საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. I ტურის მიმოხილვა

AutoSharing Option
დაინავსა და მართლაც დაითარსა XXIII ჩემპიონატი: ჯერ იყო და, ისეთი რეგლამენტი მოიგონეს, ზოგიერთ კლუბში სამი-ოთხი თვის განმავლობაში ვერაფრით გაერკვიათ, თუ რომელი მატჩი მოეგოთ და რომელი... წაეგოთ!

აბა, ამაზე მეტი კურიოზი რაღა უნდა მომხდარიყო, როცა ამა თუ იმ გუნდს კონკრეტულ მეტოქესთან მარცხი უფრო აწყობდა?! ჰოდა, გასული წლის შემოდგომიდან თებერვლის ბოლომდე მართლაც რომ "ვირტუალურ ჩემპიონატს" ვატარებდით და როცა საბოლოოდ გაირკვა რვა საუკეთესო გუნდის ვინაობა, აი, მაშინ კი ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ! ანუ, ისეთი ტურნირები იწყებოდა, ამა თუ იმ მატჩში გამარჯვებულს სიხარულის გრძნობა რომ
ექნებოდა, დამარცხებულს კი - სინანულისა.

თუმცა გარკვეული "დისკომფორტი" მაინც რჩებოდა და ეს, პირველ ყოვლისა, პლეი აუტის მონაწილე გუნდებს ეხებოდათ - ამ შემთხვევაში ხომ ყველაფერი ნულიდან იწყებოდა. აღარაფერს ვამბობთ პლეი ოფის მონაწილე გუნდებზეც, სადაც ამ "ნოვატორული" რეგლამენტით განსაკუთრებულად ქვეყნის ჩემპიონი დაზარალდა: "ადამიანური სისტემით" რომ ჩაგვეტარებინა ეს სეზონი, "ზესტაფონს" ზედიზედ მეორე ტრიუმფში, ალბათ, ვერავინ შეეცილებოდა (ახლა კი ერთდროულად სამ კონკურენტს მხოლოდ და მხოლოდ 6-7 ქულით თუ უსწრებს).

თუმცა ეს მართლაც უცნაური და "დანავსული" ჩემპიონატი მომავალში სხვა მხრივაც გამორჩეულად გასახსენებელი იქნება: აბა, გაიხსენეთ, რომელ სეზონში ყოფილა უამინდობის გამო ამდენი გადადებული მატჩი? ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველოს ფეხბურთის საშეჯიბრო განყოფილებას მართლაც რომ უნდა თანავუგრძნოთ: ვინმე იფიქრებდა, რომ მარტში (ადრე გაზაფხულის თვე ერქვა - გ.ტ.)... დიდთოვლობის გამო მატჩების ჩატარება-არჩატარების პრობლემა დადგებოდა?

მერე, ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურაც ისეა "განვითარებული", რომ დიდთოვლობა კი არა, ამინდის ოდნავი გაუარესება და ლამის არის, თითქმის ყველა მატჩი ჩაიშალოს.

ცოტა არ იყოს, თემას გადავუხვიეთ, რადგანაც სტადიონებსაც "მივადექით". არადა, დაახლოებით ორი თვეა (განსაკუთრებით კი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში), დიდი თუ პატარა, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი, კლუბის ხელმძღვანელი თუ გულშემატკივარი - მოკლედ, მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო ერთსულოვნად ახმოვანებს საკუთარ სურვილს: ქართული ფეხბურთის განვითარება-წინსვლა-პოპულარიზაცია-აღმავლობა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი იასპარეზებსო!

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს მხოლოდ იდეაა, უფრო ზუსტად, "საუკეთესო სურვილები"; მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, მომავალი სეზონისთვის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა, სავარუდოდ, თექვსმეტამდე გაიზრდება!

შეხვედრა წარსულთან
მთელი პირველი ეტაპი "ორცხრილიანობის ტყვეობაში" ვიყავით და ახლაც ასეთივე რეჟიმით გაგრძელდება: საუკეთესო რვაგუნდიანი ტურნირი ხომ, თავისთავად, საინტერესოა და არანაკლებ ინტრიგას (თუ სამომავლოდ გუნდების რაოდენობა არ გაიზარდა) გვპირდება პლეი აუტიც. ყოველ შემთხვევაში, არავინ იფიქროს, რომ "რანგით" ამ მეორე ტურნირს ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ: ჯერ მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ არცთუ მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ბათუმის "დინამო" და ლანჩხუთის "გურია" იქნებიან საყოველთაო ყურადღების ცენტრში.

ან რა, პლეი აუტის მონაწილე გუნდებში სხვებზე ნაკლები დონის ფეხბურთელები თამაშობენ? აი, ახლაც, ახალგაზრდული "გაგრას" წინააღმდეგ ბათუმის "დინამომ" რომ ითამაშა, სტუმართა შემადგენლობაში ორი ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდა, ეროვნულ ჩემპიონატში (უმაღლეს ლიგას ვგულისხმობთ) მეტ-ნაკლები კვალი რომ დაუტოვებია. 24 წლის მიხეილ ალავიძე საქართველოში ორწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და ვფიქრობთ, რომ ეს ნიჭიერი მეკარე საკუთარ შესაძლებლობებს კვლავაც წარმოაჩენს.

აღარაფერს ვამბობთ ამირან მუჯირის ფაქტორზეც - 38 წლის ფეხბურთელი დღესდღეობითაც ისეთ ფორმაშია, მარტოდმარტოს რომ შეუძლია კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა.

ბათუმის "დინამოს" გარდა, სხვა პირველლიგელ გუნდებშიც მრავლად არიან ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ცნობილი და საინტერესო ფეხბურთელები და ამის მაგალითად ოზურგეთის "მერცხალის" გამოცდილი უკანახაზელი, 37 წლის მიხეილ ქობულაძეც გამოდგება. იგივეს თქმა შეიძლება მწვრთნელებზეც, მით უფრო, რომ სოსო ფრუიძეც ("ჩიხურა") და გიგლა იმნაძეც ("გურია") არაერთი სეზონის განმავლობაში თავკაცობდნენ უმაღლესი ლიგის გუნდებს.

აუცილებელი საკითხავი
პლეი ოფისა და პლეი აუტის ჩატარებამ გარკვეული კითხვებიც გააჩინა და უპირველესად, ბომბარდირთა დავას ვგულისხმობთ. საუკეთესო რვა გუნდის ფეხბურთელებს პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი შეუნარჩუნდებოდათ თუ არა? ან იქნებ, მხოლოდ ამ რვა გუნდში ჩატარებულ მატჩებში გატანილი გოლები დაგვეთვალა?

ახლა პლეი აუტისკენაც გადავინაცვლოთ, სადაც ოთხი გუნდის ("ვიტ ჯორჯია", "სპარტაკი", "გაგრა", "სიონი") ფეხბურთელთა გოლების ამბავიც გასარკვევი იყო და პირველი ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდის ("ჩიხურა", "დინამო", "გურია", "მერცხალი") მოთამაშეთა მონაგარისაც. ბევრი ფიქრის, კოლეგებთან და კომპეტენტურ პირებთან (კონკრეტულად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელთან, რევაზ შენგელიასთან) კონსულტაციების შემდეგ ასე ჩამოვყალიბდით: საუკეთესო ბომბარდირობისათვის მხოლოდ პლეი ოფის მონაწილე 8 საუკეთესო გუნდის ფეხბურთელები იბრძოლებენ! ანუ ჯაბა დვალის, ჩისკოს, დიმიტრი ტატანაშვილისა თუ სხვათა "დუელში" პლეი აუტის მონაწილე გუნდების ფეხბურთელები ვერ ჩაერევიან!

სადებიუტო გოლები
იმის მიუხედავად, რომ მეორე ეტაპის პირველი ტური არასრული იყო (დიდთოვლობის გამო ორი მატჩი გადაიდო), პლეი ოფსა თუ პლეი აუტში ჩატარებულ იმ ექვს შეხვედრას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით. მით უფრო, რომ მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობასთან გვქონდა საქმე: ამ ექვს მატჩში 20 გოლი გავიდა!

რა თქმა უნდა, ყველა გოლს ვერ აღვწერთ, თუმცა რამდენიმე თავგამოჩენილი ფეხბურთელის აღნიშვნა საგანგებოდ გვინდა. მოდი, ჯერ ის ახალგაზრდა მოთამაშეები ვახსენოთ, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები რომ გაიტანეს: 23 წლის ჯემალ გოგიაშვილი ("ვიტ ჯორჯია"), 20 წლის კონსტანტინე გაბაშვილი ("სპარტაკი"), 21 წლის გიორგი ყურულაშვილი და 18 წლის გიორგი ჯგერენაია (ორივე - "გაგრა").

ნურც იმ ფეხბურთელებს დავუკარგავთ გარჯას, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდი რომ შეიცვალეს და ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლებიც გაიტანეს: გიორგი თექთურმანიძეს ("მეტალურგი"), თენგიზ ჩიკვილაძეს, ზვიად მეტრეველს (ორივე - "სიონი"), გია თოდუას ("გურია").

ცალკე უნდა აღვნიშნოთ "მეტალურგის" ახალწვეული ირაკლი სიხარულიძე - 21 წლის ფორვარდმა გასულ ტურში "დუბლი" შეასრულა და საერთოდაც, რაც რუსთაველთა გუნდში ჩაირიცხა, უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

სხვათა შორის, "მეტალურგმა" ერთობ უსიამოვნო სერია შეწყვიტა: კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს ჩემპიონატში საშინაო მატჩი 22 ოქტომბრის მერე არ ჰქონდა მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული