მეტალურგი-ბაია 4:0 - რუსთაველთა დამაჯერებელი და ეფექტური გამარჯვება

AutoSharing Option
12. 03. რუსთავი. ფოლადი. 300 მაყურებელი
მეტალურგი-ბაია 4:0
1:0 სიხარულიძე (24), 2:0 კვარაცხელია (63, მაისურაძის პასით), 3:0 სიხარულიძე (77), 4:0 თექთურმანიძე (89)

მეტალურგი ბაია
4-2-3-1 4-3-3
ბედიაშვილი სომხიშვილი
ს. თოდუა აფაქიძე
კვარაცხელია პაჭკორია
მახვილაძე ლ. ტყებუჩავა
ჯაფარიძე აკობია
რაზმაძე კუტალია
ქავთარაძე ტყემალაძე
თექთურმანიძე სიხარულია
ი. მაისურაძე კუკავა
ოთარაშვილი გაბედავა
სიხარულიძე შ. ლომია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
კ. ჟორჟიკაშვილი გ. ტყებუჩავა

მეტალურგი
42. ოთარაშვილი - გავაშელიშვილი
74. ქავთარაძე - ტატანაშვილი
84. რაზმაძე - ექვთიმიშვილი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჭედია, სეთურიძე, გეწაძე

ბაია
45. ტყემალაძე - ზ. ქვარცხავა
62. კუტალია - გუჯეჯიანი
77. ლომია - ეხვაია
სათადარიგოები: მაქაცარია, გ. ქვარცხავა, ნ. შონია,
ფარჯიკია
გაფრთხილება: ტყემალაძე (40), აკობია (53), აფაქიძე (60)
არბიტრი: ლ. სილაგავა

თბილისისგან განსხვავებით, 12 მარტს რუსთავში მატჩის ჩატარება-არჩატარებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა და "მეტალურგმაც" დამაჯერებელი გამარჯვებით გაახარა ის სამასამდე ქომაგი, სუსხის მიუხედავად "გმირულად" რომ გაძლო შეხვედრის დამთავრებამდე.

"მეტალურგს" დიდი ხანი არ ჰქონდა საშინაო ასპარეზზე გამარჯვება მოპოვებული და ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპის ასე შთამბეჭდავად დაწყება კონკურენტებისათვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. თანაც, ვერავინ იტყვის, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშაო. თუმცა, საკადრო პრობლემების მიუხედავად, "მეტალურგმა" თავიდანვე მოიპოვა ტერიტორიული უპირატესობა და შეხვედრის საბოლოო შედეგიც ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ.

"ბაია", ფაქტობრივად, მხოლოდ საწყისი 15-20 წუთი ეპაექრებოდა თანაბრად მეტოქეს. პირველი სახიფათო მომენტიც ზუგდიდელებმა შექმნეს, როცა ლაშა კუკავა მახვილი კუთხიდან ცდილობდა "მეტალურგის" მეკარისათვის ბურთის თავზე გადაგდებას, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

აი, ამის მერე კი "მეტალურგის" უპირატესობა ნათლად გამოიხატა და გიორგი თექთურმანიძისა და ირაკლი მაისურაძის მცდელობებს შედეგი თუ არ მოჰყოლია, მომდევნო შეტევა უკვე გოლით დასრულდა: მაისურაძის შორიდან დარტყმული ბურთი "ბაიას" კარის ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ყველას ირაკლი სიხარულიძემ დაასწრო და ზუსტი "თავურით" თავისი გუნდი დააწინაურა.

პირველ ტაიმში დასამახსოვრებელი ლაშა ჯაფარიძისა და გიორგი ოთარაშვილის ეფექტური კომბინაციაც იყო, სტუმართა მეკარემ გიორგი სომხიშვილმა დროული რეაქცია რომ შეაგება. ამას გარდა, ის ეპიზოდიც გვინდა აღვნიშნოთ, როცა ვალიკო ტყემალაძისა და გიორგი ოთარაშვილის შეჯახებას ამ უკანასკნელის ტრავმა მოჰყვა.

შესვენების შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა თვალსაჩინოზე მეტი გახდა და მეტოქის კარში ერთიმეორეზე ეფექტური გოლებიც გაიტანეს.

ნურც იმ ფაქტს დავივიწყებთ, რომ შესვენების შემდეგ "მეტალურგის" რამდენიმე ფეხბურთელი სხვა პოზიციებზე ვიხილეთ, თუმცა ამ ცვლილებებმა დადებითი ეფექტი უფრო მოიტანა. ასე მაგალითად, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე "აწეულმა" ლაშა ჯაფარიძემ წამოიწყო სწორედ ის შეტევა, ჯერ კუთხური, შემდეგ კი გოლი რომ მოჰყვა: "სტანდარტული" ირაკლი მაისურაძემ ჩააწოდა. გუნდის კაპიტანმა გივი კვარაცხელიამ კი ეფექტური თავურით სტუმართა მეკარე უშანსოდ დატოვა.

მესამე გოლიც "სტანდარტულის" შესრულების შემდეგ გავიდა: კუთხური, დიმიტრი ტატანაშვილის თავური დარტყმა, ხარიხა და კვლავაც ირაკლი სიხარულიძის დასწრებაზე თამაში!

მატჩის ბოლო წუთებზე კი ერთიმეორეზე დინამიკური ორი ეპიზოდიც ვიხილეთ: ჯერ იყო და გიორგი თექთურმანიძემ თავისი ჩინებული რეიდი არანაკლებ შთამბეჭდავი შორეული და ზუსტი დარტყმით დაასრულა, მერე კი მასპინძელთა მეკარემ გრიგოლ ბედიაშვილმაც გამოავლინა თავისი ოსტატობა, როცა ირაკლი ეხვაიას მიერ დარტყმული ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე რა რო თოვლი იყო?! ჩვენ ბოლომდე იქ ვიყავით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ, მადლობა ბიჭებს!
ლაშა
13:02 13-03-2012
0

სიახლეები პოპულარული