უპირველესად, დედაქალაქში ჩატარებულ სამივე შეხვედრას ვგულისხმობთ, - ძლიერი ქარის ”აკომპანიმენტით” რომ წარიმართა. ისე, უჩვეულო მხოლოდ თებერვალზე არ ითქმის: განვლილ ტურსაც შეგვიძლია ”უჩვეულო” დავარქვათ, რადგანაც ექვსიდან ხუთი მატჩი ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარდა!
არადა, თუგინდ 2-3 წლის წინ ამას ვინ წარმოიდგენდა, მაგრამ მხოლოდ ჩვენთან კი არა, საერთოდ, მთელ პლანეტაზეა ყველაფერი ”არეულ-დარეული” და
ისე, მოედნები ვახსენეთ და ბარემ ვთქვათ, რომ ამ ტურში ერთდროულად ორ... სტადიონს ჰქონდა ”დებიუტი” უმაღლეს ლიგაში - ”მარაკანაზე” და ”ბენდელაზე” პირველად ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატის მატჩები (რაც შეეხება ”შატილს”, ამ სტადიონზე უმაღლესი ლიგის შეხვედრა ერთწლიანი პაუზის მერე გაიმართა).
რა თქმა უნდა, სამივე ამ სტადიონზე (სხვადასხვა ”დოზით”) ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ რეალობასაც თვალი უნდა გავუსწოროთ; ანუ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებას რომ კრიტიკის ქარ-ცეცხლი დავატეხოთ (იმავე ”მარაკანასა” თუ ”შატილზე” უმაღლესი ლიგის მატჩებს რატომ ატარებთო), მართლები არ ვიქნებით: სხვა გამოსავალი ხომ, ფაქტობრივად, არ არსებობდა; არადა, წინას მსგავსად, ეს ტურიც რომ გადადებულიყო, აი, მერე უნდა გენახათ შემჭიდროებული კალენდარი, - ჩვენ გუნდებს ყოველ მეორე-მესამე დღეს მოუწევდათ ოფიციალური მატჩების ჩატარება.
სამწუხაროდ, ისევ და ისევ იმ ძველ და მართლაც გადაუჭრელ პრობლემას ”მივადექით”: ქართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურით (ამ შემთხვევაში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის სტადიონებს ვგულისხმობთ) ჯერჯერობით ნამდვილად ვერ ვიამაყებთ. ყველაზე ”უცნაური” კი ის არის, რომ უამრავი ხელისშემშლელი მიზეზის მიუხედავად, XXIII ჩემპიონატი მართლაც რომ საინტერესოდ და დამაინტრიგებლად მიმდინარეობს; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ჩემპიონატში ტურიდან-ტურამდე მცირდება ადვილად პროგნოზირებადი მატჩების რიცხვი!
ასე იყო გასულ ტურშიც, როცა, სულ მცირე, ორი-სამი ”უცნაური” შედეგი დაფიქსირდა; თუმცა, კვირის მატჩებში სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტი თუ მოვლენაც მოხდა: არაერთი (თანაც, წარმატებული) დებიუტიც ვნახეთ, ცხრილ(ებ)შიც (”ჩვეულებრივშიც” და ”ვირტუალურშიც”) სიტუაცია დაიძაბა და აღარაფერს ვამბობთ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებულ მართლაც ”ხარისხიან” და ცნობად სახეებზე...
ისინი ბრუნდებიან...
ეს მართლაც სასიამოვნო ტენდენცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო და კვლავაც გრძელდება: საქართველოს ჩემპიონატს ერთი-მეორეზე უკეთესი და კვალიფიციური ფეხბურთელები უბრუნდებიან! თანაც, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტს, ვინ რამდენი ხნის მერე ბრუნდება, - მთავარია, რომ ქვემოთჩამოთვლილი ფეხბურთელების აქ თამაშით ჩვენი ჩემპიონატის დონე უნდა ამაღლდეს.
აღარაფერს ვამბობთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნიუანსზეც: 34 წლის დავით მუჯირისა თუ 32 წლის ზურაბ მენთეშაშვილის მხარდამხარ ასპარეზობისას ”ზესტაფონის” ახალგაზრდა ფეხბურთელები რამხელა გამოცდილებას შეიძენენ?!. ჰო, მუჯირი ერთწლიანი პაუზის მერე დაგვიბრუნდა, აი, მენთეშაშვილს კი საქართველოს ჩემპიონატში, თუ არ ვცდებით, 1998 წლის შემდეგ აღარ უთამაშია!
”ხმაურიან დაბრუნებულთა” შორის, რაღა თქმა უნდა, გიორგი მერებაშვილიც უნდა ვახსენოთ - სერბეთმოვლილი 25 წლის შემტევი თავის მშობლიურ კლუბში ორწლიანი პაუზის მერე გამოჩნდა და გოლიც გაიტანა! ჩვენ ჩემპიონატში წინასწარ ვერაფერს განჭვრეტ, მაგრამ ერთ რამეში რატომღაც დარწმუნებული ვართ: მერებაშვილს სეზონის ბოლომდე დარჩენილი სამი თვეც ”ეყოფა”, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაზე პრეტენზია რომ ჰქონდეს!
არადა, არანაკლებ ხმაურიანი დაბრუნებები ხომ წინ გველოდება: გორის ”დილაში” ლაშა სალუქვაძემ, გოჩა ხოჯავამ და მათე ვაწაძემ უნდა ითამაშონ, ”დინამოში” - გოგიტა გოგუამ.
დაბოლოს, კიდევ ერთ ცნობილ ”დაბრუნებულზე”: 32 წლის ლევან მელქაძე ბოლო დროს უგუნდოდ იყო, თუმცა გამოცდილ თავდამსხმელს გოლის ალღო არ დავიწყნია და ყოველივე ეს გასულ ტურშიც დაამტკიცა, როცა თავისი ახალი გუნდის გადარჩენაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა.
სამწვრთნელო საკითხი
ფეხბურთელების გარდა, ჩვენ ჩემპიონატს არანაკლები ცნობილი პერსონებიც უბრუნდებიან: ხანგრძლივი პაუზის მერე უმაღლეს ლიგაში სამწვრთნელო ასპარეზზე კვლავაც გამოჩნდნენ გიორგი დევდარიანი და გოჩა ტყებუჩავა. ჰო, პაუზა მართლაც ხანგრძლივი გამოდგა: 2005-06 წლების სეზონის შემდეგ დევდარიანი და ტყებუჩავა უმაღლეს ლიგაში არ გვინახავს და აი, ორივე სპეციალისტი წარმატებით დაბრუნდა!
დევდარიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის ”დინამომ” ტურის ცენტრალურ მატჩში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა; თანაც, მეტოქის ფაქტორიც არ დაგვავიწყდეს: ”მეტალურგსაც” არანაკლები ამბიცია გააჩნია ამ სეზონში და ამ ტურამდე ერთადერთი სწორედ რუსთავის გუნდი იყო, საკუთარ მოედანზე წაგება რომ არ ჰქონდა.
აღარაფერს ვამბობთ დინამოელთა უამრავ საკადრო პრობლემებზე: ნაწილი ფეხბურთელების ტრავმირებულია, გოგიტა გოგუას და ესპანელი ახალწვეულის გერაუს სატრანსფერო ფურცელი ჩამოსული არ არის, ზოგი მოთამაშე არასახარბიელო ფორმაშია და ასე შემდეგ. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ”დინამომ” შეძლო და რუსთავიდან 3 ქულა წამოიღო. არადა, საწინააღმდეგო შემთხვევაში ”ვირტუალურ” ცხრილში მდგომარეობას მკვეთრად გაიუარესებდა.
რაც შეეხება ტყებუჩავას, მისი ხელმძღვანელობით მოასპარეზე ”ბაიამ” ასევე უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა, თანაც მეტოქედ ხომ ფართოდ რეკლამირებული და საგრძნობლად გაძლიერებულ-განახლებული ”დილა” ჰყავდა.
დებიუტები
გასული ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მოვლენა დებუტანტების სიმრავლე იყო და მათგან უმრავლესობამ თავი ჩინებულად წარმოაჩინა. გუშინაც ვწერდით, თუ როგორი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა 19 წლის არჩილ ტვილდიანმა - ”დინამოს” მარცხენა მცველმა უმაღლეს ლიგაში პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე წარმატებული დებიუტი გვინდა მივულოცოთ ”სპარტაკის” 19 წლის ახალწვეულს ლაშა ჩაფიძეს, რომელმაც უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა და გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა!
აქვე, ის ფეხბურთელებიც უნდა ვახსენოთ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდი რომ შეიცვალეს და ზოგმა მათგანმა პირველსავე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა: ლევან წურწუმიამ, ილია პავლიაშვილმა (ორივე - ”კოლხეთი”), დავით რაჟამაშვილმა (”ზესტაფონი”). გოლი არ გაუტანი, მაგრამ ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა ”დინამოს” ახალწეულმა ირაკლი ძარიამ.
ახალწვეულების მხრივ ”ყველა რეკორდს” რომ გორის ”დილა” მოხსნიდა, ყველასათვის ცხადი იყო და ასეც მოხდა. თავად განსაჯეთ: ”ბაიასთან” მატჩში გორელთა შემადგენლობაში 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა და ამათგან მხოლოდ ერთი (ნოდარ ნოზაძე) იყო, ვინც პირველ ეტაპზეც ”დილაში” თამაშობდა, დანარჩენები კი ახალწვეულები გახლდნენ! ამათ შორის კი უპირველს ყოვლისა, ხორვატი მეკარე მარინ სკენდერი და სანდრო გურული უნდა ვახსენოთ, საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩები რომ ჩაატარეს.
P.S. ”სპარტაკის” მოგებამ და ”გაგრას” მარცხმა ”ვირტუალურ” ცხრილში გარკვეული ცვლილებები მოახდინა. თუმცა, ამ სეზონის ”ნოვაციაზეც” და იმის თაობაზეც, კიდევ რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ”ჩვეულებრივსა” თუ ”ვირტუალურ” ცხრილებში, შევეცდებით ხვალ ვისაუბროთ.
XX ტურის სიმბოლური ნაკრები
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი (დინამო)
მეკარე: ნადირაშვილი (2, კოლხეთი)
მცველები: ღონღაძე (4, ზესტაფონი), ორბელაძე (სპარკატი), ტვილდანი (დინამო)
ნახევარმცველები: რაჟამაშვილი (3, ზესტაფონი), თ.შონია (2, სპარტაკი), ძარია (დინამო), ჩაფიძე (სპარტაკი)
თავდამსხმელები: ჩისკო (6 დინამო), მერებაშვილი (დინამო), მელქაძე (სპარტაკი)
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 19 14 3 2 38-15 45
2.ტორპედო 19 12 2 5 26-15 38
3.დინამო 19 11 3 5 36-22 36
4.მერანი 19 9 3 7 22-21 30
5.მეტალურგი 19 8 6 5 21-20 30
6.ბაია 19 7 4 8 19-20 25
7.ვიტ ჯორჯია 19 6 5 8 21-24 23
8.სპარტაკი 19 6 4 9 18-25 22
9.გაგრა 19 6 3 10 18-24 21
10.კოლხეთი 19 5 6 8 17-24 21
11.დილა 19 5 4 10 23-25 19
12.სიონი 19 1 5 13 11-35 8
ვირტუალური სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 11 8 2 1 25-8 26
2.მეტალურგი 13 7 3 3 14-11 24
3.დინამო 13 6 2 5 22-20 20
4.ტორპედო 13 6 2 5 13-12 20
5.მერანი 12 6 1 5 15-13 19
6.სპარტაკი 12 3 1 8 11-20 10
7.ვიტ ჯორჯია 11 2 3 6 8-14 9
8.ბაია 11 2 2 7 8-18 8
მომდევნო (XIX გადადებული) ტური
22 თებერვალი
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ტორპედო-გაგრა
დილა-მეტალურგი
ზესტაფონი-ბაია
დინამო-სიონი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"