ეგ კი არა, "ქვედა რვიანში" ბევრად უფრო მეტ ინტრიგას ვვარაუდობდით, ვიდრე - ზედაში.
მიზეზსაც მოგახსენებთ: "ზედა რვიანში" ხომ, ფაქტობრივად, ოთხ გუნდს შორის უნდა წარიმართოს მედლებისათვის ბრძოლა; აი, "ქვემოთ" კი რვავე გუნდს ერთნაირი მიზანი აქვს!
ჰო, ფლეი აუტში მოასპარეზე რვა გუნდიდან ოთხი საუკეთესო მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს, დანარჩენ ოთხს კი პირველი ლიგა "ელოდება". ოღონდ ეს ყველაფერი... რეგლამენტით არის გათვალისწინებული და როგორ
გავკადნიერდებით და ვიტყვით: ალბათ, უნდა ველოდოთ და ნურავის გაუკვირდება, 2012-13 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა რომ გაიზარდოს! ეგ კი არა, სადაც კი "გაიხედავთ", ყველგან იმას მოისმენთ თუ გაიგებთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარება-აღორძინება-პოპულარიზაციას მხოლოდ და მხოლოდ ... თექვსმეტგუნდიანი ჩემპიონატი "უშველისო"!
ჰო, ამას "ჩაგვძახიან" ლამის მეორე თვეა და უკვე ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები თუ მწვრთნელებიც იმავეს "ახმოვანებენ": გუნდების რაოდენობის გაზრდა რაიონებისათვისაც კარგი იქნებაო და თამაშების რაოდენობაც ოპტიმალურს მიუახლოვდებაო! თუმცა საპირისპირო აზრის მქონე ხალხიც არსებობს, აბსოლუტურ უმცირესობას რომ წარმოადგენს, - ქართულ სპორტულ მედიას ვგულისხმობთ, მაგრამ ჟურნალისტების მოსაზრებებს, უმრავლეს შემთხვევაში, არავინ ითვალისწინებს და, სავარაუდოდ, სამომავლოდაც ასე იქნება.
აღარ ჩავუღრმავდებით იმ მიზეზ(ებ)ს, თუ რატომ არ არის საჭირო უმაღლესი ლიგის ხელოვნურად გაზრდა და მხოლოდ და მხოლოდ ორ ფაქტორზე გავამახვილებთ ყურადღებას: პირველი, რაღა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის მარადიული პრობლემაა, რასაც კეთილმოუწყობელი სტადიონები ჰქვია. უკვე მერამდენედ გვიწევს ამ თემაზე საუბარი და იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში დღეს მართლაც თითზე ჩამოსათვლელია ისეთი სტადიონები, უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებს; აღარაფერს ვამბობთ მეორე და ასევე არანაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორზე, რასაც სპორტული პრინციპების დაცვა ჰქვია! ეგ კი არა, ლამის არის, ტრაგიკომიკური ხასიათიც მიიღოს ამ ბოლო წლებში დამკვიდრებულმა ტრადიცია-ტენდენციამ: სეზონის ბოლო მოახლოვდება თუ არა, გარკვეული გუნდები უმაღლესი ლიგიდან არგავარდნის... გარანტიებს იღებენ!
ასე იყო წინა სეზონში, როცა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე შეიცვალა უმაღლესი ლიგიდან გავარდნის წესი. იმის წინ სხვა რამე მოიფიქრეს და ასე შემდეგ. არადა, სხვა ქვეყნებში, სადაც ფეხბურთს ჩვენზე ოდნავ უკეთ თამაშობენ და ჩვენზე ოდნავ უკეთესი ჩემპიონატები ტარდება, სპორტულ პრინციპებსა თუ გათამაშების რეგლამენტს მკაცრად იცავენ. მაგალითები გნებავთ? სიამოვნებით მოგახსენებთ: "დეპორტივო" (ესპანეთი), "აინტრახტი" (გერმანია), "სამპდორია" (იტალია) და "მონაკო" (საფრანგეთი) დღეს თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში ქვედა ლიგაში ასპარეზობენ, რადგან წინა სეზონში ზედა ლიგიდან გავარდნენ. როგორ ფიქრობთ, ამ კლუბებს თავიანთ ქვეყნებში (გნებავთ, საერთაშორისო სარბიელზე) საკმარისზე მეტი სახელი თუ ავტორიტეტი არ გააჩნიათ? როგორ არ გააჩნიათ, მაგრამ ესპანეთშიც, გერმანიაშიც, იტალიაშიც და საფრანგეთშიც სპორტული პრინციპების დაცვით ატარებენ ჩემპიონატს და რეგლამენტში თუ რაიმე ცვლილებას დააპირებენ, გათამაშების დაწყებამდეა ხოლმე ცნობილი.
"რივერ პლეიტი" არ დაგვავიწყდეს - არგენტინის ყველაზე ტიტულიანი და პოპულარული კლუბი: ვერ შეინარჩუნა გუნდმა ადგილი თავისი ქვეყნის უმაღლეს ლიგაში და, "რივერის" მილიონობით გულშემატკივართა პროტესტის მიუხედავად, დღეს არგენტინის მეორე ლიგაში მონაწილეობს! ჩვენთან კი რა ხდება? ხანდახან ისეთი შთაბეჭდილებაც გვრჩება, რომ საქართველოს ჩემპიონატის ამ ვითომ ინტრიგას ჟურნალისტები ვიგონებთ; უფრო ზუსტად, მიამიტად გვგონია, რომ საქართველოს ჩემპიონატის ყოველი მეორე თუ მესამე მატჩი დამაინტრიგებელია და გულშემატკივრებსაც ვსაყვედურობთ ხოლმე, სტადიონ(ებ)ზე რატომ არ დადიხართო.
არადა, ქართველი გულშემატკივარი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ამჩნევს: იმასაც, სტადიონების უმრავლესობა კეთილმოუწყობელი რომ არის და იმასაც, ჩვენს ჩემპიონატში სპორტული პრინციპების უგულებელყოფა ჩვეულებრივ ამბად რომ იქცა.
აღარაფერს ვამბობთ (საერთოდაც, შეამჩნევდით, რომ დღეს ამ თემას არ შევხებივართ) ამ ბოლო წლებში მომრავლებულ "საეჭვო შინაარსის" მატჩებზე, ერთობ უნიჭო სცენარის ავტორი და არანაკლებ უნიჭო რეჟისორი რომ ჰყავს.
თუმცა ჯერ სადა ხართ: ტრაგიკომიკური შინაარსის მქონე შეხვედრები წინ გველოდება, თანაც არამხოლოდ ჩემპიონატში...
P.S. ისე, მგონი გვეშველა: გაზაფხულის შესაფერისი ამინდიც გვეწვია და იქნებ ქართული ფეხბურთისათვისაც დათბეს...
საქართველოს XXIII ჩემპიონატი. II ეტაპი. II ტური
ფლეი აუტი (9-16)
20.03.თბილისი.ბენდელა. 15:00
სპარტაკი-მერცხალი
20.03.თბილისი.მერანი (ზეემკა) 15:00
გაგრა-ვიტ ჯორჯია
20.03.ბოლნისი. თ.სტეფანია 15:00
სიონი-გურია
20.03. საჩხერე. ცენტრალური 15:00
ჩიხურა-ბათუმი
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ვიტ ჯორჯია 2 2 0 0 3-0 6
2.გაგრა 2 1 1 0 4-2 4
3.სიონი 1 1 0 0 3-1 3
4.გურია 2 0 2 0 4-4 2
5.სპარტაკი 2 0 1 1 2-3 1
6.ჩიხურა 1 0 0 1 1-3 0
7.დინამო (ბთ) 1 0 0 1 0-2 0
8.მერცხალი 1 0 0 1 0-2 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"