უმაღლესი ლიგა. XXII ტურის წინათქმა: ხუთნი სამი ვაკანსიისთვის

AutoSharing Option
ზუგდიდში მზემ გამოანათა, ეს კი უმნიშვნელო ამბავი სულაც არაა. უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის ბოლო ტური ხომ სწორედ სამეგრელოს მთავარ ქალაქში მოსულმა დიდმა თოვლმა გადადო.

სხვა ქალაქებში ფეხბურთისთვის ხელისშემშლელი გარემოებები არ არსებობდა, მაგრამ ბოლო ტურისთვის აუცილებელი წინაპირობა ისაა, რომ ყველა მატჩი ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე დროს დაიწყოს და შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა სრულიად მართებული გადაწყვეტილება მიიღო.

აი, ტურის კიდევ ერთხელ გადადება კი უკვე ძალიან დიდ პრობლემებს წარმოქმნის და სწორედ ამიტომაა, ზუგდიდურ ამინდს დიდი მნიშვნელობა რომ აქვს.
7 მარტს "ბაიას" ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჯერ კიდევ თოვლი იდო, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ 8-ში სათამაშო კონდიციაში იქნება.

რაც შეეხება წმინდა საფეხბურთო საკითხებს, ამ ტურმა შეიძლება, გაცილებით მეტი გადაწყვიტოს, ვიდრე უმაღლესი ლიგის ბოლო ტურმა, რომელიც მაისში გაიმართება.
იშვიათად ხდება, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდთა თემამ მეორე პლანზე გადაიწიოს, მაგრამ ამჯერად საქმე სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს.

* * *
"ზესტაფონის", "დინამოსა" და სხვა წარმატებული ქართული კლუბების ამბიციების შესახებ სისტემატურად ვწერთ და ასე გაგრძელდება მომავალშიც, თუმცა დღეს აქცენტი იმ გუნდებზე უნდა გავაკეთოთ, ვინც დღევანდელ ტურში უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესოში მოსახვედრად იბრძოლებს.

აქ დამკვიდრება დიდი ხნის წინ დაიბევა სატურნირო ცხრილში ზედა ხუთ ადგილზე მყოფმა გუნდმა, კიდევ ხუთი კი 8 მარტს სამი ვაკანტური ადგილისთვის იბრძოლებს.
"ბაია", "დილა", "კოლხეთი", "ვიტ ჯორჯია", "სპარტაკი" - აი, იმ ხუთი კლუბის ჩამონათვალი, ვისი ბედიც დღეს გადაწყდება (თუ ნაწილის ბედი უკვე გადაწყვეტილი არ არის).

აქედან პირველ ოთხს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვს, თუმცა ზუგდიდელები და გორელები ფოთელებსა და ვეტერინარებს გამარჯვებათა რაოდენობით აღემატებიან, "კოლხეთი" კი "ვიტ ჯორჯიას" ურთიერთშეხვედრათა ბალანსით სჯობნის. შესაბამისად, საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი "ბაია", "დილა" და "კოლხეთი" - თუ გაიმარჯვეს, ზედა რვაში პარალელური მატჩების შედეგებისდა მიხედვით გავლენ.

"ვიტ ჯორჯია" უფრო რთული ამოცანის წინაშე დგას - თან ჩემპიონი "ზესტაფონი" უნდა დაამარცხოს და თანაც, კონკურენტების წაფორხილების იმედზე იყოს. "სპარტაკს" კი ამბიციამომატებული "დილას" დამარცხებაც მართებს და კონკურენტების წაბორძიკებაც სჭირდება. მოკლედ, "ვიტ ჯორჯია" და "სპარტაკი" არცთუ კომფორტულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ფეარ-პლეის პრინციპი ერთი-ორ ქალაქში მაინც თუ დაიცვეს, სატურნირო ცხრილში გადაადგილებებს მაინც ნუ გამოვრიცხავთ.

მოკლედ, ექვსიდან ოთხი შეხვედრის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მთელი ყურადღებაც ფოთისკენ, ზუგდიდისკენ, მცხეთისა და "მიხეილ მესხისკენ" იქნება მიპყრობილი. "გაგრა"-"დინამოსა" (საკუთარ "დინამო არენაზე" "დინამო" "გაგრას" "ესტუმრება") და "მეტალურგი"-"სიონის" შედეგს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მაინც საინტერესოა, როგორი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებენ თბილისელები და რუსთაველები. არანაკლებ საინტერესოა "ზესტაფონის" ნახვაც, თუმცა, შესაძლებელია, გამარჯვების შემთხვევაში სამი ქულა არც ფეროელებს წაადგეთ.

მოკლედ, ახალმა სისტემამ ჩემპიონატი გარკვეულწილად დაძაბა, თუმცა ეს რეგლამენტი მთლად სამართლიანი არ უნდა იყოს - იმედია, მომავალი სეზონიდან მოპოვებული ქულები არავის "აუორთქლდება" და აღარ იქნება ისეთი შემთხვევები, როცა წაგება მოგებას სჯობს.

ჩამოგითვლით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ ტურს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებენ: გიორგი ლორია, დავით ოდიკაძე, რობერტინიო (სამივე - დინამო), ლაშა ჯაფარიძე, გიორგი გავაშელიშვილი (ორივე - მეტალურგი), თორნიკე თარხნიშვილი (ტორპედო), გიორგი მანწკავა (მერანი), ბესიკ ჩიმაკაძე (ვიტ ჯორჯია).

ბოლოს ორიოდე სიტყვით ისევ ზემოთ ნახსენები ხუთეულის ბოლოდროინდელ მდგომარეობაზე:

"ბაია": ზუგდიდელებმა წელს ჩატარებულ სამ ოფიციალურ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეტოქეებად "დილა", "ზესტაფონი" და "დინამო" ჰყავდათ. "ბაია" ზამთარში ბევრმა ლიდერმა დატოვა, შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ყალიბდება. "მერანის" დამარცხება გუნდს სულზე მოუსწრებს - ზედა რვა გუნდში ზუგდიდელებს სანერვიულო აღარაფერი ექნებათ.

"დილა": დღეს უკვე თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ გორელები თასის ფინალშიც გავლენ და და ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდშიც მოხვდებიან. ზუგდიდში დაკარგული ქულების შემდეგ "დილამ" დაძაბულ ბრძოლაში "გაგრას" სძლია, რასაც "მეტალურგის" იოლი დამარცხება მოჰყვა და შიდაქართლელებს პირველ მიზნამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.

"კოლხეთი": შემოდგომის მიწურულს ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ "კოლხეთი" ზედა რვაში მოხვდებოდა, მაგრამ დღეს ყველაფერი ფოთელთა ხელშია. "ტორპედოს" დამარცხება, თუნდაც მშობლიურ კედლებში, იოლი სულაც არ არის, თუმცა ფოთელთა შანსებს ურიგო მაინც არ ეთქმის. "კოლხეთმა" სეზონის მეორე ნახევარი "ვიტ ჯორჯიასა" და "მერანის" დამარცხებით დაიწყო, ბოლნისში კი ფრეს დასჯერდა. ზღვისპირელებს ჩემპიონატის ბოლო ხუთ მატჩში გოლი არ გაუშვიათ.

"ვიტ ჯორჯია": ვეტერინარებს თავი თითქოს ქუდში ჰქონდათ, მაგრამ წელს გამართულ სამ შეხვედრაში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვეს და ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. დისკვალიფიცირებული ბესიკ ჩიმაკაძე "ვიტ ჯორჯიასთვის" დიდი დანაკლისია, მაგრამ ვიტელებს სხვა გზა არ აქვთ, "ზესტაფონს" მაინც უნდა შეუტიონ.

"სპარტაკი": "სპარტაკმა" "ტორპედოს" დამარცხებით მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. ამის შემდეგ კი მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთანაც" სამი ქულა სჭირდებოდა, მაგრამ ფრეს დასჯერდა. ამას ზესტაფონში განცდილი მარცხი მოჰყვა და ყოველივე ამის შემდეგ ცხინვალელთა სავარაუდო მომავალ ადგილსამყოფელად პლეი-აუტი უნდა მოვიაზროთ.

საქართველოს ჩემპიონატი. XXII ტური
08.03.2012 ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 15:00
ბაია-მერანი

08.03.2012 თბილისი. დინამო არენა. 15:00
გაგრა-დინამო

08.03.2012 ფოთი. ფაზისი. 15:00
კოლხეთი-ტორპედო

08.03.2012 რუსთავი. ფოლადი. 15:00
მეტალურგი-სიონი

08.03.2012 მცხეთა. მცხეთა-პარკი. 15:00
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი

08.03.2012 თბილისი. მ.მესხი. 15:00
სპარტაკი-დილა

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 21 16 3 2 44-17 51
2.დინამო 21 13 3 5 42-23 42
3.ტორპედო 21 13 3 5 33-19 42
4.მეტალურგი 21 9 6 6 24-24 33
5.მერანი 21 9 3 9 23-25 30
6.ბაია 21 7 4 10 20-26 25
7.დილა 21 7 4 10 27-26 25
8.კოლხეთი 21 6 7 8 19-24 25
9.ვიტ ჯორჯია 21 6 7 8 23-26 25
10.სპარტაკი 21 6 5 10 20-30 23
11.გაგრა 21 6 3 12 20-30 21
12.სიონი 21 1 6 14 11-36 9

ვირტუალური ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 14 9 3 2 24-12 30
2.დინამო 14 7 2 5 27-20 23
3.ტორპედო 13 7 2 4 17-12 23
4.მეტალურგი 14 7 2 5 18-19 23
5.დილა 14 4 3 7 16-17 15
6.მერანი 13 4 1 8 12-18 13
7.ბაია 13 3 4 6 10-15 13
8.კოლხეთი 13 2 5 6 8-16 11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
rac axla xdeba chempionatshi arasdros kmoxdara,gacires vitjorjia,gagra da meranis chasdirvac undat am chempionats ucodeb fars2012cels chatarebuli matvhi cinascar iko dadgmuli da icodnen federaciashi shedegebi pirvel ligashi gagra da bolnisi gadava
ramazi
16:29 08-03-2012
0
ვიტჯორჯია როგორ მოტეხეს. არადა წესით ზუსტად ესეთ კლუბებს უნდა უწყობდნენ ხელს, ვინც თავის თავს თვითონ ირჩენს.
ramo
12:27 08-03-2012
0

სიახლეები პოპულარული