უცნაური სატრანსფერო მიდი-მოდი საქართველოს ჩემპიონატში

AutoSharing Option
ქართული კლუბები რომ ამ ზამთარს "სატრანსფერო ბაზარზე" აქტიურობენ, მსგავსი კი არა, ოდნავ მიახლოებული სიტუაციაც კი ვერაფერი გაგვიხსენებია; ანდა, როგორ უნდა გავიხსენოთ, როცა ასეთი ინტენსიური "მიდი-მოდი" არც არასდროს ყოფილა! თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მართლაც უჩვეულოა, სატრანსფერო აქტიურობას მხოლოდ ფავორიტები კი არა, არამედ, ფაქტობრივად ყველა კლუბი იჩენს!

რაც შეეხება კიდევ ერთ "სატრანსფერო უცნაურობას", ამ შემთხვევაში გასაკვირი არაფერია: უკვე წლებია, რაც ზამთრის პაუზის დროს ქართული გუნდები შემადგენლობას, ფაქტობრივად, სანახევროდ რომ ცვლიან; არადა, დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ სხვაგან, სატრანსფერო აქტიურობა პიკს ახალი სეზონის დაწყების
წინ აღწევს ხოლმე. თუმცა, სხვაგან რა ხდება, ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა, რადგან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენთან უკვე არაერთი "ხმაურიანი" ტრანსფერი განხორციელდა.

არანაკლებ მჭექარე ტრანსფერებს კვლავაც უნდა ველოდოთ - ნებისმიერ ქართულ გუნდს ხომ თებერვლის ბოლომდე შეუძლია ამა თუ იმ სასურველი ფეხბურთელის დამატება.

მოკლედ, მართლაც "საინტერესო საფეხბურთო ზამთარია"; ჰო, საინტერესო და უცნაურიც, მაგრამ უცვლელი რჩება "ქართული სინამდვილეც": როცა გვგონია, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელს კონკრეტულ გუნდთან სამი, ოთხი ან ხუთწლიანი (!) კონტრაქტი აკავშირებს, სულ რაღაც ექვსი თვის მერე თავისუფალ აგენტი აღმოჩნდება! თუმცა, ეს უფრო სხვა რუბრიკის ("სიცრუის დეტექტორი") თემაა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, დაახლოებით ერთწლიანი პაუზის მერე ეს რუბრიკა კვლავაც რომ უნდა "აღვადგინოთ";
ოღონდ, მიზეზს ნუ იკითხავთ: "ხმადაბლა" ანუ კულუარებში კი არა, "ხმამაღლა" და საჯაროდ (თანაც, ლამის ყოველდღე) გვესმის ამა თუ იმ კლუბის ხელმძღვანელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთელის მიერ შეთხზულ-მოგონილი "სატრანსფერო ზღაპრები".

ახლა კი რეალურ და თითქმის გადაწყვეტილ ტრანსფერებზეც ვისაუბროთ; ოღონდ, "ზესტაფონსა" და "დინამოში" მომხდარ საკადრო გადაადგილებებზე აღარ შევჩერდებით: ჩემპიონატის ორი ფავორიტის სატრანსფერო სიახლეები და საერთოდ, სათამაშო ამპლუების მიხედვით ორივე გუნდის შედარება ამ რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ. ამჯერად კი, დანარჩენ გუნდებსაც "გადავხედოთ" და უპირველესად, რაღა თქმა უნდა, ქართული "სატრანსფერო ბაზარის" მართლაც "ერთპიროვნული ლიდერი", გორის "დილა" უნდა ვახსენოთ!

ნუ გაგიკვირდებათ, ორი-სამი დღის მერე "დილაში" წამსვლელ-მოსვლელთა სია კვლავაც რომ შეიცვალოს! თანაც, ფინანსურად (და, საერთოდაც, ყოველომხრივად) წელში გამართულმა გუნდმა არამხოლოდ "შიდა ბაზარზე" იაქტიურა (შოთა კაშია, ირაკლი ლექვთაძე, რევაზ ჯიქია, ალექსანდრე ინწკირველი გუნდს უთუოდ გააძლიერებენ), არამედ "ხმაურიანი" ტრანსფერებიც გაიჩარხა: რუსული პრემიერლიგიდან 26 წლის გოჩა ხოჯავას საქართველოში დაბრუნებასაც ვგულისხმობთ და 30 წლის ლაშა სალუქვაძის თითქმის გადაწყვეტილ ტრანსფერსაც.

დიდი ინტერესით ველოდებით თემურ მახარაძის გუნდში იმ მოთამაშეთა გამოჩენასაც (ლადო ბურდული, რევაზ ბარაბაძე, გიგა ბეჭვაია), სხვადასხვა მიზეზით გარკვეული პერიოდი საფეხბურთო კარიერაში პაუზა რომ ჰქონდათ.

თუმცა, ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია: "დილაში" მალე უცხოელებიც გამოჩნდებიან, ოღონდ, როგორც შევიტყვეთ, კვალიფიციურ შემსრულებლებზეა (ნიგერიიდან, განადან) ლაპარაკი და არა - "გზააბნეულ" ლეგიონერებზე. ასეთი სატრანსფერო აქტიურობა კი იმის წინაპირობას იძლევა, რომ "დილა" საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის ერთ-ერთ უპირობო ფავორიტად მივიჩნიოთ. ეგ კი არა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, "დილას" ევროტურნირების საგზურის მოპოვებაც უნდა ვუწინასწარმეტყველოთ - გორელების გუნდი ხომ საქართველოს თასის ნახევარფინალშია გასული!..

როგორც მოსალოდნელი იყო, სერიოზული ცვლილებები მოხდა "ტორპედოშიც": გამოცდილი ფეხბურთელების (სევასტი თოდუა, გიორგი მეგრელაძე, დავით ბოლქვაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, დაჩი ფოფხაძე) ნაცვლად ქუთათურთა გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოვიდნენ, საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების მშვენიერი შანსი რომ ეძლევათ: ნიკა ფირცხალავა, ვალერი ბოლქვაძე, გიორგი ქუცურუა, ლაშა კემუხტაშვილი და სხვები. თუმცა, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე, ალბათ, კვლავაც შეეცდება გუნდის გაძლიერებას, რის დასტურადაც სულ ახლახანს განხორციელებული ტრანსფერი გამოდგება - ქუთაისურ გუნდში გააგრძელებს კარიერას "ვიტ ჯორჯიასა" და "მეტალურგის" ყოფილი კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე.

ჩემპიონატის კიდევ ერთ ფავორიტზე, "მეტალურზე" გუშინ ვისაუბრეთ და კვლავაც იმ აზრზე ვრჩებით, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი მეტ-ნაკლებად დაბალანსებული შემადგენლობით ხვდება ჩემპიონატის მეორე ეტაპს.

დანარჩენ გუნდებში, უპირველესად, სამწვრთნელო გადაადგილებები უნდა ვახსენოთ: არცთუ მცირე პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგას კვლავ უბრუნდება გოჩა ტყებუჩავა, რომელიც "ბაიას" უთავკაცებს, ხოლო "სიონი" კი ხვიჩა ქასრაშვილმა ჩაიბარა, რომლისთვისაც ეს გუნდი კარგად არის ნაცნობი. ქასრაშვილს ბოლნისში ბევრი ისეთი ფეხბურთელი დახვდა, ადრეც რომ უთამაშიათ მისი ხელმღვანელობით; ამათ გარდა, "სიონში" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც ჩაირიცხა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლნისელებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ.

მეტ-ნაკლებად იაქტიურეს "სატრანსფერო ბაზარზე" სხვა გუნდებმაც: "მერანმა", "კოლხეთმა", "სპარტაკმა"; ყველაზე ნაკლები ახალწვეული კი "გაგრასა" და "ვიტ ჯორჯიას" ჰყავს, თუმცა ნურც ეს ფაქტი გაგვიკვირდება: "ვეტერინარები" ხომ, როგორც წესი, საკუთარ აღზრდილებზე აკეთებენ აქცენტს და გამონაკლისი არც ეს სატრანსფერო პერიოდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ავტორ დინამო რატო დაგავიწყდა პახმელიაზე ხო არახარ?
dato
16:14 19-01-2012
0
dato, "დინამო" და "ზესტაფონზე" ადრე დაიწერა სტატია... ეს ამ სტატიის დასაწყისშიც არის ნახსენები...
დევიდ აირონს
17:05 19-01-2012
0

სიახლეები პოპულარული