მოერიდეთ წითელ-ყვითელ ფერებს!

AutoSharing Option
ჩემპიონატის პირველ ეტაპს ვაჯამებთ და ჯერ "ლელოს" რჩეულნი წარმოგიდგინეთ, გუშინ კი - მეგოლეები. ახლა კი, ალბათ დროა დისციპლინაზეც ვისაუბროთ, მით უფრო, რომ ფეარ-პლეის პრინციპების დაცვა ყველას მოეთხოვება.

ეგ კი არა, შეგახსენებთ, რომ იმის ალბათობაც არსებობს, ამა თუ იმ გუნდის საბოლოო შედეგზე გავლენა სწორედ ფეარ-პლეის მაჩვენებელმაც იმოქმედოს. "ჰაერში ნათქვამი" რომ არ გამოგვივიდეს, საქართველოს 2011-12 წლების XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებულების "შესაბამის და უმნიშვნელოვანეს" პუნქტს (ჩემპიონატის ჩატარების პირობები) შეგახსენებთ.

პუნქტი 4: ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპებით:
ა) ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
ბ) უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
გ) ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
დ) ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
ე) ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
ვ) ფეარ-პლეის შედეგები (ყველა მატჩზე დელეგატის მიერ შევსებული გუნდებისა და მოთამაშეების ფეარ-პლეის პრინციპების შეფასების გათვალისწინებით).
ზ) თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

მოკლედ, მცირე, მაგრამ იმის ალბათობა ხომ მაინც არსებობს, რომ ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ორ გუნდს ქულათა თანაბარი რაოდენობაც აღმოაჩნდეს, მოგებებიც ერთნაირი ჰქონდეს, ბურთების სხვაობაც და ურთიერთშეხვედრებშიც თანაფარდობა იყოს?!. ამ შემთხვევაში კი, წითელ-ყვითელი ბარათები დაითვლება და შესაძლოა, სწორედ დისციპლინის ხშირმა დარღვევამაც გადამწყვეტი როლი შეასრულოს ადგილების განაწილებაში.

ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, პირველ ეტაპზე სერიოზული სკანდალი ჯერ არ გვქონია და იმედი დავიტოვოთ, რომ გადამწყვეტ, მეორე ეტაპზეც ასე გაგრძელდება. თუმცა, გარკვეული "ბერკეტიც" მოქმედებს: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო დებულება "საკმარისზე მეტად" არის გამკაცრებული და, ალბათ, ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც ნამდვილად მართებთ დაფიქრება მოსალოდნელი ფინანსური სანქციებისადმი.

უკვე აღვნიშნეთ, პირველ ეტაპზე სერიოზული დარღვევები რომ არ ყოფილა, თორემ "წვრილმანები" ყველგან და ყოველთვის იყო და იქნება კიდეც; უმაღლესი ლიგის მონაცემებს თუ გადავხედავთ, პირველ ეტაპზე ყველაზე ნაკლები გაფრთხილება "ზესტაფონის", "ტორპედოს", "გაგრას", "დილასა" და "კოლხეთის" ფეხბურთელებმა მიიღეს (27-27); შემდეგ მოდიან: "მეტალურგი (29), "მერანი" (31), "ვიტ ჯორჯია" (32), "ბაია" (34), "დინამო" (35), "სიონი" (36), "სპარტაკი" (37).

კონკრეტულ შემთხვევებს რაც შეეხება, "აბსოლუტურ ლიდერობას" არავის უთმობს "მერანის" 23 წლის მცველი ვალერი იობაშვილი, რომელმაც პირველ ეტაპზე 7 ყვითელი ბარათი მიიღო; მსაჯებმა ექვს-ექვსჯერ გააფრთხილეს რევაზ ღანიაშვილი ("ვიტ ჯორჯია") და ლევან ჩხეტიანი ("სიონი"), ხუთ-ხუთჯერ: გურამ გურეშიძე ("ვიტ ჯორჯია"), ვარლამ კილასონია, კობა შალამბერიძე (ორივე - "სპარტაკი"), თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო"), ლუკა რაზმაძე ("მეტალურგი"), გიორგი მანწკავა ("მერანი").

პირველი ეტაპის მიხედვით სატურნირო ცხრილის გამოკვეთილი აუტსაიდერი "სიონი" იყო; სამწუხაროდ, ბოლნისური გუნდი ვერც დისციპლინაში ყოჩაღობს: გაფრთხილებათა რაოდენობით ერთ-ერთი "საუკეთესო" შედეგი ხომ აქვს, ამას გარდა, გაძევებებიც არ არის უცხო "სიონის" ფეხბურთელბისათვის. ჰო, მართლაც ვერ არის მოსაწონი ფაქტი: პირველ ეტაპზე მსაჯებმა "სიონის" მოთამაშეებს ოთხჯერ უჩვენეს წითელი ბარათი: დავით სვანიძეს, გიორგი ოქროპირიძესა და ლევან ჩხეტიანს (ეს უკანასკნელი მოედნიდან ორჯერ გააძევეს).

გაფრთხილებების რაოდენობით "ტორპედოს" ცუდი მდგომარეობა ნამდვილად არა აქვს, სამაგიეროდ, ცოტა არ იყოს, ბევრი გვეჩვენება ქუთაისელთა მიერ მიღებული წითელი ბარათების რაოდენობა: მოედნიდან გააძევეს დავით ბოლქვაძე, გიორგი გურული და მიხეილ ჩხარტიშვილი. "სიონისა" და "ტორპედოს" ფეხბურთელთა გარდა, პირველ ეტაპზე სხვა ფეხბურთელებმაც მიიღეს წითელი ბარათი: გიორგი ტყეშელაშვილმა ("გაგრა"), ნიკოლოზ მაისურაძემ ("სპარტაკი"), ვაჟა ნემსაძემ ("დილა"), ომარ გოგონაიამ ("კოლხეთი"), ჯაბა დვალმა ("ზესტაფონი"), ლევან აკობიამ ("ბაია"), გიორგი ლორიამ, ირჟი ჰომოლამ (ორივე - "დინამო").

იმედია, მეორე ეტაპზე ეს რიცხვი მნიშვნელოვნად აღარ გაიზრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შალამბერიძეს 5 ყვითელი არ მიუღია,შეცდომაა 3 ყვითელი მიიღო...
gigi
15:18 28-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული