"გაგრა" - გუნდი-სიურპრიზი

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდული გუნდი "გაგრა" 2004 წელს დაარსდა და მის მერე კლუბის უცვლელი პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე გახლავთ; არცთუ დიდი ისტორიის მქონე გუნდს გარკვეული კი არა, გამორჩეული მიღწევ(ებ)ითაც შეუძლია რომ იამაყოს: შარშან, "გაგრამ" საქართველოს თასი მოიპოვა!


არადა, საქართველოს თასის ისტორიაში მანამდე არცერთხელ მომხდარა, პირველი ლიგის გუნდი ფინალში რომ გასულიყოს, აღარაფერს ვამბობთ ამ საპატიო პრიზის მოპოვებაზე. საერთოდაც, 2011 წელი "გაგრასთვის" მართლაც განსაკუთრებული იყო: გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზურიც უპრობლემოდ მოიპოვა და შემდეგ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს თასიც დაისაკუთრა; ამ ყველაფერს კი
ბევრად უფრო საპასუხისმგებლო და "საინტერესო" გაგრძელება მოჰყვა: ახალგაზრდულ გუნდს ევროტურნირებზე დებიუტი ელოდა!

როგორც თავისი ქვეყნის თასის მფლობელი, "გაგრა" ევროპის ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, თუმცა, საყოველთაო შეფასებით, კენჭისყრისას აშკარად არ გაუმართლა; ყოველ შემთხვევაში, ევროტურნირების საწყის ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეებს შორის ყველაზე ძლიერი და "არასასურველი" სწორედ "გაგრას" ერგო - კვიპროსის "ანორთოსისი".

გასაგებია, რომ "ანორთოსისი" ევროპულ გრანდთა რიცხვს არ მიეკუთვნება, მაგრამ ეს კვიპროსული კლუბი, ფაქტობრივად, ყოველწლიურად ასპარეზობს ევროტურნირებზე (ერთხელ სულაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია - ჩვენი თანამემამულის, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით). ასეთ დონეზე გამოცდილების ფაქტორი რამდენს ნიშნავს, ამაში "ანორთოსისისა" და "გაგრას" ორრაუნდიანი დაპირისპირების დროს დავრწმუნდით: "ერთი-მეორეზე გამოცდილი და არცთუ "მეორეხარისხოვანი" ლეგიონერებით დაკომპლექტებულმა კვიპროსულმა კლუბმა ევროტურნრიების დებიუტანტი ქართული გუნდი შინ დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა;

ერთი შეხედვით, ამ წყვილში ყველას ყველაფერი გარკვეული ეგონა, მაგრამ განმეორებით მატჩში (ზესტაფონის სტადიონზე რომ ჩატარდა) ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდმა არნახული ჟინით ითამაშა და სულ მცირედი დააკლდა, ევროტურნირების იმ ეტაპის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სენსაციამდე - გამოცდილი კვიპროსული კლუბი 2:0 დაამარცხა!

ისე, საკითხავია, მომდევნო ეტაპზე "ანორთოსისი" გავიდოდა თუ ჩვენი გუნდი, "გაგრას" შემადგენლობაში ახალგაზრდა ნიგერიელ შემტევს ოვონიკოკოს რომ ეთამაშა - სამწუხაროდ, მძიმე ტრავმის გამო 19 წლის ნიჭიერ თავდამსხმელს, ფაქტობრივად, მთელი წელიწადი გაუცდა. ამასობაში კი XXIII ჩემპიონატიც დაიწყო - ერთწლიანი პაუზის შემდეგ "გაგრა" კვლავაც უმაღლეს ლიგაში რომ უნდა გვეხილა.

იმედიანი სტარტი
შარშანდელი მიღწევების (უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება, თასის ფინალში გამარჯვება) ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, გუნდის მთავარ მწვრთნელს ანატოლი პისკოვეცს სეზონის დაწყების წინ შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები არ მოუხდენია. არ შეცვლილა "გაგრას" ტაქტიკური სქემაც: გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტი, როგორც წესი, 3-5-2 (ან, 3-6-1) განლაგებას ანიჭებდა უპირატესობას.

კვლავაც უცვლელი დარჩა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაც: სამი-ოთხი ფეხბურთელის გარდა, "გაგრას" ძირითად ბირთვს 20-21 წლის ახალგაზრდები შეადგენდნენ. გუნდს კარგად წაადგა უცხოეთში გავლილი შეკრებაც და ევროტურნირებზე მიღებული გამოცდილებაც: საქართველოს ჩემპიონატში "გაგრამ" ისეთი სტარტი აიღო, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებდა! ჰო, ეს მართლაც მოულოდნელობა იყო: სამი ტურის შემდეგ უმაღლეს ლიგაში ერთადერთი გუნდი "გაგრა" იყო, სამივე მატჩის მოგება რომ შეძლო;

არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტი, ბომბარდირთა სიას "გაგრას" ფეხბურთელი, 20 წლის შალვა კვანტალიანი რომ ლიდერობდა. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ისეთ ძლიერ მეტოქესთან გამარჯვება, როგორიც რუსთავის "მეტალურგია" - ლევან შარიქაძის ოსტატურად შესრულებული საჯარიმოთი და ვლადიმირ ორდინსკის ასევე შორეული დარტყმით, "გაგრამ" ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა, თუმცა ამის შემდეგ მოვლენები აბსოლუტურად საპირისპირო "სცენარით" განვითარდა.

კრიზისი და გამოსავალი
ზედიზედ სამ გამარჯვებას "საშინელი" გაგრძელება მოჰყვა - მომდევნო ხუთ შეხვედრაში "გაგრამ" ერთადერთი ქულა მოიპოვა (ფრედ ითამაშა "სპარტაკთან", ოთხი მატჩი კი წააგო). ასეთ დროს კი, მოგეხსენებათ, რომ გარკვეული საკადრო გადაადგილეები ხდება ხოლმე და ამ მხრივ, გამონაკლისი არც "გაგრა" იყო. ოღონდ, მწვრთნელის შეცვლაზე თავდაპირველად "არაოფიციალური" ვერსიები ვრცელდებოდა: სანაკრებო პაუზის გამო ჩვენ ჩემპიონატში შესვენება იყო გამოცხადებული და სწორედ მაშინ (ოქტომბრის დასაწყისში) შევიტყვეთ, ანატოლი პისკოვეცი სამშობლოში სამკურნალოდ რომ ყოფილა წასული.

თუმცა, ჩემპიონატი განახლდა და "ზესტაფონთან" მატჩში "გაგრას" სხვა მწვრთნელი თავკაცობდა: სოხუმის "ცხუმისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი ზვიად ჯელაძე, რომელიც მანამდე პისკოვეცის ასისტენტად მუშაობდა.

მოქმედ ჩემპიონთან წაგების გამო დებიუტანტ მწვრთნელს ვინ დაძრახავდა, თუმცა უკვე მომდევნო ტურში ჯელაძის დამოძღვრილმა "გაგრამ" შეძლო და ორთვიანი მოუგებელი სერია დაასრულა (თანაც, უშუალო კონკურენტს, გორის "დილას" მოუგო). მოკლედ ზვიად ჯელაძე თავდაპირველად თუ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა, სულ მალე ოფიციალურად დაინიშნა ამ პოსტზე და ისიც უნდა ვთქვათ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას დებიუტანტი სპეციალისტის საქმიანობასთან პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს.

რაც მთავარია, ჩემპიონატის ზამთრის ეტაპი "გაგრამ" მერვე, "გადამრჩენელ" ადგილზე დაასრულა; თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, თუ როგორი რთული მატჩები ელოდება გუნდს ადრიან გაზაფხულზე: "ტორპედოსთან", "ზესტაფონთან", "დინამოსთან" და სტუმრად გორის "დილასთან". ანუ, ოთხივე ისეთი მატჩია, "გაგრასაც" და მეტოქეებსაც ქულები სასიცოცხლოდ რომ ჭირდებათ საუკეთესო რვაგუნდიანი ცხრილში გასათვალისწინებლად.

"გაგრას" აქტივში უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ გუნდი ზედიწედ მეორედ იასპარეზებს საქართველოს თასის ნახევარფინალში და ფინალშიც რომ კვლავაც ვიხილოთ, ნურც ის გაგვიკვირდება.

მეკარეები
წინა სეზონში "გაგრას" წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებდა კოკა სეფიაშვილის ჩინებული თამაში. 25 წლის მეკარემ საკუთარი შესაძლებლობები იმდენად წარმოაჩინა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც გამოიძახეს. სეფიაშვილი "გაგრას" ძირითადი მეკარე გახლდათ, მაგრამ ზამთრის ეტაპის დასკვნით მატჩებში განაცხადშიც ვერ ვხედავდით; რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა, მაგრამ დღესდღეობით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ეს ნიჭიერი მეკარე კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

ჩემპიონატის ბოლო ოთხი მატჩი კი გუნდის ახალწვეულმა, 20 წლის გიორგი ბეგაშვილმა ჩაატარა და ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე ახალგაზრდა მეკარეს ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია.

მცველები
ზვიად ჯელაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ახალი სახეებიც გამოჩნდნენ და, რაც მთავარია, ტაქტიკური სქემაც შეიცვალა; ყოველ შემთხვევაში, ზემოთნახსენები 3-5-2 ამჯერად უკვე 4-4-2 (ან, 4-4-1-1)-მა ჩაანაცვლა. ცვლილებები არ შეხებიათ ცენტრალურ მცველებს - 20 წლის ლაშა კალანდაძე გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, 26 წლის გიორგი ტყეშელაშვილი კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ ("გაგრას" კაპიტანი თავის ამპლუაში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო ზამთრის ეტაპზე).

სამაგიეროდ, ამპლუა შეეცვალა 21 წლის ირაკლი ხურციძეს - ბოლო მატჩებში ხან მარჯვენა მცველად რომ თამაშობდა, ხან - მარჯვენა ნახევარმცველად.

ზვიად ჯელაძის ნამდვილ "საკადრო მიგნებად" უნდა მივიჩნიოთ "გაგრას" ძირითადში გიორგი ჯგერენაიას გამოჩენა - 17 წლის ბიჭი დაცვის მარცხენა ფლანგზე, ასაკთან შეუფერებელი დამაჯერებელი ბურთაობით გამოირჩეოდა.

ნახევარმცველები
"გაგრას", უდავოდ, საუკეთესო რგოლში რამდენიმე ფეხბურთელი გამოირჩეოდა, რომელთაგანაც, უპირველესად, 22 წლის ლევან შარიქაძე უნდა აღვნიშნოთ; ახალგაზრდა ნახევარმცველი 5 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც იყო და "გაგრას" ყველა შეტევების სულისჩამდგმელიც გახლდათ.

ასევე ერთ-ერთი ლიდერი იყო გუნდის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, 30 წლის მიკოლა ნაკონეჩნი - უკრაინელი "საყრდენიც" (ტყეშელაშვილის მსგავსად) ჩემპიონატში თანაამპლუელთა შორის საუკეთესოებში უნდა მივიჩნიოთ.

შეუცვლელი ფეხბურთელი გახლავთ 21 წლის ნიკოლოზ ჯიშკარიანიც - პისკოვეცის დროს მთელი მარცხენა ფლანგის კონტროლი ევალებოდა, ბოლო მატჩებში კი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე რომ ასპარეზობდა. ზვიად ჯელაძის მოსვლის შემდეგ ძირითადის ფეხბურთელი გახდა ახალგაზრდა საყრდენი, 21 წლის გიორგი ყურულაშვილი; რაც შეეხება 22 წლის დათა სიჭინავასა და მის თანატოლს გიორგი გაბედავას, ეს ორივე ფეხბურთელი წინა სეზონებში ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ.

თავდამსხმელები
სეზონის სტარტზე ცენტრფორვარდის პოზიციაზე შალვა კვანტალიანი ასპარეზობდა, თუმცა 20 წლის თავდამსხმელი მოგვიანებით ლეგიონერებმა ჩაანაცვლეს: ვიდრე ტრავმას მიიღებდა, 19 წლის ნიგერიელი მაგაჯი ასპარეზობდა, შემდეგ კი ძირითადში ადგილი მისმა თანატოლმა და თანამემამულემ ჯონ ჯერემიამ დაიკავა. რაც შეეხება ვლადიმირ ორდინსკის, უკრაინელი ლეგიონერი "გაგრას" მაშინ დაემშვიდობა, როცა თანამემამულე მწვრთნელი გუნდიდან წავიდა.

გაგრას ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური გაგრა-მერანი 3:0
II ტური სიონი-გაგრა 1:3
III ტური გაგრა-მეტალურგი 2:0
IV ტური ბაია-გაგრა 3:0
V ტური გაგრა-კოლხეთი 1:2
VI ტური გაგრა-სპარტაკი 0:0
VII ტური ვიტ ჯორჯია-გაგრა 1:0
VIII ტური გაგრა-ტორპედო 0:1
IX ტური ზესტაფონი-გაგრა 4:1
X ტური გაგრა-დილა 2:1
XI ტური დინამო-გაგრა 3:0
XII ტური მერანი-გაგრა 1:0
XIII ტური გაგრა-სიონი 0:0
XIV ტური მეტალურგი-გაგრა 1:1
XV ტური გაგრა-ბაია 0:1
XVI ტური კოლხეთი-გაგრა 2:3
XVII ტური სპარტაკი-გაგრა 2:1
XVIII ტური გაგრა-ვიტ ჯორჯია 1:0

მწვრთნელები: ანატოლი პისკოვეცი (I-VIII ტური) ზვიად ჯელაძე (IX-XVIII ტური)
მეკარეები: კოკა სეფიაშვილი-14, გიორგი ბეგაშვილი-4;
მცველები: ლაშა კალანდაძე-18 (1), გიორგი ტყეშელაშვილი-16 (1), ირაკლი ხუციძე-15 (1), ზვიად ჩხეტიანი-13, ჯემალ გაბუნია-8, გიორგი ჯგერენაია-5, ნუგზარ ხოჯაშვილი-2, გუგა ფალავანდიშვილი-1;
ნახევარმცველები: ლევან შარიქაძე-18 (5), ნიკოლოზ ჯიშკარიანი-17 (1), მიკოლა ნაკონეჩნი-17 (1), დათა სიჭინავა-13 (2), გიორგი ყურულაშვილი-12, გიორგი გაბედავა-11, ნიკა ჭკუასელი-6, გიორგი ზვიადაძე-6, ბექა ქართველიშვილი-5, გიორგი ჭოხონელიძე-3;
თავდამსხმელები: შალვა კვანტალიანი-17 (4), ჯონ ჯერემია-10 (2), ვლადიმირ ორდინსკი-9 (1), უმარ მაგაჯი-8.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაგრას გაუმარჯოს
givi
19:34 06-01-2012
0
გაგრას ხელმძღვანელობა აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს რაც მისასალმებელია.
malxazi
21:31 06-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული