არადა, კალენდრის თანახმად, ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპი უვკე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ თოვლისგან დაფარული მოედნების გაწმენდას ვინ ჩივის, ელემენტარულად, სტადიონ(ებ)ამდე მისვლა იქნებოდა უდიდესი პრობლემა.
სამწუხაროდ, მწარე რეალობას ვერსად გავექცევით: ქართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით (ამ შემთხვევაში, სტადიონებს ვგულისხმობთ) საქმე საამაყოდ ნამდვილად არა გვაქვს; რა თქმა უნდა,
თუმცა, ვატყობთ, თემას გადავუხვიეთ, დღეს ხომ სრულიად სხვა (ამასთან, არანაკლებ პრობლემატურ) საკითხზე გვინდა ვისაუბროთ. საკითხზე, რომელიც არამხოლოდ ჩვენთან, არამედ, საერთოდ, თანამედროვე ფეხბურთშია აქტუალურიც და, ხშირ შემთხვევაში, "უცნაურობად" თუ "კურიოზად" რომ ვაფასებთ ხოლმე. მწვრთნელების გაუთავებელ მოხსნა-დანიშვნას ვგულისხმობთ - ერთის მხრივ, ფეხბურთის შემადგენელ ნაწილადაც რომ მიიჩნევა;
რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, როცა ამა თუ იმ სპეციალისტს წარუმატებლობ(ებ)ის გამო ათავისუფლებენ? მაგრამ, როცა ამა თუ იმ მწვრთნელს ერთ თვეში მიუთითებენ ხოლმე კარისკენ, მეტი კურიოზი და უცნაურობა რაღა უნდა იყოს? სამწუხაროდ, ყველგან (მათ შორის - საქართველოშიც) ასეა: კლუბების ხელმძღვანელებს (გნებავთ, მეპატრონეებს) ტერმინი "ნდობის მანდატი" სხვადასხვაგვარად ესმით.
რეკორდსმენი მუმლაძე
მიმდინარე სეზონში (2011-12) მწვრთნელების გათავისუფლებაში "ერთპიროვნულ ლიდერობას" არავის უთმობს იტალიის ჩემპიონატი: სერია A-ში მონაწილე 20 გუნდიდან ზუსტად ნახევარში უკვე მომხდარია სამწვრთნელო გადაადგილებები (თუმცა, ნუ გაგვიკვირდება, მაისის ბოლომდე ეს რიცხვი კიდევ რომ გაიზარდოს); მაგრამ, ამ შემთხვევაში წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებზეა საუბარი, თორემ ევროპაში (ალბათ, მსოფლიოშიც - მით უფრო, რომ ბრაზილიის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, სადაც მწვრთნელებს მართლაც "არანორმალური" ტემპით ცვლიან) პირველობას საქართველო ინარჩუნებს!
თავად განსაჯეთ: უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 12 გუნდიდან მხოლოდ ორგან არ შეცვლილა მთავარი მწვრთნელი: "ვიტ ჯორჯიაში" მუშაობას კვლავაც ზურაბ ბერიძე აგრძელებს, "მერანში" კი - მალხაზ ჟვანია;
ვერაფერს ვიტყვით, მართლაც "უნიკალური სურათია", მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს ჩემპიონატში ეს არაა ახალი ტენდენცია. აი, თუგინდ წინა სეზონი გავიხსენოთ, როცა სეზონის დასაწყისიდან ბოლომდე მხოლოდ და მხოლოდ ორმა მწვრთნელმა იმუშავა: გია გეგუჩაძემ ("ზესტაფონი") და ელგუჯა ქომეთიანმა ("ბაია"). რაც შეეხება 2009-10 წლების სეზონს, მაშინ სამმა სპეციალისტმა შეინარჩუნა სამსახური მთელი ჩემპიონატის განმავლობაში: გია გეგუჩაძემ ("ზესტაფონი"), კახა კაჭარავამ ("დინამო") და გელა სანაიამ ("ლოკომოტივი").
ბევრად უფრო მეტ მწვრთნელს ჰქონდა ნდობა 2008-09 წლების სეზონში, როდესაც 11-გუნდიან ჩემპიონატში ხუთი სპეციალისტი შეუცვლელად მუშაობდა: ბესიკ შეროზია ("ბაია"), რამაზ მუმლაძე ("ვიტ ჯორჯია"), გიორგი კიკნაძე ("ლოკომოტივი"), ოთარ კორღალიძე ("სიონი"), კობა თედიაშვილი ("მესხეთი").
"ნდობის მანდატის" მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეული იყო 2007-08 წლების სეზონი, როდესაც 14-გუნდიან გათამაშებაში ცხრა (!) მწვრთნელმა შეძლო ჩემპიონატის თავიდან ბოლომდე ჩამთავრება: რამაზ მუმლაძემ ("ვიტ ჯორჯია"), გიორგი კიკნაძემ ("ლოკომოტივი"), თემურ მახარაძემ ("ზესტაფონი"), ბესიკ შეროზიამ ("ბაია"), დუშან უჰრინმა ("დინამო"), გიორგი ჩიხრაძემ ("ამერი"), კობა ჟორჟიკაშვილმა ("სპარტაკი"), ვლადიმერ ხაჩიძემ ("ბორჯომი"), კობა თედიაშვილმა ("მესხეთი").
აი, ასეთია ბოლო წლების სტატისტიკა და აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა კონკრეტული მწვრთნელის მიღწევის შეხსენება: რამაზ მუმლაძე "ვიტ ჯორჯიაში" 4 სეზონი "გადაბმულად" მუშაობდა; ასეთი ხანგრძლივობით კი უმაღლეს ლიგაში ბოლოს ვერავინ მოიწონებს თავს.
ახლა ვისი ჯერია?
ამ სეზონში ტური არ გავიდოდა, ამა თუ იმ გუნდში სამწვრთნელო გადაადგილება რომ არ მომხდარიყო. პირველი ცვლილება "მეტალურგში" მოხდა: თორნიკე მაისურაძე რუსთავურ გუნდში კობა ჟორჟიკაშვილმა ჩაანაცვლა. გავიდა ერთი ტური და ამ სეზონის ერთ-ერთი "ხმაურიანი" გადადგომის შესახებაც შევიტყვეთ: ქვეყნის ჩემპიონი გუნდიდან საკუთარი სურვილით გია გეგუჩაძე წავიდა, "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად კი გია ჭიაბრიშვილი დაინიშნა, ვინც აქამდე გეგუჩაძის ასისტენტად მუშაობდა.
მესამე ტური "მშვიდობიანი" გამოდგა, აი, მეოთხეს შემდეგ კი საკადრო ცვლილება "სიონში" მოხდა: ჯონი ჯაგიდისი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხვიჩა ქასრაშვილმა შეცვალა. ამ პერიოდში ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება იყო გამოცხადებული და პაუზის შემდეგ "სიონში" მართლაც უცნაური ამბები მოხდა: ქასრაშვილმა გუნდი საკუთარი სურვილით ისე დატოვა, მისი ხელმძღვანელობით ბოლნისელებს არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებიათ!
თუმცა, "სიონის" სამწვრთნელო "კარუსელი" კიდევ დიდხანს გვაოცებდა: V ტურში მთავარი მწვრთნელის სტატუსით გუნდი მოედანზე ვახტანგ ჩაგელიშვილმა გაიყვანა, აი, VI ტურიდან პირველი ეტაპის ბოლომდე კი "სიონს" დებიუტანტი მწვრთნელი, ლევან ბაჯელიძე მოძღვრავდა. თუმცა, ბოლნისში მწვრთნელი მოგვიანებით კვლავაც შეიცვალა და "სიონი" ისევ ხვიჩა ქასრაშვილს ჩააბარეს!
VI ტურის მერე ერთდროულად ორ გუნდში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია "სპარტაკში" ვლადიმერ ხაჩიძემ შეცვალა, ხოლო გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის "დუეტის" ნაცვლად ქუთაისის "ტორპედოს" გაძღოლა გიორგი სუხიაშვილს მიანდეს. ეს უკანასკნელი დროებით მწვრთნელის სტატუსით იყო მისული ქუთათურთა გუნდში - ორი ტურის შემდეგ "ტორპედო" გია გეგუჩაძემ ჩაიბარა.
ამას ოდნავი "დამშვიდება" მოჰყვა, მერე კი, დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! ჯერ, "გაგრაში" შეიცვალა მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი თავისივე ასისტენტმა ზვიად ჯელაძემ ჩაანაცვლა, ამას "დილაში" მომხდარი "ორმაგი" ცვილებები მოჰყვა: გია ცეცაძის ნაცვლად მოსულმა რამაზ სოღოლაშვილმა ორი ტური უთავკაცა გორელთა გუნდს, რის შემდეგაც ამ თანამდებობაზე თემურ მახარაძე დაინიშნა.
სერიოზული სამწვრთნელო გადაადგილებები (უფრო ზუსტად, გაუგებრობები) მოხდა ფოთის "კოლხეთშიც": XII ტურის წინ გუნდი დატოვა სოსო ფილიამ, ვის ნაცვლადაც დანიშნულ გელა სანაიას მართლაც რომ უსამართლოდ მოექცნენ. შეგახსენებთ, რომ სანაიამ "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად ერთი დღე დაჰყო, რის მერეც გუნდის გაძღოლა დავით მახარაძეს მიანდეს.
პირველი ეტაპის დასკვნითმა ხუთმა ტურმა ისე ჩაიარა, არანაირი სამწვრთნელო გადაადგილება არ მომხდარა. და აი, ჩემპიონატში პაუზა გამოცხადდა თუ არა, ერთი მეორეს მიყოლებით, ორგან შეიცვალა მთავარი მწვრთნელი: ქასრაშვილზე უკვე ვთქვით და ახლა, "ბაიაც" უნდა ვახსენოთ, სადაც ელგუჯა ქომეთიანის ნაცვლად გოჩა ტყებუჩავა იმუშავებს.
დაბოლოს, წლევანდელ პირველ ცვლილებაზეც: "დინამოს" აწ უკვე მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია თანამდებობიდან შეკრებაზე ყოფნისას გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს გიორგი დევდარიანი დამოძღვრავს.
აი, ასეთია სადღეისო ვითარება, თუმცა ჩემპიონატი დაიწყება და არანაკლებ უცნაურ-კურიოზული სამწვრთნელო გადაადგილებები მერე ნახეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"