რუსთავის "მეტალურგი" - სტაბილური ფავორიტი

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგს" თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდი; თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს კლუბი უმაღლეს ლიგაში მეექვსე სეზონს ატარებს და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, ჩემპიონატი პირველ სამეულს მიღმა რომ დაამთავრა.

მოკლედ, მართლაც ბევრ გუნდს შეშურდება რუსთაველთა მსგავსი შედეგები: გუნდი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ მესამე ადგილზე გავიდა და ერთხელ - მეოთხეზე. ასეთი წარმატებებიდან გამომდინარე, "მეტალურგი" ამ სეზონშიც ერთ-ერთ ფავორიტად მივიჩნიეთ ჩემპიონატის დაწყებამდე და რუსთაველ ქომაგებსაც ჯერჯერობით უკმაყოფილების გრძნობა არ უნდა ჰქონდეთ;

შეგახსენებთ, რომ ჩვეულებრივ ცხრილში"
"მეტალურგს" დღესდღეობით მეოთხე ადგილი უკავია და, ერთი შეხედვით, სოლიდური სხვაობით (12 ქულით) ჩემორჩება ერთპიროვნულ ლიდერს "ზესტაფონს"; თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვან (ანუ, ვირტუალურ) ცხრილში "მეტალურგს" ერთობ კომფორტული პოზიცია (მეორე ადგილზეა) უკავია და "ზესტაფონს" მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ რა ცვლილებები მოხდება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რუსთაველთა გუნდში, მაგრამ კლუბი რომ მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ადგილებისათვის იბრძოლებს ამაში დარწმუნებული ვართ. ამბიციური და, რაც მთავარია, ფეხბურთში კარგად ჩახედული კლუბის ხელმძღვანელობა, კვალიფიციური და გამოცდილი მწვრთნელი, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე არცთუ ურიგო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობა, - ყოველივე ეს იმის წინაპირობას იძლევა, რომ ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე "მეტალურგი" მედლების მოპოვების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად განვიხილოთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ქომაგების ფაქტორიც: "მეტალურგის" საშინაო მატჩები ხომ ცარიელი ტრიბუნების წინ, ფაქტობრივად, არასდროს ტარდება. აღარაფერს ვამბობთ კიდევ ერთ და "განსაკუთრებულ" ფაქტორზეც: თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ "ფოლადის" სტადიონის ვიპ-ლოჟაში კვლავაც გამოჩნდა რუსთავული კლუბის უპირველესი გულშემატკივარი, ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული დავით კირკიტაძე!

ხმაურიანი გადაადგილებები
შარშანდელი ზაფხული რუსთავული კლუბისათვის განსაკუთრებულად გამორჩეული იყო, თანაც, ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის გამო; ჯერ იყო და, კლუბის აწ უკვე ძველმა ხელმძღვანელობამ თავისი იდეა რეალობად აქციეს და რუსთავულ გუნდსაც "ისტორიული" სახელწოდება ("მეტალურგი") დაუბრუნეს! ამას უკვე არანაკლებ "ხმაურიანი" საკადრო ცვლილება მოჰყვა: კლუბის მეპატრონის, ჯოზეფ ქეისა და "მეტალურგის" გზები გაიყო და XXIII ჩემპიონატის სტარტიდან რუსთავულ გუნდის მმართველ დირექტორად ბუბა ტყავაძე დაინიშნა.

ეს უკანასკნელი კი (წინამორბედისაგან განსხვავებით) ქართულ საფეხბურთო სამყაროში ყველასათვის კარგად ნაცნობი "სახე" გახლავთ და აქტიურ საქმიანობას დაახლოებით ნახევარწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა (მანამდე, წლების განმავლობაში თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორი იყო). ახალი ხელმძღვანელის მოსვლას, წესითა და რიგით, სხვა საკადრო ცვლილებაც უნდა მოჰყოლოდა და ასეც მოხდა: პირველი ტურის შემდეგ "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელად ერთობ წარმატებული სპეციალისტი კობა ჟორჟიკაშვილი დაინიშნა.

სხვათა შორის, ტყავაძე-ჟორჟიკაშვილის ურთიერთობა წინა საუკუნის 90-იან წლების დასაწყისიდან "მოდის", როცა მართლაც კოლორიტული გუნდის, თბილისის "მრეტებში" ერთად იყვნენ. ამ "დუეტს" სულ მალე კიდევ ერთი ყოფილი "მრეტი", აკა ქავთარაძე შეუერთდა, რომელიც "მეტალურგში" გუნდის უფროსად დაინიშნა.

ეს ყველაფერი მერე იყო, მანამდე კი სახელწოდებაშეცვლილმა რუსთავის გუნდმა კლუბის ისტორიაში პირველად შეძლო და ევროტურნირების ორი ეტაპი წარმატებით გაიარა! ჰო, შარშანდლამდე რუსთავის "ოლიმპის" ("მეტალურგის" წინამორბედის) საუკეთესო მიღწევად, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა ითვლებოდა; ამჯერად კი, თორნიკე მაისურაძისა და არმაზ ჯელაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ჯერ სომხურ "ბანანცს" აჯობა (1:0, 1:1), მერე - ყაზახურ "ირტიშს" (1:1, 2:0). აი, მომდევნო მეტოქესთან "მეტალურგს" წარმატების შანსი რომ არ ექნებოდა, ისედაც ცხადი იყო: რუსთავულ გუნდსა და ფრანგულ "რენს" შორის კლასში სხვაობა ორივე შეხვედრის ანგარიშშიც აისახა (2:5, 0:2). თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ ევროტურნირებზე "მეტალურგის" ასპარეზობას წარუმატებელს ვერავინ უწოდებდა.

მიდი-მოდი... მორჩა!
წინა წლებში "მეტალურგის" ("ოლიმპის") ლამის "საფირმო ნიშნად" იყო ქცეული ამ გუნდში მომხდარი ხშირ-ხშირი საკადრო ცვლილებები; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სეზონი არ ყოფილა, ერთსა და იმავე მწვრთნელს "გადაბმულად" რომ ემუშავა! აღარაფერს ვამბობთ ფეხბურთელების გაუთავებელ "მიდი-მოდიზე": ფაქტობრივად: ყოველ ექვს თვეში "ახალი გუნდი" კეთდებოდა ხოლმე;

ამ მხირვ გამონაკლისი არც შარშანდელი ზაფხული იყო, თუმცა "მეტალურგში" მასშტაბური ცვლილებები აღარ განხორციელებულა და რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი (გივი კვარაცხელია, დიმიტრი ტატანაშვლი, გიორგი სეთურიძე, გიორგი ჭედია) უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას ჩაირიცხა რუსთავულ კლუბში. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კონკურენტებთან შედარებით, "მეტალურგის" სამწვრთნელო შტაბს იმის ფუფუნება ნამდვილად არ ჰქონია, ძირითად შემადგენლობაში როტაცია ხშირად მოეხდინა. ეგ კი არა, პირველი ეტაპის დასკვნით ტურებში ისეთი შემთხვევებიც იყო, გუნდის 18-კაციანი განაცხადი ბოლომდე რომ ვერ ივსებოდა.

პირველ ეტაპზე "მეტალურგმა" საუკეთესო მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარა, როცა მართლაც თვალსასეირო პაექრობაში "დინამოს" 3:2 მოუგო. ის შეხვედრა "რუსთავქალაქობას" დაემთხვა და "მეტალურგმაც" ასე მიულოცა თავის ერთგულ ქომაგებს ეს დღესასწაული. რაც შეეხება სხვა კონკურენტებთან ურთიერთშეხვედრებს, "დინამოს" გარდა, "მეტალურგმა" მხოლოდ "ტორპედოს" დამარცხება შეძლო საშინაო მატჩში.

ისე, "ჩვეულებრივ ცხრილში" რუსთაველებს ბევრად უკეთესი შედეგი უნდა ჰქონოდათ, მაგრამ აუტსაიდერებთან ბევრი ქულა დაკარგეს. თუმცა, ყოველივე ეს ვირტუალურ ცხრილში არ ასახულა: დიდი ალბათობით, ის აუტსაიდერები ხომ საუკეთესო რვა გუნდში ვერ მოხვდებიან.

მეკარეები
ჩემპიონატი ძირითადი მეკარის სტატუსით 31 წლის ზურაბ ბათიაშვილმა დაიწყო, "გაგრასთან" წაგებული მატჩის შემდეგ კი ეს პოსტი არანაკლებ გამოცდილმა, ასევე 31 წლის გრიგოლ ბედიაშვილმა დაიბრუნა. სხვათა შორის, "მეტალურგი" ერთ-ერთი იშვიათი გუნდია უმაღლეს ლიგაში, ორი ასეთი გამოცდილი და თანაბარი ძალის მეკარე რომ ჰყავს.

მცველები
"მეტალურგის" დაცვის ხაზში ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა ჩემპიონატის მსვლელობისას გუნდის მთავარ მწვრთნელს კობა ჟორჟიკაშვილს ამ რგოლის დაკომპლექტებისას გარკვეული პრობლემებიც ჰქონდა. ტრავმებისა თუ სხვა მიზეზის გამოც იყო, პირველ ეტაპის დასკვნით მატჩებში "მეტალურგის" დაცვის ხაზში ნომინალური ნახევარმცველები (დენის დობროვოლსკი, გიორგი გავაშელიშვილი) რომ ასპარეზობდნენ. დანარჩენებზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ: 33 წლის მიხეილ მახვილაძეს, 27 წლის ალექსანდრე კვახაძესა და 26 წლის ლაშა ჯაფარიძეს ეროვნულ ჩემპიონატში არაერთი სეზონი ჩაუტარებიათ;

აშკარად გამართლებულ ტრანსფერად უნდა მივიჩნიოთ ერთწლიანი პაუზის მერე გივი კვარაცხელიას დაბრუნებაც: 32 წლის უნივერსალი-ფეხბურთელი სულ მოკლე დროში ჩამოყალიბდა თავისი ძველ-ახალი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად.

ნახევარმცველები
თითქმის უმეტეს შემთხვევაში, კობა ჟორჟიკაშვილი უპირატესობას 4-2-3-1 ტაქტიკურ განლაგებას ანიჭებდა. ორი "საყრდენიდან" ერთ-ერთი კი, მუდამ ლუკა რაზმაძე გახლდათ - 28 წლის ნახევრამცველი "მეტალურგის" შეუცვლელი ფეხბურთელია და მის მონდომებულ თამაშზეც ბევრად არის დამოკიდებული რუსთავული გუნდის წარმატება. მოედნის ცენტრში რაზმაძის მეწყვილე(ებ)ი კი ხშირად იცვლებოდა: 23 წლის გიორგი ქავთარაძემ, და მისმა თანატოლმა ირაკლი მაისურაძემ ამ პოზიციაზეც არაერთი მატჩი ჩაატარეს და ხშირად, გარემარბებადაც გვევლინებოდნენ. ეს ორივე უნივერსალი ნახევარმცველი "მეტალურგის" წამყვან ფეხბურთელებად მიიჩნევა. ისე როგორც 23 წლის გიორგი მიქაბერიძე, - ეს უკანასკნელი, ზაფხულიდან მოყოლებული, უდავოდ საუკეთესო სეზონს ატარებს თავის კარიერაში.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო ბევრი გაუცდათ ფლანგის ნახევარმცველებს, 26 წლის რევაზ გეწაძესა და მის თანატოლს, გიორგი სეთურიძეს. რუსთაველი ქომაგები იმედოვნებენ, რომ მეორე ეტაპზე ბევრად უკეთ წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს 23 წლის გიორგი ჭედია, რომელიც ასევე ჩემპიონატის მსვლელობისას დაბრუნდა "მეტალურგში".

თავდამსხმელები
ერთი შეხედვით, "მეტალურგს" სუპერ-შედეგიან გუნდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ვერც იმას იტყვის ვინმე, თითქოსდა თავდასხმა არის კლუბის ყველაზე სუსტი რგოლიო. უფრო პირიქით ვიტყოდით: "მეტალურგის" ფორვარდების ჩინებული თამაში განაპირობებს კიდეც იმ ფაქტს, რუსთაველები მედლების მოპოვების რეალურ კანდიდატად რომ მიიჩნევიან.

ძალიან "ადვილად" შეეწყო ახალ გუნდს დიმიტრი ტატანაშვილი - 28 წლის თავდამსხმელი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია და არც ის იყო პატარა ამბავი, როცა ოთხჯერ შეძლო "დუბლის" შესრულება! შედეგიანობა არც მეორე თავდამსხმელს დაეწუნება: ირაკლი მოდებაძემ 12 არასრული მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 27 წლის ფორვარდს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და ამას გარდა, იშვიათზე-იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა.

მეტალურგის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური მეტალურგი-კოლხეთი 0:0
II ტური მეტალურგი-ბაია 2:0
III ტური გაგრა-მეტალურგი 2:0
IV ტური მეტალურგი-სპარტაკი 0:0
V ტური ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:2
VI ტური მეტალურგი-ტორპედო 2:0
VII ტური ზესტაფონი-მეტალურგი 2:0
VIII ტური მეტალურგი-დილა 3:1
IX ტური დინამო-მეტალურგი 2:3
X ტური მეტალურგი-მერანი 2:1
XI ტური სიონი-მეტალურგი 2:2
XII ტური კოლხეთი-მეტალურგი 3:1
XIII ტური ბაია-მეტალურგი 1:2
XIV ტური მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:0
XVII ტური ტორპედო-მეტალურგი 2:0
XV ტური სპარტაკი-მეტალურგი 0:1
XVIII ტური მეტალურგი-ზესტაფონი 0:0

მეკარეები:
გრიგოლ ბედიაშვილი-15, ზურაბ ბათიაშვილი-3
მცველები: ლაშა ჯაფარიძე-16, ალექსანდრე კვახაძე-15, მიხეილ მახვილაძე-15, გივი კვარაცხელია-14, სერგი ორბელაძე-2, გიორგი მურველაშვილი-1;
ნახევარმცველები: გიორგი ქავთარაძე-18 (1), გიორგი მიქაბერიძე-18 (1), ირაკლი მაისურაძე-17 (2), ლუკა რაზმაძე-17 (2), დენის დობროვოლსკი-16, რევაზ გეწაძე-10 (1), გიორგი სეთურიძე-10, გიორგი გავაშელიშვილი-9.
თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი-17 (9), ირაკლი მოდებაძე-12 (5), ილია პავლიაშვილი-12, გიორგი ჭედია-11.

მწვრთნელები

I ტური - არმაზ ჯელაძე
II-XVIII ტური - კობა ჟორჟიკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული