დასვენებული გარსია გვირჩევს: სიმშვიდე და მოთმინება!

AutoSharing Option
ორი დღეა, თბილისის "დინამო" საყოველთაო ყურადღების ცენტრშია: ჟურნალისტებს ჯერ კლუბის ხელმძღვანელები, გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე შეგვხვდნენ, გუშინ კი, დაპირებისამებრ, ქართული მასმედიის წინაშე გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია და მისი ასისტენტი გიორგი ყოლბაია წარდგნენ.

"დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძემ სიტყვა ესპანელ მწვრთნელს მისცა და ვიდრე კითხვა-პასუხი "გაჩაღდებოდა", გარსიამ მოკლე "შესავალიც" გააკეთა:

"უპირველეს ყოვლისა, შობა-ახალ წელს გილოცავთ; მოგეხსენებათ, "დინამომ" გუშინ პირველი ვარჯიში ჩაატარა ახალ ფეხბურთელებთან ერთად. 13 იანვარს ესპანეთში შეკრებაზე მივემგზავრებით - ახალი შემართებით და ახალი შემადგენლობით. ესეც
ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია: ზოგი ფეხბურთელი მიდის, ზოგი - მოდის..."

* * *
ამის მერე კი, არცთუ მცირე ხნის განმავლობაში ალექს გარსია მაქსიმალურად ცდილობდა ქართველი ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. თუმცა, არც იმას დავმალავთ, რომ ხშირ შემთხვევაში ქართული მედიის მწვავე კითხვებს ესპანელი მწვრთნელისგან დიპლომატიური და მეტ-ნაკლებად ზოგადი პასუხები მოჰყვებოდა ხოლმე.

მაგრამ ამის გამო გარსიას განსჯას სულაც არ ვაპირებთ - იმედი დავიტოვოთ, რომ "დინამოს" ესპანური შეკრების შემდეგ ბევრად უფრო ამომწურავ და, რაც მთავარია, კონკრეტულ პასუხებს მივიღებთ. ახლა კი, "დაპირებული" და კითხვა-პასუხის "რეჟიმში" ჩატარებული პრესკონფერენციაც.

- საშობაოდ სამშობლოში იყავით, როგორ დაისვენეთ?
- ოჯახთან ყოფნა ყოველთვის კარგია; რაც მთავარია, ჩემმა უმცროსმა შვილმა უკვე ფეხი აიდგა და ამაზე უკეთეს საახალწლო საჩუქარს ვერც ვინატრებდი. მოკლედ, კარგად დავისვენე.

- "დინამოში" ორი ახალწვეულია: გიორგი მერებაშვილი და ირაკლი ძარია.
- ვიდრე არდადეგებზე გავიდოდით, კლუბის პრეზიდენტთან და გენერალურ დირექტორთან ვისაუბარე სამომავლო ტრანსფერების შესახებ. რა თქმა უნდა, ისეთ ფეხბურთელებზე გავაკეთებთ აქცენტს, გუნდს რომ გააძლიერებენ. ამას გარდა, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ გუნდში კონკურენტული გარემოს შექმნასაც და მჯერა, რომ მერებაშვილისა და ძარიას გამოცდილება "დინამოს" წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი საწინდარი იქნება.

- რამდენად კმაყოფილი ხართ პირველ ეტაპზე გუნდის შედეგით? და საერთოდ, როგორ ფიქრობთ, რა იყო ასეთი, ჩვენი აზრით, სამარცხვინო შედეგის მიზეზი?
- სამწუხაროდ, არასტაბილურობა გვდევდა. არადა, სწორედ სტაბილური თამაში იყო ჩვენი მიზანი, მაგრამ...

- გჯერათ, რომ "დინამოს" რეალურად შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა?
- ყველა დარჩენილ მატჩს თუ მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით!

- მცველების დამატებას არ აპირებთ? ჩვენი აზრით, დაცვის რგოლს აშკარად სჭირდება გაძლიერება.
- ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს გუნდში შეტევაც და თავდაცვაც ყველამ უნდა იცოდეს. მეტსაც გეტყვით: "დინამოს" პირველი შემტევი ჩვენი მეკარე გიორგი ლორიაა...

- არასტაბილურობა ახსენეთ. რა იყო ამის მიზეზი? თანაც, ნუ დაგვავიწყდებათ, რომ "დინამოს" საქართველოში საუკეთესო პირობები აქვს, მაგრამ გუნდს თამაშის გაუმჯობესებას ვერ ვამჩნევთ.
- რატომ, კარგი თამაშებიც ხომ გვქონდა? მაგრამ ისევ და ისევ არასტაბილურობამ დაგვაღალატა და კონკრეტულ მაგალითსაც მოგიყვანთ: "ზესტაფონთან" სტუმრად 65 წუთი კარგად ვთამაშობდით, გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში 5 ბურთი გავუშვით.

- "დილასთან", "მერანთან" თუ სხვა წარუმატებელი მატჩების შემდეგ წაგებას ხან მინდვრის უხარისხო საფარს აბრალებდით, ხანაც - არაობიექტურ მსაჯობას...
- თავს ნამდვილად არ ვიმართლებ, უბრალოდ, იყო გარკვეული გარემოებები. თუმცა, რადგან ამა თუ იმ მატჩში დავმარცხდით, ესე იგი, მე ვარ პასუხისმგებელი როგორც მწვრთნელი.

- სჭირდება თუ არა "დინამოს" შემოქმედი ფეხბურთელი?
- ჩემი აზრით, რაც გუნდს ყველაზე მეტად აკლდა პირველ ეტაპზე, კონკურენტული გარემო იყო.

- კლუბში სელექციაზე პასუხს ვინ აგებს: სპორტული დირექტორი, გენერალური დირექტორი თუ მთავარი მწვრთნელი?
- უკვე გითხარით, რომ სამშობლოში გამგზავრებამდე კლუბის ხელმძღვანელებს ვესაუბრე: რომელ რგოლში რომელი ფეხბურთელები გვჭირდებოდა. საერთოდ კი, სელექციაზე პასუხისმგებელი სპორტული დირექტორია.

- ოთხივე ესპანელი ფეხბურთელი რჩება გუნდში?
- არც ერთის გაშვებას არ ვაპირებთ, პირიქით - ერთი ესპანელი დაგვემატება: ანდრეუ გერაუ ამპლუით ნახევარმცველია, თავის დროზე პრიმერადივიზიონში, კერძოდ, "ხიხონში" უთამაშია.

- არავისთვის არის დაფარული, რომ პირველი ეტაპის ბოლო მატჩების ჩატარება ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გიწევდათ.
- მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად არის. ვხვდები, რაც იგულისხმეთ: უბრალოდ, იმ პერიოდში აღვნიშნე, რომ მოთმინებისა და სიმშვიდის შენარჩუნება იყო საჭირო. ამ შემთხვევაში არანაირი ზეწოლა არ მიგულისხმია. თუმცა, ისეთი დონის კლუბში ვმუშაობ, ზეწოლა არავის უნდა გაუკვირდეს.

- "დინამოს" სტუმრად თამაშს წარმატებულს ვერაფრით ვუწოდებთ: 13 ქულა ცხრა მატჩში.
- ამ შემთხვევაშიც არასტაბილური ასპარეზობა უნდა ვახსენო. არ დაგვავიწყდეს, რომ ზუგდიდში და კიდევ ერთ მატჩში გადამწყვეტი ბურთი ბოლო წუთებზე გავუშვით. ყოველივე ეს კი, გუნდზე ფსიქოლოგიურად მოქმედებდა.

- კლუბის ხელმძღვანელობაში ერთსულოვნებაა? კლუბს ჰყავს გენერალური დირექტორი, სპორტული დირექტორი, რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი - ურთიერთობაში ვინმესთან პრობლემა ხომ არ გაქვთ?
- მშვენიერი გარემოა!

- ახალ ტრანსფერებს კიდევ უნდა ველოდოთ?
- ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ გოგიტა გოგუასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, შეკრებაზე "დინამოსთან" ერთად იქნება. არ არის გამორიცხული, სანდრო გურულიც დავიმატოთ.

- ნებისმიერ მატჩსა და ნებისმიერ საფარზე "დინამო" ერთი და იმავე - 4-3-3 ტაქტიკით ასპარეზობდა. ახლაც ასე იქნება? თანაც, ძალიან გვაინტერესებს, ამ განლაგებაში მერებაშვილს რა ამპლუას შეურჩევთ.
- ეს ტაქტიკა დარჩება, რაც შეეხება მერებაშვილს, შეკრებაზე გამოჩნდება, სად უფრო სასარგებლო იქნება მისი გამოყენება.

- ამ ტაქტიკურ განლაგებას თქვენთვის წარმატება არ მოუტანია და რატომ არ ცვლით?
- უკაცრავად და, აქეთ დაგეკითხებით: ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ გავსულიყავით, ეს კითხვა ხომ აღარ გაჩნდებოდა?

- ევროპის ლიგაზე ძლიერი გუნდი, ფაქტობრივად, არც შეგხვედრიათ.
- თქვენ მიიჩნევთ, რომ ბერძნული აეკ-ი ძლიერი გუნდი არ იყო? ანდა, როცა ვიგებთ, ესე იგი, მოწინააღმდეგე იყო სუსტი? სხვათა შორის, ევროპის ლიგაზე ყველაზე შედეგიანი გუნდი ვიყავით. თუ არ გჯერათ, უეფას ვებგვერდი იხილეთ.

- თანამემამულე ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ხართ?
- კმაყოფილი ვარ, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა. იმედი მაქვს, მეორე ეტაპზე თითოეული მათგანი უფრო მეტს მოინდომებს.

- ჩისკო, გოგუა, მერებაშვილი - ერთდროულად სამი ლიდერი გუნდში გარკვეულ დისკომფორტს ხომ არ შექმნის?
- არავითარ შემთხვევაში, პირიქით - უფრო მოგებული დავრჩით ასეთი გამოცდილი ფეხბურთელების დამატებით.

- პირველ ეტაპზე "დინამოს" შედეგმა თქვენი, როგორც მწვრთნელის კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა.
- ეს ხომ რეალობაა და ყველგან ასეა: როცა გუნდს შედეგი არა აქვს, პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება. თუმცა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და მეტი მოვინდომოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეცროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ ვერ გახვედით, სწორედ მაგიტომ დაგისვეს ეს შეკითხვა სენიორ ალექს...ერთი მაღალკვალიფიციური მცველიც და დინამო სერიოზული ძალა იქნება! ტაქტიკის კი რა გითხრათ... 4-3-3 ამართლებს, მხოლოდ იმ გუნდში "სხვა" ესპანელებია...
დევიდ აირონს
11:44 11-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული