"ზესტაფონი" VS "დინამო" - ვისი შემადგენლობა ჯობია?

AutoSharing Option
ჩემპიონატის განახლებამდე ერთი თვეა დარჩენილი, ანუ, უმაღლესი ლიგის გუნდებში კიდევ არაერთი ცვლილება შეიძლება მოხდეს. ეგ კი არა, ჩვენთან "სატრანსფერო ფანჯარა" სულაც თებერვლის ბოლოს იხურება და ჩემპიონატის ფავორიტ გუნდებში კვლავაც უნდა ველოდოთ "ცნობადი სახეების" გამოჩენას.

ჯერჯერობით კი სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიურად "ზესტაფონი", "დინამო", "დილა" და "ტორპედო" გამოიყურებიან. თუმცა, "ხმაურიანი" ტრანსფერებით ამ ერთგვარ შეჯიბრებაში ლიდერობა "ზესტაფონსა" და "დინამოს" უნდა მივაკუთვნოთ.

ერთის მხრივ, ეს გასაკვირვი არავისთვის უნდა ყოფილიყო: ამ სეზონში ჩემპიონობის გამოკვეთილი ფავორიტი ხომ სწორედ ეს ორი გუნდია.

რა თქმა უნდა, გადამწყვეტ ეტაპს
შედარებით ბევრად უფრო კომფორტულ სიტუაციაში "ზესტაფონი" ხვდება, - ეგრეთწოდებულ ვირტუალურ ცხრილში უშუალო კონკურენტს 12 ქულით უსწრებს! თუმცა, იმაშიც ბევრი დაგვეთანხმება, მეორე ეტაპამდე დარჩენილი ოთხი ტური იმ რვაგუნდიან ცხრილში სერიოზულზე მეტი რომ ჰქვია, ისეთ კორექტივებს შეიტანს. მაგრამ, მოდი, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორი დაბალანსებული შემადგენლობ(ებ)ით ხვდებიან გადამწყვეტ ეტაპს ფავორიტი გუნდები.

ოღონდ, აქვე დავძენთ, რომ "დინამოსგან" განსხვავებით, "ზესტაფონის" შემადგენლობაში რაიმე ძირეულ ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ; აი, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბს, მეორე ეტაპის დაწყებამდე ორი-სამი (შესაძლოა, უფრო მეტიც) ცნობადი სახე კიდევ რომ გამოჩნდეს, არავის გაუკვირდეს.

მეკარეები
ამ რგოლში უპირატესობას ვერც ერთ გუნდს მივანიჭებთ, რადგან "ზესტაფონსაც" და "დინამოსაც" ჩემპიონატში გამორჩეული მეკარეები ჰყავთ. ჯერ იმერულ კლუბზე ვთქვათ: შორს არ არის ის დრო, 22 წლის როინ კვასხვაძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეებს რეალურზე-რეალურ კონკურენციას რომ გაუწევს. არ დაგვავიწყდეს "ზესტაფონის" სხვა მეკარეებიც - 29 წლის გამოცდილი ზურაბ მამალაძე და 19 წლის პერსპექტიული კახაბერ მეშველიანი.

"დინამოშიც" თითქმის ანალოგიური სიტუაციაა: 25 წლის გიორგი ლორია საქართველოს ნაკრების ლამის შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა, თავის გუნდში კი ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ. ისე, "დინამოს" მეკარეებს შორის რომ კონკურენციაა, მსგავსი უმაღლეს ლიგაში არსად არის: ლორიას გარდა გუნდში ირიცხებიან უაღრესად გამოცდილი, 38 წლის სოსო გრიშიკაშვილი და პერსპექტიული 21 წლის თორნიკე ზარქუა. სულ ახლახანს კი "დინამომ" კიდევ ერთი მეკარე დაიმატა: 25 წლის კოკა სეფიაშვილი, ქართველ გულშემატკივარს "გაგრაში" შთამბეჭდავი ასპარეზობით რომ ახსოვს.

მცველები
ნებისმიერი შედარება პირობითია და ამასთან, აზრთა სხვადასხვაობაც მოსდევს ხოლმე. ამას კი იმიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი აზრით, "ზესტაფონის" დაცვის ხაზი ბევრად უკეთესად არის დაბალანსებული და შეთამაშებული, ვიდრე - "დინამოსი".

რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფაქტორიც გასათვალისწინებელია: მაგალითად, წამყვანი მცველების ხშირი ტრავმების გამო "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია ექსპერიმენტებს (იძულებითს) ხშირად მიმართავდა; აი, რაც შეეხება მის კოლეგას "ზესტაფონიდან", გია ჭიაბრიშვილს (ისე როგორც - ნახევარდაცვასა თუ თავდასხმაში) ნამდვილად ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ უმტკივნეულო როტაცია მოეხდინა.

მოდი, ჯერ "ზესტაფონის" დაცვის ხაზი ვახსენოთ: მარჯვნივ 28 წლის კახა ალადაშვილია, მარცხნივ - 27 წლის ზაალ ელიავა, 26 წლის თეიმურაზ ღონღაძეს კი ერთნაირი წარმატებით შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში; აღარაფერს ვამბობთ ცენტრალურ მცველებზე: ერთი-მეორეზე გამოცდილ, 28 წლის გიორგი ონიანსა და 30 წლის ედიკ საჯაიას ღირსეულ კონკურენციას უწევს 19 წლის მამუკა კობახიძე; მეორე ეტაპიდან კი გუნდს უბრუნდება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი, თანაგუნდელ როინ კვასხვაძის მსგავსად, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა-დამკვიდრებაზე რომ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. არ დაგვავიწყდეს უნივერსალი ალექსი ბენაშვილიც - 22 წლის ფეხბურთელს დაცვაში მარჯვნივაც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზეც.

"ზესტაფონის" მსგავსად არც "დინამოს" დაუმატებია ახალი მცველი, არადა, ბევრის აზრით, პირველ ეტაპზე ალექს გარსიას გუნდს მეტ-ნაკლებად ყველაზე მეტი პრობლემა ამ რგოლში ჰქონდა. თავად განსაჯეთ: ერთადერთი, მხოლოდ დავით ოდიკაძე გახლდათ, ფაქტობრივად, შეუცვლელად რომ ითამაშა. "დინამოს" ქომაგებს უთუოდ გაახარებდათ ის ფაქტი, რომ უპრობლემოდ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში 23 წლის გიორგი რეხვიაშვილმა, აი, გულვერდ თომაშვილსა და განსაკუთრებით ლევან კაკუბავას კი ტრავმების გამო ბევრი გაუცდათ ("დინამოს" ყოფილ კაპიტანს ლევან ხმალაძეს კი ამავე მიზეზით საერთოდაც არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია).

და ვინღა დარჩა? გამოცდილი ჩეხი მცველი ირჟი ჰომოლა, პირველი ეტაპის ბოლოსკენ კლუბში ჩარიცხული მარცხენა მცველი მამუკა ლომიძე და 19 წლის პერსპექტიული მცველი დავით ხოჭოლავა.

ნახევარმცველები
ერთი შეხედვით, ამ რგოლშიც უპირატესობა "ზესტაფონს" უნდა მივაკუთვნოთ და საქმე მხოლოდ რაოდენობას არ ეხება. რაოდენობა შემთხვევით არ გვიხსენებია: "ზესტაფონს" შუა ხაზში იმდენი (თანაც, ერთი-მეორეზე უკეთესი) ფეხბურთელი ჰყავს, ორ-სამ გუნდს რომ "ეყოფოდა"! გამოცდილ თორნიკე აფციაურს მარჯვენა ფლანგზე ახალგაზრდა კონკურენტი ეყოლება დავით რაჟამაშვილის სახით, ცენტრში თორნიკე გორგიაშვილთან ერთად, ალბათ, გამოცდილ ზურაბ მენთეშაშვილს ვიხილავთ, მარცხნივ კი, კვლავაც უალტერნატივო იქნება შოთა გრიგალაშვილი; მაგრამ, "სხვებიც" ნუ დაგვავიწყდება: ზემოთნახსენებ ალექსი ბენაშვილის გარდა შოთა ბაბუნაშვილსა და გოგა ფიფიას ნახევარდაცვაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლიათ თამაში; იგივეს ვიტყოდით იმერული კლუბის ახალგაზრდა ახალწვეულებზეც: 22 წლის ლევან შარიქაძეზე, 20 წლის ლუკა გეგუჩიასა და 17 წლის გურამ სამუშიაზე. სულ ახლახან "ზესტაფონმა" კიდევ ერთი ნახევარმცველი დაიმატა - 27 წლის "საყრდენი" გოგა ბერაია.

შევთანხმდეთ, რომ "ზესტაფონს" უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი უძლიერესი შუახაზი ეყოლება. თუმცა, ჯერ არ ვიცით, საბოლოოდ როგორი "სახე" ექნება "დინამოს" ნახევარდაცვას: 29 წლის მიკელე ალვარო და 19 წლის ნიკა კვეკვესკირი პირველ ეტაპზე უალტერნატივონი იყვნენ, გუნდის კაპიტანი 30 წლის ალექსანდრე კოშკაძე კი ბოლო მატჩებში 19 წლის ჯაბა ჯიღაურმა შეცვალა. მეორე ეტაპზე კი "დინამოს" სამკაციანი შუახაზი საგრძნობლად შეცვლილი რომ იქნება, ფაქტია: 28 წლის გოგიტა გოგუას ყველგან ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში, მისი თანატოლი, ესპანელი ახალწვეული ანდრეუ გერაუ "უეჭველად" ძირითადისთვის ჩამოიყვანეს; ისე როგორც 23 წლის ირაკლი ძარია, - საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად. "ზესტაფონში" რომ ჩამოყალიბდა. სხვათა შორის, ამ რგოლში სხვა ახალწვეულების (თანაც, ცნობადების) გამოჩენაც არ გაგვიკვირდეს.

თავდამსხმელები
საქართველოს ჩემპიონატში ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელისა და ბომბარდირის, ნიკოლოზ გელაშვილის წასვლა "ზესტაფონისათვის" უდიდესი დანაკლისია; თუმცა მისი მუდმივი და მართლაც იდეალური პატნიორი ჯაბა დვალი კვლავაც გუნდშია, ისე როგორც ტრავმამოშუშებული რატი წინამძღვრიშვილი. თუმცა, ამათ ორი ისეთი შემტევი დაემატათ, მეტოქის მცველ-მეკარეებს პრობლემები რომ არ დაელევათ: ერთწლიანი პაუზის მერე კვლავაც საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს 34 წლის დავით მუჯირი, 19 წლის ნიგერიელი შემტევის, ოვონიკოკოს პოტენციალზე ხომ, საერთოდ, ზედმეტია ლაპარაკი.

მოკლედ ნახევარდაცვისა არ იყოს, "ზესტაფონის" თავდასხმის ხაზიც შთამბეჭდავად გამოიყურება; თუმცა, "დინამოშიც" ხომ სერიოზული მატებაა: ორწლიანი პაუზის შემდეგ მშობლიურ კლუბს გიორგი მერებაშვილი დაუბრუნდა! ყველას გვაინტერესებს, ალექს გარსია რა პოზიციას შეურჩევს მერებაშვილს, თუმცა ის კი ფაქტია, რომ "დინამოს" თავდასხმის ხაზში კონკურენცია გაიზრდება და ეს შეეხება როგორც ფლანგის ფორვარდებს (გიორგი კახელიშვილს, კოტოს, რობერტინიოს) ასევე ცენტრფორვარდებს (ალბერტ იაგუეს, ჩისკოს).

ისე, ჩისკოს "ფაქტორიც" გასათვალისწინებელია: 31 წლის ესპანელს 4-3-3 ტაქტიკურ განლაგებაში ნახევარდაცვასა და თავდასხმაში ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეგიძლიათ გაგვაგებინოთ ხვალ რომელ არხზე იქნება ტამაში დინამო ესპანიოლი? გმადლობთ
gaga
00:57 17-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული