გოლს გატანაც უნდა და... დანახვაც

AutoSharing Option
მიმდინარე ჩემპიონატის განსაკუთრებული "თავისებურება", რაღა თქმა უნდა, გათამაშების ახალი რეგლამენტი იყო; თუმცა ამ საკითხზე "ლელოს" პოზიცია მკითხველისათვის ცნობილია და დღესდღეობით აღარაფერს ვიტყვით.

ანდა, რა არის სათქმელი: ჟურნალისტების გარდა, ამ ბოლო დროს უკვე კლუბების წარმომადგენლებმა დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი გათამაშების ახალი სისტემის "ვარგისიანობაზე". თუმცა, გარკვეული დადებითი ტენდენციებიც შეინიშნება და ეს, უპირველეს ყოვლისა, მაღალ შედეგიანობაზე ითქმის: სამი-ოთხი შემთხვევის გარდა, პირველი ეტაპის თითქმის ყველა ტური უხვგოლიანი იყო! ყოველ შემთხვევაში, წინა სეზონებში ნამდვილად არ ვიყავით განებივრებული ისეთი ფაქტებით, როცა თითოეულ მატჩში საშუალოდ ორი ან მეტი
გოლი გადიოდა.

ჯერჯერობით ძნელია იმის განჭვრეტა, თუ როგორ წარიმართება მოვლენები გადამწყვეტ, მეორე ეტაპზე, მაგრამ იმის დიდი ალბათობაც არის, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ(ებ)მა ბოლო წლების საუკეთესო შედეგი უჩვენოს.

სამწუხაროდ, უკვე მერამდენე სეზონია, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისათვის 20-მდე გოლიც რომ საკმარისი ხდება. არადა, ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ხომ "ნამდვილად" გვყავდა ისეთი გოლიადორები, სეზონის განმავლობაში 40 ბურთი რომ გაჰქონდათ: ოთარ კორღალიძე, მერაბ მეგრელაძე, ზვიად ენდელაძე, მიხეილ ჯიშკარიანი; გამორჩეული ბომბარდირები არც მერე "დაკარგულან", ბოლოს და ბოლოს, ზურაბ იონანიძის გახსენებაც საკმარისი იქნება, თუმცა, ბრაზილიელ ანდერსონ აკინოს გარდა, უკანასკნელ წლებში 20-გოლიანი ნიშნულის გადალახვაა პრობლემა.

ისე, ჩემპიონატის ახლებური ფორმატიდან გამომდინარე, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ სეზონში ბომბარდირებმა თამასა აწიონ: თებერვალშიც და მერეც (ორი ახალი ტურნირი რომ დაიწყება - საუკეთესო რვაგუნდიანი და უმაღლეს ლიგაში დასარჩენი) ხომ არაერთი "გასასეირნებელი" მატჩი გველოდება! მანამდე კი საუკეთესო ბომბარდირთა დავაში "სამხელისუფლებიანობაა": 26 წლის ჯაბა დვალს ("ზესტაფონი"), 31 წლის ჩისკოს ("დინამო") და 28 წლის დიმიტრი ტატანაშვილს ("მეტალურგი") 9-9 გოლი აქვთ გატანილი.

აქვე, დავაზუსტებთ, რომ თავდაპირველად, "ლელოს" ვარაუდით, ტატანაშვილს ერთით ნაკლები გოლი უნდა ჰქონოდა, მაგრამ 20 ნოემბერს რუსთავში ჩატარებულ "მეტალურგი" - "გაგრას" მატჩში სტუმართა კარში გატანილი ბურთი სწორედ ამ ცენტრფორვარდზე "გაფორმდა". სხვა საქმეა, თუ რა და როგორ დაინახეს იმ შეხვედრაზე დამსწრე ჟურნალისტმა თუ გულშემატკივრებმა და ვისი გვარი გამოცხადდა "ფოლადის" სტადიონზე, - იმ შეხვედრის ოქმში გოლის ავტორად ტატანაშვილია მითითებული და ჩვენც რა უფლება გვაქვს, ამ ოფიციალურ დოკუმენტს არ ვენდოთ?..

ბომბარდირული ისტორიები და დინასტიები
დვალის, ჩისკოსა და ტატანაშვილის შედეგიანი თამაში მოულოდნელი არავისთვის ყოფილა; ისე როგორც 26 წლის ნიკა გელაშვილის 7 გოლი, მაგრამ "ზესტაფონის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ალბათ უფრო მეტ ბურთს გაიტანდა, რომ არა ტრავმის გამო გაცდენილი მატჩები.

სამწუხაროა, რომ საუკეთესო ბომბარდირობისათვის გელაშვილი ვეღარ იბრძოლებს - ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფორვარდის უცხოეთში გადასვლა ხომ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. არადა, გელაშვილს მართლაც უნიკალური შანსი ჰქონდა - საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წოდება სამჯერ არავის მოუპოვებია. ორ-ორჯერ კი რამდენიმე ფეხბურთელმა შეძლო: ოთარ კორღალიძემ, მერაბ მეგრელაძემ, ზურაბ იონანიძემ, სულიკო დავითაშვილმა და ნიკა გელაშვილმა.

მსგავსი მიღწევის შანსი აქვს ჯაბა დვალს და რევაზ გოცირიძეს: დვალი საუკეთესო ბომბარდირი ხუთი წლის წინ იყო, გოცირიძე კი - 2003/04 წლების სეზონში.

რახან წლები ვახსენეთ, აქვე ამ სეზონის "უხუცესი" და ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეებიც მინდა წარმოგიდგინოთ. "ზესტაფონის" კაპიტანი თორნიკე აფციაური 32 წლისაა, ისე როგორც გორის "დილას" ცენტრალური მცველი დავით ბაქრაძე; მათზე ერთი წლით უფროსია "ტორპედოს" უბერებელი ფორვარდი გიორგი მეგრელაძე, რომელსაც უმაღლეს ლიგაში გოლები ჯერ კიდევ მეხუთე ჩემპიონატში გაჰქონდა.

ალბათ, ისიც საინტერესო ფაქტია, რომ იმ სეზონში (1993-94 წლები) საუკეთესო ბომბარდირის წოდება მერაბ მეგრელაძემ მოიპოვა და მამა-შვილი წყალტუბოს "სამგურალში" ერთად თამაშობდნენ! საფეხბურთო დინასტიები გრძელდება და ეს მეგოლეებზეც ითქმის: 1995-96 წლების სეზონში საუკეთესო ბომბარდირი ზესტაფონის "მარგვეთის" შემტევი ზვიად ენდელაძე გახდა; თანაც, მისი შედეგი (40 ბურთი) იმ სეზონში ევროპაშიც ერთ-ერთი (თუ ყველაზე არა) საუკეთესო იყო;

და აი, XXIII ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეც უნდა ვახსენოთ: ზვიად ენდელაძის ვაჟი, ზუგდიდის "ბაიას" 17 წლის ნახევარმცველი ავთო ენდელაძე! ამ უკანასკნელის გარდა, პირველ ეტაპზე კიდევ ერთი ფეხბურთელია, 17 წლისამ რომ შეძლო უმაღლეს ლიგაში გოლის გატანა: გურამ სამუშიამ ("ბაია").

ლეგიონერთა მონაგარი
ბოლო წლებში ჩვენ ჩემპიონატში ლეგიონერთა კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ახლა ვინც ასპარეზობს, მათმა უმრავლესობამ გოლის "გემო" იცის. ასე, მაგალითად, "დინამომ" მეტოქეთა კარში 34 გოლი გაიტანა და აქედან 20 ესპანელ ლეგიონერთა ანგარიშზეა!

გოლის ალღო არ დაეწუნება 21 წლის კოტდივუარელ ფორვარდს, მუნინი ტაპესა ("მერანი") და 18 წლის ნიგერიელ ჯონი ჯერემიას (ორივე - "გაგრა"). არც მათზე გამოცდილი ლეგიონერები დარჩენილან უგოლოდ პირველ ეტაპზე: 30 წლის მიკოლა ნაკონეჩნი, 26 წლის ვლადიმირ ორდინსკი ("გაგრა"). რაც შეეხება 29 წლის ფრიდოლინ ბოიომოს, "სპარტაკის" კამერუნელ მცველს ამ სეზონში გოლი არ გაუტანია, თუმცა სხვა რეკორდ(ებ)ით შეუძლია იამაყოს: პირველი ლეგიონერია, საქართველოს ჩემპიონატში ასზე მეტი მატჩი რომ ჩაატარა და ამასთან, ბოიომოს გარდა, ჩვენთან "გადაბმულად" ექვსი სეზონი არც ერთ ლეგიონერს არ უთამაშია!

განსაკუთრებული შემთხვევები
წინა სეზონთან შედარებით შედეგიანობა გაიზარდაო, ზემოთ აღვნიშნეთ და დიდი ალბათობით, ამ ჩემპიონატში "დუბლისა" და "ჰეთ-თრიქის" შემთხვევებიც მეტი იქნება. პირველი ეტაპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "გრაფიკს" არა უშავს: წინა სეზონში "ჰეთ-თრიქი" ხუთჯერ დაფიქსირდა, "დუბლი "- 36-ჯერ, ახლა კი სამი შემთხვევა იყო, კონკრეტულმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში სამი გოლი რომ გაიტანა, "დუბლი" კი - 19-ჯერ შესრულდა.

მოდით, ჯერ "ჰეთ-თრიქის" ავტორები ვახსენოთ: X ტურში სამი გოლი გაიტანა "ზესტაფონის" 25 წლის ფორვარდმა ჯაბა დვალმა ("სპარტაკის" კარში), XVII და XVIII ტურში კი გოლების გატანაში გარკვეული "შეჯიბრიც" მოაწყვეს "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებმა: 22 წლის გიორგი კორიფაძემ და 23 წლის ბესიკ ჩიმაკაძემ, მეტოქეთა კარში (შესაბამისად, "ბაიას" და "სიონის") სამ-სამი გოლი რომ გაიტანეს.

პირველი "დუბლი" პირველსავე ტურში ვნახეთ: გორის "დილას" 24 წლის ნახევარმცველმა ნოდარ ნოზაძემ "ვიტ ჯორჯიას" კარში 2 გოლი გაიტანა. ჰოდა, დაიწყო და დაიწყო: მხოლოდ 5 შემთხვევა იყო, ტურმა "დუბლის" გარეშე რომ ჩაიარა! თანაც, ორმა ფეხბურთელმა ეს რამდენჯერმე მოახერხა: დიმიტრი ტატანაშვილმა ("მეტალურგი") ოთხ მატჩში შეძლო მეტოქეთა კარში ორ-ორ გოლის გატანა, ჩისკომ ("დინამო") კი "დუბლი" სამჯერ შეასრულა.

აქვე, "დუბლის" ავტორი სხვა ფეხბურთელებიც ჩამოვთვალოთ: გიორგი მანწკავამ ორ შეხვედრაში შეძლო ორი-ორი გოლის გატანა, შალვა კვანტალიანმა ("გაგრა"), ლუკა გუგუჩიამ ("ბაია"), ზვიად მეტრეველმა ("სპარტაკი"), ირაკლი მაისურაძემ ("მეტალურგი"), ნიკა გელაშვილმა ("ზესტაფონი"), რევაზ გოცირიძემ ("ტორპედო"), ირაკლი მოდებაძემ ("მეტალურგი"), ლევან შარიქაძემ ("გაგრა") და თეიმურაზ შონიამ ("სპარტაკი") კი - თითო-თითოჯერ.

ბომბარდირები
საქართველოს ჩემპიონატი. პირველი ეტაპის ყველა გოლი
ზესტაფონი (37)
ჯაბა დვალი - 9, ნიკა გელაშვილი-7, რატი წინამძღვრიშვილი-5, შოთა გრიგალაშვილი-4, საბა ლომია-2, ზაალ ელიავა-2, თორნიკე გორგიაშვილი-2, თეიმურაზ ღონღაძე-1, ირაკლი ძარია-1, გოგა ფიფია-1, შოთა ბაბუნაშვილი-1, მიხეილ სარდალიშვილი-1, თორნიკე აფციაური-1.

დინამო (34)
ჩისკო-9, მიკელ ალვარო-5, კარლეს კოტო-4, ალექსანდრე კოშკაძე-4, ალბერტ იაგუე-2, ჯაბა ჯიღაური-2, გიორგი კახელიშვილი-2, დავით ოდიკაძე-1, გიორგი თექთურმანიძე-1, ნიკა კვეკვესკირი-1, ირაკლი ლექვთაძე-1, გულვერდ თომაშვილი-1, ლევან კაკუბავა-1.

ტორპედო (26)
რევაზ გოცირიძე-5, გრიგოლ დოლიძე-4, თორნიკე თარხნიშვილი-4, გიორგი მეგრელაძე-3, გიორგი დათუნაიშვილი-3, დავით გამეზარდაშვილი-2, ნიკა საბანაძე-2, დავით ბოლქვაძე-1, დავით დიღმელაშვილი-1, დავით ჯანელიძე-1.

დილა (23)
დავით ჩაგელიშვილი-5, რომან ახალკაცი-3, დავით რაჟამაშვილი-3, პავლე ხორგუაშვილი-3, ნოდარ ნოზაძე-2, გივი ქარქუზაშვილი-1, გია თოდუა-1, რომან გოგინაშვილი-1, ვაჟა ნემსაძე-1, დავით ბაქრაძე-1, ირაკლი ბერაია-1, ვალტერ ხორგუაშვილი-1.

მერანი (22)
გიორგი მანწკავა-6, მუნინი ტაპე-5, ელგუჯა გრიგალაშვილი-4, ლაშა ჩალაძე-2, ვალერი იობაშვილი-1, გიგა ჟვანია-1, ანზორ სუხიაშვილი-1, გიგა ამბროლაძე-1, გიორგი რეხვიაშვილი (დინამო, საკუთარ კარში)-1.

მეტალურგი (21)
დიმიტრი ტატანაშვილი-9, ირაკლი მოდებაძე-5, ლუკა რაზმაძე-2, ირაკლი მაისურაძე-2, გიორგი მიქაბერიძე-1, გიორგი ქავთარაძე-1, რევაზ გეწაძე-1.

ვიტ ჯორჯია (21)
ბესიკ ჩიმაკაძე-6, ბექა ზაქრაძე-4, გიორგი კორიფაძე-4, გიორგი ჯანელიძე-2, გიორგი ვასაძე-1, ლაშა კასრაძე-1, გიგა ჯუღელი-1, გიორგი ტყეშელაშვილი (გაგრა, საკუთარ კარში), გიორგი ლემონჯავა (კოლხეთი, საკუთარ კარში).

ბაია (19)
ლუკა გუგუჩია-4, ირაკლი ქობალია-3, ნიკა მგელაძე-2, შოთა ლომია-2, ზვიად სიხარულია-1, ნიკა აფაქიძე-1, გიორგი პაჭკორია-1, ირაკლი ეხვაია-1, გურამ სამუშია-1, ავთო ენდელაძე-1, ლევან წურწუმია-1, ლევან შავგულიძე (კოლხეთი, საკუთარ კარში).

გაგრა (18)
ლევან შარიქაძე-5, შალვა კვანტალიანი-4, ჯონ ჯერემია-2, დათა სიჭინავა-2, გიორგი ტყეშელაშვილი-1, ლაშა კალანდაძე-1, ირაკლი ხუციძე-1, მიკოლა ნაკონეჩნი-1, ვლადიმირ ორდინსკი-1.

სპარტაკი (16)
ზვიად მეტრეველი-4, თეიმურაზ შონია-4, კობა შალამბერიძე-3, რევაზ ჯიქია-2, ნიკოლოზ მაისურაძე-1, თორნიკე შარაშენიძე-1, ბუბა რუხაძე-1.

კოლხეთი (15)
დავით ციცხვაია-4, პაატა ცხვიტარია-3, ალექსანდრე ინწკირველი-1, ლაშა ქებაძე-1, ომარ გოგონაია-1, ზამირ ჯანაშია-1, პავლე დათუნაიშვილი-1, ლაშა გვალია-1, დავით მეგრელიშვილი-1, გიორგი ყურულაშვილი (გაგრა, საკუთარ კარში).

სიონი (11)
გიორგი ქუცურუა-4, ლაშა კემუხტაშვილი-3, ვილი ისიანი-1, ვლადიმერ უგრეხელიძე-1, ჯაბა უგულავა-1, ლევან ჩხეტიანი-1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული