ზესტაფონი გადარჩა

AutoSharing Option
ერთი თვის წინ ვწერდით, რომ "ზესტაფონი" უეფასგან მინიმუმ ფინანსურ სანქციას ვერ გადაურჩებოდა. ეს კი არა, ევროტურნირებიდან მოკვეთის საკითხიც შეიძლებოდა, დამდგარიყო დღის წესრიგში. შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, "ზესტაფონმა" მშობლიურ არენაზე ლვოვის "კარპატის" უმასპინძლა. ელექტროენერგიის გათიშვის გამო მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა. ამას სანქცია არ მოჰყოლია, თუმცა მოხდა ორი ისეთი რამ, რაც უეფას დელეგატს არ გამოჰპარვია...

პირველი - მატჩის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა სტრუქტურებმა არ აღკვეთეს რამდენიმე ასეული უბილეთო გულშემატკივრის სტადიონზე შესვლა. თანაც, ისინი აკრძალულ ზონაში, ორივე გუნდის
მხარეს, კარებებს უკან განლაგდნენ.
მეორე - მატჩის მსვლელობისას იყო ეპიზოდები, როცა ვაიგულშემატკივრები ტრიბუნიდან მოედანზე სხვადასხვა საგნებს (ბოთლი, სანთებელა...) ისროდნენ.

პირველ ფაქტზე თავიდანვე ცხადი იყო, რომ "ზესტაფონი" უეფასგან ფინანსურ სანქციას ვერ ასცდებოდა. მეორე კი უფრო მძიმე კვალიფიკაციისაა. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელი იყო, ამ ორი დარღვევის განხილვისას "ზესტაფონისთვის" დისკვალიფიკაცია მიეცათ, რაც გარკვეული პერიოდით ევროტურნირებიდან მოხსნის მაუწყებელიც იქნებოდა...

უეფაში იმსჯელეს და გადაწყვიტეს: "ზესტაფონი" მოკვეთას გადაურჩა, მაგრამ ფინანსურ სანქციას - ვერა.
ახლა რაც შეეხება ზომებს, რომელსაც თავად კლუბი გაატარებს. გეხსომებათ, "ზესტაფონის" ერთგულმა ქომაგებმა კლუბის ხელმძღვანელობისგან ვანდალების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება მოსთხოვეს. უფროსებმაც გაითვალისწინეს ხალხის აზრი და ვაიგულშემატკივრებს სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს.

"ზესტაფონის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები მალე გადაიდგმება. სტადიონზე შესვლისა და სათანადო ქცევის, აკრძალულ ზონებში გულშემატკივართა თავმოყრის გამორიცხვის, ტრიბუნებზე გულშემატკივართა სექტორების მიხედვით განთავსების, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის სპეციალური ღონისძიებები გატარდება. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ და სტადიონის ადმინისტრაციამ ერთობლივად მიიღეს.

ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ "ზესტაფონის" მესვეურები კლუბის ოფიციალური ვებგვერდის, პრესისა და ტელევიზიის საშუალებით გულშემატკივარს მალე აცნობებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული