მასპინძლის სტატუსითაც და "რანგითაც" წყვილში ფავორიტად "სპარტაკი" მიიჩნეოდა, მაგრამ ცხინვალელებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს აშკარად დაღლილი მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა. არადა, სტუმრებს ფიზიკურ მომზადებაში სერიოზული პრობლემები რომ არ ჰქონოდათ, თბილისიდან, სულ მცირე, ქულასაც წაიღებდნენ.
მეორე ტაიმში "მერცხალმა" სამი ერთობ მწვავე კონტრშეტევა განახორციელა,
პირველ ტაიმში მასპინძლები სრულ უპირატესობას კი ფლობდნენ, ტაქტიკაც აშკარად შეტევაზე ორიენტირებული იყო შერჩეული, მაგრამ რასაც სახიფათო მომენტი ჰქვია, "სპარტაკმა" მხოლოდ ერთადერთხელ შექმნა: სერგი ორბელაძის პასის მერე ნიკოლოზ მაისურაძე ეფექტურად ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ სტუმართა მეკარემ დავით ოდიშარიამ უშეცდომოდ ითამაშა.
სხვათა შორის, მაისურაძისა და ოდიშარიას "დუელი" მეორე ტაიმის დასაწყისშიც ვიხილეთ და იმ შემთხვევაშიც "მერცხალის" მეკარემ იყოჩაღა.
"მერცხალმაც" მხოლოდ ერთხელ შეუტია და ვინ იქნებოდა ყურადღების ცენტრში, თუ არა ოზურგეთელთა გუნდის ახალწვეული გიორგი მეგრელაძე?! 33 წლის თავდამსხმელი ოპტიმალური ფორმისგან შორს არის, მაგრამ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება და თავისი შორეული "საფირმო" დარტყმებით ორჯერ დაემუქრა ახალგაზრდა გიორგი ნადირაძის კარს.
მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად წარიმართა: ერთი შეხედვით, ბურთს მასპინძლები აკონტროლებდნენ, მაგრამ ქაოტურადაც უტევდნენ და წუნიც უამრავი ჰქონდათ. სამაგიეროდ, ვიდრე დაიღლებოდნენ, სტუმრებმა რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს, მაგრამ გიორგი მეგრელაძისა და ლაშა კალანდაძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.
ამასთან, "მერცხალი" თავს უნარიანად იცავდა და ყოველივე ეს გუნდის კაპიტნის, 37 წლის მიხეილ ქობულაძის დამსახურებაც იყო.
მასპინძელთა თავკაცმა ვლადიმერ ხაჩიძემ შეცვლებით სცადა მოედანზე არსებული სიტუაციის გამოსწორება და სწორედ შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების აქტიურობამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი: თორნიკე თუხარელის ფლანგური პასის მერე 20 წლის კონსტანტინე გაბაშვილმა ეფექტური გოლი გაიტანა!
გაბაშვილს სულ მალე "დუბლის" შესრულებაც შეეძლო, როცა ასევე შეცვლაზე შემოსული ირაკლი სამხარაძის მართლაც ჩინებული გადაცემის შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა.
საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. III ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)
20. 03. თბილისი. "ბენდელა". 300 მაყურებელი
სპარტაკი-მერცხალი 1:0
1:0 გაბაშვილი (87, თუხარელის პასით)
სპარტაკი (4-2-3-1) მერცხალი (4-5-1)
ნადირაძე ოდიშარია
ჭაფოძე ზ. ტუღუში
ტეტუნაშვილი ქობულაძე
ლომაია ხაჩიძე
ორბელაძე კოტრიკაძე
ჩივაძე რ. ტაკიძე
ნ. მაისურაძე თ. ვარდუაშვილი
შარაშენიძე ტყეშელაშვილი
ლ. მელქაძე ბაჯელიძე
გაბაშვილი მეგრელაძე
მწვრთნელი: ვ. ხაჩიძე მწვრთნელი: ხ. ჩხატარაშვილი
სპარტაკი
57. ტეტუნაშვილი - სამხარაძე
75. ჩივაძე - გიორგი გურეშიძე
83. ჩაფიძე - თუხარელი
სათადარიგოები: დაუშვილი, მაჭავარიანი, თ. შონია, მერეჩკო
მერცხალი
43. კოტრიკაძე - ხურციძე
61. ზ. ვარდუაშვილი - კალანდაძე
68. ტყეშელაშვილი - ს. ჩიგოგიძე
სათადარიგოები: გია გოგუა, ათუაშვილი, ა. ლორია, დ. ვაშაკიძე
გაფრთხილება: ოდიშარია (68), სამხარაძე (69), ლომაია (83)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"