ჩემპიონობას "ზესტაფონი" იმსახურებს! [II ეტაპის IV ტურის მიმოხილვა]

AutoSharing Option
გაზაფხული ძალას იკრებს და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებიც უპრობლემოდ ტარდება: განსაკუთრებული და მართლაც აღსანიშნავი ფაქტია, რომ ზედიზედ მეორედ ტური (პლეი ოფშიც და პლეი აუტშიც) სრულად ჩატარდა.

თუმცა გარკვეული ცვლილებები კალენდარში მაინც მოხდა: ლანჩხუთის ნაცვლად "გურიამ" საშინაო მატჩი ოზურგეთში ჩაატარა, მარტვილში კი სტადიონმა ჯერ კიდევ ვერ "გამოიზამთრა" და რაც მეორე ეტაპი დაიწყო, "მერანს" მუდამ სტუმრად უწევს თამაში.

სამაგიეროდ, მეორე წრე რომ დაიწყება, "მერანი" მარტვილიდან ფეხს არ მოიცვლის: ზედიზედ ექვსი საშინაო მატჩი ელოდება და მხოლოდ ერთადერთხელ, ბოლო ტურში მოუწევს ზესტაფონში ჩასვლა. თუმცა ეს
შეხვედრა, დიდი ალბათობით, ფორმალური ხასიათის იქნება: ქვეყნის ჩემპიონმა უშუალო კონკურენტს ("მეტალურგი") მოუგო და ზედიზედ მეორე ტიტულისათვის მნიშვნელოვანი განაცხადიც გააკეთა.

რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი მატჩია, მაგრამ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ სეზონში ჩემპიონობას ყველაზე მეტად სწორედ "ზესტაფონი" იმსახურებს.

არანაკლებ პრინციპული შეხვედრა ჩატარდა ქუთაისშიც - რა სიტუაცია და რა მდგომარეობაც უნდა იყოს, "ტორპედოსა" და "დინამოს" ნებისმიერი დაპირისპირება ხომ უდიდეს ინტერესს იწვევს. გამონაკლისი არც ბოლო შეხვედრა იყო, სადაც, ჩვენი აზრით, ლოგიკური საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.

არანაკლებ დაძაბულად მიმდინარეობს მატჩები პლეი აუტშიც, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, "ვიტ ჯორჯია" დაწინაურდა და მართლაც სასწაული უნდა მოხდეს, ამ გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ ვერ შეინარჩუნოს.

ისევ პლეი აუტზე გავაგრძელოთ საუბარი და ისიც ვთქვათ, რომ პლეი აუტში პირველი გამარჯვებები მოიპოვეს საჩხერის "ჩიხურამ" და ბათუმის "დინამომ". შეგახსენებთ, რომ ამ ორივე გუნდმა პირველ ეტაპზე პირველ ლიგაში თავის ზონაში გაიმარჯვა და რომ არა საამსეზონო მართლაც უცნაური რეგლამენტი, უმაღლეს ლიგაშიც უპრობლემოდ აღზევდებოდა (თანაც, სრულიად დამსახურებულადაც). ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ჩიხურაშიც" და ბათუმის "დინამოშიც" არაერთი მართლაც საინტერესო ფეხბურთელი თამაშობს.

ისე, ცოტა არ იყოს, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: პლეი აუტში თითქმის ყველა შეხვედრას თუ უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული გუნდისათვის (გამონაკლისი, ალბათ, "მერცხალია", დანარჩენ შვიდ გუნდზე სუსტად რომ გამოიყურება), ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით პლეი-ოფზე!

აი, ახლაც, "ზედა რვიანში" ოთხი მატჩი ჩატარდა და აქედან ორ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ერთი... ზედმეტია!
სეზონის დასაწყისშივე ცნობილი იყო, რომ ჩემპიონობისათვის ოთხი გუნდი იბრძოლებდა: "ზესტაფონი", "დინამო", "მეტალურგი" და "ტორპედო". მოლოდინი გამართლდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ათი ტურით ადრე ამ ოთხეულს "მყუდროებას" ვერც ვერავინ დაურღვევს.

საჩემპიონო ინტრიგაც, ვფიქრობთ, აღარ უნდა არსებობდეს: "ზესტაფონი" კონკურენტებთან შედარებით კომფორტულ პოზიციაზე იმყოფება და ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილ გუნდს წინა სეზონში ნაჩვენები შედეგის მისაღწევად საკმარისი რესურსიც გააჩნია.

"ზესტაფონს" მარტის თვეში ერთმანეთის მიყოლებით მოუხდა კონკურენტებთან დაპირისპირება: "დინამოსთან" სტუმრად ფრედ ითამაშა, ახლა "მეტალურგი" დაამარცხა, ხუთშაბათს კი II ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში "ტორპედოს" უნდა უმასპინძლოს.

მარცხის მიუხედავად, ასევე კომფორტულ პოზიციაზე იმყოფება "მეტალურგი" - კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს უკვე რამდენჯერმე ვუწოდეთ "შენიღბული ფავორიტი" და მართლაც ასეა; ყოველ შემთხვევაში, რუსთაველებმა მშვენივრად აუღეს ალღო გათამაშების რეგლამენტს და "დინამოსა" და "ტორპედოსაგან" განსხვავებით, თასზეც აგრძელებენ ბრძოლას; ანუ, "მეტალურგი" რომ ამ ზაფხულს ევროტურნირებზე იასპარეზებს, ამის ალბათობა ძალიან დიდია.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ "მეტალურგი" ასეთ წარმატებულ ასპარეზობას უამრავი საკადრო პრობლემის ფონზე აღწევს. ამას გარდა, აღსანიშნავია ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესიც: 23 წლის ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე ისევ ჩვეულ დონეზე ათამაშდა, 21 წლის თავდამსხმელ ირაკლი სიხარულიძეს კი, ფაქტობრივად, ყველა მატჩში გოლი გააქვს.

რაც შეეხება ევროპის ლიგის კიდევ ერთი საგზურის მფლობელს, ამ შემთხვევაში რაიმე პროგნოზის გაკეთება, ცოტა არ იყოს, რთულიც არის. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ წლეულს ევროტურნირების გარეშე ან "დინამო" უნდა დარჩეს, ან - "ტორპედო". ჰოდა, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი მნიშვნელობა ექნებოდა ისედაც პრინციპულ მეტოქეთა ამ ბოლო დაპირისპირებას, ჭეშმარიტად საფეხბურთო გარემოში რომ ჩატარდა.

გარემო კი შემთხვევით არ გვიხსენებია: რა მნიშვნელობა აქვს, თამაშზე დასწრება უფასოა თუ "ფასიანი"?! მთავარი და აშკარად სასიამოვნო ათი ათასზე მეტი გულშემატკივარის ხილვა იყო! თანაც, ორივე გუნდის და, საერთოდ, ნეიტრალური ქომაგიც, ალბათ, არ დარჩებოდა უკმაყოფილო "ტორპედო"-"დინამოს" მატჩით, სადაც ორი გამორჩეული სპეციალისტის (გია გეგუჩაძე, გიორგი დევდარიანი) "დუელიც" ვიხილეთ და ორი განსხვავებული ტაიმიც.

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, შესვენების შემდეგ კი მოედანზე უკვე "დინამო" დომინირებდა. ისე, ამ ბოლო დროს "დინამოს" "უცნაურობებიც" დასჩემდა: "ზესტაფონთან" მატჩის მსგავსად, გუნდმა ქუთაისშიც სუსტად ჩაატარა პირველი ტაიმი, სამაგიეროდ, მეორეში აშკარად მოტივირებულად გამოიყურებოდა. ყოველივე ეს კი, "დინამოს" თავკაცის მიერ განხორციელებულმა გადაადგილებებმა გამოიწვია, როცა რამდენიმე ფეხბურთელს პოზიცია შეუცვალა.

სხვათა შორის, გიორგი დევდარიანის ერთობ თამამი გადაწყვეტილებებიც უნდა აღვნიშნოთ: 19 წლის არჩილ ტვილდიანი უკვე ძირითადის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა; წინა ტურში დებიუტი ჰქონდა მის თანატოლს გიორგი პაპავას; ხოლო "ტორპედოსთან" შეხვედრაში ასევე პირველი მატჩი ჩაატარა 19 წლის ფორვარდმა ვახტანგ ფოცხვერიამ.

ზემოთ მწვრთნელთა "დუელი" შემთხვევით არ გვიხსენებია: მეორე ტაიმში, როცა "დინამოს" უპირატესობა გამოიკვეთა, გია გეგუჩაძემაც ერთობ ეფექტიანი შეცვლები განახორციელა და მოედანზე შემოსულმა "ტრიომაც" (გივი იოსელიანი, ნიკა ფირცხალავა, ვალერი ბოლქვაძე) თავისი გუნდის თამაში მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა.

დაბოლოს, ამ მატჩის ორ გამორჩეულ მოთამაშეზეც: "ტორპედოს" 27 წლის მეკარე ომარ მიგინეიშვილი კარიერაში მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს; "დინამოს" 23 წლის უნივერსალური მცველი გულვერდ თომაშვილი კი ზედიზედ მეორე შეხვედრაა, თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა...

დამსახურებული ვეტერანები და დავით კირკიტაძე
ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ გუნდში რომ პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდება, ყველას გვიხარია. თუმცა ნურც იმ გამოცდილ ფეხბურთელებს დავუკარგავთ გარჯას, ასაკი რომ არ ეტყობათ და თავიანთ კარიერას აგრძელებენ.

ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 31 წლის ზურაბ მენთეშაშვილისა და 34 წლის დავით მუჯირის გამოცდილება და ოსტატობა "ზესტაფონს" დიდად წაადგა. ანალოგიური სიტუაციაა პლეი აუტში მოასპარეზე გუნდებშიც, სადაც წინა პლანზე სწორედაც რომ ქართული ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანები არიან. აი, თუნდაც ლევან მელქაძის მაგალითი ავიღოთ: 32 წლის ფორვარდი "სპარტაკში" ამ ორი თვის წინ ჩაირიცხა და სულ მოკლე დროში გუნდის უდავო ლიდერადაც ჩამოყალიბდა (ბოლო ტურში გოლი და საგოლე პასი - აი, ასეთია "სპარტაკის" გამოცდილი კაპიტნის მონაგარი).

სხვა გუნდებშიც მრავლად არიან ვეტერანი ფეხბურთელები და ამ მხრივ, მართლაც გამორჩეულად უნდა მივიჩნიოთ "მერცხლისა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება. თავად განსაჯეთ: სტუმართა გუნდში 37 წლის ამირან მუჯირი თამაშობდა, მასპინძელთა შორის კი - მისი თანატოლი მიხეილ ქობულაძე.

თუმცა ამ ტურშიც და საერთოდ, ამ სეზონშიც "ხანდაზმულობის რეკორდი" სხვა ფეხბურთელმა მოხსნა: "მერცხლის" კარს 41 წლის გია გოგუა იცავდა! ქობულაძეს და გოგუას უმაღლეს ლიგაში ადრეც უთამაშიათ (ფოთის "კოლხეთის" შემადგენლობაში) და აი, ახლა უკვე "მერცხალთან" ერთად ცდილობენ აღზევებას.

რაც შეეხება 90-იანი წლების ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს (მოგვიანებით, არცთუ ურიგო უცხოური კარიერა რომ ჰქონდა) და დღესდღეობითაც ჩინებულ ფორმაში მყოფ ამირან მუჯირს, არ დავმალავთ და დიდი ინტერესით ველოდებით ბათუმის "დინამოსთან" ერთად რომელიმე თბილისურ მატჩში მის თამაშს!

...დაბოლოს, ამ ტურის კიდევ ერთ გამორჩეულ ფეხბურთელზეც - "ჩიხურას" ახალწვეულმა, 19 წლის დავით კირკიტაძემ "დუბლი" შეასრულა და თავისი ახალი გუნდის პირველ გამარჯვებაშიც ლომის წილი შეიტანა.

პლეი ოფი
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 17 11 4 2 31-14 37
2.მეტალურგი 18 10 2 6 26-21 32
3.დინამო 17 7 5 5 31-24 26
4.ტორპედო 16 7 4 5 18-14 25
5.ბაია 17 5 5 7 14-21 20
6.დილა 17 4 5 8 17-19 17
7.კოლხეთი 17 3 7 7 9-20 16
8.მერანი 17 4 2 11 15-28 14

გამოტოვებული მატჩები
29 მარტი
დინამო-დილა
ზესტაფონი-ტორპედო
კოლხეთი-ბაია

V ტური
2 აპრილი
დინამო-კოლხეთი
მეტალურგი-ტორპედო
ბაია-ზესტაფონი
დილა-მერანი

პლეი აუტი
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ვიტ ჯორჯია 4 3 1 0 4-0 10
2.სპარტაკი 4 2 1 1 5-4 7
3.გაგრა 4 1 2 1 5-4 5
4.გურია 4 1 2 1 7-8 5
5.ჩიხურა 3 1 1 1 3-3 4
6.დინამო (ბთ) 3 1 1 1 1-2 4
7.სიონი 3 1 0 2 5-5 3
8.მერცხალი 3 0 0 3 0-4 0

გამოტოვებული მატჩები
29 მარტი
მერცხალი-ჩიხურა
ბათუმი-სიონი

V ტური
2 აპრილი
გაგრა-მერცხალი
სიონი-სპარტაკი
ჩიხურა-ვიტ ჯორჯია
ბათუმი-გურია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად არის ან კვახაძე ან საბანაძე ????
0

სიახლეები პოპულარული