გორის "დილა" - ხმაურიანი დაბრუნება

AutoSharing Option
გორის "დილაში" ამჟამად ისეთი საინტერესო და "ხმაურიანი" სიახლეებია, ლამის არის, "ზესტაფონისა" და "დინამოს" მიერ განხორციელებული ბოლოდროინდელი ტრანსფერებიც დაიჩრდილოს. თუმცა, გორელთა კლუბში მიმდინარე მოვლენებზე "ლელოს" მკითხველი ინფორმირებულია და ამ თემაზე აღარ შევჩერდებით.

მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ფინანსური და სპორტული თვალსაზრისით კიდევ ერთი ძლიერი გუნდის გამოჩენა ჩვენ ჩემპიონატს უფრო მეტ ინტრიგას შემატებს. მით უფრო, არ დაგვავიწყდეს, რომ "დილას" ჯერ კიდევ არ დაუკარგავს საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი;

ეგ კი არა, კონკურენტებთან შედარებით ყველაზე კარგი კალენდარი სწორედ "დილას" აქვს: "მეტალურგთან" შეხვედრას თუ არ
ჩავთვლით, დანარჩენ სამ მატჩში გორელებმა ქულათა მაქსიმუმი თუ აიღეს, არავის გაუკვირდეს. ყოველ შემთხვევაში, "დილაში" ისეთი კონტიგენტი იკრიბება (პლუს, ზემოთნახსენები ფინანსური კეთილდღეობა არ დაგვავიწყდეს), რომ გუნდს მხოლოდ და მხოლოდ, ამბიციური მიზნები უნდა ჰქონდეს.

ამბიციურ მიზნებში კი ევროპის ლიგის საგზურისათვის ბრძოლას ვგულისხმობთ: "დილა" საქართველოს თასის ნახევარფინალშია გასული და ვინ იცის, იქნებ მესამე ცდაზე მაინც შეძლოს გორელების საყვარელმა გუნდმა ფინალში გასვლა.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონამდე "დილა" ორჯერ იყო თასის ნახევარფინალში (1997-98 და 2003-04 წლებში) და ფინალისკენ გზა ორივეჯერ თბილისის "დინამომ" გადაუღობა. და აი, მიმდინარე სეზონში "დილამ" შეძლო და ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბთან რევანში აიღო, თუმცა პირველი ეტაპის ერთ-ერთ ხმაურიან სენსაციაზე და, საერთოდ, გუნდის ასპარეზობაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

სასიამოვნო მოულოდნელობა
2007-08 წლების სეზონის შემდეგ "დილა" უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა; საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ეს მეორე შემთხვევა იყო, ოღონდ, თუ ადრე "დილამ" პირველსავე ცდაზე შეძლო უმაღლესში აღზევება, ამჯერად სამი წელიწადი დასჭირდა ამ მიზნის მისაღწევად (ეგ კი არა, ერთი პერიოდი გუნდი რეგიონალურ ლიგაშიც ასპარეზობდა).

"დილა" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა, სადაც მანამდე 18 სეზონი ჰქონდა ჩატარებული. თუმცა, გუნდის ქომაგებს, ალბათ, მწარედ ახსოვდათ უმაღლეს ლიგაში გატარებული ბოლო სეზონი: 2007-08 წლების ჩემპიონატი "დილამ" ერთადერთი მოგებით დაამთავრა! წარუმატებელი გამოდგა ამ სეზონის სტარტიც: გუნდი საწყის ორ შეხვედრაში დამარცხდა; თუმცა, იმ ორივე მატჩში ("ვიტ ჯორჯიასთან" , "ტორპედოსთან") "დილა", სულ მცირე, ქულას იმსახურებდა და, ალბათ, ფატალურ უიღბლობასაც უნდა დავაბრალოთ ყველაფერი.

სადებიუტო მატჩი ხომ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი მშვენება იყო: "დილა" უაღრესად დრამატულ პაექრობაში (თანაც, ბოლო წამებზე) დამარცხდა სტუმრად "ვიტ ჯორჯიასთან" (3:4) ამას არანაკლებ უიღბლო საშინაო მატჩი მოჰყვა: გორელებმა მეტოქის ("ტორპედოს") კართან უამრავი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში აშკარად მოიკოჭლებდნენ; სამაგიეროდ, კაცნაკლულმა სტუმრებმა ერთ-ერთი სწრაფი კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულეს და გორიდან 3 ქულით ხელდამშვენებულნიც წავიდნენ.

ადრე თუ გვიან, ნავსი ხომ უნდა გატეხილიყო და ასეც მოხდა: ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გორის "დილამ" უმაღლეს ლიგაში თამაში მოიგო! მართლაც არ იყო "პატარა ამბავი": 2007 წლის 11 აგვისტოს მერე "დილას" უმაღლეს ლიგაში გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული და  შარშან, 27 აგვისტოს ეს უსიამოვნო სერია შეწყდა. თუმცა, საწყისმა სამმა ტურმა "სხვა" რამეც დაგვანახა: "დილას" სახით, უმაღლეს ლიგაში გამოჩნდა გუნდი, აქცენტს მხოლოდ და მხოლოდ სწრაფ და შემტევ ფეხბურთზე რომ აკეთებდა!

არანაკლებ სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ქართულ საფეხბურთო "სივრცეში" შედარებით ახალი "სახის", გია ცეცაძის გამოჩენაც: ახალგაზრდა სპეციალისტის დამოძღვრილი "დილა" ერთობ თვალსასეირო ფეხბურთს უჩვენებდა და ნებისმიერ მეტოქესთან (შინაც და გარეთაც) ერთობ თამამი და ავანტურული ტაქტიკური განლაგებით (4-3-3) ასპარეზობდა.

თუმცა, მთავარი მოულოდნელობები, თურმე წინ გველოდა...

ჯადოსნური კვირა
ჩემპიონატში პირველი გამარჯვების შემდეგ "დილას" ორი ურთულესი მატჩი ჰქონდა: ჯერ იყო და მედგარი წინააღმდეგობა გაუწია "დინამოს", მაგრამ ამ შეხვედრაშიც ბოლო წუთზე დამარცხდა; მერე კი ის შეძლო, რასაც დანარჩენი გუნდები ვერაფრით ახერხებდნენ - მარტვილიდან ქულა წამოიღო!

ამასობაში კი III ტურის გადადებული მატჩის დღეც დადგა: 21 სექტემბერს "დილას" სტუმრად უწევდა თამაში "ზესტაფონთან". სენსაცია ის იყო, თუ იყო: გია ცეცაძის შეგირდებმა თამაში სწრაფ კონტრშტევებზე ააგეს და ქვეყნის ჩემპიონისა და ამ გათამაშების ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტის კარში ოთხი უპასუხო ბურთიც გაიტანეს!
მეტსაც ვიტყვით: რამდენიმე ეპიზოდში "ზესტაფონის" მეკარემ როინ კვასხვაძემ იყოჩაღა, თორემ ანგარიში, შესაძლოა, უფრო მეტად "უცნაური" ყოფილიყო.

ამ, მართლაც, მოულოდნელი სცენარით ჩატარებული მატჩიდან ერთ კვირაში "დილას" მეორე და არანაკლებ სერიოზული გამოცდა ელოდა: თასის მერვედფინალში თბილისის "დინამოსთან" პირველი მატჩი. ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ჩატარდა და მატჩის თვითმხილველნი დაგვეთანხმებიან, რომ საბოლოო ანგარიში (2:2), ალბათ ლოგიკურიც იყო. ეგ კი არა, დიდი შანსი იყო, "დილას" სულაც გაემარჯვა: სტუმრებმა საკუთარ შემტევ სტილს არ უღალატეს და მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეს აქტიური თამაში მოახვიეს თავს.

მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე მასპინძელთა გარემარბმა გიორგი კახელიშვილმა ანგარიში 2:2 გახადა და დარჩენილ დროში ყველა "დინამოს" შტურმს რომ ელოდა, ერთი-მეორეზე სახიფათო მომენტებს "დილა" ქმნიდა!

ქართული სინამდვილე
ასეთი ორი ზღაპრული მატჩის შემედგ რა მოხდა, ამას ზუსად ვერ ვიტყვით; ის კი ფაქტია, რომ "ზესტაფონთან" და "დინამოსთან" მართლაც მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩების შემდეგ "დილას" ფეხბურთელები აშკარად გადაღლილები გამოიყურებოდნენ.

ამის ნათელი მაგალითი იყო მატჩი რუსთავში, როცა გორელებმა, ფაქტობრივად, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს "მეტალურგს". თუმცა, ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან მარცხის გამო "დილას" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ვინ დაძრახავდა, მაგრამ ამას ზედიზედ სამი წაგება მოჰყვა (თანაც, უშუალო კონკურენტებთან). ჩვენთან კი, მოგეხსენებათ, როგორც ხდება ხოლმე: გია ცეცაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს...

მწვრთნელ(ებ)ის ფაქტორი
"დილას" მთავარ მწვრთნელად ამ გუნდისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე რამაზ სოღოლაშვილი დანიშნეს, ვინც მანამდე ცეცაძის ერთ-ერთი ასისტენტი გახლდათ.

სოღოლაშვილის ხელმძღვანელობით "დილამ" ჩემპიონატში ორი მატჩი ჩაატარა ("ვიტ ჯორჯიასთან" ფრედ ითმაშა, "ტორპედოსთან" - დამარცხდა), თუმცა მთავარი პაექრობა მაინც "დინამოსთან" საპასუხო მერვედფინალური შეხვედრა იყო; წინამორბედის დაწყებული საქმე სოღოლაშვილმა ჩინებულად გააგრძელა: "დინამოსთან" განმეორებითი მატჩი ისეთი შედეგით დამთავრდა (0:0), გორელებს რომ აწყობდათ და "დილაც" მეოთხედფინალში გავიდა.

თუმცა, თასის ამ ეტაპზე გუნდს უკევ სხვა მწვრთნელი მოძღვრავდა: საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული სპეციალისტი თემურ მახარაძე! ეს უკანასკნელი წელიწადზე ოდნავ მეტი დაუსაქმებელი გახლდათ და ახალი გამოწვევაც მიიღო: მახარაძის ხელმძღვანელობით "დილამ" თასის მეოთხედფინალური ეტაპი წარმატებით დაძლია და, რაც მთავარია, გუნდს მშვენიერი შანსი აქვს საუკეთესო რვაგუნდიან ტურნირში გააგრძელოს ასპარეზობა. თანაც, წერილის დასაწყისში "დილას" ამბიციურ გეგმებსა თუ გაძლიერებაზე რომ ვსაუბრობდით, მწვრთნელის ფაქტორი არ გვიხსენებია: ვის-ვის და, მახარაძეს ნამდვილად არ ესწავლება ამა თუ იმ გუნდთან წარმატების მიღწევა.

მეკარეები
თავდაპირველად გუნდის ძირითადი მეკარე გამოცდილი მირზა მერლანი გახლდათ; თუმცა გია ცეცაძის წასვლის მერე 31 წლის მერლანის ადგილი ბექა შეყრილაძემ დაიკავა და პირველი ეტაპის ბოლომდე "დილას" კარს სწორედ ეს 28 წლის მეკარე იცავდა.

მცველები
"დილა" მართლაც "უცნაური" გუნდია: გაშვებული ბურთების რაოდენობით უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელი აქვს, სამაგიეროდ გატანილი ბურთებით მხოლოდ სამ გუნდს ჩამორჩება. თუმცა, ამის გამო ვერავინ იტყვის, რომ დაცვის ხაზი გუნდის ყველაზე სუსტი რგოლი იყოო; მით უფრო, რომ "დილაში" ასპარეზობდნენ საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები: 32 წლის ცენტრალური მცველი დავით ბაქრაძე და 31 წლის მარცხენა მცველი ოლეგ გველესიანი.

დაცვის რგოლში თამაშობდა გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი, 25 წლის გივი ქარქუზაშვილი, რაც შეეხება "დილას" ახალწვეულს, ნოდარ მაჭავარიანს, 24 წლის ამ ცენტრალურმა მცველმა მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა.

ნახევარმცველები
ჩემპიონატის ერთ-ერთ აღმოჩენად უნდა მივიჩნიოთ "დილას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი - 23 წლის მარჯვენაფლანგელმა მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და არც ის ფაქტი იყო გასაკვირვი, "ზესტაფონმა" რომ მიიწვია.

"დილას" შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ 31 წლის საყრდენი ნახევარმცველი ვლადიმერ ჯოჯუა; ისიც ფაქტია, რომ გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერეს ფინეთიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა 24 წლის ტყუპმა ძმებმა: ვალტერ და პავლე ხორგუაშვილებმა.

საერთოდაც, "დილას" შემადგენლობაში, წინა წლებთან შედარებით, ადგილობრივი ფეხბურთელები მრავლად თამაშობდნენ: 22 წლის მარჯვენა მცველი ილია ლომიძე, 23 წლის ფლანგის ნახევარმცველი ნიკოლოზ სადაღაშვილი, 27 წლის შემტევი რომან გოგინაშვილი და, რაც მთავარია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული 31 წლის რომან ახალკაცი.

თავდამსხმელები
"დილას" შეტევების უპირობო ლიდერად 24 წლის დავით ჩაგელიშვილი უნდა მივიჩნიოთ, - 5 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც რომ გახლავთ. ჩაგელიშვილმა განსაკუთრებით შთამბეჭდავად ნოემბერ-დეკემბერში ითამაშა, როცა თითქმის ყველა მატჩში გოლი გაჰქონდა.

ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური ვიტ ჯორჯია-დილა 4:3
II ტური დილა-ტორპედო 0:1
IV ტური კოლხეთი-დილა 0:1
V ტური დილა-დინამო 1:2
VI ტური მერანი-დილა 2:2
III ტური ზესტაფონი-დილა 0:4
VII ტური დილა-სიონი 1:0
VIII ტური მეტალურგი-დილა 3:1
IX ტური დილა-ბაია 0:2
X ტური გაგრა-დილა 2:1
XI ტური დილა-სპარტაკი 1:2
XII ტური დილა-ვიტ ჯორჯია 1:1
XIII ტური ტორპედო-დილა 2:1
XIV ტური დილა-ზესტაფონი 0:2
XVI ტური დინამო-დილა 2:0
XVII ტური დილა-მერანი 3:0
XV ტური დილა-კოლხეთი 0:0
XVIII ტური სიონი-დილა 0:3

მწვრთნელები: გიორგი ცეცაძე (I-XI ტური), დავით სოღოლაშვილი (XII-XIII ტური), თემურ მახარაძე (XIV-XVIII ტური)
მეკარეები: მირზა მერლანი-11, ბექა შეყრილაძე-7;
მცველები: გივი ქარქუზაშვილი-17 (1), ოლეგ გველესიანი-14, დავით ბაქრაძე-13 (1), ილია ლომიძე-11, ნოდარ მაჭავარიანი-9, ლევან ჩაგელიშვილი-4, დავით ჭითანავა-2, თორნიკე სტეფნიაშვილი-2, თემურ შათირიშვილი-2, ვეფხვია მურადაშვილი-1;
ნახევარმცველები: დავით რაჟამაშვილი-17 (3), ვლადიმერ ჯოჯუა- 16, ვალტერ ხორგუაშვილი- 14 (1), პავლე ხორგუაშვილი-13 (3), ნოდარ ნოზაძე-12 (2), ვაჟა ნემსაძე-11 (1), ნიკოლოზ სადაღაშვილი-8;
თავდამსხმელები: დავით ჩაგელიშვილი-18 (5), რომან ახალკაცი-18(3), რომან გოგინაშვილი-12 (1), გია თოდუა-10 (1), ირაკლი ბერაია-9 (1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული