დილა-მეტალურგი 3:1 - მოსალოდნელი მოგების ქრონიკა

AutoSharing Option
01. 03. მცხეთა. მცხეთა-პარკი. 1500 მაყურებელი
დილა-მეტალურგი 3:1
1:0 ჯიქია (32, ილურიძის პასით), 2:0 ლექვთაძე (40, ილურიძის პასით), 3:0 კახელიშვილი (62, არზიანის პასით), 3:1 გეწაძე (89, მაისურაძის პასით)

დილა (4-1-4-1) მეტალურგი (4-2-3-1)
სკენდერი - ბედიაშვილი
ალადაშვილი - ს. თოდუა
სალუქვაძე - მახვილაძე
თოთაძე - გავაშელიშვილი
ინწკირველი - ჯაფარიძე
არზიანი - ი. მაისურაძე
კახელიშვილი - თექთურმანიძე
კაშია - ჭედია
ილურიძე - გეწაძე
ლექვთაძე - ოთარიშვილი
ჯიქია - სიხარულიძე
მწვრთნელი: თ. მახარაძე; მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი

დილა
56. კაშია - კანდელაკი
65. არზიანი - ბეჭვაია
78.
ილურიძე - ქარქუზაშვილი
სათადარიგოები: შეყრილაძე, ვაწაძე, ბარაბაძე, მეგრელიშვილი

მეტალურგი
46. ოთარიშვილი - დობროვოლსკი
66. ჭედია - სეთურიძე
66. თექთურმანიძე - ქავთარაძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, მოდებაძე, ტატანაშვილი

გაფრთხილება: ჯაფარიძე (74), გავაშელიშვილი (90)

გოლი გვინდა, გოლი, გაახარე გორი! - აი, ასეთი შეძახილით ამხნევებდნენ მთელი მატჩის განმავლობაში თავიანთ საყვარელ გუნდს "დილას" გულშემატკივრები, თანაც გორელთა გუნდის მართლაც ზეაქტიურ ფან-კლუბს "მცხეთა-პარკზე" მყოფმა ათასზე მეტმა წესრიგის დამცველმაც მხარი აუბა და ასეთი მხარდაჭერით შეგულიანებულ "დილას" 1 მარტს "მეტალურგი" კი არა, შესაძლოა, რომელიმე ევროპული გრანდიც წინ ვერ დადგომოდა.

თუმცა მხოლოდ ქომაგობის დამსახურებაც არ იყო გორელთა გამარჯვება: ზემოტივირებულ "დილას" მოგების გარდა სხვა არანაირი შედეგი არ აწყობდა და დამსახურებულადაც აჯობა მეტოქეს. რა თქმა უნდა, მოტივაცია შემთხვევით არ გვიხსენებია - ამ გამარჯვებით "დილამ", ფაქტობრივად, გაინაღდა საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა, მაშინ, როცა "მეტალურგის" წინაშე ეს პრობლემა არ დამდგარა.

სამაგიეროდ, რუსთაველებს სხვა პრობლემა აწუხებდათ და ამის დასტურად "მეტალურგის" შემადგენლობაც გამოდგება - სხვადასხვა მიზეზის გამო კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს წამყვანი ფეხბურთელები (გივი კვარაცხელია, ლუკა რაზმაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ირაკლი მოდებაძე, გიორგი მიქაბერიძე) აკლდნენ, ხოლო გიორგი სეთურიძე, გიორგი ქავთარაძე და დენის დობროვოლსკი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდნენ.

რაც შეეხება "დილას" შემადგენლობას, წინა მატჩთან შედარებით, თემურ მახარაძემ ძირითადში ერთადერთი კორექტივი შეიტანა: რევაზ ბარაბაძის ნაცვლად ცენტრფორვარდის პოზიციაზე რევაზ ჯიქია გაამწესა.

...სავსე ტრიბუნებიდან წამოსულ ომახიან შეძახილებს ორივე გუნდის ფეხბურთელებმაც მხარი აუბეს და მატჩის საწყისი 20 წუთი საინტერესო და თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა.

და აი, პირველი რეალური მომენტიც ვნახეთ, ოღონდ, სტადიონზე მყოფი აბსოლუტური უმრავლესობისათვის სრულიად მოულოდნელად, ხიფათი გორელთა კართან შეიქმნა: ირაკლი სიხარულიძის აქტიურობას გიორგი ჭედიას დარტყმა მოჰყვა, მაგრამ "დილას" ხორვატმა მეკარემ მარინ სკენდერმა (ისე, როგორც წინა მატჩში) მაღალი კლასი კვლავაც გამოავლინა.

პირველ ტაიმში ჭედიას კიდევ ერთხელ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ გიორგი ოთარიშვილის გამჭოლ გადაცემას არაზუსტი დარტყმა "მოაყოლა". თუმცა ამ დროისათვის "დილას" უკვე სოლიდური ჰანდიკაპი ჰქონდა შექმნილი და ორბურთიანი უპირატესობით იგებდა! ორივე გოლში კი ლომის წვლილი შეიტანა გუნდის 20 წლის ახალწვეულმა გიორგი ილურიძემ - მახაჩკალის "ანჟის" ყოფილმა ფეხბურთელმა წინა მატჩშიც საგოლე პასი შეასრულა, 1 მარტს კი ორი ზუსტი გადაცემა დაუმატა!

ასისტენტობის გარდა, ილურიძემ, საერთოდაც, ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და თანაგუნდელ ზურაბ არზიანთან ერთად, ორივე გუნდის შემადგენლობაში, უდავოდ, გამორჩეული გახლდათ. ილურიძეს თავადაც შეეძლო გოლის გატანა: პირველ ტაიმშიც და შესვენების შემდეგაც თვითონ შექმნა სახიფათო მომენტები, მაგრამ მიზნის მისაღწევად მცირეოდენი დააკლდა.

გოლის გატანის შანსი ჰქონდა შეტევაში ჩართულ ალექსანდრე ინწკირველსაც, თუმცა "დილას" დომინირება ლოგიკურზე ლოგიკური მესამე გოლით მაინც დასრულდა: გიორგი კახელიშვილმა (ისევე, როგორც რევაზ ჯიქიამ და ირაკლი ლექვთაძემ) ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ამ ეპიზოდში ცალკე აღნიშვნის ღირსია ზურაბ არზიანის გამორჩეული ბურთაობაც: 24 წლის ნახევარმცველმა ბურთი ძალისმიერ ორთაბრძოლაში მოიპოვა, მერე ფლანგზე "გაინავარდა" და საგოლე შეტევა არანაკლებ ჩინებული გამჭოლი გადაცემითაც დაასრულა. ისე, რა ჩვენი საქმეა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, უცნაურად გვეჩვენება ის ფაქტი, რომ შარშან, ზაფხულის დასაწყისში, არზიანისა და თბილისის "დინამოს" გზები გაიყო...

..."დილა" რომ სამბურთიან უპირატესობას არ გაანიავებდა, ყველასათვის ცხადი იყო და თემურ მახარაძემაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არზიანსა და ილურიძეს დასვენების საშუალება რომ მისცა. მატჩის ბოლომდე კი საინტერესო ორი ფაქტი მოხდა: ჯერ იყო და კახა ალადაშვილის "სტანდარტულის" შემდეგ ლაშა სალუქვაძის თავური დარტყმა "მეტალურგის" კარის ხარიხას მოხვდა; შეხვედრის მიწურულს კი რევაზ გეწაძემ მარცხენა ფლანგიდან ზუსტად დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც "დააფიქსირა".

ამ გამარჯვებით კი, როგორც მატჩამდე ვივარაუდეთ, ჩვეულებრივ ცხრილშიც ხომ შეიცვალა "რაღაც-რაღაცები", არანაკლები კი არა, ბევრად უფრო მეტი გადაადგილება მოხდა ვირტუალურ ცხრილშიც! ისე, "დილამ" თუ ასე გააგრძელა, არაერთ გუნდსაც დაერღვევა მყუდროება, - მათ შორის, ჩემპიონატის ფავორიტებსაც!..

დაბოლოს, ამ თამაშზე მყოფ საპატიო სტუმრებზეც: ორივე კლუბის ხელმძღვანელები, არცთუ პატარა ჩინის მქონე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ვიცე-პრეზიდენტი გია ფირცხალავა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე, "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია - აი, "მცხეთა-პარკის" ვიპ-ლოჟაში მყოფთა მართლაც არასრული ჩამონათვალი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ილურა მაგარია, ეგრე გააგრძელე გიო ნაკრებში უნდა გიხილოთ!!!!!!!!!!!!!
nikilura
12:41 02-03-2012
0
გაიხარეთ გორელებო....ნეტა არ იქნება კახეთსაც გამოსჩენოდა თქვენისთანა პატრონი?
bondo
11:01 02-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული