მეტალურგი-ტორპედო 2:1 - რუსთავში ჩემპიონობა ახსენეს!

AutoSharing Option
02.04. რუსთავი. ფოლადი. 900 მაყურებელი
მეტალურგი-ტორპედო 2:1
1:0 რაზმაძე (45,პენალტით), 1:1 კვახაძე (85), 2:1 გავაშელიშვილი (89)

მეტალურგი (4-2-3-1) ტორპედო (4-2-3-1)
ბედიაშვილი მიგინეიშვილი
გ. სეთურიძე რიგვავა
გავაშელიშვილი კვახაძე
გ. კვარაცხელია გამეზარდაშვილი
ს. თოდუა გურული
ქავთარაძე გ. დათუნაიშვილი
რაზმაძე ფირცხალავა
თექთურმანიძე დოლიძე
ი. მაისურაძე ვ. ბოლქვაძე
გეწაძე თარხნიშვილი
სიხარულიძე გოცირიძე
მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი მწვრთნელი: გ. გეგუჩაძე

მეტალურგი
71. ქავთარაძე - დობროვოლსკი
77 გეწაძე - ჯაფარიძე
81. მაისურაძე - ტატანაშვილი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, მახვილაძე, ჭედია, მოდებაძე

ტორპედო
45. ფირცხალავა - იოსელიანი
58. თარხნიშვილი - კუხიანიძე
63. დოლიძე - საბანაძე
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ფანცულაია, დ. ჯანელიძე

გაფრთხილება: თარხნიშვილი (27),
გოცირიძე (28), ფირცხალავა (34), კვახაძე (45), გავაშელიშვილი (50), თექთურმანიძე (58), თოდუა (82), კვარაცხელია (86), გამეზარდაშვილი (90+2).
გაძევება: რიგვავა (45)

არბიტრი: ლ. სილაგავა

უაღრესად დაძაბული და მართლაც საინტერესო მატჩის მოგებით გამოწვეული სიხარული და აღტყინება წესიერად ჩამცხრალიც არ იყო, "მეტალურგის" ქომაგები და კლუბის წარმომადგენლები ჩემპიონობას ხშირად რომ ახსენებდნენ!

ჰო, ასეა: გადახედეთ სატურნირო ცხრილს და ადვილად შეამჩნევთ, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდის გამარჯვებამ საჩემპიონო რბოლას სერიოზული ინტრიგა შესძინა.

ამას გარდა, მასპინძლებმა "ტორპედოსთან" მოგებით უშუალო კონკურენტ(ებ)იც უკან ჩამოიტოვეს და არანაკლებ ურთულესი ორი მატჩის წინ მშვენიერი განწყობაც შეიქმნეს.

ახლა კი იმ მართლაც საინტერესო მატჩის შესახებ, ერთობ უცნაური სცენარი რომ ჰქონდა და შეხვედრის ბოლო წუთებზე რა ემოციაც იყო მოედანსა თუ ტრიბუნებზე, ეს ხომ, საერთოდ, ცალკე თემაა.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, ორივე გუნდის ძირითადში რამდენიმე სიახლე იყო. თუმცა მასპინძელთა ქომაგთათვის, უდავოდ, სასიამოვნო სიურპრიზი იქნებოდა ძირითადში რევაზ გეწაძის გამოჩენა - 27 წლის მარცხენა გარემარბმა ჩვეული აქტიურობით ჩაატარა შეხვედრა და მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან უდავოდ გამორჩეულიც გახლდათ. ოღონდ ამ მატჩის მონაწილე კიდევ ერთი ფეხბურთელიც არ უნდა გამოგვრჩეს - "ტორპედოს" 27 წლის მეკარემ ომარ მიგინეიშვილმა უკვე მერამდენედ დაამტკიცა მაღალი კლასი.

თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და "ტორპედომ" ერთობ მნიშვნელოვანი თამაში წააგო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქუთათურთა გუნდზე აუგს ვერავინ იტყვის: კაცნაკლულმა სტუმრებმა მეორე ტაიმში მეტოქეს აქტიური თამაში მოახვიეს, ანგარიშიც გაათანაბრეს და... მოსაგებადაც "გაიწიეს", მაგრამ ბურთი საკუთარ კარში მიიღეს!

პირველ ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა აშკარაზე მეტი იყო და "მეტალურგის" ფეხბურთელებმაც არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს სტუმართა კართან: გივი კვარაცხელიას და გიორგი ქავთარაძის დარტყმებს მცირეოდენი სიზუსტე აკლდა, ირაკლი მაისურაძისა და ირაკლი სიხარულიძის მცდელობებს კი "ტორპედოს" მეკარის, ომარ მიგინეიშვილის ჩინებული რეაქცია აღუდგა წინ.

განსაკუთრებით სახიფათო იყო მასპინძელთა "სტანდარტულები" და შეხვედრის პირველი გოლიც კუთხურის გათამაშებას მოჰყვა: სიხარულიძის თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზზე მდგარ დათა რიგვავას ხელზე მოხვდა და მატჩის არბიტრმა ლაშა სილაგავამაც პენალტი დანიშნა. მსაჯის ამ გადაწყვეტილებას სტუმართა არცთუ უხმაურო პროტესტი მოჰყვა - რიგვავა მოედნიდან გააძევეს, პენალტი კი, როგორც სჩვევია, უნაკლოდ შეასრულა ლუკა რაზმაძემ და პირველი ტაიმიც ლოგიკური ანგარიშით დამთავრდა.

შესვენების შემდეგ კი მოედანზე არსებული სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ეს კი, უპირველესად, სტუმართა გუნდის თავკაცის ეფექტიანი შეცვლების გამოც იყო: სამივე ახალგაზრდა ფეხბურთელი (გივი იოსელიანი, გიორგი კუხიანიძე, ნიკა საბანაძე) თამაშში აქტიურად ჩაერთო და საერთოდაც, ქუთათურთა აქტიურობა ბევრისთვის მოულოდნელიც აღმოჩნდა.

თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ "ტორპედო" ხშირად ემუქრებოდა მასპინძელთა კარს. უფრო პირიქით იყო: ერთ ეპიზოდში რევაზ გეწაძის "გასროლილმა" მეტოქის კარის "ცხრიანს" ჩაუქროლა, მერე კი ერთობ თვალსასეირო კომბინაციაც ვიხილეთ (ლამის ნახევარი გუნდი რომ მონაწილეობდა), მაგრამ ლაშა ჯაფარიძის ეფექტურად დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

შემდეგ კი ვნახეთ უაღრესად დრამატული ბოლო წუთები: საგოლე კომბინაცია მიგინეიშვილმა წამოიწყო, დავით გამეზარდაშვილმა "საჰაერო დუელი" მოიგო, ნიკა საბანაძემაც ბოლომდე იბრძოლა და შემდეგ ისე მოხდა, რომ დასარტყამ პოზიციაზე "ტორპედოს" ცენტრალური მცველი ალექსანდრე კვახაძე აღმოჩნდა!

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: მატჩის განმავლობაში ეს იყო სტუმართა პირველი დარტყმა "კარის ჩარჩოში", თანაც - ზუსტი! ამ გოლმა სტუმრებს ფრთები შეასხა და კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს: ვალერი ბოლქვაძემ საჯარიმოდან ბურთი ოსტატურად დააბზრიალა, მაგრამ გამეზარდაშვილს "საფირმო თავური" არ გამოუვიდა.

ამ ეპიზოდიდან წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ ჯარიმის დარტყმის უფლება ამჯერად მასპინძლებმა მოიპოვეს და სწორედ მაშინ იყო, მიგინეიშვილმა მეტრიდან დარტყმული ბურთი რომ მოიგერია. მაგრამ დამატებაზე ყველას მასპინძელთა უნივერსალმა ფეხბურთელმა, 22 წლის გიორგი გავაშელიშვილმა დაასწრო და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული