გრიშიკაშვილი რომ არა...

AutoSharing Option

გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა საფეხურზე მყოფ "სპარტაკთან" ერთ-ერთი ლიდერი "დინამო" ფავორიტად იყო მიჩნეული. თუმცა ეროვნულ ჩემპიონატში თითქმის აქსიომასავით დამკვიდრდა, "დინამოს" წინააღმდეგ, ცხრილში ზემოთ თუ ქვემოთ მყოფი ყველა გუნდი გაორმაგებული მონდომებით თამაშობს. ეს ტრადიცია გუშინდელ შეხვედრაშიც არ დარღვეულა, ცხინვალის "სპარტაკმა" ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის წინააღმდეგ მონდომება მართლაც აჩვენა. თუმცა ისიც აშკარად ჩანდა, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი უკეთესი ფეხბურთელებით იყო დაკომპექტებული. შესაბამისად, "დინამომ" დაჯაბნა მეტოქე და კიდევ არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა. მასპინძლებს უფრო სოლიდური ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ "სპარტაკის" გამოცდილი მეკარე სოსო
გრიშიკაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იყო და არაერთხელ იხსნა გუნდი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტუმართა ორ ფეხბურთელს, სოსო გრიშიკაშვილსა და ნახევარმცველ შოთა კაშიას, ყოფილი კლუბის, თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ მოუწიათ თამაში.

ახლა უშუალოდ მატჩზე ვთქვათ. შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო და ასევე ჩამთავრდა. მასპინძლებმა სწრაფი გოლით ჩაიფიქრეს დაწინაურება და ეს განხორციელეს კიდეც. დინამოელთა პირველი სახიფათო შეტევა პენალტითა და ამ მატჩის ერთადერთი გოლით დასრულდა. ბრაზილიელმა რობერტინიომ სოლო რეიდით ორი მეტოქე ჩამოიშორა საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ იქ აკრძალული ილეთით შეაჩერეს. არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ სრულიად სამართლიანად თერთმეტმეტრიანი დანიშნა. დინამოელთა კაპიტანმა ლევან ხმალაძემ მე-9 წუთზე პენალტი გოლად აქცია, 1:0.


მიღებული გოლის მიუხედავად სტუმრები არ დაბნეულან. მატჩის გადასარჩენად დრო საკმაოდ ჰქონდათ და მათაც წონასწორობის აღდგენისთვის იწყეს ბრძოლა. მართალია, მასპინძლები თავსაც ჩინებულად იცავდნენ და სახიფათოდაც უტევდნენ. თუმცა დინამოელთა მეკარე გიორგი ლორიას მაინც არაერთხელ მოუწია თამაშში ჩართვა. მე-14 წუთზე ლაშა ჩალაძის დარტყმულს მასპინძელთა გოლკიპერი გადაეფარა. 9 წუთის შემდეგ დონალდ ჯუსი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, ირაკლი სიხარულიძე კარგად მოძებნა და მისი დარტყმული მცველმა ლევან ჭაფოძემ კარის ხაზიდან გამოიტანა. მერე თამაშმა მოედნის ცენტრში გადაინაცვლა და დასამახსოვრებელი ბევრი არაფერი მომხდარა. ჩალაძისა და ილია ბუზალაძის დარტმებს მეკარე ლორია გადაეფარა.

სპარტაკელები მეორე ტაიმში უკეთ წარმოჩნდნენ. ამჯერად უკვე სტუმრები შეეცადნენ სწრაფი გოლით აღედგინათ წონასწორობა, მაგრამ... 55-ე წუთზე თემურ შონია ძლიერად და სახიფათოდ დარტყმისას ლორიამ რთული ბურთი მოიგერია, დამატებაზე ყველას შოთა კაშიამ დაასწრო, მაგრამ ამჯერად უკვე დინამოელთა მცველებმა იმარჯვეს. ორიოდე წუთში უკვე გრიშიკაშვილმა იხსნა თავისი გუნდი. ჯუსის გადაცემის შედეგად სიხარულიძის დარტყმულს გრიშიკაშვილმა შესაშური რეაქცია შეაგება. მატჩი დარჩენილ დროში ორივე კართან შეიქმნა ხიფათი. მასპინძლებმა სტუმრები კი დაჯაბნეს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ან ისინი მოიკოჭლებდნენ და ანაც გრიშიკაშვილი და კომპანია მარჯვობდა. იმისი შანსიც იყო, რომ საგოლე მომენტების გამოუყენებლობის გამო, "დინამო" დასჯილიყო... მასპინძელთა თავკაც კახა კაჭარავას ეს არ გამოპარვია და შეცვლებით გააძლიერა გუნდი. კაჭარავა ამ მეთოდით შეეცადა მის გუნდს ფორა შექმნა, მაგრამ ტაბლოზე შედეგი აღარ შეცვლილა... მე-80 წუთზე შეცვლაზე შესული ფეხბურთელების მონაწილეობით გოლი კი გავიდა, მაგრამ არ ჩათვლილა. გიორგი თექთურმანიძის მიერ მოძებნილმა ნიკოლოზ ფირცხალავამ კი გაიტანა, მაგრამ ეს უკანასკნელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და სრულიად სამართლიანად არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ გოლი არ ჩათვალა... ერთსაც აღვნიშნავთ, 75-ე წუთზე "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერი რობერტინიო დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სამხრეთამერიკელის ტრავმის სირთულის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. მისი გამოკლება "დინამოსთვის" მცირედი დანაკლისი ნამდვილად არ იქნება.

მატჩის შემდეგ

კახა კაჭარავა (დინამო): "მატჩი მოვიგეთ და შედეგით კმაყოფილი ვარ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. შესაძლებელი იყო ამის გამო დავსჯილიყავით კიდეც. უფრო მეტი ყურადღებითა და კონცენტრირებულად გვმართებს თამაში. რობერტინიოს ტრავმა? ჯერჯერობით გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. ხვალ-ზეგ გვეცოდინება თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა და რამდენ ხანს მოუწევს დასვენება. გია კვარაცხელიას სატრანსფერო ფურცელი ჩამოვა და მას ამის შემდეგ შეეძლება თამაში. რაც შეეხება მათე ვაწაძეს, იმედი გვაქვს მომდევნო კვირაში გუნდთან ერთად განაახლებს ვარჯიშს".

გოჩა ჩიქოვანი (სპარტაკი): "
ვცდილობდით შეგვეტია და კარგი ფეხბურთი გვეთამაშა. მთლად ისე არ გამოგვივიდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ ფეხბურთელებს მონდომება ნამდვილად არ აკლდათ. ხიფათი ორივე კართან არაერთი იყო, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, მეტოქემ თავისი შანსი გამოიყენა და თამაში მოიგო".

დინამო 1
სპარტაკი 0

19.09. თბილისი. ეროვნული. 100 მაყურებელი

1:0 ხმალაძე (9. პენალტით)

დინამო                        სპარტაკი
4-2-3-1                         4-4-1-1
ლორია                         გრიშიკაშვილი
კახელიშვილი                ჭაფოძე
თომაშვილი                  კორსანტია
კაკუბავა                       ბოიომო
ხმალაძე                       მგელაძე
ლილუაშვილი              ჩალაძე
გავაშელიშვილი            ხაჭვანი
რობერტინიო               შონია
ჯუსი                          შ. კაშია
კოშკაძე                       კლოვისი
სიხარულიძე               ბუზალაძე

დინამო
56. გავაშელიშვილი - თექთურმანიძე
75. რობერტინიო - ფირცხალავა
87. სიხარულიძე - მეტრეველი
სათადარიგოები: შეყრილაძე, ჩადუნელი, დ. მუჯირი, ლექვთაძე

სპარტაკი
65. ჩალაძე - სარალიძე
სათადარიგოები: დაუშვილი, აქუბარდია, თავბერიძე, მაისურაძე, ფურცელაძე, ნ. ჯიშკარიანი

გაფრთხილება: გავაშელიშვილი (37), ჩალაძე (44)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული