თუმცა, ამ ტურის შემდეგ ამა თუ იმ გუნდში აშკარად სხვადასხვა განწყობა რომ იქნება, ფაქტია და ყოველივე ზემოთქმულის დამადასტურებლად სატურნირო ცხრილიც გამოდგება. თანაც, როგორც ვივარაუდეთ, ეგრეთ წოდებული ვირტუალური ცხრილი "თავდაყირა" არ დამდგარა, სამაგიეროდ გარკვეული (თანაც, არცთუ უმნიშვნელო) გადაადგილებები კი ნამდვილად მოხდა.
იღბლიანი ლიდერი
ამ ვირტუალურ
არადა, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ჩატარებული ეს შეხვედრა რუსთაველთათვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მეტოქეც საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის კანდიდატია. თანაც, "მეტალურგს" სერიოზულზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი საკადრო პრობლემები ჰქონდა: სხვადასხვა მიზეზის გამო "სპარტაკის" წინააღმდეგ ვერ ითამაშეს ლაშა ჯაფარიძემ, ირაკლი მოდებაძემ, გიორგი სეთურიძემ და ალექსანდრე კვახაძემ. ამის გამოც იყო, რუსთაველთა განაცხადი "სრულად" რომ ვერ შეივსო და მარჯვენა მცველადაც ნომინალური საყრდენი, 22 წლის გიორგი გავაშელიშვილი რომ ვიხილეთ.
ასეთი საკადრო პრობლემების მიუხედავად, "მეტალურგმა" პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა რუსთაველები ძირითადად აქცენტს შორი თუ საშუალო მანძილიდან დარტყმებზე აკეთებდნენ (განსაკუთრებით ირაკლი მაისურაძე აქტიურობდა); აი, მეორე ტაიმში კი თამაში გათანაბრდა, მაგრამ რასაც სახიფათო მომენტი ჰქვია, ბოლო წუთებამდე მხოლოდ ორჯერ ვნახეთ და ორივეჯერ გიორგი მიქაბერიძის აქტიურობით; თუმცა, "მეტალურგის" 23 წლის შემტევის ორივე მცდელობას "სპარტაკის" 23 წლის მეკარემ ლაშა ძაგანიამ ჩინებული თამაში "დაუპირისპირა".
მაშინ, როცა მატჩი, ერთი შეხედვით, ლოგიკური საყაიმო ანგარიშით უნდა დამთავრებულიყო, "მეტალურგისთვის" მართლაც შეუცვლელი და "შეუმჩნეველი" ფეხბურთელის, 27 წლის ლუკა რაზმაძის დარტყმას მცირე რიკოშეტი მოჰყვა და ბურთიც ორიენტაციადაკარგული ძაგანიას კარში შეგორდა!
სხვათა შორის, "სპარტაკს" მაინც შეეძლო ამ მატჩში ქულის მოპოვება, მგრამ ბოლო შტურმი შედეგიანად ვერ დაასრულა. ისე, ამ მატჩში საინტერესო კიდევ ის იყო, რომ მთავარი არბიტრის რამდენიმე გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვათ, საკამათოს წააგავდა; თანაც, არბიტრის ქმედებით ხან ერთი გუნდი იყო უკმაყოფილო, ხან - მეორე...
ვეტერინარული გოლთაცვენა
ჯერ კიდევ ორი ტურის წინ "ვიტ ჯორჯიას" ასპარეზობაზე იმის თქმაც შეიძლებოდა, რომ ამ ახალგაზრდულ გუნდს არცთუ სახარბიელო პერიოდი აქვსო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კონკურენტები ქულებს აგროვებდნენ, ზურაბ ბერიძის ახალგაზრდული გუნდი კი, ცოტა არ იყოს, საუკეთესო რვა გუნდში ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დადგა.
ზედიზედ ორი გამარჯვებით "ვეტერინარებმა" სატურნირო პოზიციები მკვეთრად გაიუმჯობესეს და თუ რაიმე "გაუთვალისწინებელი" არ მოხდა, საუკეთესო რვა გუნდშიც უნდა მოხვდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია და თვალშისაცემი კი "ვეტერინართა" ბოლოდროინდელი შედეგიანობაა: უკანასკნელ ორ ტურში გუნდმა მეტოქეთა კარში 8 გოლი გაიტანა! ჰო, ჯერ იყო და "ბაიას" მოუგეს დიდი ანგარიშით (4:0), ახლა კი "სიონი" დაამარცხეს არანაკლებ შთამბეჭდავი სხვაობით (4:1). აქვე, ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ "ვიტ ჯორჯიამ" ოთხ-ოთხი ბურთი ზედიზედ ორ მატჩში უკანასკნელად 2008-09 წლების სეზონში გაიტანა, - შეგახსენებთ, რომ რამაზ მუმლაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ვეტერინარები" მაშინ ჩემპიონები გახდნენ.
თუმცა, ორი-სამი წლისწინანდელს და ახლანდელ "ვიტ ჯორჯიას" შორის საკმარისზე მეტი სხვაობაა, ბოლოს და ბოლოს, კონტიგენტიც განსხვავებულია და კლუბის ამბიცია-მიზნებიც; თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ასეთი შედეგიანი თამაშით ამ გუნდმა მართლაც მშვენიერი სიურპირზი შემოგვთავაზა და ცალკეული ფეხბურთელებიც ხომ ასევე აღნიშვნას იმსახურებენ. წინა ტურში თუ 22 წლის გიორგი კორიფაძემ გამოიჩინა თავი და "ბაიას" კარში სამი გოლი გაიტანა, ამჯერად "ჰეთ თრიქი" 23 წლის ბესიკ ჩიმაკაძემ შეასრულა! სხვათა შორის, "სიონთან" მატჩში კორიფაძის გარჯაც არანაკლებ შექებას იმსახურებს - ერთ მატჩში სამი საგოლე პასი, დაგვეთანხმებით, პატარა ამბავი არ უნდა იყოს.
საჩემპიონო განაცხადი
"ჩვეულებრივ" ცხრილში პირველ ადგილზე ყოფნა და მეტოქეებთან შედარებით ერთით ნაკლები ჩატარებული მატჩი, "ვირტუალურ" ცხრილში მეორე ადგილზე ყოფნა და კონკურენტებთან ორით ნაკლები ჩატარებული მატჩი, - დღესდღეობით ყველაზე კომფორტულ სიტუაციაში "ზესტაფონი" რომ იმყოფება, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება (იხილეთ ორივე ცხრილი);
თუმცა, მხოლოდ ცხრილებსა თუ ციფრებში როდია საქმე: თასზეც და პირველობაზეც "ზესტაფონი" ისეთ თამაშს უჩვენებს, წესითა და რიგით, მეტოქეთა ქომაგებისგანაც ეკუთვნის კომპლიმენტები! ტურისა და, ალბათ, პირველი ეტაპის ცენტრალურ დაპირისპირებას "ზესტაფონსა" და "დინამოს" შორის ტელევიზიის საშუალებით თვალს ბევრი მიადევნებდა და ამ მართლაც გამორჩეული შეხვედრის პერიპეტიებზე დაწვრილებით აღარ ვისაუბრებთ; არც იმ ორ "უცნაურ" ტაიმზე: პირველში რომ დინამოელები მძლავრობდნენ და მეორეში კი, მასპინძლებმა რომ გაილაღეს!
როცა ერთმანეთს ჩემპიონობის ორი ფავორიტი ხვდება, წინასამატჩო პროგნოზის გაკეთებას აზრი არა აქვს; მით უფრო, რომ ორივე გუნდის მწვრთნელებმა, გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე, წინა ტურში თავიანთი გუნდის შემადგენლობებში როტაციაც მოახდინეს და წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალებაც მისცეს. ამის მიუხედავად, მართლაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა მოვლენების ისეთი განვითარება, ერთი გუნდი მეორეს ასეთი სხვაობით თუ დაამარცხებდა.
კი, ბატონო - ერთი-ორჯერ ადრეც მომხდარა, როცა "ზესტაფონს" ან "დინამოს" ერთმანეთში ჩატარებულ მატჩში ოთხი ბურთი გაუტანიათ, მაგრამ ასეთი უპირატესობა რომ ჰქონოდა რომელიმეს, რაღაც ვერ გაგვიხსენებია!
"ზესტაფონმა" მეორე ტაიმში, როგორც იტყვიან, წალეკა მეტოქე და ერთი-მეორეზე ეფექტური და გააზრებული შეტევები დაატეხა თავს! კიდევ ვიმეორებთ: ამ მატჩის დეტალურ აღწერას აღარ შევუდგებით, უბრალოდ მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვებით "ზესტაფონმა" ჯერ კიდევ დეკემბერში გააკეთა საჩემპიონო განაცხადი! იმაზე ხომ, საერთოდ, აღარაფერს ვამბობთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში დღესდღეობით ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ "ზესტაფონი" უჩვენებს;
სხვათა შორის, ქვემოთმოყვანილი ორი ფაქტორიც არ უნდა იყოს ვინმესთვის საკამათო: ჯერ ერთი, ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას, რომ "ზესტაფონში" ბევრად უფრო კვალიფიციური ფეხბურთელები (გნებავთ, შემსრულებლები) თამაშობენ, ვიდრე "დინამოში"; ამას გარდა, თვალშისაცემი იყო სამწვრთნელო "დუელიც": ახალგაზრდა სპეციალისტმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავის ესპანელ კოლეგას აშკარა უპირატესობით აჯობა!
ყურადსაღები სტატისტიკა
როცა გუნდი ასეთ პრინციპულ მატჩში ოთხბურთიანი სხვაობით მარცხდება, წაგების მიზეზ(ებ)ის ძებნაა საჭირო; მით უფრო, რომ ლაპარაკია "დინამოზე" - საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბსა და ამ სეზონის დაწყებამდე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ გუნდზე. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ დინამოს ფიასკო მხოლოდ და მხოლოდ ერთი პიროვნების (ამ შემთხვევაში, რღა თქმა უნდა, გუნდის მთავარ მწვრთნელს ვგულისხმობთ) ბრალია; თუმცა, ალექს გარსიას სასარგებლოდ ძალიან, ძალიან ბევრი რამ არ ხდება და მოდი, ჯერ მხოლოდ სატურნირო ცხრილ(ებ)ს გადავხედოთ.
"ჩვეულებრივში" მესამე ადგილზე ყოფნა და ლიდერთან ხუთქულიანი ჩამორჩენა კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც "ვირტუალურში" ხდება: "დინამო" იქ უკვე მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა და იგივე "ზესტაფონსა" და "მეტალურგს", შესაბამისად, ხუთი და ექვსი ქულით ჩამორჩება. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ "ზესტაფონს" ორით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და იმის ალბათობაც არსებობს, რომ ზამთრის პაუზამდე "ზესტაფონსა" და "დინამოს" შორის ქულათა სხვაობა (ვირტუალურ ცხრილში) 8 ან 11 ქულა შეადგინოს!
ალექს გარსია ვერც უშუალო კონკურენტებთან ნაჩვენები შედეგებით მოიწონებს თავს: "ზესტაფონთან" ერთი მატჩი ფრედ ითამაშა და მეორეში სასტიკად განადგურდა, "მეტალურგთან" საშინაო შეხვედრა წააგო, "ტორპედოსთან" სტუმრად წააგო და შინ მოიგო; ანუ, ამ ხუთი პრინციპული შეხვედრიდან მხოლოდ ერთის მოგება შეძლო, რაც, დაგვეთანხმებით, დიდი ვერაფერი შედეგია ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისათვის.
ცალკე თემაა ფეხბურთელების შერჩევა-სელექცია ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდში, - რა თქმა უნდა, საკადრო პრობლემებიც (განსაკუთრებით, დაცვაში) გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ "დინამოს" ზოგიერთი ფეხბურთელის ტექნიკურ-ტაქტიკური განსწავლულობა, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს.
დაბოლოს, ალექს გარსიასათვის ართცთუ სასიამოვნო სტატისტიკაზეც: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "ზესტაფონმა" პირველად შეძლო "დინამოს" კარში 5 გოლის გატანა; საერთოდ კი, "დინამომ" ხუთი ბურთი უკანასკნელად 2004 წლის 25 ოქტომბერს გაუშვა: ავლაბარში, სკა-ს სტადიონზე, გიორგი დევდარიანის "თბილისმა" 5:0 მოუგო ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს. უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია - დინამოელთა კარში მაშინაც ხუთ სხვადასხვა ფეხბურთელს გაჰქონდა გოლები...
P.S. 2009 წლის 29 გვისტოს "ზესტაფონმა" 4:1 მოუგო თბილისის "დინამოს", - აი, აქამდე ეს ითვლებოდა იმერული კლუბისთვის სარეკორდო გამარჯვებად პრინციპულ მეტოქესთან. თუმცა, ამ შემთხვევაში ორი წლისწინანდელ მატჩს სხვა რამის გამო ვიხსენებთ, უფრო ზუსტად, იმდროინდელი და ახლანდელი შემადგენლობების შედარება გვინდა. ისე, მართლაც საინტერესო ფაქტია: "ზესტაფონის" დღევანდელ შემადგენლობაში 9(!) ფეხბურთელი (ჯაბა დვალი, ზაალ ელიავა, ნიკა გელაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია, თორნიკე აფციაური, ალექსი ბენაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, გიორგი ონიანი), ორი წლის წინაც რომ მონაწილეობდა ფავორიტთა დაპირისპირებაში, "დინამოს" კი, მხოლოდ და მხოლოდ, გიორგი ლორია შემორჩა; და, ყოველ ნახევარ წელიწადში "ახალი გუნდის კეთებას" კი რა შედეგ(ებ)ი მოაქვს, ამას "ჩვეულებრივი" და "ვირტუალური" ცხრილები მოწმობენ.
XV ტურის გამოტოვებული მატჩების სიმბოლური ნაკრები (გაზეთ "ლელოს" ვერსიით)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი)
მეკარე: მიგინეიშვილი (4, ტორპედო)
მცველები: ღონღაძე (2, ზესტაფონი), ჯვარაცხელია (2, მეტალურგი), ელიავა (2, ზესტაფონი)
ნახევარმცველები: კორიფაძე (3, ვიტ ჯორჯია), აფციაური (2, ზესტაფონი), გორგიაშვილი (3, ზესტაფონი), შ.გრიგალაშვილი (5, ზესტაფონი)
თავდამსხმელები: გელაშვილი (2, ზესტაფონი), ჩიმაკაძე (2, ვიტ ჯორჯია), დვალი (3, ზესტაფონი)
სატურნირო მდგომარეობა
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ზესტაფონი 16 12 2 2 35-15 38
2. ტორპედო 17 12 1 4 25-12 37
3. დინამო 17 10 3 4 33-20 33
4. მეტალურგი 17 8 5 4 21-18 29
5. მერანი 16 8 2 6 20-18 26
6. ვიტ ჯორჯია 17 6 5 6 21-21 23
7. ბაია 17 7 2 8 18-19 23
8. სპარტაკი 17 5 4 8 16-24 19
9. გაგრა 17 5 3 9 17-23 18
10. დილა 17 4 3 10 20-25 15
11. კოლხეთი 17 3 6 8 14-24 15
12. სიონი 17 1 4 12 11-32 7
ვირტუალური სატურნირო მდგომარეობა 15 დეკემბრისთვის
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მეტალურგი 11 7 2 2 14-9 23
2. ზესტაფონი 9 7 1 1 23-8 22
3. ტორპედო 11 6 1 4 12-9 19
4. დინამო 11 5 2 4 19-18 17
5. მერანი 10 5 1 4 13-10 16
6.ვიტ ჯორჯია 11 2 3 6 6-14 9
7. სპარტაკი 11 2 1 8 9-20 7
7. ბაია 10 2 1 7 7-17 7
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"