ბოლნისის ”სიონი” - ფონი უმოტივაციოც და ოპტიმისტურიც

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის მატჩები 14 თებერვლიდან განახლდება და ვიდრე გადამწყვეტი, მეორე ეტაპი დაიწყება, გუნდებს ოთხ-ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევს.

საინტერესოა, რომ ერთის გარდა, უმაღლესი ლიგის ყველა დანარჩენი გუნდისათვის ამ დარჩენილ ოთხ ტურს უდიდესი მნიშვნელობა ექნება: ზოგს, საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად დასჭირდებათ ”ოქროს ქულები”, ზოგიც, მაქსიმალურად ეცდება გასავარდნ პლეი ოფს რომ აცდეს. ის ერთადერთი უმოტივაციო გუნდი კი ”სიონია”: ბოლნისელებმა ოთხივე მატჩი რომც მოიგონ, 19 ქულა დაუგროვდებათ, მაშინ, როცა დღესდღეობით მერვე (ანუ, გადამრჩენელ) ადგილზე მყოფ ”გაგრას” 21 ქულა აქვს.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ამ დარჩენილ ოთხ ტურს ”სიონი” მეორე ან მესამე (!) შემადგენლობით ჩაატარებს და თითოეულ მატჩსაც უპასუხისმგებლოდ მოეკიდება;  უფრო პირიქით უნდა ვიფიქროთ თუ ვივარაუდოთ: სწორედ ამ ოთხ ტურში უნდა მოხდეს ფაქტობრივად, ახალი გუნდის შეთამაშება, რათა გასავარდნ პლეი ოფს ”სიონი” სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. იქ კი, მოგეხსენებათ, ყველაფერი ნულიდან იწყება: უმაღლეს ლიგაში IX-XII ადგილებზე გასული 4 გუნდი და პირველი ლიგის ასევე 4 საუკეთესო გუნდი ორწრიან ტურნირში იმ ოთხი იღბლიანის ვინაობას გამოავლენს, მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში რომ იასპარეზებს.

ყოველივე ეს, ჩემპიონატის დებულებიდან ”ვიცით”, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ხშირად (თანაც, არცთუ კულუარულად) საუბრობენ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე! თუმცა, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ”სიონს” სპორტული პრინციპების დაცვითაც შეუძლია უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება: თავის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბოლნისში მეხუთედ მისული ხვიჩა ქასრაშვილი აშკარად ბრძოლისუნარიან გუნდს ქმნის, რომელსაც ამ ლოკალური მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს.

არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი (უფრო ზუსტად, ერთობ მნიშვნელოვანი) ფაქტორიც: ”სიონს” დაფინანსების მხრივაც არანაირი პრობლემა არ ემუქრება და ყოველივე ეს კი იმის თქმი საფუძველს გვაძლევს, რომ ბოლნისურ კლუბს მომავალ სეზონშიც უმაღლეს ლიგაში ვიხილავთ. ანუ, იქ, სადაც 1995 წლიდან ასპარეზობს და იშვიათზე-იშვიათი გამონაკლისის გარდა, დაქვეითების საფრთხეც რომ არასდროს დამუქრებია.

რეკორდი და ანტირეკორდი
ბოლნისური კლუბი უმაღლეს ლიგაში XVII სეზონს ატარებს და ზემოთნახსენები ”ოპტიმისტური ფონი” რომ არ გვეხსენებინა, გუნდის შეფასებისას ტერმინი ”ყველაზე წარუმატებელი”, ალბათ ხშირად უნდა გვეთქვა. ეგ კი არა, ”სიონმა” კლუბის ისტორიაში ანტირეკორდიც დაამყარა: პირველ ეტაპზე ჩატარებულ თვრამეტ შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა!

რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში რამდენიმე ისეთი შემთხვევაც ყოფილა, გუნდს სეზონი ერთი (ან, არც ერთი!) მოგებით დაესრულებინა, მაგრამ ბოლნისური კლუბი ასეთთა კატეგორიას არასდროს განეკუთვნებოდა.

მაინც რა იყო პირველ ეტაპზე ასეთი წარუმატებელი ასპარეზობის მთავარი მიზეზი? ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, სეზონის დასაწყისამდე (და, მერეც) გუნდში არსებული, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა. უნდა ვახსენოთ. ეგ კი არა, XXIII ჩემპიონატის დაწყებამდე, სწორედ უფულობის გამო ისიც არ იყო გარკვეული, ”სიონი” ითამაშებდა თუ არა უმაღლეს ლიგაში! ანუ, შეკრებაგაუვლელი და ფაქტობრივად, გზადაგზა დაკომპლექტებული გუნდისგან ”სხვანაირი” ასპარეზობა არც უნდა მოგვეთხოვა; ამას დაემატა ხშირ-ხშირი სამწვრთნელო გადაადგილებებიც და ამ მხრივ ”სიონმა” სეზონის რეკორდიც დაამყარა - პირველი ტურიდან დღემდე გუნდის მთავარი მწვრთნელი ხუთჯერ შეიცვალა!

საწყის ოთხ ტურში გუნდს ჯონი ჯაგიდისი თავკაცობდა, რის შემდეგაც გუნდში ხვიჩა ქასრაშვილი დაბრუნდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩაამთავრა ”სიონმა” წინა სეზონი; თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო ქასრაშვილს ბოლნისიდან წამოსვლა ისე მოუწია, გუნდს მხოლოდ ერთ საკონტროლო მატჩში უთავკაცა!

ამის შემდეგ ”სიონის” მთავარი მწვრთნელის სტატუსი ვახტან ჩაგელიშვილს ჰქონდა, ეს ადგილობრივი სპეციალისტი კი VI ტურიდან ლევან ბაჯელიძემ ჩაანაცვლა. ბაჯელიძე წლების განმავლობაში ”სიონის” წამყვანი ფეხბურთელი და კაპიტანიც გახლდათ, კარიერის დასრულების შემდეგ კი სპორტულ დირექტორად მუშაობდა და აი, სამწვრთნელო ასპარეზზეც მოუწია დებიუტი. ახალგაზრდა სპეციალისტის გასაკრიტიკებლად ენა ვის უნდა მოუბრუნდეს, პირიქით - პირველ ეტაპზე ”სიონმა” ერთი-ორი დასამახსოვრებელი მატჩი (”მეტალურგთან”, ”ბაიასთან”) სწორედ ბაჯელიძის ხელმძღვანელობით ჩაატარა.

უმაღლეს ლიგაში ყველაზე ნაკლები გატანილი და ყველაზე მეტი გაშვებული გოლი, კატასტროფული მაჩვენებელი სტუმრად ასპარეზობისას (ცხრა თამაშში - ორი ფრე და შვიდი წაგება), აი, ასეთი არასახარბიელო სტატისტიკით ”შეხვდა” გუნდი 2012 წელს. თუმცა,

ამჟამად გუნდში (და საერთოდ, კლუბშიც) სიტუაცია აშკარად სასიკეთოდ შეიცვალა და მომთხოვნი და ერთგული ბოლნისელი ქომაგებიც ოპტიმისტური განწყობით ელოდებიან ჩემპიონატის განახლებას.

მეკარეები
ძირთად მეკარედ თავდაპირველად ვლადიმერ ზუხბაია მიიჩნეოდა; თუმცა, 25 წლის ტანმაღალი მეკარე მოგვიანებით 22 წლის ვახტანგ ლობჟანიძემ ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელმა განსაკუთრებით შთამბეჭდავად მშობლიური ქალაქის გუნდთან, ”მეტალურგთან” საშინაო შეხვედრაში იასპარეზა: როცა პენალტიც მოიგერია და სხვა ეპიზოდებშიც არაერთხელ ივაჟკაცა.

მცველები
ისე როგორც სხვა რგოლებში, ”სიონის” დაცვის ოთხეულიც ხშირად იცვლებოდა და არასტაბილურ შემადგენლობას კი თუ რა შედეგი მოაქვს, ჩვენგან ამის ახსნა საჭირო არ არის. მცველებიდან ძირითად შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი 22 წლის გიორგი თარგამაძემ ჩაატარა; რომ არა ხშირი დისკვალიფიკაციები, უფრო მეტი რაოდენობის მატჩები ექნებოდათ ადგილობრივ ფეხბურთელებს - 25 წლის გიორგი ოქროპირიძესა და 24 წლის ლევან ჩხეტიანს.

აქვე, ”სიონის” ყველაზე სტაჟიანი და გამოცდილი წევრებიც უნდა ვახსენოთ: გუნდის კაპიტანი, 32 წლის დავით სვანიძე და 29 წლის მიხეილ კობაური.

ნახევარმცველები
”სიონის” შუახაზში ერთობ საინტერესო ფეხბურთელები თამაშობდნენ: 25 წლის გიორგი ქუცურუა 5 გოლით (უმრავლესობა - სტანდარტულებით) გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, 23 წლის ვალერი ბოლქვაძე კი უდავოდ, ნიჭიერი პლეიმეიკერია. ორივე ფეხბურთელს მეტიც რომ შეუძლია, ის ფაქტი მოწმობს, რომ ”სიონის” კიდევ ერთ ფეხბურთელთან (გიორგი რეხვიაშვილთან) ერთად მეორე ეტაპიდან ”ტორპედოში” გააგრძელებენ კარიერას.

ნამდვილ აღმოჩენად უნდა მივიჩნიოთ 22 წლის შოთა გაბრიჭიძის ასპარეზობა - ეს მოუღლელი ”საყრდენი” გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

თავდამსხმელები
თავდასხმის ხაზში, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობდნენ: 19 წლის ჯაბა უგულავა და 20 წლის ვილი ისიანი ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილები არიან და პერსპექტიულ ფორვარდებადაც უნდა მივიჩნიოთ; ასევე ახალგაზრდაა ლაშა კემუხტაშვილიც - ”ტორპედოდან” იჯარით გამოდმოყვანილმა 19 წლის თავდამსხმელმა ”სიონის” შემადგენლობაში მხოლოდ 56 მატჩი ჩაატარა, მაგრამ 3 გოლის გატანაც ”მოასწრო” და... ”ტორპედოში” დაბრუნდა;

ასევე ქუთაისურ გუნდში იასპარეზებს მეორე ეტაპიდან გიორგი რეხვიაშვილი - 25 წლის ფეხბურთელს თამაშის ერთობ ორიგინალური (ისევე როგორც - ვალერი ბოლქვაძეს) სტილი აქვს და საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი გია გეგუჩაძე რომ თავის გუნდში ”შემთხვევით” არავის მიიწვევს, ვფიქრობთ, საკამათო არავისთვის უნდა იყოს.

სიონის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური ბაია-სიონი 3:0
II ტური სიონი-გაგრა 1:3
III ტური სპარტაკი-სიონი 0:0
IV ტური სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1
V ტური ტორპედო-სიონი 2:0
VI ტური სიონი-ზესტაფონი 1:2
VII ტური დილა-სიონი 1:0
VIII ტური სიონი-დინამო 0:3
IX ტური მერანი-სიონი 3:0
X ტური კოლხეთი-სიონი 2:1
XI ტური სიონი-ოლიმპი 2:2
XII ტური სიონი-ბაია 2:0
XIII ტური გაგრა-სიონი 0:0
XIV ტური სიონი-სპარტაკი 1:2
XVI ტური სიონი-ტორპედო 1:3
XVII ტური ზესტაფონი-სიონი 1:0
XV ტური ვიტ ჯორჯია-სიონი 4:1
XVIII ტური სიონი-დილა 0:3

მწვრთნელები: ჯონი ჯაგიდისი (I-IV ტური); ხვიჩა ქასრაშვილი, ვახტანგ ჩაგელიშვილი (V ტური), ლევან ბაჯელიძე (VI-XVIII ტური)
მეკარეები: ვლადიმერ ზუხბაია-11, ვახტანგ ლობჟანიძე-8;
მცველები: გიორგი თარგამაძე-17, გიორგი ოქროპირიძე-14, დავით სვანიძე-13, მიხეილ კობაური-13, ლევან ჩხეტიანი-13 (1), საბა ადამაშვილი-4, გიორგი გიორბელიძე-2, ლაშა ნინიკაშვილი-2, რატი ვაშაგაშვილი-1, თურალ ორუჯოვი-1;
ნახევარმცველები: შოთა გაბრიჭიძე-17, გიორგი ქუცურუა-15 (4), ვალერი ბოლქვაძე-13. მიხეილ კობერიძე-9, არჩილ ალავიძე-8, მანუჩარ ოქროპირიძე-8, ვლადიმერ უგრეხელიძე-6 (1), ლაშა ალფაიძე-4, ვალერიან კაციტაძე-4, აკაკი ნოზაძე-4, გიორგი ფეიქრიშვილი-4, გურამ ბააკაშვილი-1, დავით ყაველაშვილი-1;
თავდამსხმელები: ვილი ისიანი-15 (1), გიორგი რეხვიაშვილი-13, ჯაბა უგულავა-12 (1), ლაშა კემუხტაშვილი-6 (3), ზურაბ ხურციძე-3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული