ცხინვალის "სპარტაკი" - მარადიული პრობლემა

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკს" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის დიდი სტაჟი არ აქვს - გუნდი უძლიერესთა შორის მხოლოდ მეხუთე სეზონს ატარებს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ საუკეთესო შედეგი "სპარტაკმა" 2009-10 წლების სეზონში უჩვენა, როცა ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა, თასზე კი ნახევარფინალამდე მიაღწია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში გუნდს მუდამ მოკრძალებული მიზანი ჰქონდა - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. მართალია, გუნდი ამას ყოველთვის ახერხებდა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზნის მიღწევაში ერთი-ორჯერ ჩემპიონატის დებულების შეცვლაც "დროული" იყო ხოლმე.

ასეა თუ ისე, ამ ხუთი სეზონის განმავლობაში "სპარტაკზე" მაინც ვერავინ იტყვის,
წყალწაღებული აუტსაიდერიაო, - რამდენიმე ისეთი მატჩიც გვახსოვს, თავისზე ბევრად ძლიერი მეტოქეები რომ გაუმწარებია. რაც მთავარია, "სპარტაკს" არასდროს ჰქონია ფინანსური პრობლემა და ყოველივე ეს, რაღა თქმა უნდა, კლუბის უცვლელი პრეზიდენტის დიმიტრი სანაკოევის დამსახურებაა.

არ დაგვავიწყდეს ერთობ მნიშვნელოვანი ფაქტორიც: "სპარტაკი" რომ მეტოქეებს მუდმივად ერთსა და იგივე სტადიონზე მასპინძლობდეს, შედეგი ბევრად უკეთესი ექნებოდა.

აი, ახლაც, ამ სეზონში გუნდი საშინაო შეხვედრებს ხან გორის "ქართლის" სტადიონზე ატარებდა, ხან - "მიხეილ მესხზე", ხან - საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე". მეტ-ნაკლებად არასტაბილური ასპარეზობის ერთ-ერთი მიზეზი "სპარტაკის" მწვრთნელ-ფეხბურთელთა ხშირი "მიგრაცია-ემიგრაცია" იყო: ფაქტობრივად, ყოველ ნახევარ წელიწადში შემადგენლობა დაახლოებით 80-90 პროცენტით იცვლებოდა.

არანაკლებ სახეშეცვლილი წარდგება გუნდი მეორე ეტაპზეც, არადა, "სპარტაკს" კარგი შანსი აქვს საუკეთესო რვაგუნდიან ტურნირში გააგრძელოს ასპარეზობა, თუმცა მანამდე პირველი ეტაპი გავიხსენოთ.

არაერთგვაროვანი ეტაპი
ამ სეზონის დაწყების წინ "სპარტაკში" რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელი ჩაირიცხა (ზოგი იჯარით იყო გადმოსული) და არცთუ ურიგოდ დაკომპლექტებულმა გუნდმა პირველ ტურში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ესპანელი ფეხბურთელებით გაძლიერებულ "დინამოს".

ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან მინიმალური სხვაობით მარცხის (1:2) გამო "სპარტაკის" სამწვრთნელო შტაბს, რა თქმა უნდა, არავინ გააკრიტიკებდა, მაგრამ სულ მალე გუნდიდან ორი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა: 21 წლის პერსპექტიული მეკარე თორნიკე ზარქუა "დინამოში" დაბრუნდა, კლუბის ყველაზე ცნობადი ახალწვეული და კაპიტანი, 32 წლის გამოცდილი გივი კვარაცხელია კი "მეტალურგში" გადავიდა.

მოკლედ, "სპარტაკის" დაკომპლექტება უშუალოდ სეზონის მსვლელობისას გრძელდებოდა და გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც ჩაირიცხა; თუმცა, ზოგი ტრავმებმა გააწამა (დავით ლომაია, ირაკლი სამხარაძე, გელა ხუბუა), ზოგსაც სხვა მიზეზმა შეუშალა ხელი საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში. ამასობაში კი "სპარტაკში" მწვრთნელი შეიცვალა: VI ტურიდან გუნდში დაბრუნდა გამოცდილი სპეციალისტი ვლადიმერ ხაჩიძე. სხვათა შორის, სწორედ ხაჩიძეს ხელმძღვანელობით ჰქონდა "სპარტაკს" საუკეთესო შედეგი კლუბის ისტორიაში - ზემოთნახსენები თასის ნახევარფინალში გასვლა და ჩემპიონატშიც V ადგილის დაკავება.

"სპარტაკის" ძველ-ახალმა მწვრთნელმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დააწინაურა, ტაქტიკური განლაგებაც შეიცვალა და პირველი ეტაპის ბოლოსკენ იმის რეალური შანსიც გაჩნდა, ზამთრის პაუზას გუნდი საუკეთესო რვა გუნდში ყოფნით რომ შეხვედროდა. თანაც, "სპარტაკი" ბევრად უკეთ ასპარეზობდა სტუმრად, ვიდრე - შინ, მაგრამ ამ მართლაც პრობლემატურ საკითხზე ხომ ზემოთაც ვისაუბრეთ; ანუ, დარწმუნებული ვართ: გუნდს ბევრად მეტი ქულა ექნებოდა, საკუთარი მოედნის პრობლემა რომ გადაეჭრა.

ყოველივე ამის მიუხედავად, "სპარტაკის" ასპარეზობას წარუმატებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ: ნოემბერ-დეკემბერში გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ერთი-ორჯერ იღბალმაც ზურგი შეაქცია ("მეტალურგთან" ბოლო წუთზე დამარცხდა, თანაც გოლი რიკოშეტით გავიდა), თორემ უშუალო კონკურენტ "გაგრასთან" (რომელსაც პრინციპული მატჩი მოუგო) ჩამორჩენა საერთოდ არ ექნებოდა.

ისე, "გაგრას" მსგავსად, "სპარტაკსაც" ერთმანეთზე რთული ოთხი მატჩი ელოდება თებერვალში ("ვიტ ჯორჯიასთან", "ტორპედოსთან", "ზესტაფონთან", "დილასთან") და აქედან გამომდინარე, მართლაც ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა გუნდი "გადამრჩენელ", მერვე ადგილზე დამკვიდრებას.

მეკარეები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩემპიონატის პირველი მატჩი ახალგაზრდა თორნიკე ზარქუამ ჩაატარა, ამის შემდეგ კი "სპარტაკის" კარს შეუცვლელად გუნდის ახალწვეული, 23 წლის ლაშა ძაგანია იცავდა.

მცველები
გუნდის მცველთა ოთხეული ხშირად იცვლებოდა, თუმცა ამის მიზეზზეც უკვე ვისაუბრეთ: გივი კვარაცხელიას სხვაგან გადასვლისა და დავით ლომაიას ტრავმის გამო ცენტრალურ მცველთა "დუეტს" უფრო ხშირად ბოიომო და ბადრი ტეტუნაშვილის წყვილი ქმნიდა. მარჯვენა მცველად თავდაპირველად გიორგი ციმაკურიძე ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ ამ პოზიციაზე სომხეთიდან დაბრუნებული გაგა თიბილაშვილი თამაშობდა. აი, რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ამ შემთხვევაში ვლადიმერ ხაჩიძის ერთობ საინტერესო ექსპერიმენტი უნდა აღვნიშნოთ: ნიკოლოზ მაისურაძეს ამპლუა შეუცვალა და 22 წლის ფეხბურთელმაც მწვრთნელის ნდობა გაამართლა.

ნახევარმცველები
"სპარტაკის" ერთ-ერთი უძლიერესი რგოლი, სადაც, ფაქტობრივად, შეუცვლელად თამაშობდნენ გუნდის უდავო ლიდერები - 27 წლის კობა შალამბერიძე და 21 წლის თეიმურაზ შონია. "სპარტაკის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა 19 წლის საყრდენი ვალერი კილასონია, მის თანატოლს ბესიკ დეკანოიძეს კი ტრავმის გამო ბევრი მატჩი გაუცდა.

სასიამოვნო სიურპრიზი იყო 18 წლის ბუბა რუხაძის გამოჩენაც, რომელმაც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლის გატანაც მოასწრო.

თავდამსხმელები
ძნელი სათქმელია, თუ როგორი "სახე" ექნება მეორე ეტაპზე "სპარტაკის" თავდასხმის ხაზს: გუნდის ორივე წამყვანი ფორვარდი, 26 წლის ზვიად მეტრეველი და 31 წლის რევაზ ჯიქია ამჟამად გორის "დილასთან" ერთად ემზადებიან. აქვე, "სპარტაკის" ორი ახალგაზრდა შემტევიც უნდა აღვნიშნოთ: 19 წლის თეიმურაზ შარაშენიძე (საქართველოს ჩემპიონატში უნგრული "დიორი ეტოდან" რომ გადმოვიდა) და 18 წლის დავით გელაშვილი.

სპარტაკის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური სპარტაკი-დინამო 1:2
II ტური მერანი-სპარტაკი 2:0
III ტური სპარტაკი-სიონი 0:0
IV ტური მეტალურგი-სპარტაკი 0:0
V ტური სპარტაკი-ბაია 1:2
VI ტური გაგრა-სპარტაკი 0:0
VII ტური სპარტაკი-კოლხეთი 1:1
VIII ტური სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 2:1
IX ტური ტორპედო-სპარტაკი 2:0
X ტური სპარტაკი-ზესტაფონი 1:5
XI ტური დილა-სპარტაკი 1:2
XII ტური დინამო-სპარტაკი 2:0
XIII ტური სპარტაკი-მერანი 1:2
XIV ტური სიონი-სპარტაკი 1:2
XVI ტური ბაია-სპარტაკი 1:3
XVII ტური სპარტაკი-გაგრა 2:1
XV ტური სპარტაკი-მეტალურგი 0:1
XVIII ტური კოლხეთი-სპარტაკი 1:0

მწვრთნელები: ბადრი კვარაცხელია (I-V ტური), ვლადიმერ ხაჩიძე (IV-XVIII ტური)
მეკარეები: ლაშა ძაგანია-17, თორნიკე ზარქუა-1;
მცველები: ფრიდოლინ ბოიომო-14, ბადრი ტეტუნაშვილი-13, გაგა თიბილაშვილი-13 (1), დავით ლომაია-10, გელა ხუბუა-10, გიორგი ციმაკურიძე-6, უჩა ბურძენაძე-3, მიხეილ მერეჩკო-3, გიორგი სეფიაშვილი-3, გივი კვარაცხელია-2, გიორგი ალავიძე-1;
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია-17 (4), კობა შალამბერიძე-17 (3), ვალერი კილასონია-16, ნიკოლოზ მაისურაძე-15 (1), გიორგი მამუჩიშვილი-12, ბუბა რუხაძე-5 (1), ბესიკ დეკანოიძე-4, ირაკლი სამხარაძე-2, თორნიკე თუხარელი-1, ზვიად ლობჟანიძე-1;
თავდამსხმელები: ზვიად მეტრეველი-18 (4), რევაზ ჯიქია-16 (2), თეიმურაზ შარაშენიძე-10 (1), დავით გელაშვილი-8, ილია ბუზალაძე-3, ზვიად ქანთარია-3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არაა ეს გუნდი გავარდნის ღირსი,უბრალოოოდ ყოველ წელს მთელი გუნდის შეცვლა და თავიდან გუნდის აწყობა ცოტა კიარადა ძააან რთულია,თორე ურიგო ბიჩები არასდროს თამაშობდნენ ამ გუნდში
giusha
08:26 18-01-2012
0
კაია, რა თქმა უნდა, გუნდების მდგომარეობას რო მიმოიხილავთ.
სათაურიდან გამომდინარე გამოდის, რო "სპარტაკი" არის მუდმივი პრობლემა.
სასვენი ნიშნების ხმარება არ შეგიძლიათ ნორმალურად?
dudu
23:43 18-01-2012
0

სიახლეები პოპულარული