დღეს ლიდერთა მატჩია - მერანი VS ზესტაფონი

AutoSharing Option
ყველა კეთილ თუ "ბოროტ" ზღაპარს აქვს დასასრული და აი, დღევანდელი მატჩით ("მერანი"-"ზესტაფონი") საფეხბურთო 2011 წელიწადი მთავრდება!

სამწუხაროდ, იმას ვერავინ იტყვის, საფეხბურთო წარმატებების მხრივ განსაკუთრებული წელიწადი გვქონდაო; თანაც, ეს უფრო ნაკრებ(ებ)ის გამოსვლას ეხება, რამეთუ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, მთელი წელიწადი იმედგაცრუება ჭარბობდა სიხარულს. სამაგიეროდ, ხანგრძლივი პაუზის მერე პირველად მოხდა, როცა ევროტურნირებზე ქართული გუნდების ასპარეზობის გამო სირხცვილის გრძნობა აღარ გვქონია;

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, ამ მხრივ მართლაც "გამორჩეულ ფენომენთან" გვაქვს საქმე, - ყოველ შემთხვევაში, გათამაშება ისეთი "ორიგინალური" რეგლამენტით ტარდება, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს კი
არა,კლუბების წარმომადგენლები დღესაც ბევრ რამეში ვერ გარკვეულან. ისევ და ისევ, იმ "ნოვატორულ" იდეაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რასაც "ორცხრილიანობა" ჰქვია! აბა, სად გაგონილა, ჩემპიონატს ერთდროულად ორი ცხრილი ჰქონდეს - "ჩვეულებრივი" (გნებავთ, "ტრადიციული") და "ვირტუალური" (გნებავთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი)?!.

ეგ კი არა, სწორედ რომ ის "ვირტუალური" ცხრილია გადამწყვეტი მნიშვნელობის: ამ შემთხვევაში იმას ვგულისხმობთ, როცა ამა თუ იმ გუნდს კონკრეტული მატჩის წინ გარკვეული არჩევანის საშუალებაც ეძლევა; ანუ, წყვილის უპირობო ფავორიტმა თავისზე ბევრად სუსტ მეტოქესთან ასტრონომიული ანგარიშით რომც წააგოს, იმ "ვირტუალური" ცხრილის სატურნირო მდგომარეობაზე ეს მარცხი არაფრით აისახება. სამაგიეროდ, თუ კარგად განჭვრეტ და "გამოთვლი" საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის პოტენციურ კანდიდატებს, აი, იმათთან პაექრობაში უკვე მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქრო და ასე შემდეგ.

როდემდე გაგრძელდება მსგავსი "სტრატეგიული გათვლები"? როდემდე და, ვიდრე პირველი ეტაპი არ მორჩება, - ანუ, მომავალი წლის დასაწყისში ოთხი ჩასატარებელი ტური ხომ გვაქვს, არანაკლებ "უცნაურობასა" თუ კურიოზებს მაშინ უნდა ველოდოთ. თუმცა, მანამდე ხომ 2011 წლის ბოლო საფეხბურთო მატჩია და აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სეზონის დაწყებამდე მართლაც ვერაფრით წარმოვიდგენდით მოვლენების ისეთ განვითარებას, რის მიხედვითაც "მერანი"-"ზესტაფონის" დაპირისპირებას ლიდერთა პაექრობას დავარქმევდით!

ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, იმ სასიამოვნო მოულოდნელობას ვგულისხმობთ, მარტვილელთა გუნდის წარმატებული ასპარეზობის შეფასებისას ხშირად რომ ვახსენებთ ხოლმე; თუმცა, მოულოდნელობა (გნებავთ, სიურპრიზი თუ სენსაცია), შეიძლება ერთხელ ან ორჯერ შემოგვთავაზოს გუნდმა, მაგრამ როცა 17 ტურის განმავლობაში სტაბილურად და წარმატებით ასპარეზობს, ესე იგი, კანონზომიერებასთან გვქონია საქმე. აი, ისეთივე კანონზომიერებასთან, "ზესტაფონის" ამბიცია-მიზნებთან რომ "პირდაპირ კავშირშია": ორივე ცხრილში მეწინავეობას სწორედ ეს გუნდი ინარჩუნებს; თანაც, დამსახურებულადაც და ისეთი თამაშითაც, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს რომ "ეკადრება".

მასპინძელი თუ სტუმარი?
დეკემბერში ყველაზე გადატვირთული კალენდარი "ზესტაფონს" ჰქონდა: გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს, ფაქტობრივად, ყოველ მესამე დღეს უწევდა თამაში. ამის მიუხედავად, "ზესტაფონმა" ოქტომბრის ბოლოს დაწყებული წაუგებელი სერია გააგრძელა და ყოველივე ეს ცხრილ(ებ)შიც აისახა: ორივე ვერსიით ("ჩვეულებრივითაც" და "ვირტუალურითაც") საქართველოს ჩემპიონატს დამსახურებული ლიდერი ჰყავს! ამასთან, ამ ლიდერობას მომავალი წლის თებერვლამდე საფრთხე არ ემუქრება - დღევანდელი მატჩი როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ორივე ცხრილში "ზესტაფონს" ვერც ერთი გუნდი დაეწევა.

ეგ კი არა, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის, უდავოდ, საუკეთესო გუნდს იმის მშვენიერი შანსიც ეძლევა, ბევრად უფრო მნიშვნელოვან (ანუ, ვირტუალურ) ცხრილში უშუალო კონკურენტებთან სხვაობაც გაზარდოს. თავად განსაჯეთ: "ზესტაფონის" გამარჯვების შემთხვევაში მოქმედ ჩემპიონსა და თბილისის "დინამოს" შორის სხვაობა 12 ქულა იქნება! თუმცა, იმის თქმა, რომ დღევანდელ მატჩში სტუმრებს უპირობო ფავორიტის სტატუსი უნდა მივანიჭოთო, ცოტა არ იყოს, ძნელი იქნება; ამის უმთავრესი მიზეზი კი, რაღა თქმა უნდა, მეტოქის ფაქტორია: საშინაო მატჩებში პროცენტულად საუკეთესო მაჩვენებელი ხომ "მერანს" აქვს!

ჰო, ამას კი ბევრი ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ რვა ჩატარებულ საშინაო მატჩში მარტვილელები შვიდს მოიგებდნენ და ერთს ფრედ დაამთავრებდნენ; თუმცა, "მერანის" ქომაგები, ალბათ, არც მორიგ ზეიმზე იტყოდნენ უარს: სულ ახლახანს მარტვილელებმა ხომ თბილისის "დინამო" დაამარცხეს! სხვათა შორის, ამ გამარჯვებას "ისტორიული მნიშვნელობის" გარდა სხვა დატვირთვაც ჰქონდა: "ვირტუალურ" ცხრილში "მერანმა" თბილისის "დინამოს" 5 ქულით გაუსწრო; თუმცა, ჯერ სადა ხართ: "მერანმა" დღესაც თუ გაიმარჯვა, "ვირტუალურ" ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლებს და აბა, ამაზე მეტი სენსაცია რაღა უნდა მომხდარიყო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე?!.

მაგრამ, ზემოთაც ხომ "შევთანხმდით", რომ მალხაზ ჟვანიას გუნდის საამსეზონო ასპარეზობას მოულოდნელ-სენსაციური აღარ უნდა ვუწოდოთ და, საერთოდაც, "მერანის" ესა თუ ის წარმატებაც, ალბათ, კანონზომიერ მოვლენად უნდა შეფასდეს.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ, მაშინ როცა "ზესტაფონს" ტრავმირებულთა გარდა, დისკვალიფიცირებული ფეხბურთელებიც (თორნიკე გორგიაშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი) დააკლდებიან. თუმცა, "ზამთრის ჩემპიონი" გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ამ სეზონში ხომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში როტაციას გონივრულად და "უმტკივნეულოდ" აკეთებს.

დაბოლოს, დღევანდელი მატჩის კიდევ ერთ ინტრიგაზეც, რასაც ძმების დაპირისპირება უნდა ვუწოდოთ: "მერანის" წარმატებული თამაშის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გუნდის 21 წლის ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილია, ხოლო "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი კარიერაში ერთ-ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს.

P.S. "მერანს" საკუთარ მოედანზე პროცენტულად საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, "ზესტაფონს" კი უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აქვს სტუმრად ჩატარებული მატჩებში; "მერანი" შინ არ დამარცხებულა, "ზესტაფონი" - სტუმრად.

საქართველოს ჩემპიონატი. გამოტოვებული მატჩი
22.12. მარტვილი. ცენტრალური
მერანი-ზესტაფონი

სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ზესტაფონი 17 12 3 2 35-15 39
2. ტორპედო 18 12 2 4 26-13 38
3. დინამო 18 10 3 5 34-22 33
4. მეტალურგი 18 8 6 4 21-18 30
5. მერანი 17 9 2 6 22-19 29
6. ბაია 18 7 3 8 19-20 24
7. ვიტ ჯორჯია 18 6 5 7 21-22 23
8. გაგრა 18 6 3 9 18-23 21
9. სპარტაკი 18 5 4 9 16-25 19
10. დილა 18 5 3 10 23-25 18
11. კოლხეთი 18 4 6 8 15-24 18
12. სიონი 18 1 4 13 11-35 7

ვირტუალური ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ზესტაფონი 10 7 2 1 22-8 23
2. მეტალურგი 12 6 3 3 14-12 21
3. ტორპედო 12 6 2 4 12-10 20
4. მერანი 11 5 1 5 12-13 16
5. დინამო 11 4 2 5 19-19 14
6. ვიტ ჯორჯია 12 3 3 6 8-13 12
7. ბაია 11 3 2 6 9-14 11
8. გაგრა 11 3 1 7 8-15 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაგ ბიჭებო მაგრები ხართ,კარგ ფეხბურთს გაუმარჯოს,მიაწექით ბოლომდე,ვირტუალური კიარა რაც არ უნდა მოიგონოს ფედერაციამ მაინც ზესტაფონი გახდება ჩემპიონი,ქეცბაია შეხედე კარგად როგორ უნდა ათამაშო გუნდი
vasiko basiladze
16:28 22-12-2011
0
ყოჩაღ "ზესტაფონს"! მართლაც რომ ღირსეული ჩემპიონია! წელს დუბლს შეასრულებს, ზესტაფონი.... "დაადო" მერანს 2 უპასუხო!
დევიდ აირონს
15:53 22-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული