: კორიფაძე (3, ვიტ ჯორჯია), თარხნიშვილი (2, ტორპედო), შალამბერიძე (სპარტაკი), ზაქრაძე (3, ვიტ ჯორჯია)
თავდამსხმელები: დ. ჩაგელიშვილი  (დილა), გოცირიძე (2, ტორპედო), სარდალიშვილი (ზესტაფონი)

სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ზესტაფონი 15 11 2 2 30 14 35
2. ტორპედო 16 11 1 4 23 11 34
3. დინამო 16 10 3 3 32 15 33
4. მერანი 15 8 2 5 19 16 26
5. მეტალურგი 16 7 5 4 20 18 26
6. ბაია 17 7 2 8 18 19 23
7. ვიტ ჯორჯია 16 5 5 6 17 20 20
8. სპარტაკი 16 5 4 7 16 23 19
9. გაგრა 17 5 3 9 17 23 18
10. დილა 16 4 2 10 20 25 14
11. კოლხეთი 16 3 5 8 14 24 14
12. სიონი 16 1 4 11 10 28 7

ვირტუალური სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მეტალურგი 10 6 2 2 13:9 20
2. ზესტაფონი 8 6 1 1 18-7 19
3. დინამო 10 5 2 3 18-13 17
4. მერანი 9 5 1 3 12-8 16
5. ტორპედო 10 5 1 4 10-8 16
6. ვიტ ჯორჯია 11 2 3 6 6-14 9
7. სპარტაკი 10 2 1 7 9-19 7
8. ბაია 10 2 1 7 7-17 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული