XVIII ტურის მიმოხილვა: უცნაური რებუსები და ღირსეული ჩემპიონი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში საფეხბურთო 2011 წელი "ოფიციალურად" დასრულდა, მაგრამ ორი გუნდისათვის გათამაშება კვლავაც გრძელდება: 22 დეკემბერს, XVI ტურის გამოტოვებული შეხვედრაა ("მერანი" - "ზესტაფონი") დანიშნული. ამის მერე კი ეს მართლაც უცნაურფორმატიანი ჩემპიონატი 14 თებერვლამდე "დაგვემშვიდობება";

ჰო, უცნაურიო, ვთქვით და, ალბათ, სხვა ეპითეტი უფრო შეეფერება ჩემპიონატის ჩატარების ახლებურ რეგლამენტს! აბა, სად გაგონილა, ყოველი ტურის წინ თუ შემდეგ ერთდროულად ორ-ორი ცხრილის გამოქვეყნება? აღარაფერს ვამბობთ ამ ცხრილებში (განსაკუთრებით - ვირტუალურში) გუნდების ხშირ ადგილმონაცვლეობაზეც და ამიტომაც არის, რომ ფეხბურთის გულშემატკივართა უმრავლესობას კი არა, ამა თუ იმ
კლუბის წარმომადგენლებსაც უჭირთ ამ რებუსებს დამსგავსებულ ცხრილ(ებ)ში გარკვევა.

აბა, უცნაური (გნებავთ - კურიოზული) არ არის ის ფაქტი, როცა ესა თუ ის გუნდი ერთ ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მეორეგან კი - პირველზე? თუმცა, ადგილებს რა უშავს - არანაკლები "უცნაურობებია" ქულებთან დაკავშირებითაც: ერთ ცხრილში კონკრეტული გუნდი თავის ერთ-ერთ კონკურენტს შესაძლოა 9 ქულით უსწრებდეს, მეორეში კი ეს სხვაობა სამ ქულას წარმოადგენდეს და ასე შემდეგ.

მაგრამ, ჯერ სადა ვართ: 2011 წლის ბოლო ტურმა (როგორც ვივარაუდეთ) ხომ შეიტანა მნიშვნელოვანი კორექტივები "ვირტუალურ ცხრილში," არანაკლები ცვლილებები პირველი ეტაპის იმ დარჩენილ ოთხ ტურში გველოდება, მომავალი წლის თებერვალსა და მარტის დასაწყისში რომ უნდა ჩატარდეს.

მოკლედ, ჩვენ ჩემპიონატს რასაც ვერ დავუკარგავთ, ეს ინტრიგაა! მით უფრო, რომ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსები (თანაც, სავსებით რეალური) კიდევ ორ გუნდს ("დილას" და "კოლხეთს") გაუჩნდა; ეს ყველაფერი კი ბოლო ტურის დაფიქსირებულმა შედეგებმა განაპირობა და ყოველივე ამან კი ვირტუალურ ცხრილში არაერთი "საინტერესო" გადაადგილება გამოიწვია.

უპირველესად, რაღა თქმა უნდა, ლიდერის შეცვლაზე უნდა ვთქვათ: საბედნიეროდ, მთლად ნამეტნავად კურიოზული სიტუაცია აღარ შეიქმნა და "ზესტაფონი" ორივე ცხრილში პირველ ადგილზეა! არადა, შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს კიდეც: ქვეყნის ჩემპიონმა ბოლო ტურში ფრედ ითამაშა "მეტალურგთან" და აქამდე კი სწორედ რუსთაველები ლიდერობდნენ ვირტუალურ ცხრილს; ანუ, წესითა და რიგით, ორივე გუნდს თითო-თითო ქულა უნდა დამატებოდა, მაგრამ "სპარტაკის" წაგებამ და "გაგრას" გამარჯვებამ, როგორც ტურის წინათქმაში ვივარაუდეთ, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ანუ, "გაგრას" საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრით, უპირველეს ყოვლისა, "მეტალურგმა" იზარალა: რუსთაველებს "გაგრასთან" ურთიერთდაპირისპირებაში 1 ქულა აქვთ, მაშინ როცა "სპარტაკთან" მოპოვებული ოთხი ჰქონდათ.

უფრო "ცუდ" (თუმცა, მეტი უარესი რაღა უნდა იყოს - ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი თამაშს-თამაშზე აგებს) დღეში ჩავარდა "დინამო": ჯერ ერთი, იმ გუნდთან წააგო მატჩი, თითქმის 99 პროცენტით რომ აქვს გარანტირებული საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა ("მერანს" ვგულისხმობთ), ამას გარდა, სამი ქულაც ჩამოაკლდა! უფრო ზუსტად, "გაგრას" აღზევება "დინამოსთვისაც" არ იყო "სასურველი" - ამ გუნდთან ერთი თამაში ჩასატარებელი აქვს, მაშინ როცა "სპარტაკთან" ექვსი ქულა ჰქონდა მოპოვებული.

ასეთი მდგომარეობაა დღესდღეობით და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ არანაკლები "სახალისო ისტორიები" გველოდება. ხოლო რაც შეეხება წლეულს ჩასატარებელ იმ ერთადერთ შეხვედრას, "ზესტაფონის" ლიდერობას არც ერთ ცხრილში საფრთხე არ ემუქრება. ასეც უნდა ყოფილიყო: "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს თუ რომელიმე გუნდი იმსახურებდა, ეს "ზესტაფონია"!

წინასაახალწლო განწყობა
18 დეკემბერს ოფიციალურ მატჩებს რომ ჩაატარებ, მაშინ განსაკუთრებული შედეგიანობაც არავის უნდა მოთხოვო, - წლის ბოლოა, ყველა გადაღლილიცაა და დამსახურებულ (ოღონდ, მოკლევადიან) შვებულებაზეც ფიქრობს; ჰოდა, ალბათ,წინასაახალწლო განწყობას უნდა "დავაბრალოთ" ის ფაქტიც, რომ 2011 წლის ბოლო ტური ასეთი ნაკლებადშედეგიანი გამოდგა: ექვს მატჩში ათი გოლი გავიდა!

სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ამაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ ერთადერთხელ დაფიქსირდა, როცა VII ტურში 9 გოლი გავიდა. საინტერესო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ტურშიც სწორედ ახლანდელი მეტოქეები ხვდებოდნენ ერთმანეთს, - ანუ, პირველი წრის შეხვედრები იყო.

ისე, "წინასადღესასწაულო განწყობას" ვაბრალებთ ჩვენი ფეხბურთელების მწირ შედეგიანობას და კინაღამ დაგვავიწყდა, რომ შარშან ამ დროს, 2010 წლის ბოლო ტური რომ ტარდებოდა, 16 გოლით პირველი ეტაპის საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა; თანაც, 16 გოლი ხუთ მატჩში გავიდა.

მეგოლეები: ახლები და ძველები
ზედიზედ ორი ტურის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები "ჰეთ-თრიქით" იწონებდნენ თავს: "ბაიას" კარში სამი გოლი 22 წლის გიორგი კორიფაძემ გაიტანა, სამი დღის მერე კი იგივე მიღწევა 23 წლის ბესიკ ჩიმაკაძემ გაიმეორა ("სიონთან" შეხვედრაში). მანამდე კი მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჰქონდა 3 გოლი გატანილი: X ტურში, "სპარტაკთან" შეხვედრაში "ჰეთ-თრიქი" შეასრულა "ზესტაფონის" 26 წლის თავდამსხმელმა ჯაბა დვალმა.

22 დეკემბრამდე (ანუ, ამ წლის ბოლო მატჩამდე) მეტი "ჰეთ-თრიქი" აღარ იქნება, სამაგიეროდ, პირველი ეტაპის ბოლო ტურში სეზონის დაწყებიდან "საიუბილეო", მეოცე "დუბლი" დაფიქსირდა! "სიონის" კარში ორი გოლი გაიტანა გორის დილას" 24 წლის შემტევმა დავით ჩაგელიშვილმა, რომელიც 5 ბურთით პირველი ეტაპის მიხედვით თავის გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

აქვე ის ფეხბურთელებიც ვახსენოთ, ყველაზე მეტჯერ რომ შეძლეს კონკრეტულ მატჩში ორი-ორი გოლის გატანა: სამ-სამჯერ შეასრულეს "დუბლი" 31 წლის ჩისკომ ("დინამო") და 28 წლის დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი"), ორჯერ - 30 წლის გიორგი მანწკავამ ("მერანი").

კვლავაც გოლების თემას განვაგრძობთ და ის ფეხბურთელებიც ვახსენოთ, სეზონში პირველად რომ შეძლეს ბურთის გატანა; თანაც, ორივე ფეხბურთელის ამ ზუსტმა დარტყმებმა, ფაქტობრივად, იმ შეხვედრების ბედი გადაწყვიტა: 22 წლის დავით მეგრელიშვილის გოლით "კოლხეთმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო 23 წლის დავით იობაშვილის გოლით "მერანმა" ანგარიში გაათანაბრა და მერე კი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა თბილისის "დინამოსთან".

დაბოლოს, კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს გოლსა და მის ავტორზეც: დღევანდელ მიმოხილვაში უკვე არაერთხელ ვახსენეთ "გაგრას" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. შეხვედრის ბედი კი 20 წლის შალვა კვანტალიანის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა, - თანაც, ამ თავდამსხმელმა ოთხთვიანი "მშრალი სერია" შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ საწყისი ორი ტურის შემდეგ საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 3 გოლით სწორედ კვანტალიანი ლიდერობდა.

გამორჩეული ფაქტები
XVIII ტურის მთავარ მოვლენად, წესითა და რიგით, "ზამთრის ჩემპიონის" გამოვლენა უნდა მიგვეჩნია; მით უფრო, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონმა" მართლაც არანორმალურად გადატვირთული კალენდრის მიუხედავად, მაინც, შეძლო წაუგებელი სერიის გაგრძელება და 2011 წელი ყველა "არსებულ თუ არარსებულ" ცხრილში პირველ ადგილზე დაამთავრა!

არანაკლებ გამორჩეულ მოვლენად უნდა შეფასდეს "მერანის" მორიგი წარმატება: უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა კვლავაც გააგრძელა წაუგებელი საშინაო სერია; თანაც, ახალგაზრდა მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას გუნდმა ამჯერად თბილისის "დინამო" დაამარცხა და ვირტუალურ ცხრილში მარტვილელები ახლა უკვე 5 ქულით უსწრებენ ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბს.

დაბოლოს, კიდევ ერთ ფაქტზეც: 2011 წლის ბოლო ტურში აქტიური სამსაჯო კარიერა დაასრულა ფიფას ასისტენტმა ზურაბ ჯვარიძემ, რომელმაც "მეტალურგი" - "ზესტაფონის" მატჩის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამსაჯო კომიტეტისგან სამახსოვროდ საჩუქრები მიიღო.

საქართველოს ჩემპიონატი XVIII ტური
სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ზესტაფონი 17 12 3 2 35-15 39
2. ტორპედო 18 12 2 4 26-13 38
3. დინამო 18 10 3 5 34-22 33
4. მეტალურგი 18 8 6 4 21-18 30
5. მერანი 17 9 2 6 22-19 29
6. ბაია 18 7 3 8 19-20 24
7. ვიტ ჯორჯია 18 6 5 7 21-22 23
8. გაგრა 18 6 3 9 18-23 21
9. სპარტაკი 18 5 4 9 16-25 19
10. დილა 18 5 3 10 23-25 18
11. კოლხეთი 18 4 6 8 15-24 18
12. სიონი 18 1 4 13 11-35 7

ვირტუალური ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ზესტაფონი 10 7 2 1 22-8 23
2. მეტალურგი 12 6 3 3 14-12 21
3. ტორპედო 12 6 2 4 12-10 20
4. მერანი 11 5 1 5 12-13 16
5. დინამო 11 4 2 5 19-19 14
6. ვიტ ჯორჯია 12 3 3 6 8-13 12
7. ბაია 11 3 2 6 9-14 11
8. გაგრა 11 3 1 7 8-15 10

ტურის სიმბოლური ნაკრები გაზეთ ლელოს ვერსიით
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია (3, მერანი)
მეკარე: ბედიაშვილი (2, მეტალურგი)
მცველები: ღონღაძე (3, ზესტაფონი), იობაშვილი (2, მერანი), აფაქიძე (2, ბაია), სუხიაშვილი (5, მერანი)
ნახევარმცველები: თარხნიშვილი (3, ტორპედო), მანწკავა (7, მერანი), ე.გრიგალაშვილი (5, მერანი), მეგრელიშვილი (კოლხეთი)
თავდამსხმელები: დ.ჩაგელიშვილი (2, დილა), ჯერემია (2, გაგრა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული