დილა VS მეტალურგი - როცა ყველა მატჩი ფინალია

AutoSharing Option
"ჩვენი გუნდისთვის თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასიაო", - გულახდილად განაცხადა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერში (საფეხბურთო გადაცემა "გოლში") გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ.

ძნელია, არ დაეთანხმო გამოცდილ სპეციალისტს - ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დაწყება და "დილას" საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცევა ერთი იყო. სოლიდურზე-სოლიდური და გავლენიანზე-გავლენიანი პატრონი, კლუბში და გუნდში მომხდარი უამრავი და "ხმაურიანი" საკადრო გადაადგილებები და, რაც მთავარია, ამბიციური გეგმები - ამიერიდან "დილა" ვერაფრით იქნება "ჩვეულებრივი" გუნდი.

ერთიანად გადახალისებულ-გაძლიერებული შემადგენლობის მქონე გუნდს ევროტურნირებზე მოხვედრა დაუსახეს მიზნად და ამ მიზნის მისაღწევად "დილას"
ნახევარფინალები და ფინალი აშორებს. თუმცა, ვიდრე სათასო პაექრობები დაიწყება, გორელებს არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაც მოუწევთ: როგორ ფიქრობთ, ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა, მათე ვაწაძე, სანდრო გურული, ზურაბ არზიანი და ხორვატი მეკარე მარინ სკენდერი საქართველოს ჩემპონატში იმიტომ ჩამოიყვანეს, უმაღლეს ლიგაში დარჩენაზე იფიქრონ?

ანუ, ზამთრის პაუზის მერე ჩემპიონატი განახლდა და საჩემპიონო დავაზე მეტად აქტუალური სხვა თემა გახდა: მოხვდება თუ არა გორის "დილა" საუკეთესო რვა გუნდში? ჰოდა, მართალს ამბობდა "დილას" მთავარი მწვრთნელი, ჩემპიონატის ყველა მატჩი ფინალის ტოლფასიაო და ნუ დაგვავიწყდება, თუ როგორი ძნელია ფაქტობრივად, შეუთამაშებელი გუნდით "დაგეგმილი" გამარჯვებ(ებ)ის მოპოვება.

რაღა შორს მივდივართ: "ბაიასთან" სტუმრად ფრე მთლად კატასტროფა არ იყო, სამაგიეროდ, "გაგრასთან" ვერმოგების შემთხვევაში "დილას" შანსები, ფაქტობრივად, მინიმუმამდე მცირდებოდა. გორელთა გუნდის უკვე ათასობით ქომაგთა გასახარად, "დილამ" მატჩის მიწურულს შეძლო 17-18 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული "გაგრას" წინააღმდეგობის დაძლევა.

ეს მოგება "აუცილებელთა" კატეგორიას მიეკუთვნებოდა, თუმცა არანაკლები "ფინალის ტოლფასი" მატჩ(ებ)ი კიდევ წინ არის. თანაც, გორელთა გუნდს დღეს ხომ "გაგრაზე" ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს - კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგი" მედლების მოპოვების რეალური კანდიდატია. ეგ კი არა, როცა საუკეთესო რვა გუნდი გაირკვევა, დიდი შანსია, რომ "მეტალურგმა" საკმაოდ კომფორტული პოზიცია დაიკავოს და... საჩემპიონო დავაშიც ჩაერიოს!

მოკლედ, 1 მარტს ისეთი მატჩია, რომლის შედეგსაც ორივე გუნდისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გამარჯვების შემთხვეაში "დილა" მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლებს და ბოლო ტურის მატჩს ("სპარტაკთან") მეტ-ნაკლებად "მშვიდად" შეხვდება; მატჩი თუ ფრედ დამთავრდა, აი, მაშინ კი საქმე საკმაოდ გართულდება და ბოლო ტურში გორელები უკვე სხვა მატჩების შედეგებზე იქნებიან დამოკიდებულნი (თანაც, ასევე უშუალო კონკურენტი "სპარტაკი" აუცილებლად უნდა დაამარცხონ).

მთავარი კინაღამ დაგვავიწყდა: ამ მატჩში "დილას " გამარჯვებით ვირტუალურ ცხრილში სერიოზულზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი ცვლილებები მოხდება! ანუ, "დილა" მეშვიდე ადგილზე "წამოსკუპდება", ერთ კონკურენტს ("კოლხეთს") მერვე ადგილზე "ჩააჩოჩებს", ხოლო "ვიტ ჯორჯიას" ამ საუკეთესო რვა გუნდიდან გამოაძევებს! თანაც, როგორ გგონიათ, "დილა"-"მეტალურგი" შედეგი მხოლოდ მეშვიდე-მერვე ადგილების "განაწილებაზე" იმოქმედებს?

ჰო, დიდია იმის ალბათობაც, მატჩის შედეგმა... საჩემპიონო დავაშიც სერიოზული კორექტივები რომ შეიტანოს; ანუ, "დილა" თუ საუკეთესო რვა გუნდში მოხვდება, ამით ყველაზე მეტად "ზესტაფონი" იზარალებს (გორელებთან ერთი მატჩი ხომ წაგებული აქვს) და "დინამოსთან" არსებული სოლიდური სხვაობაც შემცირდება.

აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, თუ როგორ უქომაგებენ "ზესტაფონის" წარმომადგენლები (კლუბის ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები და ამ გუნდის გულშემატკივრები) რუსთაველებს; საპირისპირო "განწყობა" იქნება დინამოელთა შორის - ჩვენ ყველაზე ტიტულიან გუნდს "დილასთან" ორივე მატჩი მოგებული აქვს და საუკეთესო რვა გუნდში სწორედ გორელების მოხვედრა იქნება მათთვის სასურველზე-სასურველი.

აქვე, აუცილებელი განმარტებაც: მატჩს კი აქვს ერთდროულად რამდენიმე გუნდისათვის დიდი მნიშვნელობა (ბოლოს და ბოლოს, "ჩვეულებრივშიც" და "ვირტუალურ" ცხრილშიც სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ), თუმცა ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 2 მარტსაც გველოდება ერთი გამოტოვებული შეხვედრა ("ზესტაფონი" - "სპარტაკი") და 6 მარტს დანიშნული ბოლო ტურიც.

მოკლედ, ინტრიგა "ზომაზე მეტიც" არის და ერთადერთი ისღა დაგვრჩენია ვისურვოთ, დღევანდელი, ხვალინდელი თუ ბოლო ტურის მატჩები სპორტული პრინციპების დაცვით რომ ჩატარდეს.

ჩემპიონატის რეალური და ვირტუალი ცხრილები 1 მარტისთვის
რეალური ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 20 15 3 2 39-15 48
2.დინამო 21 13 3 5 42-23 42
3.ტორპედო 21 13 3 5 33-19 42
4.მეტალურგი 20 9 6 5 23-21 33
5.მერანი 21 9 3 9 23-25 30
6.ბაია 21 7 4 10 20-26 25
7.ვიტ ჯორჯია 21 6 7 8 23-26 25
8.კოლხეთი 21 6 7 8 19-24 25
9.სპარტაკი 20 6 5 9 18-25 23
10.დილა 20 6 4 10 24-25 22
11.გაგრა 21 6 3 12 20-30 21
12.სიონი 21 1 6 14 11-36 9

ვირტუალური ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 13 9 3 1 24-8 30
2.მეტალურგი 14 7 3 4 15-15 24
3.დინამო 14 6 3 5 27-21 21
4.ტორპედო 13 6 3 4 17-13 21
5.მერანი 13 5 1 7 13-16 16
6.კოლხეთი 13 3 4 6 11-17 13
7.ვიტ ჯორჯია 13 3 4 6 11-17 13
8.ბაია 13 2 3 8 8-20 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
პირდაპირი ტუ იქნება ტელევიზიით? გტხოვტ გვიპასუხოთ
0
აშკარად ეტკობა დინამოს ქომაგი რომაა სტატიის ავტორი. დილა თუ გავა რვაეულში კოლხეთი ვერ მოხვდება.ზესტაფონს ქულები კოლხეთთანაც დაკარგული აქ. ამით დინამო მარტო 1 ქულით თუ შეამცირებს სხვაობას.
xcomputers
16:03 01-03-2012
0

სიახლეები პოპულარული