გინესის რეკორდების ნომინანტები

AutoSharing Option
მეორე ეტაპის დაწყებიდან თვეც არ გასულა და აი, მორიგი სამწვრთნელო ცვლილების შესახებაც შევიტყვეთ: გამოცდილი სპეციალისტი თემურ მახარაძე გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს!

მოკლედ, საქართველოს ჩემპიონატში ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიცია კვლავაც გრძელდება და, ალბათ, სულ მალე "გინესის რეკორდების წიგნშიც" შევალთ: სეზონის დაწყებიდან უმაღლეს ლიგაში უკვე 29 სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა!

აქვე ბარემ ის გუნდებიც ვახსენოთ, სეზონის მსვლელობისას ყველაზე მეტი მწვრთნელი რომ შეიცვალეს: ბოლნისის "სიონსა" და გორის "დილაში" მეოთხე სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა. არც დანარჩენები ჩამორჩებიან, სადაც ორ-ორჯერ თუ სამ-სამჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი.

არადა, 2011 წელი რომ დასრულდა და ჩემპიონატში პაუზა გამოცხადდა, იმ ფაქტზე ვამახვილებდით ყურადღებას, რომ უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან მხოლოდ ოთხ გუნდში არ იყო შეცვლილი მთავარი მწვრთნელი; ანუ ეს ციფრი გვეცოტავებოდა და ახლა კი, ამ განვლილ სამ თვეში კვლავაც რამდენიმე სამწვრთნელო ცვლილების მომსწრენი გავხდით.

ჯერ იყო და, ელგუჯა ქომეთიანის ნაცვლად "ბაიას" მთავარ მწვრთნელად გოჩა ტყებუჩავა დაინიშნა; ამას მოჰყვა "დინამოს" თავკაცის პოსტიდან ალექს გარსიას წასვლა და ამ პოსტზე გიორგი დევდარიანის მოსვლა. მოკლედ, მეორე ეტაპის დაწყებამდე ორადორი სპეციალისტი იყო დარჩენილი, ვინც თავის გუნდში ჩემპიონატის დაწყებიდან მუშაობდა: ზურაბ ბერიძე ("ვიტ ჯორჯია") და მალხაზ ჟვანია ("მერანი"); თუმცა მარტის დასაწყისში ბერიძესაც წასვლა მოუწია (მის ნაცვლად "ვეტერინარების" თავკაცად მერაბ კოჭლაშვილი დაინიშნა) და დღეს მხოლოდ მალხაზ ჟვანია დარჩა "ხელუხლებელი"!

არადა, მსგავსი რამ ბოლოს როდის მოხდა, ვერც გაგვიხსენებია; უფრო ზუსტად, საქართველოს ჩემპიონატის 22-წლიან ისტორიაში არასდროს მომხდარა, როცა სეზონი სრულად მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მწვრთნელს ჩაემთავრებინა!

ისე, ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა და ვინმემ შესაძლოა ისიც თქვას, რომ "მერანშიც" ნუ გამორიცხავთ სამწვრთნელო ცვლილებასო. თუმცა მოვლენების ასეთი განვითარების ნაკლებად კი არა, საერთოდ არ გვჯერა: მარტვილური კლუბის ხელმძღვანელობას, წესითა და რიგით, სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მალხაზ ჟვანიას მუშაობა. თანაც, ეს 36 წლის სპეციალისტი უკვე მეხუთე სეზონია, გადაბმულად მუშაობს მარტვილური კლუბის მთავარ მწვრთნელად და სწორედ ჟვანიას თავკაცობით შეძლო "მერანმა" უმაღლეს ლიგაში აღზევებაც.

აი, ნდობაც ამას ჰქვია და ისიც ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი ამ ნდობას ამართლებს...

გემოვნებაზე არ დაობენ
თემურ მახარაძეს სხვადასხვა დროს საქართველოს ჩემპიონატში არაერთ კლუბში უმუშავია და ვერავინ იტყვის, ტიტულები ან გამოცდილება აკლიაო. "ზესტაფონთან" ერთად თასი მოიპოვა, რუსთავის "ოლიმპთან" კი - ჩემპიონობა. აღარაფერს ვამბობთ მეორე-მესამე პრიზიორობასა თუ თასის ფინალისტობაზე.

"დილაში" მისვლამდე მახარაძეს დაახლოებით ერთწლიანი პაუზა ჰქონდა და აი, შარშან, გვიან შემოდგომაზე კვლავაც დაუბრუნდა საქართველოს ჩემპიონატს. თანაც, გორის "დილაში" სეზონის დაწყებიდან ეს უკვე მესამე სამწვრთნელო გადაადგილება იყო: ჩემპიონატი ახალგაზრდა სპეციალისტმა გია ცეცაძემ დაიწყო, ვინც მოგვიანებით რამაზ სოღოლაშვილმა ჩაანაცვლა; მერე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თემურ მახარაძე მიიწვიეს.

ცეცაძის ხელმძღვანელობით "დილა" მართლაც თვალსასეირო ფეხბურთს უჩვენებდა და რამდენიმე ხმაურიანი სენსაციაც შემოგვთავაზა. ჯერ მარტო "ზესტაფონთან" სტუმრად გამარჯვება (4:0) რად ღირდა; ან კიდევ ასევე სტუმრად თასის მერვედფინალში "დინამოსთან" ფრე (2:2). თუმცა 4-3-3 ტაქტიკური სქემის მოყვარულ ცეცაძეს დიდხანს მუშაობა არ დააცადეს და XI ტურის შემდეგ, "სპარტაკთან" საშინაო მარცხის (1:2) მერე, გუნდიდან გაუშვეს.

"დილის" გაძღოლა დროებით რამაზ სოღოლაშვილს დაეკისრა - ამ გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს და მოგვიანებით უკვე მეკარეების მწვრთნელს სერიოზული გამოცდის ჩატარება მალე მოუწია - თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას ვგულისხმობთ, როცა "დილამ" თავისთვის სასურველი ანგარიშით (0:0) დაამთავრა მატჩი და "დინამო" ამ გათამაშებიდან გამოთიშა!

რაც შეეხება ჩემპიონატს, სოღოლაშვილის ხელმძღვანელობით გორელებმა მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარეს - "ვიტ ჯორჯიასთან" შინ ფრედ (1:1) ითამაშეს, "ტორპედოსთან" სტუმრად კი დამარცხდნენ (1:2). აი, სწორედ ამის შემდეგ ჩაიბარა გუნდი თემურ მახარაძემ და უნდა ითქვას, რომ მის წინაშე დასახული ორივე ამოცანა შეასრულა: თასის მეოთხედფინალში "დილამ" ორი მატჩის ჯამში "ბაიას" აჯობა და რაც მთავარია, ჩემპიონატში საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა.

ოღონდ ისიც უნდა ითქვას, რომ ზამთრის პაუზის დროს "დილას" სერიოზულზე-სერიოზული პატრონიც გამოუჩნდა. გუნდში ერთი-მეორეზე უკეთესი ფეხბურთელებიც ჩაირიცხნენ და ასეთი ამბიციური კლუბის "ზედა რვიანში" ვერმოხვედრა, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელიც იყო.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი მწვრთნელისთვის საოცნებოა, როცა კლუბს სერიოზულ-გავლენიანი პატრონი ჰყავს, უცხოურ შეკრებასაც რომ გაივლის და გუნდშიც კვალიფიციურ ფეხბურთელებს რომ მიუყვანენ, მაგრამ, ეტყობა, ბევრს დაავიწყდა, რომ ახალი გუნდი ერთ და ორ თვეში არ იქმნება: "დილაში" 20-ამდე ახალწვეული ჩაირიცხა და ერთმანეთთან შეუთამაშებლობის პრობლემა გორელთა გუნდის თითქმის ყველა მატჩში ცხადად ჩანდა.

მახარაძის ხელმძღვანელობით "დილამ" ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა: 4 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 3 წააგო (ბურთების სხვაობა - 13-6). განსაკუთრებით არადამაჯერებელი იყო "დილის" ასპარეზობა "ზედა რვიანში": სამი მატჩიდან ერთი წააგო და ორი ფრედ ითამაშა. თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, ბევრისთვის მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო: ამ სეზონში "დილის" პრიორიტეტი ხომ თასზე წარმატებული ასპარეზობა იყო; მით უფრო, რომ გორელთა გუნდს კენჭისყრაზეც გაუმართლდა და ნახევარფინალში "ზესტაფონსა" და "მეტალურგს" ასცდა...

შეხვედრა წარსულთან
XXIII ჩემპიონატს ვატარებთ და მხოლოდ ოთხი შემთხვევა იყო, გორის "დილას" უმაღლეს ლიგაში რომ არ უასპარეზია (2000-01 წლების სეზონში და 2008-11 წლებში); ანუ გუნდი ამჟამად XIX სეზონს ატარებს უმაღლეს ლიგაში და ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოს" აქვს; ანალოგიური - ფოთის "კოლხეთს").

თუმცა "დილას" არასდროს ჰქონია პრეტენზია საპრიზო ადგილებისათვის და საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო შედეგი მეხუთე ადგილზე გასვლაა (2003-04 წლების სეზონში); უფრო ზუსტად, ზურაბ ხორგუაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილამ" ჩემპიონატი VI ადგილზე დაამთავრა, მაგრამ "სიონს" ყველა ქულა რომ ჩამოერთვა, ამის გამო საბოლოო ცხრილიც შეიცვალა.

ბევრად უკეთესი შედეგი აქვთ გორელებს საქართველოს თასზე: წლევანდელი სეზონის ჩათვლით, "დილა" მესამედ არის ნახევარფინალში გასული.

ამ სეზონში გუნდს... მეოთხე ახალი მწვრთნელი ეყოლება, თუმცა ასეთი მაგალითები "დილაში" ადრეც ყოფილა, როცა სეზონის განმავლობაში გუნდში სამი-ოთხი სამწვრთნელო გადაადგილებაც მომხდარა. საპირისპირო სიტუაციაც არ უნდა დაგვავიწყდეს, როცა ერთსა და იმავე მწვრთნელს სეზონის სრულად ჩატარების საშუალება ჰქონდა: მერაბ კოჭლაშვილს, რობერტ ამბრიაშვილს, დავით შავდათუაშვილს, ივანე თაყაძეს (ორჯერ) და უკვე ნახსენებ ზურაბ ხორგუაშვილს.

"დილის" ახალ თავკაცს, 44 წლის თემურ შალამბერიძეს დღემდე არც უმაღლეს და არც პირველ ლიგაში არ უმუშავია. სამაგიეროდ, ბავშვთა ფეხბურთში ერთობ წარმატებულ სპეციალისტად მიიჩნევენ. თემურ შალამბერიძეს, როგორც ოსტატთა გუნდის მწვრთნელს, თუ არ იცნობენ, სამაგიეროდ, ბევრს ემახსოვრება მისი საფეხბურთო კარიერა: თბილისის "შევარდენის", ხაშურის "ივერიის", გურჯაანის "ალაზნისა" და თელავის "კახეთის" შემადგენლობაში ეროვნულ ჩემპიონატში 180-ამდე მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა (1990-97 წლებში).

სხვათა შორის, შალამბერიძეს გორთან ადრეც ჰქონია "გარკვეული ურთიერთობა": 1988 წელს, როცა "დილა" საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობდა, სწორედ ამ გუნდში თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული