მეტალურგი-დინამო 0-2 - გიორგი დევდარიანის წარმატებული დებიუტი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი. XX ტური
19. 02. რუსთავი. ფოლადი. 700 მაყურებელი
მეტალურგი-დინამო 0:2
გოლები: 0:1 ჩისკო (16, ტვილდიანის პასით), 0:2 მერებაშვილი (75).

მეტალურგი (4-2-3-1) დინამო (4-3-3)
ბედიაშვილი ლორია
სეთურიძე ოდიკაძე
გ. კვარაცხელია კვეკვესკირი
მახვილაძე თომაშვილი
ჯაფარიძე ტვილდიანი
რაზმაძე ჯიღაური
დობროვოლსკი ძარია
ქავთარაძე კოშკაძე
გ. მიქაბერიძე კოტო
ი. მაისურაძე ჩისკო
ტატანაშვილი რობერტინიო
მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი მწვრთნელი: გ. დევდარიანი

მეტალურგი
46. მიქაბერიძე - სიხარულიძე
71. მაისურაძე - ოთარაშვილი
81. დობროვოლსკი - გავაშელიშვილი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, გეწაძე, ს. თოდუა, ჭედია

დინამო
55. ჩისკო - მერებაშვილი
58. კოშკაძე - პაპავა
64. რობერტინიო - ალვარო
სათადარიგოები: კ. სეფიაშვილი, ხმალაძე, იაგუე, სანდოხაძე
გაფრთხილება: მახვილაძე (12), რობერტინიო (63).
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

დედაქალაქური მატჩებისგან განსხვავებით, 19 თებერვალს რუსთავში ამინდზე საწუწუნო თუ საპრეტენზიო არავის უნდა ჰქონოდა, ხელოვნურსაფარიანი მოედანიც მშვენიერ მდგომარეობაში იყო და ერთადერთი, ხარისხიანი ფეხბურთის მოლოდინიღა გვქონდა. მით უფრო, რომ ერთმანეთს ჩემპიონატის ფავორიტი გუნდები ხვდებოდნენ.

ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა მატჩისადმი ინტერესს სხვა ფაქტორებიც განაპირობებდა: უპირველესად, რაღა თქმა უნდა, "დინამოს" შემადგენლობასა და, საერთოდ, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის თამაშს ვგულისხმობთ. ფეხბურთის მოყვარულთ კარგად მოეხსენებათ, რომ ზამთრის პაუზის დროს "მეტალურგმა", ფაქტობრივად, მთლიანად შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი, აი, "დინამოში" კი უამრავი ცვლილება მოხდა. ამას გარდა, ისიც ცნობილი იყო, რომ დინამოელებს არაერთი ფეხბურთელი ჰყავდათ ტრავმირებული და სტუმართა ძირითად შემადგენლობას ალბათ, ვერც ვერავინ გამოიცნობდა.

ასეც მოხდა: "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრის ჩამტარებელმა გიორგი დევდარიანმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ძირითადში ანდო ადგილი 19 წლის არჩილ ტვილდიანს, კიდევ ერთი დებიუტანტი, ასევე 19 წლის გიორგი პაპავა კი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. აი, რაც შეეხება ტაქტიკურ განლაგებას, "დინამოს" ახალ მწვრთნელს წინამორბედის არჩეული სქემა არ შეუცვლია და ტაიმნახევარი 4-3-3-ით ათამაშა თავისი გუნდი.

ახლა კი უშუალოდ მატჩის შესახებაც, სამწუხაროდ, სანახაობის თვალსაზრისით, ალბათ, უკეთესსაც რომ ველოდით. ყოველ შემთხვევაში, 19 თებერვალს გამართული მატჩი ახლოსაც ვერ "მივიდოდა" ამავე გუნდების პირველი წრის დაპირისპირებასთან - შეგახსენებთ, რომ გასული წლის 16 ოქტომბერს "მეტალურგმა" მართლაც ლამაზ სტილში დაამარცხა "დინამო" (3:2).

რუსთაველ ქომაგთა სამწუხაროდ, ამჯერად "მეტალურგის" ფეხბურთელთა თითქმის უმრავლესობა საკუთარ თავს არ ჰგავდა; ამას გარდა, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდის წევრები თითქოსდა, დამძიმებულები ჩანდნენ (პირველ ტაიმს ვგულისხმობთ) და მთელი მატჩის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ, 10-15 წუთიანი მონაკვეთი იყო, მეტოქეს აგრესიული თამაში რომ თავს მოახვიეს. თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა (პლუს, უიღბლობაც უნდა ვახსენოთ) ზემოტივირებული მეტოქის წინააღმდეგ და საერთოდაც, ვერავინ იტყვის, რომ "დინამომ" რუსთავიდან 3 ქულა დაუმსახურებლად წაიღო.

მოტივაცია შემთხვევით არ გვიხსენებია: მასპინძელთაგან განსხვავებით, "დინამომ" მატჩი ენერგიულად დაიწყო და უკვე მესამე წუთზე შეეძლო დაწინაურება, თუმცა კოტოს პასის მერე ჯაბა ჯიღაურის დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი გამოდგა. სტუმრები ამის შემდეგაც დომინირებდნენ მოედანზე და მატჩის პირველი გოლი, თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, ლოგიკურიც იყო. თანაც, მართლაც ეფექტური გოლი ვიხილეთ: დებიუტანტმა არჩილ ტვილდიანმა შორეული პასით მეტოქის საჯარიმოში ჩისკო მოძებნა, საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ტიტულიანმა ფეხბურთელმა კი ზუსტი და ოსტატური თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა.

სამწუხაროდ, პირველი ტაიმის ბოლომდე მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა: ერთ ეპიზოდში, რობერტინიომ გაინავარდა მარჯვენა ფლანგზე, მეორე დასამახსოვრებელი მომენტი კი გივი კვარაცხელიას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო.
Sportall.Ge
აი, მეორე ტაიმის დასაწყისი კი მართლაც დამაინტრიგებელი იყო: აქტიურად ჩაერთო თამაშში "მეტალურგის" ახალწვეული ირაკლი სიხარულიძე, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა, ყოფილი გუნდის კარში ეფექტური გოლი რომ გაეტანა; ეპიზოდი კი ასეთი იყო: დენის დობროვოლსკის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ირაკლი სიხარულიძემ ყველას დაასწრო და ეფექტური თავური დარტყმაც "მიაყოლა", მაგრამ ბურთი "დინამოს" კარის ხარიხას მოხვდა.

არანაკლებ ეფექტური თუ დასამახსოვრებელი იყო უფრო ადრე მომხდარი ეპიზოდიც: გიორგი ქავთარაძის შორეული პასის მერე დიმიტრი ტატანაშვილი ასევე ჩინებული თავური დარტყმით ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ბურთმა მეტოქის კარს ზემოდან გადაუფრინა.

ამასობაში კი გიორგი დევდარიანმა ეფექტიანი შეცვლები განახორციელა და გუნდის ტაქტიკური სქემაც 4-1-4-1-ს უფრო წააგავდა, ვიდრე 4-3-3-ს. რაც მთავარია, მოედანზე გიორგი მერებაშვილი ვიხილეთ - ორწლიანი პაუზის მერე მშობლიურ კლუბში დაბრუნებული ფეხბურთელი თამაშში ენერგიულად ჩაერთო და მისმა აქტიურობამაც მნიშვნელოვნად განაპირობა შეხვედრის ბედი.

ისე, დინამოელთა მეორე გოლი, ცოტა არ იყოს, კურიოზული გამოდგა: მერებაშვილი აშკარად გამჭოლ გადაცემას აკეთებდა, მაგრამ მასპინძელთა მეკარეს გრიგოლ ბედიაშვილს ბურთი საკუთარ კარში "აეჭრა". მატჩის დამთავრებამდე 15 წუთი რჩებოდა, მაგრამ "დინამო" რომ ორბურთიან უპირატესობას არ გაანიავებდა, ყველასათვის ცხადი იყო და ასეც მოხდა: ერთ "ნახევრადმომენტს" თუ არ ჩავთვლით, "მეტალურგს" მეტი არაფერი შეუქმნია...

მატჩის შემდეგ
გიორგი დევდარიანი: მივაღწიეთ იმ აუცილებელს, რაც კონკრეტულ თამაშში მოგვეთხოვებოდა
ჩისკო: იმედი მაქვს წარმატებულ სვლას განვაგრძობთ

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 19 14 3 2 38 15 45
2.ტორპედო 19 12 2 5 26 15 38
3.დინამო 19 11 3 5 36 22 36
4.მერანი 19 9 3 7 22 21 30
5.მეტალურგი 19 8 6 5 21 20 30
6.ბაია 19 7 4 8 19 20 25
7.ვიტ ჯორჯია 19 6 5 8 21 24 23
8.სპარტაკი 19 6 4 9 18 25 22
9.გაგრა 19 6 3 10 18 24 21
10.კოლხეთი 19 5 6 8 17 24 21
11.დილა 19 5 4 10 23 25 19
12.სიონი 19 1 5 13 11 35 8

მომდევნო (XIX გადადებული) ტური
22 თებერვალი
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ტორპედო-გაგრა
დილა-მეტალურგი
ზესტაფონი-ბაია
დინამო-სიონი
მერანი-კოლხეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული