ნაცნობ-უცნობი რჩეულნი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში 14 თებერვლამდე შესვენებაა და უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ეტაპისათვის მზადებას საახალწლო-საშობაო დღესასწაულების შემდეგ დაიწყებს.

მანამდე კი, ალბათ დროა ჩემპიონატის პირველი ეტაპი შევაჯამოთ, ოთხთვენახევარი რომ გრძელდებოდა: 6 აგვისტოდან 22 დეკემბრამდე. როგორც ბოლო წლებში, "ლელო" ამჯერადაც შემოგთავაზებთ პირველ ეტაპზე თითოეული გუნდის ასპარეზობის შეფასებას; თუმცა, ვიდრე ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდებსა თუ იმედგაცრუებებზე დეტალურად ვისაუბრებდეთ, იქამდე ინდივიდუალური მონაცემები გვინდა შევაჯამოთ.

აი, მაგალითად, ხვალ მეგოლეებსა და უდისციპლინოებს წარმოგიდგენთ, დღეს კი ამა თუ იმ ტურში თავგამოჩენილ ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს.

ალბათ, აღარც ღირს
იმის შეხსენება, რომ უკვე წლებია, "ლელო" ყოველი ტურის შემდეგ სიმბოლურ ნაკრებს ადგენს და აი, პირველ ეტაპზე ჩვენი რჩეულთა მაჩვენებელთა შეჯამების დროც დადგა.

მწვრთნელები
უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელებს შორის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე ხშირად "ზესტაფონის" ახალგაზდა თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო დასახელებული. იმედია, ეს ფაქტი "უცნაურ-მოულოდნელი" არავისთვის იქნებოდა: დებიუტანტი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონმა" პირველი ეტაპი ისე ჩაამთავრა, როგორც მოქმედ ჩემპიონსა და ამ გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს ეკადრებოდა.

ჭიაბრიშვილს მცირედით ჩამორჩება სეზონის გუნდი-აღმოჩენის, მარტვილის "მერანის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია - ეს ახალგაზრდა სპეციალისტი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, მაგრამ თავისზე ბევრად გამოცდილი კოლეგები მოიტოვა უკან.

ნურც ის ფაქტი გაუკვირდება ვინმეს, ალექს გარსია მხოლოდ ერთადერთხელ რომ დავასახელეთ "ტურის მწვრთნელად": ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" ხომ მხოლოდ ერთხელ შეძლო პრინციპულ მატჩში გამარჯვება (XIV ტურის საშინაო შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოსთან").


მეკარეები
უმაღლესი ლიგის გუნდებში პირველ ეტაპზე ყველაზე ნაკლები გოლი "ტორპედოს" აქვს გაშვებული, რაც, უპირველესად, ქუთათურთა კლუბის 27 წლის მეკარის ომარ მიგინეიშვილის დამსახურებაა. 17 მატჩში 12 გაშვებული ბურთი მართლაც ჩინებული შედეგია და ამიტომაც აქვს მიგინეიშვილს კოლეგებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი - ოთხჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

ანალოგიური შედეგი აქვს "ბაიას" გამოცდილ მეკარეს, 31 წლის გიორგი სომხიშვილსაც, რომლის დიდი დამსახურებაც არის, ზუგდიდელები საუკეთესო რვაგუნდიან ცხრილში რომ იმყოფებიან: შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს ამ ჩამონათვალში 22 წლის როინ კვასხვაძის არყოფნა, თუმცა ამას ობიექტური ახსნაც "მოეძებნება": ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, "ზესტაფონი" ისე ამთავრებდა მატჩშს, თავის მეკარეს თავის გამოჩენის შანსს რომ არ აძლევდა; ამას გარდა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო და პერსპექტიულ მეკარეს ტრავმის გამო საკმაო რაოდენობის მატჩებიც გაუცდა.

მცველები
მცველებს შორის ორი გამოკვეთილი ლიდერია: 29 წლის დავით გამეზარდაშვილი ("ტორპედო") და 23 წლის ანზორ სუხიაშვილი ("მერანი").

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნებულმა გამეზარდაშვილმა პირველ ეტაპზე 14 მატჩი ჩაატარა და იმის გარდა, რომ "ტორპედოს" დაცვის ერთ-ერთ ლიდერი იყო, შეტევებშიც ხშირად მონაწილეობდა და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა.

გამეზარდაშვილის ასეთი წარმატებული ასპარეზობა არავის გაჰკვირვებია, აი, "მერანის" მარცხენა მცველი ანზორ სუხიაშვილი კი თამამად შეიძლება ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ აღმოჩენად მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში, ბევრი არ ელოდა, უმაღლეს ლიგაში, ფაქტობრივად, სადებიუტო სეზონში სუხიაშვილი თუ ასე კარგად წარმოაჩენდა საკუთარ შესაძლებლობებს - 17 მატჩი ჩაატარა ძირითადში და ხუთჯერ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" მოხვდა!

ნახევარმცველები
ამ ამპლუაშიც "მერანის" ფეხბურთელები დომინირებენ და ესეც მორიგი მოულოდნელობაა! ეგ კი არა, მარტვილელთა შეტევების სულისჩამდგმელს, 30 წლის გიორგი მანწკვას, საერთოდაც, საუკეთესო შედეგი აქვს უმაღლეს ლიგაში - ყველაზე მეტჯერ (შვიდჯერ) იყო დასახელებული "ტურის სიმბოლურ ნაკრებში". აღარაფერს ვამბობთ კიდევ ერთ ინდივიდუალურ მაჩვენებელზეც: 17 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მანწკავა გამოცდილი ფეხბურთელია და სხვადასხვა დროს უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდშიც უთამაშია. ანუ, ქომაგებისათვის "უცხო" ნამდვილად არ ყოფილა. რასაც ვერ ვიტყვით მის ახალგაზრდა თანაგუნდელზე 21 წლის ელგუჯა გრიგალაშვილზე - "მერანში" სეზონის დაწყების წინ რომ ჩაირიცხა და სულ მოკლე დროში მარტვილელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი რომ გახდა.

ელგუჯა გრიგალაშვილი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, თუმცა ამის მიუხედავად, ჩინებული მაჩვენებლითაც შეუძლია თავი მოიწონოს: 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ხუთჯერ გახდა ჩვენი რჩეულიც;

ასევე ხუთჯერ იყო დასახელებული "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" ელგუჯა გრიგალაშვილის უფროსი ძმა, 25 წლის შოთა გრიგალაშვილიც; თუმცა, ეს ფაქტი მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო: ბოლო წლებში "ზესტაფონისა" და საქართველოს ჩემპიონატის უდავოდ, ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ხომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ შოთა გრიგალაშვილმა ჩემპიონატის ეს ეტაპი ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა, თორემ, დარწმუნებული ვართ, რომ უფრო მეტჯერაც ვიხილავდით "ტურის სიმბოლურ ნაკრებში".

თავდამსხმელები
და აი, როგორც იქნა, "დინამოს" ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ "მოწინავეთა" შორის: ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის ასევე ყველაზე "ცნობადმა" ლეგიონერმა ჩისკომ ხუთჯერ დაიმსახურა "ლელოს" სიმპათია; ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 31 წლის ესპანელი ლეგიონერი 9 გოლით "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირის; თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, "ვალენსიას" ყოფილი ვარსკვლავისგან "დინამოს" ერთგული ქომაგები, ალაბთ, ცოტა უფრო მეტსაც ელოდნენ.

სამაგიეროდ, ვერავინ დაემდურება "მეტალურგის" 28 წლის ცენტრფორვარდს დიმიტრი ტატანაშვილს, თავის ახალ კლუბში საუკეთესო ბომბარდირი რომ არის და, ჩისკოს მსგავსად, ხუთჯერ რომ დავასახელეთ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში".

ისე, ჩვენ ჩემპიონატში ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირს, 26 წლის ნიკა გელაშვილს პირველი ეტაპი სრულად რომ ჩაემთავრებინა, რჩეულთა შორისაც უფრო მეტჯერ მოხვდებოდა და, ალბათ, ბომბარდირთა შორისაც ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდა.

* * *
მწვრთნელები
გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი) - 4, მალხაზ ჟვანია (მერანი) - 3, გია გეგუჩაძე (ტორპედო) - 2, კობა ჟორჟიკაშვილი (მეტალურგი) - 2, ზურაბ ბერიძე (ვიტ ჯორჯია) - 2, ელგუჯა ქომეთიანი (ბაია) - 2, სოსო ფილია (კოლხეთი) - 2, ალექს გარსია (დინამო) - 1, ზვიად ჯელაძე (გაგრა) - 1, ვლადიმერ ხაჩიძე (სპარტაკი) - 1, ლევან ბაჯელიძე (სიონი) - 1, ანატოლი პისკოვეცი (გაგრა) - 1.

მეკარეები
ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო) - 4, გიორგი სომხიშვილი (ბაია) - 4, გრიგოლ ბედიაშვილი (მეტალურგი) - 2, გიორგი ლორია (დინამო) - 2, ზურაბ მამალაძე (ზესტაფონი) - 1, გიორგი ძაძამია (ვიტ ჯორჯია) - 1, ჯონი შეროზია (მერანი) - 1, ლადო ნადირაშვილი (კოლხეთი) - 1, კოკა სეფიაშვილი (გაგრა) - 1, ვახტანგ ლობჟანიძე (სიონი) - 1.

მცველები
დავით გამეზარდაშვილი (ტორპედო) - 5, ანზორ სუხიაშვილი (მერანი) - 5, ალექსანდრე ინწკირველი (კოლხეთი) - 3, დავით ოდიკაძე (დინამო) - 3, თეიმურაზ ღონღაძე (ზესტაფონი) - 3, ზაალ ელიავა (ზესტაფონი) - 2, ალექსი ბენაშვილი (ზესტაფონი) - 2, გივი კვარაცხელია (მეტალურგი) - 2, ლაშა ჯაფარიძე (მეტალურგი) - 2, გიორგი ტყეშელაშვილი (გაგრა) - 2, ლაშა კალანდაძე (გაგრა) - 2, გურამ ადამაძე (ვიტ ჯორჯია) - 2, ნიკა აფაქიძე (ბაია) - 2, ვალერი იობაშვილი (მერანი) - 2, გიორგი სეთურიძე (მეტალურგი) - 1, გივი ქარქუზაშვილი (დილა) - 1, დათა რიგვავა (ბაია) - 1, ნიკა მგელაძე (ბაია) - 1, გიგა ჟვანია (მერანი) - 1, ნიკოლოზ ჯიშკარიანი (გაგრა) - 1, ფრიდოლინ ბოიომო (სპარტაკი) - 1, პაატა ცხვიტარია (კოლხეთი) - 1, ალექსანდრე კვახაძე (მეტალურგი) - 1, გიორგი ონიანი (ზესტაფონი) - 1, სევასტი თოდუა (ზესტაფონი) - 1, გულვერდ თომაშვილი (დინამო) - 1, გიორგი რეხვიაშვილი (დინამო) - 1, გიორგი პაჭკორია (ბაია) - 1.

ნახევარმცველები
გიორგი მანწკავა (მერანი) - 7, ელგუჯა გრიგალაშვილი (მერანი) - 5, შოთა გრიგალაშვილი (ზესტაფონი) - 5, მიკელ ალვარო (დინამო) - 4, გიორგი დათუნაიშვილი (ტორპედო) - 3, მიკოლა ნაკონეჩნი (გაგრა) - 3, თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი) - 3, გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია) - 3, ბექა ზაქრაძე (ვიტ ჯორჯია) - 3, გიორგი კორიფაძე (ვიტ ჯორჯია) - 3, ლევან შარიქაძე (გაგრა) - 3, თორნიკე თარხნიშვილი (ტორპედო) - 3, თორნიკე აფციაური (ზესტაფონი) - 2, პავლე ხორგუაშვილი (დილა) - 2, ალექსანდრე კოშკაძე (დინამო) - 2, დავით რაჟამაშვილი (დილა) - 2, ლევან წურწუმია (ბაია) - 2, გივი დიდავა (მერანი) - 2, რევაზ გეწაძე (მეტალურგი) - 2, ლაშა გვალია (კოლხეთი) - 2, ლაშა ჩალაძე (მერანი) - 2, გივი იოსელიანი (ტორპედო) - 2, ჯაბა ჯიღაური (დინამო) - 2, ნიკა მაისურაძე (სპარტაკი) - 2, ლუკა გუგუჩია (ბაია) - 1, ავთო ენდელაძე (ბაია) - 1, გიორგი კუხიანიძე (ტორპედო) - 1, გიორგი ვასაძე (ვიტ ჯორჯია) - 1, გურამ გურეშიძე (ვიტ ჯორჯია) - 1, გიორგი ქავთარაძე (მეტალურგი) - 1, ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი) - 1, გრიგოლ დოლიძე (ტორპედო) - 1, დავით დიღმელაშვილი (ტორპედო) - 1, დავით ჯანელიძე (ტორპედო) - 1, ზვიად სიხარულია (ბაია) - 1, თეიმურაზ შონია (სპარტაკი) - 1, გიორგი ქუცურუა (სიონი) - 1, ლაშა ქებაძე (კოლხეთი) - 1, დავით მეგრელიშვილი (კოლხეთი) - 1, ნოდარ ნოზაძე (დილა) - 1, რომან ახალკაცი (დილა) - 1, ომარ გოგონაია (კოლხეთი) - 1, კობა შალამბერიძე (სპარტაკი) - 1, მიხეილ სარდალიშვილი (ზესტაფონი) - 1.

თავდამსხმელები
ჩისკო (დინამო) - 5, დიმიტრი ტატანაშვილი (მეტალურგი) - 5, ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 3, ირაკლი მოდებაძე (მეტალურგი) - 3, ირაკლი ქობალია (ბაია) - 2, ნიკა გელაშვილი (ზესტაფონი) - 2, რევაზ გოცირიძე (ტორპედო) - 2, დავით ჩაგელიშვილი (დილა) - 2, ჯერემია (გაგრა) - 2, კოტო (დინამო) - 2, ბესიკ ჩიმაკაძე (ვიტ ჯორჯია) - 2, გიორგი მეგრელაძე (ტორპედო) - 1, გიორგი რეხვიაშვილი (სიონი) - 1, რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) - 1, ზვიად მეტრეველი (სპარტაკი) - 1, ვლადიმირ ორდინსკი (გაგრა) - 1, შალვა კვანტალიანი (გაგრა) - 1, ვახტანგ ფანცხავა (დინამო) - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერში გეთანხმებით,ჩემი აზრით ობიექტური შეფასებაა,იქნებ ასათიანზე რამე სიახლე თუა ვთხოვ ლელოს მოგვაწოდოს რაიმე ინფორმაცია,ამ მართლაც ნიჭიერ ფეხბურთელზე,გვყავდეს ესეთი ნიჭიერი პლეიმეიკერი თუნდაც მცველი რომელსაც ბოლო დროს მივეჩვიეთ თორე ასათიანი ძალიან ძლიერი პლეიმეიკერი არის ეს ყველამ იცის და ვერ თამასობდეს სადმე საცოდაობაა არადა როგორ გვჭირდება ეხლა ესეთი ფეხბურთელი ნაკრებში
vasiko basiladze
13:55 26-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული